ბრძანება N 4595
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 4595
10.03.2023
შპს ,,----------“ (ს/ნ ----------)
(მის: ----------)
2023 წლის 6 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 მარტის სხდომაზე (ოქმი N21) განიხილა შპს ,,-----------“-ს (ს/ნ ----------) N78863/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 6 თებერვლის NCB1438659 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სადავო ოქმს და აცხადებს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მის ობიექტზე განახორციელეს საკონტროლო შესყიდვა, რა დროსაც შეიძინეს 100 ლარის ღირებულების საქონელი. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ კონსულტანტს არ მიეცა საკმარისი დრო ფულის დათვლის შემდეგ ამოერტყა ჩეკი და ობიექტი დაჯარიმდა საკონტროლო სალარო აპარატის გამოუყენებლობისათვის. გადასახადის გადამხდელი თვლის, რომ სადავო ოქმი არამართლზომიერია და ითხოვს ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
როგორც სადავო ოქმის შინაარსიდან ირკვევა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 10 იანვრის N64 ბრძანების საფუძველზე ამავე დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ 2023 წლის 6 თებერვალს განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა შპს ,,----------“-ს (ს/ნ ----------) კუთვნილ ობიექტში. საკონტროლო შესყიდვის დროს შეძენილი იქნა 100 ლარის ღირებულების პროდუქცია ("ადაპტერი მანქანის----------- ცალი x 25.00 ლარი, "ქეისი -----------" 1 ცალი x 15.00 ლარი, "------------ " 1 ცალი x 25.00 ლარი, "ადაპტერი---------- 1 ცალი x 35.00 ლარი), რა დროსაც გამოვლინდა საგადასახადო სამართადარღვევის ფაქტი - საკონტროლო სალარო აპარატის გამოუყენებლობა, რაზეც შედგენილ იქნა NCB1438659 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა 200 ლარის ოდენობით.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს განმეორებით შემთხვევას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 259-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შესაბამისი მონაცემები აღირიცხება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-20 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, პირი ვალდებულია მომხმარებლის მიერ მისთვის მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ღირებულების ანაზღაურებისას, შესაბამისი მონაცემების აღსარიცხავად გამოიყენოს საკონტროლო სალარო აპარატი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სსა-ის გამოუყენებლობა გულისხმობს იმ შემთხვევას, როდესაც პირს გააჩნია საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული სსა, რომელიც შეტანილია რეესტრში, სსა-ზე ჩართულია ფისკალური მეხსიერება, მაგრამ მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას არ ხდება ვაჭრობის/მომსახურების ყველა ოპერაციაზე სსა-ის გამოყენება, რაც, თავის მხრივ, მოიცავს იმ მომენტს, რომ მომხმარებლისგან ყოველ ფულის მიღებაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა კანონმდებლობის შესაბამისად ასეთი ოპერაცია ან პირი თავისუფლდება სსა-ის გამოყენების ვალდებულებისაგან) სსა-ში ამობეჭდილი უნდა იყოს ჩეკი. სსა-ის გამოუყენებლობად არ მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც სსა-ის შეკეთების პერიოდში (არა უმეტეს 7 კალენდარული დღისა) მომხმარებლებთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორება წარმოებს სარეზერვო სსა-ის მეშვეობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალების და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ,,----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სადავო ოქმს.
ფაქტობრივი გარემოებები
2023 წლის 6 თებერვალს განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა შპს-ს კუთვნილ ობიექტში.საკონტროლო შესყიდვის დროს გამოვლინდა საგადასახადო სამართადარღვევის ფაქტი - საკონტროლო სალარო აპარატის გამოუყენებლობა რაზეც შედგენილ იქნა სამართალდარღვევის ოქმი. გადამხდელი დაჯარიმდა 200 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:259(2);269(1);270(1);281(3);
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-20 მუხლის მეორე პუნქტი