ბრძანება N 10012

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 05.05.2023
№ დოკუმენტი 10012
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 10012

05.05.2023

---ს (პ/ნ ---)

(მის: ---) 2022 წლის 19 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 მაისის სხდომაზე (ოქმი №49), განიხილა ---ს (პ/ნ ---) №229870/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება 2022 წლის 12 დეკემბრის №20010/1386138 საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხულ იმპორტის გადასახდელს.

მომჩივნის არგუმენტაცია: საჩივრის ავტორის განმარტებით, 2022 წლის 12 დეკემბერს INEX GROUP-ის მეშვეობით გერმანიიდან ჩამოუვიდა 1 ამანათი (2 ცალი მშრალი დეზადორი). ამანათის ღირებულება არ აღემატება 300 ლარს, რადგან ამანათის ღირებულება არის 51,98 ევრო. მიუხედავად მის მიერ გამოხატული პროტესტისა, ამანათის გატანის საშუალება არ მიეცა, სანამ არ შეივსო დეკლარაცია და მოუწია დეკლარაციაზე ხელის მოწერა. ითხოვს დაკორექტირდეს დეკლარაცია და მოეხსნას გადასახადი.

ფაქტობრივი გარემოებები: საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 12 დეკემბერს ფიზიკური პირი ---ს სახელზე დამისამართებულ №--- საფოსტო გზავნილზე (სუნაო 2 ცალი - საბაჟო ღირებულებით 180.81 ლარი) დარეგისტრირდა №--- საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4 და განესაზღვრა დღგ 32.55 ლარის ოდენობით. ---ს კუთვნილი საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელს განესაზღვრა ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილის სტატუსი და დაექვემდებარა სავალდებულო დეკლარირებას. შესაბამისად მასზე ვერ გავრცელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი. დეკლარაციაში მითითებული მონაცემების სისწორეს --- დაეთანხმა ხელმოწერით და საფოსტო გზავნილს დატოვებული აქვს საბაჟო კონტროლის ზონა. ---ს 2021 წლის 5 დეკემბრიდან 2022 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით უფიქსირდება 266 საფოსტო გზავნილის მიღება.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. ამავე კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის.

ამავე საკანონმდებლო აქტის 309-ე მუხლის 132-ე ნაწილით დადგენილია, რომ 2026 წლის 1 იანვრამდე დღგისგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის მიხედვით, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს, რომ გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, ისარგებლოს საგადასახადო შეღავათით შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის წარმოშობის მომენტიდან მისი მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში. განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება მომჩივნის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი ან/და ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის იმპორტი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მომჩივნის მიერ იმპორტირებულ საქონელზე უნდა გავრცელდეს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. --ს (პ/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. 2022 წლის 12 დეკემბრის №--- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დეკლარირებულ საქონელზე, გავრცელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი;

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, განახორციელოს 2022 წლის 12 დეკემბრის №--- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ისა და მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება;

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი ითხოვს დაკორექტირდეს დეკლარაცია და მოეხსნას გადასახადი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის კუთვნილი საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელს განესაზღვრა ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილის სტატუსი და დაექვემდებარა სავალდებულო დეკლარირებას.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მომჩივნის მიერ იმპორტირებულ საქონელზე უნდა გავრცელდეს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6); 199 (დ.ვ); 309 (132); 9; 60 (5).