ბრძანება N 22205
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 22205
03/08/2020
შპს -----
(მის.: ქ. ------- )
2019 წლის 27 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 10 აპრილს და 09 ივლისს გამართულ სხდომებზე (ოქმი №21, №47) განიხილა შპს ----- ს 2019 წლის 27 დეკემბრის №48284/1/2019 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 05 დეკემბრის №006-1027 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
გადამხდელის პოზიცია:
არ ეთანხმება შემოწმებით, 2018 წლის 13 ოქტომბერს შპს ----- ს ოფისიდან მოპარული თანხის - 44 000 ლარის მიჩნევას პასუხისმგებელ პირზე განაცემად და აღნიშნულის დაბეგვრას გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2018 წლის 13 ოქტომბერს ოფისში მისულ ინკასაციის ჯგუფს ოფისი დახვდა გაქურდული. ინკასატორების მიერ მყისიერად მოხდა რეაგირება ფაქტზე და ადგილზე საპატრულო პოლიციის გამოძახება. ფაქტზე დაიწყო გამოძიება და კომპანია ცნობილ იქნა დაზარალებულად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 26 მარტის №7450 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2016 წლის 22 მარტიდან 2019 წლის 01 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე, 2019 წლის 27 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა 2019 წლის 05 დეკემბრის №42319 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №006-1027 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლითაც გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა სულ 23 164 ლარით, მათ შორის: გადასახადი 125 66 ლარი, ჯარიმა 8 773 ლარი, ხოლო საურავი 1 825 ლარის ოდენობით.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით 2018 წლის 13 ოქტომბერს ქ. ---ში მდებარე შპს ----- ს ოფისიდან გამოძიებით დაუდგენელი პირი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა დიდი ოდენობით ფულად თანხას 44 000 ლარის ოდენობით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. რადგანაც, გამოძიების მიხედვით დაუდგენელია აღნიშნული თანხის მიმთვისებელი პირი, საგადასახადო შემოწმებამ აღნიშნული თანხა მიიჩნია პასუხისმგებელ პირზე განაცემად. შესაბამისად, აღნიშნული განაცემი დაბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
ამასთან, გადამხდელს არ აქვს წარმოდგენილი ინფორმაცია საანგარიშო წლის/თვის მიხედვით გაცემული თანხებისა დაკავებული გადასახადების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 39-ე მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად გადამხდელი დაჯარიმდა თითოეულ საანგარიშო პერიოდზე 100 ლარის ოდენობით (ჯამში სულ 600 ლარი).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას, გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით კი თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2018 წლის 13 ოქტომბერს, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ----- სამმართველოში დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის №----- საქმეზე, ქ. ---- , --- ში მდებარე შპს ----- ს ოფისიდან დიდი ოდენობით (44 000 ლარი) ფულადი თანხის ფარულად დაუფლების ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს და არ არის დადგენილი აღნიშნული თანხის მიმთვისებელი პირი. ამასთან, ქ. თბილისის ----- რაიონულმა პროკურატურამ 2019 წლის 18 მარტის №0012608710 დადგენილებით, შპს ----- ს ცნო დაზარალებულად.
აღნიშნული საკანონმდებლო ნორმების, საქმეზე წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან შპს ----- ს ოფისიდან დიდი ოდენობით (44 000 ლარი) ფულადი თანხის ფარულად დაუფლების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და არ არის დადგენილი აღნიშნული თანხის მიმთვისებელი პირი, ხოლო, შპს ----- 2019 წლის 18 მარტის №0012608710 დადგენილებით ცნობილია დაზარალებულად, შემოწმებით, შპს ----- ს ოფისიდან მოპარული თანხის განხილვა პასუხისმგებელ პირზე განაცემად და აღნიშნულის დაბეგვრას გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით არამართლზომიერია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს ოფისიდან მოპარული თანხის პასუხისმგებელ პირზე განაცემად განხილვის საფუძვლით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ თანხების შემცირება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ----- ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს 2018 წლის 13 ოქტომბერს შპს ----- ს ოფისიდან მოპარული თანხის პასუხისმგებელ პირზე განაცემად განხილვის საფუძვლით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირება;
3. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით, საწარმოს ოფისიდან მოპარული თანხის მიჩნევას პასუხისმგებელ პირზე განაცემად და აღნიშნულის დაბეგვრას გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმოს ოფისიდან გამოძიებით დაუდგენელი პირი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა დიდი ოდენობით ფულად თანხას 44 000 ლარის ოდენობით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. რადგანაც, გამოძიების მიხედვით დაუდგენელია აღნიშნული თანხის მიმთვისებელი პირი, საგადასახადო შემოწმებამ აღნიშნული თანხა მიიჩნია პასუხისმგებელ პირზე განაცემად. შესაბამისად, დაბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება
გადამხდელის ოფისიდან მოპარული თანხის განხილვა პასუხისმგებელ პირზე განაცემად და აღნიშნულის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით მიჩნეულ იქნა არამართლზომიერიად. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა აქტით დარიცხული თანხების შემცირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9,,ბ“); 101(1); 154(1,,ა“); 154(3,,გ.ა")