გადაწყვეტილება №20207/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 09.10.2023
№ დოკუმენტი 20207/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20207/2/2023

09 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 9.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20207/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 23.05.2022 წლის №12767 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 17.03.2023 წლის №023-3 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14734 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 254 894 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 126 713

დღგ - 66 408

საშემოსავლო გადასახადი - 60 305

ჯარიმა - 64 816

საურავი - 63 365

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს ელექტრონული საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების შეძენა და რეალიზაცია.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.218 წლიდან 1.05.2021 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 20.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ:

შემოწმების ეტაპზე გადამხდელმა წარადგინა დაბეგვრასთან დაკავშირებით ცალკეული მონაცემები, ასევე, წარადგინა საბუღალტრო აღრიცხვის ელექტრონული პროგრამა, მაგრამ შემოწმებისას გამოვლინდა არსებითი სხვაობები აღნიშნულ მონაცემებს, შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილ დეკლარაციებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში, მათ შორის, სასაქონლომატერიალური ფასეულობების ფაქტიური მარაგების ინვენტარიზაციით დადასტურებულ მონაცემებს შორის. შედეგად, წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სწორად განსაზღვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დასაბეგრი ბრუნვის დასადგენად გამოყენებულია შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 26.07.2021 წლის №24413 ბრძანებით ჩატარებული ინვენტარიზაციისას (აღწერისას) დადასტურებული ფასნამატები. შესამოწმებელი პერიოდისთვის დადგენილი დამატებითი რეალიზაციის მოცულობა დაკორექტირდა საწყისი და საბოლოო ნაშთების, აგრეთვე, ბოლო საანგარიშო პერიოდების მიხედვით წარდგენილი დეკლარაციების გათვალისწინებით. დასაბეგრი საერთო მიწოდების ცალკეულ საანგარიშო პერიოდებზე გადანაწილება მოხდა დეკლარირებული დასაბეგრი ბრუნვების პროპორციის მიხედვით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

გადამხდელის მიერ წარდგენილი მონაცემების მიხედვით საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის 5 966 ლარი გააჩნია სალაროში. შემოწმების პროცესში შედგა ფულადი შემოსულობების და განაცემების მოძრაობის ანალიზი, რომლის მიხედვით შესამოწმებელი პერიოდების განმავლობაში საწარმოს სალაროში ფიქსირდებოდა ნაღდი ფულის მზარდი ნაშთი, რამაც 1.05.2021 წლის მდგომარეობით შეადგინა 253 782 ლარი. ამასთან, საგადასახადო შემოწმებით არ დადასტურდა ანგარიშის მიხედვით სალაროში დაგროვილი მსხვილი თანხების არც ეკონომიკური საქმიანობისთვის გახარჯვა. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე და 101-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების შედეგად შემოსული თანხები, რომლის ეკონომიკური საქმიანობისთვის გახარჯვა არ დადასტურდა ჩაითვალა, საწარმოს პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 22.12.2021 წლის №40026 ბრძანება და ამავე თარიღის №023- 35 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 22.01.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.05.2022 წლის №12767 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- პირველ (არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, მათ შორის ფასნამატი) და მე-2 (განვადების დროს ბანკის პროცენტი შესულია საქონლის ღირებულებაში და დაბეგრილია დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით) სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) გადამხდელის მიერ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) გადამხდელის მიერ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარუდგენლობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებული ფასნამატის განსაზღვრის (დაზუსტების) მიზნით, დამატებით შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში არსებული იმავე ტერიტორიაზე, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების ფასნამატის შესახებ ინფორმაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-3 (არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული მისაღები შემოსავლის დაბეგვრა დირექტორის ხელფასად) სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 23.05.2022 წლის №12767 ბრძანება 25.06.2022 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 3.11.2022 წლის №16946/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 23.05.2022 წლის №12767 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 7.03.2023 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით სულ შემცირებას დაექვემდებარა 11 288 ლარი, მათ შორის გადასახადი 7 535 ლარი (მათ შორის დღგ 1 020 ლარი და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი 6 515 ლარი) და ჯარიმა 3753 ლარის ოდენობით.

დასკვნის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 17.03.2023 წლის №5234 ბრძანება და ამავე თარიღის №023-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 30.04.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.06.2023 წლის №14734 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

პირველ სადავო საკითხთან, ფასნამატთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 23 მაისის №12767 ბრძანების გამოცემის და ჩაბარების შემდეგ დამატებითი დოკუმენტაცია არ წარუდგენია. შემმოწმებლებმა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას გაითვალისწინეს გადამხდელის მიერ საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენიდან საჩივრის განხილვამდე პერიოდში წარდგენილი მასალები (ძირითადად, განვადებით რეალიზაციებთან დაკავშირებით).

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ საგანვადებო მომსახურებები ხორციელდებოდა მომჩივანსა და საბანკო დაწესებულებებს შორის დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში. თვით გადასახადის გადამხდელის განმარტებითაც, მაღაზიაში ფასები დაფიქსირებული იყო განვადების პირობით მყიდველის მიერ გადასახდელი ანაზღაურების მიხედვით. იგივე ფასები ფიქსირდება საბანკო დაწესებულების მიერ მყიდველებისათვის ამოწერილ ორდერებში. ამასთან, გადამხდელს ანგარიშზე ერიცხებოდა რეალიზებული საქონლის ღირებულება საკომისიოს (5%) გამოკლებით ან სრულად ჩარიცხვის შემდეგ იქვე ეჭრებოდა ბანკის სასარგებლოდ. აღნიშნულის გათვალისწინებით, დღგ-ით უნდა დაბეგრილიყო რეალიზებული საქონელის სრული ღირებულება, ხოლო საკომისიოს ღირებულება ჩაითვალა გადამხდელის მიერ ბანკის მომსახურების სანაცვლოდ გაწეულ ანაზღაურებად. ბუნებრივია, რომ აღნიშნული საკომისიო ანაზღაურებები შემოწმებამ გაითვალისწინა სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის და საშემოსავლო გადასახადის ანგარიშში. ასევე, გათვალისწინებულია გადამხდელის განმარტებები, რომლის მიხედვით საბანკო განვადების გარეშე რეალიზაციის შემთხვევაში საქონლის მყიდველთათვის შეთავაზებული ფასები მცირდებოდა საკომისიო მომსახურების ფასების (5%-ის) მიხედვით, მ.შ. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ანგარიშისას.

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საკითხის შესწავლის და კონკრეტული ანგარიშის განხორციელების შედეგად გაირკვა, რომ ჭარბი ნაშთის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ნაცვლად 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების დანართი №9-ის მეთოდის გამოყენება, ე. ი. ფიზიკურ პირზე უპროცენტო სესხის გაცემად გადაკვალიფიცირება და მისი მოგების გადასახადით, ხოლო საპროცენტო სარგებლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა, გამოიწვევდა საგადასახადო ვალდებულებების დამძიმებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ძალაში დარჩა სალაროში ფულადი სახსრების ჭარბი/აღურიცხავი ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიცირება. ამასთან, კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის კორექტირებისას გათვალისწინებულ იქნა პირველი და მე-2 სადავო საკითხების მიხედვით განხორციელებული გადაანგარიშებები.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განხილვა მოხდა გადამხდელის დაუსწრებლად, სადაც მოსმენილი იქნა მხოლოდ შემმოწმებლების არგუმენტები.

შემმოწმებლების მიერ დასკვნაში მითითებულია, რომ კომპანიის მიერ არ არის წარდგენილი დამატებითი დოკუმენტები, რის საფუძველზეც უნდა მომხდარიყო დამატებით დარიცხული თანხების გადაანგარიშება. რაც სიმართლეს არ შეესაბამება. კომპანიის მიერ დროულად იქნა წარდგენილი ყველა პირველადი დოკუმენტი, მათ შორის ის დოკუმენტები რომელთა წარდგენაც ვერ მოხერხდა შემოწმების პერიოდში. დოკუმენტაცია წარდგენილი იქნა შემოსავლების სამსახურის სერვის ცენტრში, რაზედაც ეცნობა მაშინვე შემმოწმებლებს რომ დოკუმენტები წარდგენილია ---------- სერვის ცენტრში, აქვს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტიც, ხოლო ----------დან რა დროს გადაეგზავნა ეს დოკუმენტები ან თუ დაგვიანებით გადაეგზავნა ეს არ ნიშნავს, რომ გადამხდელმა დროულად ვერ წარადგინა. აღნიშნული დოკუმენტების შესწავლა და გაანალიზება საერთოდ არ მომხდარა, რადგან მხოლოდ მარტივი მათემატიკის გამოყენებით სულ სხვა ფასნამატი მიიღებოდა. ასევე არადამაჯერებელია შემმოწმებლების არგუმენტი რომ მათ მიერ არქივიდან გამოთხოვილი მასალები ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის შესახებ, რომელიც აუდირებულია, ზუსტად იგივე ფასნამატი იყო, რაც მათ ინვენტარიზაციის შედეგად მიიღეს გადამხდელთან, რაც როგორც აღინიშნა დაუჯერებელია იდენტური იყოს ერთი გადამხდელის მონაცემები 100%-ით მეორის მიმართ.

აღნიშნული ცხადად მიანიშნებს, რომ აუდიტორებმა არა თუ შეისწავლეს და მოიკვლიეს საქმესთან არსებული ყველა მასალები, არამედ გაიმარტივეს საქმე და გადამხდელს დააბრალეს რომ დოკუმენტები ვერ წარადგინა დროულად. ფაქტია, რომ შემმოწმებლების მიერ სათანადოდ არ არის შესწავლილი კომპანიის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

საჩივრის მე-2 საკითხთან დაკავშირებით რომელიც ეხებოდა განვადებით გაყიდული საქონლიდან ბანკის მომსახურეობის დაბეგვრას, დასკვნაში საერთოდ არ არის განხილული. რომლის პირდაპირი მტკიცებულება არის ყველა იმ საქონლის რეალიზაციაზე ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელიც სრულად იქნა წარდგენილი და რაც კომპანიის შემოსავლების 80%-ს შეადგენს.

რაც შეეხება, საჩივრის მე-3 სადავო საკითხს, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შემმოწმებლების მიერ შედგენილი დასკვნაში წერია, რომ აღნიშნული დანართის გამოყენებით გადაანგარიშებული ვალდებულებები დაექვემდებარა დამძიმებას, დანართი №9 მოიცავს 11 მუხლს, არცერთი ამ მუხლებიდან არ იწვევს საგადასახადო ვალდებულებების გაუარესებას. ყოველი ზემოთ აღნიშნულიდან ნათლად ჩანს, რომ მიუხედავად შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებისა არ არის სათანადოდ შესწავლილი ყველა ის მტკიცებულებები რაც დაკისრებული ჰქონდა შემმოწმებლებს.

ითხოვს მასთან ერთად იქნას აღნიშნული საკითხები განხილული და გადაანგარიშებული.

შემოსავლების სამსახურში არ მიეცა შესაძლებლობა რომ აუდიტორების მიერ წარდგენილ პოზიციაზე დაეფიქსირებინა არგუმენტები. შესაბამისად, გადაწყვეტილება გამოტანილია მხოლოდ შემმოწმებლების პოზიციების გათვალისწინებით რაც არღვევს გადამხდელი უფლებებს და უზღუდავს შესაძლებლობას დაიცვას მისი პოზიცია.

ითხოვს მოხდეს დამატებით წარდგენილი დოკუმენტების მასთან ერთად შესწავლა და შესაბამისი გადაანგარიშება. რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს დამატებით გადასახდელად დარიცხულ თანხებს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 23.05.2022 წლის №12767 ბრძანებით:

- პირველ (არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, მათ შორის ფასნამატი) და მე-2 (განვადების დროს ბანკის პროცენტი შესულია საქონლის ღირებულებაში და დაბეგრილია დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით) სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) გადამხდელის მიერ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) გადამხდელის მიერ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარუდგენლობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებული ფასნამატის განსაზღვრის (დაზუსტების) მიზნით, დამატებით შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში არსებული იმავე ტერიტორიაზე, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების ფასნამატის შესახებ ინფორმაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-3 (არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული მისაღები შემოსავლის დაბეგვრა დირექტორის ხელფასად) სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 23.05.2022 წლის №12767 ბრძანებაში პირველ და მე-2 სადავო საკითხებზე მომჩივნის არგუმენტები რომლის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების წარდგენა დაევალა აუდიტის დეპარტამენტისთვის მითითებულია შემდეგი:

კომპანიას გააჩნია რეალიზაციის დოკუმენტები, სასაქონლო ზედნადებები და განვადების დოკუმენტაცია, სადაც გარკვევით წერია რეალიზებული საქონლის დასახელება, შესაბამისად ინვენტარიზაციის ფასნამატის გავრცელება არასწორია. ინვენტარიზაციის დროს გასაყიდ ფასად მიჩნეულია გამოცხადებული ფასი. საცალო რეალიზაციის დროს ხშირია ფასდაკლებების შემთხვევები ინდივიდუალურად მყიდველთან ანგარიშსწორების დროს ან შიდა ბრძანების საფუძველზე გამოცხადებული ფასდაკლებით, რაც უნდა იქნას გათვალისწინებული. ასევე, გაანგარიშების ცხრილებში დაშვებულია მათემატიკური უზუსტობები. აცხადებს, რომ განვადების დროს ბანკის პროცენტი შესულია საქონლის ღირებულებაში და დაბეგრილია დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით. შემოწმებით, დოკუმენტური ფასნამატის გამოთვლისას, კლიენტის მიერ საქონლის საბანკო განვადებით შეძენისას ღირებულებაში არ არის გათვალისწინებული საკომისიოს თანხები 5%-ის ოდენობით. განმარტავს, რომ ბანკის საკომისიო წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებით და არ უნდა იღებდეს მონაწილეობას საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზასა და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. მიუთითებს, რომ საკომისიო არის მომსახურების ხარჯი.

აუდიტის დეპარტამენტის 7.03.2023 წლის დასკვნით:

- პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დადგენილ ვადაში არ წარუდგენია დამატებითი მტკიცებულებები მის მიერ რეალიზებული საქონლის ფასნამატთან დაკავშირებით. შესაბამისად, მიმდინარე გადაანგარიშებით მოხდა იმავე რეგიონში (----------) ჩატარებული საგადასახადო შემოწმების პროცესში არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლის განსაზღვრისას მსგავს საქონელზე (საყოფაცხოვრებო ტექნიკა) გავრცელებული ფასნამატების შესახებ ინფორმაციის მოძიება. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის საარქივო სამმართველოდან გამოთხოვილია მასალები ერთ-ერთ გადამხდელთან ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შესახებ, რომელიც განხორციელებული იყო 2018 წელს. აღნიშნული მასალების მიხედვით დადგენილი ფასნამატი (24.47%) მიმდინარე გადაანგარიშებით გავრცელდა მომჩივნის მიერ 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდებში რეალიზებულ საქონელზე. ამ და სხვა გარემოებების გათვალისწინებით მოხდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშება შესამოწმებელ პერიოდებზე და დამატებით დარიცხული დღგ-ის კორექტირება (შემცირება);

- მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით საკითხის შესწავლის და კონკრეტული გაანგარიშებების განხორციელების შედეგად გაირკვა, რომ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) გამოყენებით საგადასახადო შემოწმების აქტის აღნიშნული ნაწილის მიხედვით გადაანგარიშებული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა დამძიმებას საგადასახადო შემოწმების შედეგებთან შედარებით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, მიმდინარე დასკვნის მიხედვით, სალაროში ფულადი სახსრების ჭარბი ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიცირება არ შეიცვალა. ამასთან, კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას/კორექტირებისას გათვალისწინებული იქნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებული პირველი და მე-2 საკითხების მიხედვით განხორციელებული გადაანგარიშებები. შედეგად, შემცირდა საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.

მომჩივანი მიუთითებს რომ:

- შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად კომპანიის მიერ დადგენილ ვადაში წარდგენილია ყველა პირველადი დოკუმენტი, მათ შორის ის დოკუმენტები რომელთა წარდგენაც ვერ მოხერხდა შემოწმების პერიოდში. დოკუმენტაცია წარდგენილი იქნა შემოსავლების სამსახურის ----------ს სერვის ცენტრში, რაც მაშინვე ეცნობა შემმოწმებლებს. აღნიშნული დოკუმენტების შესწავლა და გაანალიზება საერთოდ არ მომხდარა, რადგან მხოლოდ მარტივი მათემატიკის გამოყენებით სულ სხვა ფასნამატი მიიღებოდა;

- არადამაჯერებელია შემმოწმებლების არგუმენტი, რომ არქივიდან გამოთხოვილი მასალები ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის შესახებ, რომელიც აუდირებულია, ზუსტად იგივე ფასნამატი იყო, რაც მათ ინვენტარიზაციის შედეგად მიიღეს გადამხდელთან;

- მე-2 სადავო საკითხი დასკვნაში საერთოდ არ არის განხილული, რომლის პირდაპირი მტკიცებულება არის ყველა იმ საქონლის რეალიზაციაზე ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელიც სრულად იქნა წარდგენილი და რაც კომპანიის შემოსავლების 80%-ს შეადგენს;

- მე-3 სადავო საკითხზე განმარტავს, რომ დანართი №9-ის არცერთი მუხლი არ იწვევს საგადასახადო ვალდებულებების გაუარესებას.

საბჭოს სხდომაზე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ:

- გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის ბრძანების გამოცემის და ჩაბარების შემდგომ დამატებით დოკუმენტაცია არ წარუდგენია. გადაანგარიშებისას გათვალისწინებულია გადამხდელის მიერ შემოწმების აქტის შედგენიდან საჩივრის განხილვამდე პერიოდში წარდგენილი მასალები. შემმოწმებელმა დეტალურად შეადარა სხვადასხვა მონაცემები, მათ შორის იმავე რეგიონში მსგავსი საქონლით მოვაჭრე სხვა პირთან დაფიქსირებული ფასნამატი (24.47%), რაც გავრცელდა კიდეც კომპანიის მიერ 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდებში რეალიზებულ საქონელზე. რაც შეეხება 2020-2021 წლებს ძალაში დარჩა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის და სხვა მონაცემების ურთიერთშეჯერების მიხედვით გაანგარიშებული ფასნამატები;

- საგანვადებო მომსახურებები ხორციელდებოდა კომპანიასა და საბანკო დაწესებულებას შორის დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში. გადამხდელის განმარტებით მაღაზიაში ფასები დაფიქსირებული იყო განვადების პირობით მყიდველის მიერ გადასახდელი ანაზღაურების მიხედვით. იგივე ფასები ფიქსირდება საბანკო დაწესებულების მიერ მყიდველებისათვის ამოწერილ ორდერებში. ამასთან, გადამხდელს ანგარიშზე ერიცხებოდა რეალიზებული საქონლის ღირებულება საკომისიოს (5%) გამოკლებით ან სრულად ჩარიცხვის შემდეგ იქვე ეჭრებოდა ბანკის სასარგებლოდ. აღნიშნულის გათვალისწინებით, დღგ-ით უნდა დაბეგრილიყო რეალიზებული საქონლის სრული ღირებულება, ხოლო საკომისიოს ღირებულება ჩაითვალა გადამხდელის მიერ ბანკის მომსახურების სანაცვლოდ გაწეულ ანაზღაურებად. ბუნებრივია, რომ აღნიშნული საკომისიო ანაზღაურებები შემოწმებამ გაითვალისწინა სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის და საშემოსავლო გადასახადის ანგარიშში. ასევე, გათვალისწინებულია გადამხდელის განმარტებები, რომლის მიხედვით საბანკო განვადების გარეშე რეალიზაციის შემთხვევაში საქონლის მყიდველთათვის შეთავაზებული ფასები მცირდებოდა საკომისიო მომსახურების ფასების (5%-ის) მიხედვით მ.შ. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ანგარიშისას;

- სალაროში ფულადი სახსრების ჭარბი/აღურიცხავი ნაშთის ფიზიკურ პირზე უპროცენტო სესხის გაცემად გადაკვალიფიცირება და მისი მოგების გადასახადით, ხოლო საპროცენტო სარგებლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა, გამოიწვევდა საგადასახადო ვალდებულებების დამძიმებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ძალაში დარჩა სალაროში ფულადი სახსრების ჭარბი/აღურიცხავი ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიცირება (პერიოდების მიხედვით). ამასთან, კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის კორექტირებისას გათვალისწინებულია პირველ და მე-2 სადავო საკითხების მიხედვით განხორციელებული გადაანგარიშებები.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია რომ პირველ და მე-2 სადავო საკითხების ნაწილში შემოსავლების სამსახურის მიერ მისი 23.05.2022 წლის №12767 ბრძანების აღსრულებულად მიჩნევა მართებულია, რაც შეეხება მე-3 დავის საგანს საბჭო მიუთითებს შემოსავლების სამსახურის უფროსის 3.07.2023 წლის №15615 ბრძანებაზე, რომლის მიხედვით განხორციელდა ცვლილება 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში. კერძოდ, მე-10 მუხლის თანახმად, ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრება შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის (კალენდარული თვის) არაგონივრული ნაშთის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. კერძოდ, აღნიშნული თანხა კვალიფიცირდება როგორც საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული ხელფასი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს აღნიშნულ გარემოებაზე და მიიჩნევს, რომ მე-3 სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, ხსენებული მეთოდური მითითების გათვალისწინებით. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14734 ბრძანება;

3. საჩივარი, მე-3 დავის საგნის აღსრულების ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 23.05.2022 წლის №12767 ბრძანების აღსრულების შედეგები.

აუდიტის დეპარტამენტის 17.03.2023 წლის №023-3 საგადასახადო მოთხოვნა;

შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14734 ბრძანება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიას გააჩნია რეალიზაციის დოკუმენტები, სასაქონლო ზედნადებები და განვადების დოკუმენტაცია, სადაც გარკვევით წერია რეალიზებული საქონლის დასახელება, შესაბამისად ინვენტარიზაციის ფასნამატის გავრცელება არასწორია. ინვენტარიზაციის დროს გასაყიდ ფასად მიჩნეულია გამოცხადებული ფასი. საცალო რეალიზაციის დროს ხშირია ფასდაკლებების შემთხვევები ინდივიდუალურად მყიდველთან ანგარიშსწორების დროს ან შიდა ბრძანების საფუძველზე გამოცხადებული ფასდაკლებით, რაც უნდა იქნას გათვალისწინებული. ასევე, გაანგარიშების ცხრილებში დაშვებულია მათემატიკური უზუსტობები. აცხადებს, რომ განვადების დროს ბანკის პროცენტი შესულია საქონლის ღირებულებაში და დაბეგრილია დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით. შემოწმებით, დოკუმენტური ფასნამატის გამოთვლისას, კლიენტის მიერ საქონლის საბანკო განვადებით შეძენისას ღირებულებაში არ არის გათვალისწინებული საკომისიოს თანხები 5%-ის ოდენობით. განმარტავს, რომ ბანკის საკომისიო წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებით და არ უნდა იღებდეს მონაწილეობას საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზასა და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. მიუთითებს, რომ საკომისიო არის მომსახურების ხარჯი.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ და მე-2 სადავო საკითხების ნაწილში შემოსავლების სამსახურის მიერ მისი 23.05.2022 წლის №12767 ბრძანების აღსრულებულად მიჩნევა მართებულია, რაც შეეხება მე-3 დავის საგანს საბჭო მიუთითებს შემოსავლების სამსახურის უფროსის 3.07.2023 წლის №15615 ბრძანებაზე, რომლის მიხედვით განხორციელდა ცვლილება 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში. კერძოდ, მე-10 მუხლის თანახმად, ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრება შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის (კალენდარული თვის) არაგონივრული ნაშთის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. კერძოდ, აღნიშნული თანხა კვალიფიცირდება როგორც საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული ხელფასი. მე-3 სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, ხსენებული მეთოდური მითითების გათვალისწინებით. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 275;