გადაწყვეტილება №22294/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22294/2/2024
27 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 19.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22294/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7520 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2023 წლის №081-328 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 7.02.2024 წლის №2257 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 573 447,3 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 292 905
დღგ - 101 557
მოგების გადასახადი - 46
საშემოსავლო გადასახადი - 189 918
ქონების გადასახადი - 1 384
ჯარიმა - 149 049
საურავი - 131 493,3
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 15.09.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 5.10.2022 წლის №081-173 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7520 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალები, მათ შორის საჩივარზე თანდართული დოკუმენტები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხულ თანხებთან მიმართებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით განსაზღვროს იმ თანხის ოდენობა, რომელიც უნდა არსებულიყო სალაროში და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს, დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7520 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 30.11.2023 წლის დასკვნის მიხედვით, სადავო საკითხი შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით.
შესწავლის პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა კორექტირებული ფასნამატის ცხრილი კატეგორიების მიხედვით, კერძოდ, შემოწმებით განსაზღვრული 35 კატეგორიის ფასნამატიდან კომპანიის წარმომადგენელმა დააკორექტირა 12 კატეგორია (ყავა, სიგარეტი, კვერცხი, ტკბილეული, რძის პროდუქტები, ხილ-ბოსტნეული, ზეთი, სხვადასხვა, დაუბეგრავი რძის პროდუქტები, დაუბეგრავი ხილ-ბოსტნეული და დაუბეგრავი ხორცი).
შესწავლის პროცესში გადამოწმდა წარმოდგენილ დაკორექტირებულ ფასნამატის ცხრილში, კორექტირებას დაქვემდებარებული კატეგორიების დოკუმენტური მტკიცებულებები და აღნიშნულიდან გამომდინარე დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების არ ქონის გამო ვერ დაკორექტირდა მხოლოდ „სიგარეტის“ და „დაუბეგრავი რძის პროდუქტების“ ფასნამატები.
დაკორექტირებული ფასნამატის გათვალისწინებით გადაანგარიშდა საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და დღგ-ში დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას) 4 715 ლარით. შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე გადაანგარიშებული საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის გათვალისწინებით დაკორექტირდა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემი და საშემოსავლო გადასახადში დარიცხული გადასახადი კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა 26 851 ლარით. აუდიტის დეპარტამენტის 30.11.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 20.12.2023 წლის №081-328 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.02.2024 წლის №2257 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე და 304-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ სადავო საკითხები აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით. შესწავლის პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარადგინა კორექტირებული ფასნამატის ცხრილი კატეგორიების მიხედვით, კერძოდ, შემოწმებით განსაზღვრული 35 კატეგორიის ფასნამატიდან, შპს „---“-ის მიერ დაკორექტირდა 12 კატეგორია. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლის პროცესში გადამოწმდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილ (დაკორექტირებულ) ფასნამატის ცხრილში, კორექტირებას დაქვემდებარებული კატეგორიების დოკუმენტური მტკიცებულებები და აღნიშნულიდან გამომდინარე დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების არ ქონის გამო ვერ დაკორექტირდა მხოლოდ „სიგარეტის“ და „დაუბეგრავი რძის პროდუქტების“ ფასნამატები. დაკორექტირებული ფასნამატის გათვალისწინებით გადაანგარიშდა საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და დამატებული ღირებულების გადასახადში დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას. ამასთან, შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე გადაანგარიშებული საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის გათვალისწინებით დაკორექტირდა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემი და შემცირდა საშემოსავლო გადასახადი.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით და გადაანგარიშების ეტაპზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტორის მიერ არ იქნა სრულად გათვალისწინებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება. კერძოდ, კატეგორია „დაუბეგრავი რძის პროდუქტებში“ აუდიტორმა არ გაითვალისწინა პროდუქტის შრობა (დანაკარგი). კატეგორია „სხვადასხვადან“ არ იქნა ამოღებული არარეალური ფასნამატები. კატეგორია „საკვები პროდუქტი“ საერთოდ გაურკვეველი ჯგუფია. ამ ჯგუფში მოხვედრილია ვანილი, მაიონეზი, მუსლი, სოიოს სოუსი, დოშირაკი, ქინძი, ძმარი და სხვა, სადაც შეძენილი პროდუქციის ღირებულება მერყეობს 0,17 ლარიდან 22 ლარამდე, რაც შესაბამისად არასწორია და რა თქმა უნდა ფასნამატზე მოახდენს გავლენას. აუდიტორის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ისეთი არალოგიკური ფასნამატები როგორიცაა: ვენიში 450 მლ შეძენა 3,8 ლარო და რეალიზაცია 58% ფასნამატით, რულეტი რძის კრემით 290 გრ შეძენა 2,57 ლარი და რეალიზაცია 60% ფასნამატით. მსგავსი შემთხვევები გაანგარიშების ცხრილში დაახლოებით 2 000-მდე პროდუქციაზეა გავრცელებული, რაც მთლიან გაანგარიშებაში საგრძნობლად დიდ გავლენას ახდენს ფასნამატის გაანგარიშებისას მთლიან სურათზე. აუდიტორს უნდა დაევალოს ზემოთ აღნიშნულმა არალოგიკურმა ფასნამატებმა არ მიიღოს მონაწილეობა გაანგარიშების ცხრილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7520 ბრძანებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალები, მათ შორის საჩივარზე თანდართული დოკუმენტები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აღნიშნულის შესრულების შედეგების გათვალისწინებით განსაზღვროს იმ თანხის ოდენობა, რომელიც უნდა არსებულიყო სალაროში და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს, დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 30.11.2023 წლის დასკვნის მიხედვით, საკითხის შესწავლის პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა კორექტირებული ფასნამატის ცხრილი კატეგორიების მიხედვით, კერძოდ, შემოწმებით განსაზღვრული 35 კატეგორიის ფასნამატიდან კომპანიის წარმომადგენელმა დააკორექტირა 12 კატეგორია (ყავა, სიგარეტი, კვერცხი, ტკბილეული, რძის პროდუქტები, ხილბოსტნეული, ზეთი, სხვადასხვა, დაუბეგრავი რძის პროდუქტები, დაუბეგრავი ხილბოსტნეული და დაუბეგრავი ხორცი).
შესწავლის პროცესში გადამოწმდა წარმოდგენილ დაკორექტირებულ ფასნამატის ცხრილში, კორექტირებას დაქვემდებარებული კატეგორიების დოკუმენტური მტკიცებულებები და აღნიშნულიდან გამომდინარე დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების არ ქონის გამო ვერ დაკორექტირდა მხოლოდ „სიგარეტის“ და „დაუბეგრავი რძის პროდუქტების“ ფასნამატები. დაკორექტირებული ფასნამატის გათვალისწინებით გადაანგარიშდა საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და დღგ-ში დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას) 4 715 ლარით. საშემოსავლო გადასახადში დარიცხული გადასახადი კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა 26 851 ლარით. აუდიტის დეპარტამენტის 19.03.2024 წლის №25624-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, როგორც შემოწმების ჩატარების დროს, ასევე გადაანგარიშების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლები (ბუღალტერი, დირექტორი და აუდიტორი) და მონაწილეობას იღებდნენ თითოეული კატეგორიის ფასნამატის ფორმირებასა და კორექტირებებში და შესაბამისად თითოეული საკითხიც დეტალურად იყო განხილული მათთან.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, რძის პროდუქტის შრობის (დანაკარგის) საკითხთან დაკავშირებით მომჩივანს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მათი გათვალისწინება, გაკეთებული განმარტებები არ ეყრდნობა სათანადო აღრიცხვას/დოკუმენტაციას.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 30.11.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7520 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7520 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7520 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, დაკორექტირებული ფასნამატის გათვალისწინებით გადაანგარიშდა საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და დღგ-ში დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას) 4 715 ლარით.
შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე გადაანგარიშებული საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის გათვალისწინებით დაკორექტირდა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემი და საშემოსავლო გადასახადში დარიცხული გადასახადი კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა 26 851 ლარით.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 30.11.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7520 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5).