გადაწყვეტილება №27997/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27997/2/2026
21 ოქტომბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------ (ს/ნ --------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ს 21.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27997/2/2026).
დავის საგანი:
2023 წლის აგვისტოს თვეში არარეზიდენტი კომპანიისთვის გადარიცხული ავანსის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2026 წლის №094-20 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 7.08.2026 წლის №17887 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 69 985 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 34 993
მოგების გადასახადი - (-51 068)
საშემოსავლო გადასახადი - 86 061
ჯარიმა - 34 992
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ---- სამმართველოს წერილის და დადგენილების საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის 27.03.2026 წლის №6941 ბრძანებით დაინიშნა კომპანიის საქმიანობის, 1.01.2023 წლიდან 1.03.2026 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 26.06.2026 წლის №--- საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა შემდეგი:
2023 წლის აგვისტოს თვეში საწარმოს არარეზიდენტი კომპანიისთვის საქონლის შეძენისთვის წინასწარ ავანსის სახით საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული ჰქონდა 344 244 ლარი (130 460 დოლარის ექვივალენტი). საბუღალტრო პროგრამისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, საწარმოს აღნიშნული არარეზიდენტი კომპანიისგან საქონელი/მომსახურება არ მიუღია, ხოლო 2024 წლის მაისის თვეში გადარიცხული თანხა საწარმოს, როგორც ფულადი სახსრების უსასყიდლოდ გადაცემა დაბეგრილი ჰქონდა მოგების გადასახადით (საბუღალტრო პროგრამის აღწერაში მითითებულია - დაკარგული თანხის ჩამოწერა). აღნიშნულ საკითხზე, შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების შესაბამისად, ვინაიდან კმაყოფილდებოდა ყველა წინაპირობა, კერძოდ: ავანსის გადახდიდან გასული იყო გონივრული ვადა; საგადასახადო შემოწმების დასრულებამდე, საწარმოს არ ჰქონდა მიღებული შესაბამისი საქონელი/მომსახურება და საგადასახადო შემოწმების დანიშვნის თარიღამდე არ დასტურდებოდა ავანსის უკან დაბრუნება, არარეზიდენტ საწარმოზე გადახდილი თანხა დაკვალიფიცირდა, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, ამავე საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, ხოლო დარიცხული მოგების გადასახადი შემცირდა. ასევე, საწარმოს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 26.06.2026 წლის №14184 ბრძანება და ამავე თარიღის №094- 20 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 7.08.2026 წლის №17887 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირველ სადავო საკითხთან (წინა შემოწმებით უპროცენტო სესხად კვალიფიცირებულ თანხაზე დარიცხული პროცენტის საბაზრო ფასის შესაბამისად მომსახურების უსასყიდლოდ გაწევად დაკვალიფიცირებასთან) დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წინა საგადასახადო შემოწმების აქტით უპროცენტო სესხად კვალიფიცირებულ თანხაზე მიმდინარე შემოწმებით დარიცხული პროცენტი განიხილოს ხელფასად და აღნიშნულის მიხედვით, დამძიმების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 7.08.2026 წლის №17887 ბრძანება, არ დაკმაყოფილების (მე-2 სადავო საკითხი - 2023 წლის აგვისტოს თვეში არარეზიდენტი კომპანიისთვის გადარიცხული ავანსის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა) ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, საწარმოს მიერ არარეზიდენტ კომპანიაზე გადახდილი ავანსის თანხა, წარმოადგენს კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე მითითება პირობით დარღვევაში მიუღებელია, რადგან არსად არც აქტში, არც შემოწმების პროცესში პირად ურთიერთობებში ერთხელაც არ გამოთქმულა მოსაზრებაც კი, რომ საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვა არ პასუხობს ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს, უფრო მეტიც საწარმო თავისი სიდიდით მე-2 კატეგორიისა, ყოველწლიურად გადის სავალდებულო აუდიტორულ შემოწმებას და არც ერთ დასკვნაში ეს საკითხი არ არის დასმულიც კი, შესაბამისად ამ მოსაზრების საფუძველს რა წარმოადგენს საერთოდ გაუგებარია, ამდენად საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენება სამართლებრივად უსაფუძვლოა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
უცნობია რომელ პოზიციას გაუთანაბრეს ავანსად გადახდილი თანხის ხელფასად აღიარება, ავანსად გადახდილი თანხის დაუბრუნებლობა როგორ შეიძლება გაუთანაბრდეს მიღებულ სარგებელს, უცნობია, თუ დავების განხილვის საბჭო ამ საკითხში დამატებით განმარტებებს გააკეთებს მადლობელი იქნება. ავანსად გადახდილი თანხის დაუბრუნებლობა ეკონომიკური მოსაზრებით და ლოგიკურადაც განეკუთვნება უსასყიდლო მომსახურებას, რადგან გადამხდელმა თანხა გადაიხადა საქონლის შესაძენად, შესაბამისად რაიმე საქონლის ან მომსახურების მიღებამდე იგი უნდა შეფასდეს, როგორც უსასყიდლო მომსახურება, რაც გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ გააკეთა საწარმომ.
საწარმოს მიერ კვლავ მიმდინარეობს ბრძოლა თანხის დასაბრუნებლად.
პირობითად თუ დაბრუნდა ავანსი, მაშინ როგორ უნდა მოიქცეს გადამხდელი, თუ ეს თანხა შემოსავლების სამსახურმა უკვე ხელფასად აღიარა, მას ხომ ვეღარ აღიდგენს.
შემოსავლების სამსახური მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, საწარმოს მიერ არარეზიდენტ კომპანიაზე გადახდილი ავანსის თანხა, წარმოადგენს კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია. ისმის შეკითხვა რა სამართლებრივი ნორმებია წარდგენილი აუდიტორის მიერ, რომელიც ამის მტკიცების საფუძველს იძლევა, მითუმეტეს ავანსის ხელფასად აღიარება, საერთოდ გაუგებარია.
შენიშვნა:
1. ძირითადად ყურადღება გამახვილებულია რეალურ სამართლებრივ ნორმებზე, სხვა ნორმები აღარც განუხილავს.
2. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის სხდომაზე საკითხი განხილული იქნა გადამხდელის მონაწილეობის გარეშე, შესაბამისად არ მიეცა საშუალება გამოეთქვა მოსაზრება და უფრო დეტალურად მიეწოდებინა ინფორმაცია დავების საბჭოზე.
რჩება შთაბეჭდილება, რომ აუდიტორს ბოლომდე სამეურნეო ოპერაციის მიმდინარეობის პროცესი და გადამხდელის მიერ წარდგენილ დოკუმენტაცია არ შეუსწავლია. ფაქტიურად მოხდა შემდეგი:
ა) 2023 წლის აგვისტოს თვეში საწარმოს არარეზიდენტი კომპანიისთვის საქონლის შეძენისთვის წინასწარ ავანსის სახით საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული აქვს 344 244 ლარი (130 460 დოლარის ექვივალენტი);
ბ) როდესაც კომპანიამ დაინახა, რომ სახელშეკრულებო პირობების დარღვევით ვერ ღებულობდა შაქარს, მიმართა სს ---- ბანკს საკითხის დასაზუსტებლად;
გ) სს ------დან არაერთი მიმოწერის (შეტყობინების გაგზავნის) შემდეგ ბანკის მიერ გამოგზავნილი იქნა შემდეგი შეტყობინება: „ჩვენს მიერ გადარიცხული თანხა 130 460 აშშ დოლარი, როგორც დავადგინეთ აღმოჩნდა თაღლითების მიერ გამოგზავნილი ინვოისი და კონტრაქტი არასწორად გამოაგზავნეს შეცვლილი ბანკის მონაცემებით. ჩემთვის იმ მომენტისთვის არ იყო ცნობილი ამის თაობაზე. რეალურად მომწოდებელმა დაადასტურა, რომ არასწორი მონაცემებით გადარიცხა თანხა (შეცვლილი მონაცემებით), რაც თაღლითური სქემით გამოგზავნილი ინვოისით და კონტრაქტით მომიწია გადარიცხვა, გთხოვთ მაქსიმალურად შეეცადოთ თანხის დაბრუნებას“;
დ) სიტუაციაში დეტალურად გარკვევის შემდეგ კომპანიის მიერ მოცემული თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით და ბანკის უსაფრთხოების სამსახურთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა თანხის დასაბრუნებლად.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, აუდიტორს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძვლები მოცემული სამეურნეო ოპერაციისთვის შინაარსი საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილით შეეცვალა.
ზემომოყვანილ წარმოდგენილი საკითხებიდან გამომდინარე იკვეთება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მეტიც მან თავისი საპროექტო შედეგები დააფუძნა იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სწორედ ამიტომ მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს სტრუქტურული ქვედანაყოფის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას არ დაირღვეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმები (საგადასახადო ორგანოებისა და გადასახადის გადამხდელის უფლება-ვალდებულებების ნაწილში), ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი და ამავე კოდექსის 96-ე მუხლი, რაც თავის მხრივ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60¹ მუხლის შესაბამისად სადაო ადმინისტრაციული აქტების ბათილობის საფუძველია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ არის სიტუაციები როდესაც 5-6 თვე ჩერდება ბაზრები და ამიტომ მოიძია ალტერნატიული მომწოდებელი, რომელმაც შეცვალა მონაცემები და გადარიცხვა განხორციელდა არასწორ მისამართზე. წარმოადგენს მტკიცებულებას, რომლითაც ცალსახად დასტურდება, რომ განხორციელებული საბანკო ოპერაცია მოხდა რისკის ანუ თაღლითური გავლენის ქვეშ, რაზეც დღემდე მიმდინარეობს მოკვლევა. კომპანიამ, როგორც უიმედო დებიტორი, აღნიშნული თანხა საგადასახადო კოდექსის მოთხოვნიდან გამომდინარე დაბეგრა მოგების გადასახადით. გაუგებარია, ავანსად გადახდილი თანხის დაუბრუნებლობა როგორ შეიძლება გაუთანაბრდეს მიღებულ სარგებელს, რაიმე საქონლის ან მომსახურების მიღებამდე იგი უნდა შეფასდეს, როგორც უსასყიდლო მომსახურება, რაც გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ გააკეთა საწარმომ, კერძოდ სიტუაციაში დეტალურად გარკვევის შემდეგ კომპანიის მიერ თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით და ბანკის უსაფრთხოების სამსახურთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა თანხის დასაბრუნებლად. ამდენად, აუდიტორს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძვლები მოცემული სამეურნეო ოპერაციისთვის შინაარსი საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილით შეეცვალა.
აუდიტის დეპარტამენტის 4.09.2026 წლის №---- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით და საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ირკვევა, რომ საწარმოს მიერ წარდგენილ საბუღალტრო პროგრამაზე და საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერებზე დაყრდნობით, 2023 წლის აგვისტოს თვეში საწარმოს არარეზიდენტი კომპანიისთვის საქონლის შეძენისთვის წინასწარ ავანსის სახით საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული აქვს 344 244 ლარი (130 460 დოლარის ექვივალენტი), საბუღალტრო პროგრამის და შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებში არსებული მონაცემებით საწარმოს აღნიშნული არარეზიდენტი კომპანიისგან საქონელი/მომსახურება არ მიუღია, ხოლო 2024 წლის მაისი თვეში გადარიცხული თანხა საწარმოს როგორც ფულადი სახსრების უსასყიდლოდ გადაცემა დაბეგრილი აქვს მოგების გადასახადით (საბუღალტრო პროგრამაში აღწერაში მითითებულია - დაკარგული თანხის ჩამოწერა). საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და აღნიშნულ საკითხზე შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების შესაბამისად საწარმოს მიერ არარეზიდენტი პირისთვის გადახდილი ავანსი დაკვალიფიცირდება, როგორც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ამავე საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული ხელფასი, თუ კმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა: ა) ავანსის გადახდიდან გასულია გონივრული ვადა; ბ) საგადასახადო შემოწმების დასრულებამდე, საწარმოს არ აქვს მიღებული შესაბამისი საქონელი/მომსახურება; გ) საგადასახადო შემოწმების დანიშვნის თარიღამდე არ დასტურდება ავანსის უკან დაბრუნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, არარეზიდენტ საწარმოზე გადახდილი თანხა შემოწმების შედეგად დაკვალიფიცირდება, როგორც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ამავე საწარმოს დირექტორზე გაცემული ხელფასი და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, ხოლო დარიცხული მოგების გადასახადი შემცირდა. აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმების მიმდინარეობისას მოთხოვნილი იქნა ხელშეკრულება საქონლის/მომსახურების მოწოდებასთან დაკავშირებით გაფორმებული უცხოურ ორგანიზაციასთან, რომელიც გადამხდელის ზეპირსიტყვიერი განმარტებით არ არსებობდა და შესაბამისად არ იქნა წარდგენილი, ასევე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საჩივარს თან ახლავს მიმოწერა გადასახადის გადამხდელსა და სს --- ბანკს შორის გადარიცხული თანხის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით, თანხა შესამოწმებელ პერიოდში უკან არ დაბრუნებულა, ხოლო საჩივარს არ ახლავს სხვა რაიმე სახის მტკიცებულება გადარიცხული თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით სამართლებრივი საქმის წარმოების შესახებ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
განსახილველ შემთხვევაში, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები და დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება, არ არის სათანადოდ გამოკვლეული და მოითხოვს დამატებით შესწავლას/შეფასებას შემოსავლების სამსახურის მიერ. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის 7.08.2026 წლის №17887 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 7.08.2026 წლის №17887 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
2023 წლის აგვისტოს თვეში არარეზიდენტი კომპანიისთვის გადარიცხული ავანსის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წერილის და დადგენილების საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის №6941 ბრძანებით დაინიშნა კომპანიის საქმიანობის, 1.01.2023 წლიდან 1.03.2026 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა რომ,2023 წლის აგვისტოს თვეში საწარმოს არარეზიდენტი კომპანიისთვის საქონლის შეძენისთვის წინასწარ ავანსის სახით საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული ჰქონდა 344 244 ლარი (130 460 დოლარის ექვივალენტი). საბუღალტრო პროგრამისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, საწარმოს აღნიშნული არარეზიდენტი კომპანიისგან საქონელი/მომსახურება არ მიუღია, ხოლო 2024 წლის მაისის თვეში გადარიცხული თანხა საწარმოს, როგორც ფულადი სახსრების უსასყიდლოდ გადაცემა დაბეგრილი ჰქონდა მოგების გადასახადით (საბუღალტრო პროგრამის აღწერაში მითითებულია - დაკარგული თანხის ჩამოწერა). აღნიშნულ საკითხზე, შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების შესაბამისად, ვინაიდან კმაყოფილდებოდა ყველა წინაპირობა, კერძოდ: ავანსის გადახდიდან გასული იყო გონივრული ვადა; საგადასახადო შემოწმების დასრულებამდე, საწარმოს არ ჰქონდა მიღებული შესაბამისი საქონელი/მომსახურება და საგადასახადო შემოწმების დანიშვნის თარიღამდე არ დასტურდებოდა ავანსის უკან დაბრუნება, არარეზიდენტ საწარმოზე გადახდილი თანხა დაკვალიფიცირდა, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, ამავე საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, ხოლო დარიცხული მოგების გადასახადი შემცირდა. ასევე, საწარმოს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა №14184 ბრძანება და №094- 20 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №17887 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წინა საგადასახადო შემოწმების აქტით უპროცენტო სესხად კვალიფიცირებულ თანხაზე მიმდინარე შემოწმებით დარიცხული პროცენტი განიხილოს ხელფასად და აღნიშნულის მიხედვით, დამძიმების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).შემოსავლების სამსახურის №17887 ბრძანება, არ დაკმაყოფილების 2023 წლის აგვისტოს თვეში არარეზიდენტი კომპანიისთვის გადარიცხული ავანსის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის ნაწილში და გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის №17887 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9,,ბ“); 101(1.2 „ბ“); 154(1 ,,ა“ .2 „ა“ და „ბ“);