გადაწყვეტილება №22292/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22292/2/2024
16 აგვისტო 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ --)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 19.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22292/2/2024).
დავის საგანი:
1. ნაღდი ფულის დადებითი სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული თანხების ოდენობა;
2. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 16.11.2023 წლის №044-16 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.02.2024 წლის №1982 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 58 578 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 30 619
დღგ - 4 537
საშემოსავლო გადასახადი - 26 082
ჯარიმა - 15 609
საურავი - 12 350
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა სატვირთო ავტომობილით (მარცვლეულის გადამზიდავი) ადგილობრივი და საერთაშორისო (რუსეთი-საქართველო) გადაზიდვების განხორციელება. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 26.08.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 31.10.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 16.11.2023 წლის №28238 ბრძანება და №044-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.02.2024 წლის №1982 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საწვავის ხარჯი განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 5.02.2024 წლის №1982 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ნაღდი ფულის დადებითი სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული თანხების ოდენობა ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს წარდგენილი აქვს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციები, რომლითაც დაბეგრილი აქვს დაქირავებულ თანამშრომელზე (ბუღალტერზე) გაცემული ანაზღაურება. გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარმოდგენილ განმარტებებზე, საბანკო ამონაწერებზე და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით შედგა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში, სადაც მიღებულად ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში ყველა გაწეული მომსახურების ღირებულება, ხოლო ყველა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეძენა - გადახდილად. შედეგად, გამოვლენილი ნაღდი ფულის დადებითი სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შემოწმებით საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით. შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარდგენილ განმარტებაზე, რომლის თანახმად, მომჩივანი ითხოვს ავტოსატრანსპორტო გადაზიდვების საწვავის ხარჯის არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას და ფულადი სახსრების გასავლებში გათვალისწინებას. ამასთან, საჩივრის დანართად წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში წარდგენილი განცხადების საწვავის წვის ხარჯის დადგენასთან დაკავშირებით დოკუმენტის რეგისტრაციის ბარათი. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საწვავის ხარჯის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურში შეტანილ საჩივარში მითითებული ჰქონდა შემდეგი: „შემოწმების მიერ არასწორად არის განსაზღვრული საწარმოს ხარჯები. შემოწმებამ არ გაითვალისწინა, რომ ავტოსატრანსპორტო გადაზიდვები საწვავის ხარჯის გარეშე ვერ ხორციელდება, ხოლო საერთაშორისო ავტოსატრანსპორტო გადაზიდვები ვერ ხორციელდება საწვავის ხარჯისა და მძღოლის მივლინების ხარჯის გარეშე. ამასთან, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა რუსეთის ფედერაციიდან გართულე-ბულია. საყურადღებოა ისიც, რომ კომპანიამ ამ შემთხვევაში დოკუმენტაციის არ ქონის გამო ვერც დღგ-ის ჩათვლებით ისარგებლა. შესაბამისად, მოცემული გადა-სახადის გადამხდელის მიმართ არასამართლიანია ხარჯების არგამოქვითვა არაპირდაპირი მეთოდით. გასათვალისწინებელია, რომ ამგვარი პრაქტიკა არსებობს როგორც საგადასახადო აუდიტში, ისე საგადასახადო დავებში (...). შესაბამისად, მოცემულ ეპიზოდში მომჩივნის მოთხოვნაა ავტოსატრანსპორტო გადაზიდვების საწვავისა და მივლინების ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა და ფულადი სახსრების გასავლებში გათვალისწინება“.
ამრიგად, შემოსავლების სამსახურმა ფულადი სახსრების გასავლებში გათვალისწინებასთან დაკავშირებით საჩივარში დაყენებული ორი სახის ხარჯიდან (საწვავის ხარჯი და მივლინების ხარჯი) იმსჯელა მხოლოდ საწვავის ხარჯის არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრაზე და საერთოდ არ იმსჯელა მივლინების ხარჯის არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრაზე. შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივრით საჩივრდება მივლინების ხარჯის არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისა და ფულადი სახსრების გასავლებში გათვალისწინების საკითხი. მოცემული საკითხი უნდა შეფასდეს არა მხოლოდ მივლინების ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის, არამედ ასევე „ნაღდი ფულის დადებითი სხვაობის“ კვალიფიკაციის თვალსაზრისით, „ესტონური მოდელის“ პირობებში, როდესაც სახეზეა „განკარგული“ თანხები, დგება თანხების განკარგვის ოპერაციის კვალიფიკაციის საკითხი. კერძოდ, განკარგვის ოპერაცია შეიძლება იყოს თანხის სახელფასო ანაზღაურებად გაცემა, სასყიდლიან ან უსასყიდლო სესხად გაცემა, სამივლინებო ანაზღაურებად გაცემა, საჩუქრად გაცემა ან მათი კომბინაცია. კვალიფიკაციის სახე კი დამოკიდებულია ფაქტობრივ გარემოებებზე.
განსახილველ შემთხვევაში, განკარგვის ოპერაციები ხელაღებით სახელფასო ანაზღაურებად დაკვალიფიცირდა, რაც არ არის შესაბამისობაში ფაქტობრივ გარემოებებთან, ვინაიდან ხორციელდებოდა საერთაშორისო ავტოსატრანსპორტო გადაზიდვები, როდესაც ზუსტად შეიძლება დადგინდეს მძღოლის მიერ საზღვრების კვეთა და მაშასადამე, საზღვარგარეთ ყოფნის დღეთა რაოდენობა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ 5.04.2005 წ. №220 ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, თანახმად, მივლინება – დამქირავებლის ბრძანებით ან/და დავალებით დაქირავებულის ამავე ბრძანების მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ნორმებზე და მიაჩნია, რომ ვინაიდან ცნობილია საზღვარგარეთ მივლინების ხარჯების ნორმები და საერთაშორისო გადაზიდვების განსახორციელებლად მძღოლის საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდი, კანონიერია და შესაძლებელია მივლინებისათვის განკუთვნილი თანხების გამოცალკევება (გამოანგარიშება) და სამივლინებო ანაზღაურებად კვალიფიკაცია. დანარჩენი თანხები კი შესაძლებელია დაკვალიფიცირდეს სახელფასო განაცემებად, ვინაიდან მძღოლზე, ცხადია, სახელფასო ანაზღაურებაც გაიცემოდა. საყურადღებოა, რომ მოცემულ შემთხვევაში შეუსაბამოა მივლინების დამოწმებული ფურცლის მოთხოვნა, ვინაიდან ამ ფურცლის დანიშნულებაა მხოლოდ მივლინების ფაქტის დადასტურება, რაც მოცემულ შემთხვევაში უდავოა. მივლინების ფურცელი არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომელთანაც კანონმდებლობით ექსკლუზიურადაა დაკავშირებული სამივლინებო ანაზღაურების გაცემა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში არ შედის: დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნორმის ფარგლებში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ 5.04.2005 წლის №220 ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მივლინება – დამქირავებლის ბრძანებით ან/და დავალებით დაქირავებულის გამგზავრება სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ, როგორც ქვეყნის ფარგლებში, ისე ქვეყნის ფარგლების გარეთ.
ამავე ბრძანების მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაქირავებულის მივლინებისას: მივლინების სადღეღამისო და ბინის დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვროს თანახმად დანართი №1-ისა, რომლებიც გაიანგარიშება მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, აგრეთვე მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების გამოურიცხავად.
საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშების შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში გაწეული ყველა მომსახურების ღირებულებასა და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა შეძენაზე გაწეულ ხარჯს შორის გამოვლენილი ნაღდი ფულის დადებითი სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას. მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ფულადი სახსრების გასავლებში გათვალისწინებასთან დაკავშირებით საჩივარში დაყენებული ორი სახის ხარჯიდან (საწვავის ხარჯი და მივლინების ხარჯი) შემოსავლების სამსახურმა იმსჯელა მხოლოდ საწვავის ხარჯის არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრაზე და საერთოდ არ იმსჯელა მივლინების ხარჯის არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრაზე, მიაჩნია, რომ საწვავის ხარჯის არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრასთან ერთად უნდა მოხდეს მივლინების ხარჯის არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა.
მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელნმა განაცხადა, რომ საწარმო ახორციელებდა სატვირთო ავტომობილით (მარცვლეულის გადამზიდავი) ადგილობრივი და საერთაშორისო (რუსეთი-საქართველო) გადაზიდვებს. არ გააჩნდა ბუღალტრული აღრიცხვა და მის საფუძველზე შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ამიტომ შემოწმება დაეყრდნო გადამხდელის მიერ მოწოდებულ საბანკო ანგარიშების ამონაწერებს, ახსნა-განმარტებებს და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს. ამასთან, კომპანიის დირექტორი წარმოადგენს სატვირთო ავტომობილის, როგორც მესაკუთრეს, ისე მძღოლს.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი ვერ წარმოადგენს რაიმე სახის მტკიცებულებას, რაც დაქირავებულის (მძღოლის) საზღვარგარეთ მივლინების ფაქტს დაადასტურებდა, შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მომჩივნის არგუმენტი საზღვარგარეთ მივლინების ხარჯის არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის 5.02.2024 წლის №1982 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საწვავის ხარჯი განესაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 5.02.2024 წლის №1982 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
2. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 16.11.2023 წლის №044-16 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 15 609 ლარი და საურავი - 12 350 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურმა არასწორად განმარტა სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. მითითებულ ანალიზში შემოსავლების სამსახურმა არასწორად განმარტა „საპატიებელი შეცდომა“, როგორც შემთხვევა, როდესაც პირმა „არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას“. აქ ზედმეტია „არც შეიძლება სცოდნოდა“, ვინაიდან „არც შეიძლებოდა სცოდნოდა“- თი პრაქტიკულად გამორიცხულია ნებისმიერი პირის შეცდომა (უცხოპლანეტელების გარდა). ამგვარად განმარტებაში შემოსავლების სამსახურმა პრაქტიკულად გამორიცხა ფაქტობრივი შეცდომა, რაც შემდგომში პირდაპირ მიუთითა. კერძოდ, იგი მიუთითებს, რომ სანქციისაგან გათავისუფლებას ექვემდებარება „პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა“. თუმცა ნორმაში ზოგადად მითითებულია „შეცდომა/არცოდნა“ და არა „სამართლებრივი შეცდომა“ ან/და „კანონის არცოდნა“. მართალია, ნორმა განმარტებულ უნდა იქნეს სისტემურად, მაგრამ გადასახადის გადამხდელის უფლების დამდგენი საგადასახადო სამართლის ნორმის გადასახადის გადამხდელის უფლების შეზღუდვის მიმართულებით განვრცობა დაუშვებელია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.
მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით;
2. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარმოდგენილ განმარტებებზე, საბანკო ამონაწერებზე და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით შედგა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში, სადაც მიღებულად ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში ყველა გაწეული მომსახურების ღირებულება, ხოლო ყველა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეძენა - გადახდილად. შედეგად, გამოვლენილი ნაღდი ფულის დადებითი სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შემოწმებით საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საბჭოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მომჩივნის არგუმენტი საზღვარგარეთ მივლინების ხარჯის არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 101; 154; 73 (5); 269 (7).