გადაწყვეტილება №25752/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.10.2025
№ დოკუმენტი 25752/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25752/2/2025

07 ოქტომბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ ------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ს 1.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25752/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21404 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 ივნისის №021-45 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 11 აგვისტოს №18072 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 39 816.92 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 23 171

დღგ - 7 038

საშემოსავლო გადასახადი - 10 175

ქონების გადასახადი - 5 958

ჯარიმა - 8 249

საურავი - 8 396.92

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა საბითუმო და საცალო ვაჭრობა სამშენებლო და სარემონტო მასალებით.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 თებერვლის №3704 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 26 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იყო საბუღალტრო პროგრამა, რომლის მიხედვითაც არ დგინდებოდა დაბეგვრის ობიექტი, საქონელი არ იყო ჩაშლილი და არ ჩანდა რა საქონელი რა თვითღირებულებით იქნა ჩამოწერილი. შესაბამისად, შეუძლებელი იყო საქონლის ფასნამატის დადგენა და ინვენტარიზაციის შედეგების ანალიზი პროგრამის მიხედვით. ასევე, რიგ სამეურნეო ოპერაციებს ჰქონდა არასწორი კვალიფიკაცია მიცემული. კომპანიის დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის ფასნამატი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დეკლარირებული მონაცემებისგან, დოკუმენტური რეალიზაციები მთლიანი რეალიზაციის 25%-ს შეადგენდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 2024 წლის 22 თებერვალს შედგა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ოქმი, რომლის მიხედვითაც დადგინდა სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი საბაზრო ღირებულებით, რამაც შეადგინა 587 033 ლარი. ინვენტარიზაციის შედეგად სმფ-ების დანაკლისი/ზედმეტობა არ გამოვლენილა. შემოწმებით დოკუმენტური ფასნამატი დადგინდა წლების მიხედვით. კერძოდ, 2021 წელს შეადგინა 52%, 2022 წელს - 24%, 2023 წელს - 28%, ხოლო 2024 წელს - 35%. საგადასახადო ორგანოს მიერ განისაზღვრა წლების მიხედვით რეალიზებული პროდუქციის ღირებულება, რომელზეც მოხდა დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 163-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული შემოსავლები განაწილდა საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

ამავდროულად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

2. მომჩივნის მიერ წარდგენილი საბუღალტრო პროგრამა საგადასახადო ორგანოს მიერ შედარდა ანგარიშგების პორტალზე მის მიერ წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებასთან, რის მიხედვითაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლით შემცირებული იყო არარსებული კაპიტალის საწყისი ნაშთი. შედეგად, აღნიშნული ოპერაცია დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

3. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების და საბუღალტრო პროგრამის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ საწარმოს სრულად არ ჰქონდა დაბეგრილი ფიზიკური პირებზე გაცემული მომსახურების ანაზღაურებისთვის გადახდილი თანხები. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

4. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, კერძოდ, შენობა-ნაგებობის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, არსებითად განსხვავდებოდა ქონების საბაზრო ღირებულებისაგან. საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა საბაზრო ფასით. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი პერიოდების მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 8 ივლისის №16103 ბრძანება და 9 ივლისის №021-58 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 180 654.94 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 8 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 30.09.2024 წლის №21404 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.

პირველ, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს უძრავ ქონებაზე საბაზრო ფასის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21404 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 9.06.2025 წლის დასკვნა, 26.06.2025 წლის №13641 ბრძანება და №021-45 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 124 406 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 39 816.92 ლარი.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 25 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 11 აგვისტოს №18072 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმადაც შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები და შემოწმების შედეგად განსაზღვრული ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას სულ 124 406 ლარით. აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული დასკვნისა და მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით დგინდება შემდეგი:

● არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, საგადასახადო ორგანოს მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ფასნამატების დამუშავებული ცხრილები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ 2021 წელს კომპანიის ფასნამატი იყო 27%, ხოლო 2024 წელს - 26%. აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, საწარმოს შეუმცირდა დარიცხული დღგ და საშემოსავლო გადასახადი სულ 60 425 ლარით, ხოლო ჯარიმა - 30 599 ლარით. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, 2021 წლის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა დოკუმენტური 27%-იანი ფასნამატი.

● საწარმოს დამფუძნებლის მიერ კომპანიაში შეტანილი თანხის გათვალისწინებასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა დამატებითი საბუღალტრო პროგრამის უწყისები და ბარათზე ფულის მოძრაობა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საწარმოს გააჩნდა დამფუძნებლის მიმართ ვალდებულება 87 000 ლარი. შედეგად, საგადასახადო ორგანოს მიერ შემცირდა აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.

● შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკური პირებისთვის ანაზღაურებულ თანხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დადგინდა, რომ ერთ-ერთი ფიზიკური პირი წარმოადგენდა ინდივიდუალურ მეწარმეს (აღნიშნულ ნაწილში განხორციელდა დარიცხული თანხის კორექტირება), ხოლო მეორე ფიზიკური პირის შესახებ გადასახადის გადამხდელმა ვერ შეძლო შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა. ამდენად, საშემოსავლო გადასახადში დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას.

● ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, საგადასახადო ორგანოს მიერ, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნის №-----/11/24 საფუძველზე, განისაზღვრა ქონების საბაზრო ღირებულება 2021 და 2022 წლებისთვის და დარიცხული ქონების გადასახადი შემცირდა 705 ლარით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე შემოწმებით დადგენილი ფასნამატი გავრცელებულია მხოლოდ საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, მომჩივნის პრეტენზია საფუძველს მოკლებულია.

საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე,გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტმა, მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, მართლაც მოახდინა შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება, მაგრამ 2021 წლის პერიოდზე დარიცხული დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის თანხები გადაანგარიშებულია არასწორად. შემმოწმებლებმა 2021 წლის პერიოდის დოკუმენტური ფასნამატი - 27% გაუვრცელეს მთელი წლის რეალიზაციაზე, ნაცვლად იმისა, რომ აღნიშნული ფასნამატი გაევრცელებინათ მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებულ ბრუნვაზე, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ხელოვნური გაზრდა. შესაბამისად, გაზრდილი თანხიდან არასწორად უანგარიშეს დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის თანხები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადაიანგარიშოს დარიცხული თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21404 ბრძანებით, პირველ, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს უძრავ ქონებაზე საბაზრო ფასის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება:

● საგადასახადო ორგანოს მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ფასნამატების დამუშავებული ცხრილები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ 2021 წელს კომპანიის ფასნამატი იყო 27%, ხოლო 2024 წელს - 26%. აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, საწარმოს შეუმცირდა დარიცხული დღგ და საშემოსავლო გადასახადი სულ 60 425 ლარით, ხოლო ჯარიმა - 30 599 ლარით.

● გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა დამატებითი საბუღალტრო პროგრამის უწყისები და ბარათზე ფულის მოძრაობა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საწარმოს გააჩნდა დამფუძნებლის მიმართ ვალდებულება 87 000 ლარი. შედეგად, საგადასახადო ორგანოს მიერ შემცირდა აღნიშნულ ნაწილში შემოწმების შედეგად დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.

● მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დადგინდა, რომ ერთ-ერთი ფიზიკური პირი წარმოადგენდა ინდივიდუალურ მეწარმეს და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა ამ ნაწილში გადაანგარიშების შედეგად შემცირდა, ხოლო მეორე ფიზიკური პირის შესახებ გადასახადის გადამხდელმა წარადგინა 2012 წლის შეძენის ოპერაციაზე სასაქონლო ზედნადები და განმარტა, რომ მოხდა დავალიანების 4 000 ლარის დაფარვა. თუმცა, მომჩივნის მიერ არ იქნა წარდგენილი ორმხრივი შედარების აქტი, რითაც დასტურდებოდა, რომ 2021 წლის დეკემბრის განაცემი იყო კრედიტორული დავალიანების დაფარვა. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას. ● შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნის №---/11/24 საფუძველზე განისაზღვრა ქონების საბაზრო ღირებულება 2021 და 2022 წლებისთვის.გადაანგარიშების შედეგად, 705 ლარით შემცირდა შემოწმების შედეგად დარიცხული ქონების გადასახადი.

გადაანგარიშების შედეგად, მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა სულ 124 406 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 82 914 ლარი და ჯარიმა - 41 492 ლარი.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე შემოწმებით დადგენილი ფასნამატი გავრცელებულია მხოლოდ საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, მომჩივნის პრეტენზია საფუძველს მოკლებულია.

აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დავის არცერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რაც გავლენას მოახდენდა გადაანგარიშების შედეგებზე და გახდებოდა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების შემცირების საფუძველი.

ამასთან, დავების განხილვის საბჭოში, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ დაესწრო დავის განმხილველ სხდომას.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21404 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის №21404 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №3704 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იყო საბუღალტრო პროგრამა, რომლის მიხედვითაც არ დგინდებოდა დაბეგვრის ობიექტი, საქონელი არ იყო ჩაშლილი და არ ჩანდა რა საქონელი რა თვითღირებულებით იქნა ჩამოწერილი. შესაბამისად, შეუძლებელი იყო საქონლის ფასნამატის დადგენა და ინვენტარიზაციის შედეგების ანალიზი პროგრამის მიხედვით. ასევე, რიგ სამეურნეო ოპერაციებს ჰქონდა არასწორი კვალიფიკაცია მიცემული. კომპანიის დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის ფასნამატი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დეკლარირებული მონაცემებისგან, დოკუმენტური რეალიზაციები მთლიანი რეალიზაციის 25%-ს შეადგენდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 2024 წლის 22 თებერვალს შედგა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ოქმი, რომლის მიხედვითაც დადგინდა სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი საბაზრო ღირებულებით, რამაც შეადგინა 587 033 ლარი. ინვენტარიზაციის შედეგად სმფ-ების დანაკლისი/ზედმეტობა არ გამოვლენილა. შემოწმებით დოკუმენტური ფასნამატი დადგინდა წლების მიხედვით. კერძოდ, 2021 წელს შეადგინა 52%, 2022 წელს - 24%, 2023 წელს - 28%, ხოლო 2024 წელს - 35%. საგადასახადო ორგანოს მიერ განისაზღვრა წლების მიხედვით რეალიზებული პროდუქციის ღირებულება, რომელზეც მოხდა დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 163-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული შემოსავლები განაწილდა საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

ამავდროულად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

ამასთან,მომჩივნის მიერ წარდგენილი საბუღალტრო პროგრამა საგადასახადო ორგანოს მიერ შედარდა ანგარიშგების პორტალზე მის მიერ წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებასთან, რის მიხედვითაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლით შემცირებული იყო არარსებული კაპიტალის საწყისი ნაშთი. შედეგად, აღნიშნული ოპერაცია დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

ასევე,გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების და საბუღალტრო პროგრამის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ საწარმოს სრულად არ ჰქონდა დაბეგრილი ფიზიკური პირებზე გაცემული მომსახურების ანაზღაურებისთვის გადახდილი თანხები. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

ხოლო,შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, კერძოდ, შენობა-ნაგებობის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, არსებითად განსხვავდებოდა ქონების საბაზრო ღირებულებისაგან. საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა საბაზრო ფასით. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი პერიოდების მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №16103 ბრძანება და №021-58 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 180 654.94 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №21404 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).ასევე,დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს უძრავ ქონებაზე საბაზრო ფასის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის №21404 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, №13641 ბრძანება და №021-45 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 124 406 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 39 816.92 ლარი.კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №18072 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის №21404 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: