გადაწყვეტილება №19076/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19076/2/2023
5.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----------“ (ს/ნ ---------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 11.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19076/2/2023).
დავის საგანი:
დავების განხილვის საბჭოს 24.11.2022 წლის №16023/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 25.01.2022 წლის №EL153029 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 6.03.2023 წლის №4119 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 1 646 ლარი.
ფაქტების აღწერა
მომჩივანმა 2022 წლის 24 იანვარს №11111/C8412 საბაჟო დეკლარაციით საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დაადეკლარირა 54227,72 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონელი (საერთო წონა 857კგ). აღნიშნული დეკლარაციისთვის მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალება „eCustoms“-ის მიერ განისაზღვრა „ყვითელი დერეფანი“. დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმების შედეგად, დეკლარირებული საქონლის იდენტიფიცირების მიზნით საბაჟო დეკლარაცია გადაყვანილ იქნა „წითელ დერეფანში“.
საქონლის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, დეკლარირებული საქონლის ნაწილზე, რომლებიც თანმხლები დოკუმენტების მიხედვით, დეკლარირებული იყო 2106 10 800 00 (PRONTO ENERGY GEL და MG FAST GEL) და 3005 90 990 00 (TERNSOSPRAY, SKIN ON SKIN და GHIACCIO SPRAY) სასაქონლო კოდებში, სეს ესნ კოდის დადგენის მიზნით დაინიშნა სასაქონლო ექსპერტიზა. საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულების და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2022 წლის 24 იანვრის ექსპერტიზის №000485/2022 დასკვნის თანახმად, ზემოხსენებული საქონლის კლასიფიკაცია განხორციელდა დეკლარირებულისგან განსხვავებულ სასაქონლო კოდებში (2106 90 980 09; 3824 99 960 09; 3506 10 000 00), რამაც გამოიწვია №11111/C84122 (24.01.2021) საბაჟო დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელის გაზრდა 1646,49 ლარით.
საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ საქონლის ნაწილი არასწორად იყო კლასიფიცირებული საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 30-ე ჯგუფში, არასწორად იქნა გამოყენებული საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი, შესაბამისად დეკლარაციაში და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობამ გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება 1 646,49 ლარით.
გამოვლენილ ფაქტზე, მომჩივანს 2022 წლის 25 იანვრის №EL153029 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1646,49 ლარის ოდენობით. №11111/C84122 (24.01.2021) საქონლის საბაჟო დეკლარაციაში შესაბამისი ცვლილების შეტანის შემდეგ საქონელი მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში და დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა.
საწარმომ საბაჟო დეპარტამენტის 25.01.2022 წლის №EL153029 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 23.02.2022 წლის №4556 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭოს 24.11.2022 წლის №16023/2/2022 გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და დაევალა შემოსავლების სამსახურს საჩივრის მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განხილვა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნით დადგენილი შედეგების გათვალისწინებით.
შემოსავლების სამსახურის 6.03.2023 წლის №4119 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, საბაჟო კოდექსის 34-ე მუხლით, 35-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით, საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილით, 167-ე მუხლის პირველი ნაწილით, „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბერის №275 ბრძანების მე-3 მუხლის (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესების) პირველი და მე-2 პუნქტებით.
შემოსავლების სამსახურში დავის განხილვისას კომპანიის დირექტორმა ---------- წარადგინა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2022 წლის 30 ნოემბრის №5008233822 წერილი, რომლის შინაარსიდან ირკვევა, რომ სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში 2022 წლის 15 ნოემბერს შესულია შპს „------------“ დირექტორის --------- განცხადება, სასაქონლო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ (ბ/რ №1008212122). ექსპერტიზის წინაშე დასმულია კითხვა დადგინდეს განცხადებაში მითითებულ 63 სახეობის პროდუქტზე სასაქონლო ნომენკლატურული კოდი დასმულ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნული წერილით ეცნობა შპს „---------“ დირექტორს ----------- ეცნობა, რომ ექსპერტიზის ბიუროს ამ ეტაპზე არ ჰყავს შესაბამისი დარგის სპეციალისტი. აღნიშნულიდან გამომდინარე დანიშნული ექსპერტიზა დაუბრუნდა შეუსრულებლად.
შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა მომჩივნის მიერ წარდგენილ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2022 წლის 30 ნოემბრის №5008233822 წერილზე, რომლის შინაარსიდან ირკვევა, შპს „----------“ დირექტორს -------- დანიშნული ექსპერტიზა დაუბრუნდა შეუსრულებლად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მიმართ გამოცემული სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ თანმხლებ დოკუმენტაციაში, სასაქონლო კოდები სწორად არის მითითებული, რაც მისი მოსაზრებით, ასევე დასტურდება არსებული ინვოისებით, ექსპორტის დეკლარაციით, რომელიც გაცემულია იტალიის საბაჟო სამსახურის მიერ. მომჩივანი მიუთითებს, რომ გაურკვეველია თუ რით იხელმძღვანელა საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველომ, როდესაც მოახდინა კოდის ცვლილება. ამასთან თანმხლებ დოკუმენტაციაში ვერანაირად ვერ შეიტანდა არასწორ მონაცემებს, რადგან არცერთი ეს დოკუმენტი არ არის გადასახადის გადამხდელის მიერ შედგენილი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, დღგ-ისგან გათავისუფლებულია სეს ესნ-ის 30-ე ჯგუფით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბერის №275 ბრძანების მე-3 მუხლის (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესების) პირველი პუნქტის თანახმად, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურაში (სეს ესნ) საქონლის კლასიფიკაცია უნდა ხორციელდებოდეს ამ მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კარების, ჯგუფებისა და ქვეჯგუფების სახელწოდებები მოცემულია მხოლოდ ინფორმაციის ძიების გასაადვილებლად. იურიდიული მიზნებისთვის, საქონლის კლასიფიკაცია განისაზღვრება სასაქონლო პოზიციების ტექსტების მიხედვით და შესაბამისი კარისა და ჯგუფის შენიშვნებით.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 22.02.2022 წლის №14855-21-10 წერილი, სადაც მითითებულია, რომ სეს ესნ კოდის დადგენის მიზნით დაინიშნა სასაქონლო ექსპერტიზა. საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულების და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2022 წლის 24 იანვრის ექსპერტიზის №000485/2022 დასკვნის თანახმად, ზემოხსენებული საქონლის კლასიფიკაცია განხორციელდა დეკლარირებულისგან განსხვავებულ სასაქონლო კოდებში (2106 90 980 09; 3824 99 960 09; 3506 10 000 00), რამაც გამოიწვია №11111/C84122 (24.01.2021) საბაჟო დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელის გაზრდა 1646,49 ლარით.
დავების განხილვის საბჭოს 24.11.2022 წლის №16023/2/2022 გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და დაევალა შემოსავლების სამსახურს საჩივრის მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განხილვა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნით დადგენილი შედეგების გათვალისწინებით.
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურში დავის განხილვისას კომპანიის დირექტორმა ---------- წარადგინა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2022 წლის 30 ნოემბრის №5008233822 წერილი, რომლის მიხედვით, კომპანიის დირექტორს ეცნობა, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ამ ეტაპზე არ ჰყავს შესაბამისი დარგის სპეციალისტი. აღნიშნულიდან გამომდინარე დანიშნული ექსპერტიზა დაუბრუნდა შეუსრულებლად.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან საბჭოს 24.11.2022 წლის №16023/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მომჩივნის მხრიდან ვერ მოხდა სეს ესნ კოდის დადგენის მიზნით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის შემოსავლების სამსახურისათვის წარდგენა, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საბჭოს 24.11.2022 წლის №16023/2/2022 გადაწყვეტილება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დავების განხილვის საბჭოს 24.11.2022 წლის №16023/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანმა საბაჟო დეკლარაციით საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დაადეკლარირა 54227,72 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონელი (საერთო წონა 857კგ). აღნიშნული დეკლარაციისთვის მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალება „eCustoms“-ის მიერ განისაზღვრა „ყვითელი დერეფანი“. დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმების შედეგად, დეკლარირებული საქონლის იდენტიფიცირების მიზნით საბაჟო დეკლარაცია გადაყვანილ იქნა „წითელ დერეფანში“. დაინიშნა სასაქონლო ექსპერტიზა. საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულების და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2022 წლის 24 იანვრის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზემოხსენებული საქონლის კლასიფიკაცია განხორციელდა დეკლარირებულისგან განსხვავებულ სასაქონლო კოდებში (2106 90 980 09; 3824 99 960 09; 3506 10 000 00), რამაც გამოიწვია საბაჟო დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელის გაზრდა 1646,49 ლარით.
გამოვლენილ ფაქტზე, მომჩივანს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1646,49 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საბჭოს 24.11.2022 წლის №16023/2/2022 გადაწყვეტილება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21), 173"ბ".
საქართველოს საბაჟო კოდექსი: 163(1), 167(1).