ბრძანება N 16662

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.07.2024
№ დოკუმენტი 16662
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16662

15 ივლისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

„---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2024 წლის 24 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 12 ივლისის სხდომაზე (ოქმი №76) განიხილა ---------- (პ/ნ -----------) №90342/1/2024 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 22 ივნისის №EL254452 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის განმარტავს, რომ „---------“ შეიძინა საათი, რომლის ღირებულების 6 თვეზე გადანაწილება შესთავაზა საიტმა და ყოველთვიურად მოუწევდა 54 აშშ დოლარის გადახდა. ამიტომ ჩათვალა, რომ იმპორტის გადასახდელის გადახდა არ მოუწევდა თუ ნივთის სრული ღირებულების (270.9 აშშ დოლარი) ნაცვლად მიუთითებდა მხოლოდ 54 აშშ დოლარს. აღნიშნული გამოწვეულია არა გადასახადისგან თავის ასარიდებლად, არამედ ინფორმაციის არასწორად გააზრების გამო.

აღნიშნულზე და პირველ შემთხვევაზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას ან საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე მის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 18 ივნისს საფოსტო გადამზიდავის – შპს „-----------“ მიერ განხორციელდა ----------- (პ/ნ ---------) სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი №--------- საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, ჯამური ღირებულებით - 54 აშშ დოლარი. დეკლარანტის მიერ განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად გზავნილი მოხვდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხაში.

საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ღირებულების სისწორის შემოწმების მიზნით, დეკლარანტს ეთხოვა წარმოედგინა საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი. საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შედეგად ------------ წარმოადგინა ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის ინვოისი, რომლის მიხედვითაც საქონლის ღირებულებამ შეადგინა 270.90 აშშ დოლარი.

ვინაიდან ----------- მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის (საქონლის ღირებულება) არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას 138.8 ლარით, გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 22 ივნისს შედგენილ იქნა №-------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ---------- (პ/ნ ----------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 138,8 ლარის (შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.

საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე არ დასრულებულა საბაჟო ფორმალობები და საქონელი განთავსებულია საბაჟო კონტროლის ზონაში.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი) ვალდებულია, გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია“ (დანართი №8-VIII-05).

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას“ დეკლარანტი ავსებს საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე საკანონმდებლო აქტის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი ის ფაქტი, რომ მომჩივნის მიერ გადამზიდველსთვის მიწოდებული იქნა არასწორი მონაცემი, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება. შესაბამისად, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

მომჩივნის მოთხოვნაზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გათვალისწინებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი გადასახადის გადამხდელის სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. კანონმდებლის მიზანია საბაჟო პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლოს არა სტანდარტულად შეცდომის დამშვები პირი, არამედ პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანი გასაჩივრებული სამართალდარღვევის ჩადენისას არ მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის ფარგლებში და სახეზე არ არის საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. --------- (პ/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას ან საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე მის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 18 ივნისს საფოსტო გადამზიდავის – შპს-ს მიერ განხორციელდა მომჩივანის სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება. დეკლარანტის მიერ განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად გზავნილი მოხვდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხაში.

საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ღირებულების სისწორის შემოწმების მიზნით, დეკლარანტს ეთხოვა წარმოედგინა საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც საქონლის ღირებულება აღემოტებოდა დეკლარირებლ თანხის ოდენობას.

მომჩივანს, დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

13; 163(1);167(1);

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლის პირველი პუნქტი