გადაწყვეტილება №87449/1/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.05.2024
№ დოკუმენტი 87449/1/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№87449/1/2024

24 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 6.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №87449/1/2024).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 12.10.2023 წლის №20299/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2023 წლის №006-771 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 124 817,69 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 70 640

მოგების გადასახადი - 55 044

საშემოსავლო გადასახადი - 15 596

ჯარიმა - 35 319

საურავი - 18 858,69

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 24.03.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.09.2020 წლიდან 1.07.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს მიერ წარდგენილი ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით განაცემები ჯამურად შეადგენს 154 586 ლარს. კომპანიის მიერ წარდგენილია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისი“, საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები, ინვოისები, ხელშეკრულებები და ტვირთის (კონტეინერების) გადაზიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.

გადასახადის გადამხდელი გადაზიდვასთან დაკავშირებულ მომსახურებას უწევს ერთ-ერთ არარეზიდენტ კომპანიას „----------“-ს. კომპანიას არ უფიქსირდება საშუალებები, საიდანაც შეძლებდა დამკვეთების მოძიებას. გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია, თუ როგორ ხდებოდა დამკვეთების/კლიენტების მოძიება. აღნიშნულთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა წერილობითი განმარტება, სადაც აღნიშნავს, რომ კლიენტები მოძიებულია საწარმოს დამფუძნებლისა და დირექტორის (შესამოწმებელ პერიოდში) მიერ პირადი და ბიზნეს ურთიერთობების საშუალებით.

გადასახადის გადამხდელის მიერ ხელშეკრულებებში და საგადასახადო ორგანოში დაფიქსირებული ელექტრონული ფოსტის მისამართია ----------, ხოლო აღნიშნული არარეზიდენტი კომპანიის ვებგვერდზე საქართველოს მისამართად დაფიქსირებულია გადასახადის გადამხდელის ოფისი და საკონტაქტო მონაცემები. ბუღალტრული მონაცემების მიხედვით, მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში იზრდება არარეზიდენტი კომპანიის მიერ ასანაზღაურებელი თანხის ნაშთი.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით ,,სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ მეთოდური მითითებების შესაბამისად, განხორციელდა პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. შედეგად, გადასახადის გადამხდელსა და არარეზიდენტ კომპანიას შორის არსებული კავშირების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ დებიტორული დავალიანების თანხები განხილულ იქნა საწარმოს მიერ მიღებულად და კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ 1.01.2018 წლიდან 1.09.2020 წლამდე საანგარიშო პერიოდებზე გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა საგადასახადო შემოწმება და 31.05.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებულია იგივე ფაქტობრივი გარემოებები.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 13.04.2023 წლის №006-146 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის №14358 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭო 12.10.2023 წლის №20299/2/2023 გადაწყვეტილებაში მიუთითებს მომჩივნის არგუმენტზე, არარეზიდენტი კომპანიის დავალიანების ვალუტაში აღრიცხვის და გადახდილად მიჩნევის თარიღის განსაზღვრაზე და მიიჩნევს, რომ ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს მომჩივნის მიერ მიღებული თანხის ოდენობის კორექტირება. ამასთან, საბჭო ასევე მიუთითებს სადავო შემთხვევაში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ კომპანიისთვის გადასახდელი თანხის კვალიფიკაციის განსაზღვრისას საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებული თანხის მიმღები პირი წარმოადგენს კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელ დამფუძნებელს, რის გამოც მიზანშეწონილია აღნიშნულ ნაწილში მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინება გაცემული თანხის დივიდენდად განხილვასთან დაკავშირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის დაევალოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად.

საბჭოს აპარატს დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გაუგზავნოს შპს „----------“ 18.07.2023 წლის (რეგისტრაციის №20299/2/2023) საჩივარი და თანდართული მასალები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და „----------“-ის მიერ 31.08.2022 წელს 7 500 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ის შესწავლა და მიღებულად განხილული დებიტორული დავალიანების თანხის კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

21.11.2023 წლის №118927-03 წერილით საბჭოს 12.10.2023 წლის №20299/2/2023 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს გაეგზავნა 18.07.2023 წლის №20299/2/2023 საჩივარი, საქმის მასალებთან ერთად. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით, განხორციელდა დირექტორზე გაცემული თანხების კორექტირება (შემცირება), კერძოდ:

- შემოწმებით განსაზღვრული დებიტორული დავალიანება შემცირდა „----------“-ის მიერ დაბრუნებული თანხის ოდენობით;

- კურსთა შორის სხვაობით დაკორექტირდა (შემცირდა) „----------“-ის დებიტორული დავალიანება (შემოწმების აქტით დირექტორზე განაცემად დაკვალიფიცირებული თანხები);

- დირექტორზე/დამფუძნებელზე განაცემად დაკვალიფიცირებული თანხები განხილული იქნა განაწილებულ მოგებად და დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭოს 12.10.2023 წლის №20299/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაანგარიშების შედეგად კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები.

აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 29.12.2023 წლის №006-771 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მიუხედავად დარიცხული თანხის შემცირებისა, ეს თანხა კომპანიისათვის, რომელიც ამჟამად აღარ ეწევა აქტიურად ეკონომიკურ საქმიანობას, კვლავინდებურად დიდ თანხად რჩება. ამასთან, გამოვლენილია ახალი გარემოება, რაც თვალნათლივ იძლევა იმის საფუძველს და დადასტურებას, რომ დარიცხული გადასახადები შესამცირებელია.

წინა საჩივარში აღნიშნული იყო, რომ „----------“-მა შპს „----------“ 30.06.2022 წლის მდგომარეობით არსებული დებიტორული დავალიანებიდან ჩაურიცხა 7 500 აშშ დოლარი 31.08.2022 წელს, რითაც შეამცირა ეს დავალიანება. ეს უცილობელი ფაქტობრივი გარემოება გაზიარებული იქნა საგადასახადო ორგანოს მიერ, თუმცა „----------“-მა შპს „----------“ არსებული დებიტორული დავალიანების თანხიდან, რომელიც საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით 30.06.2022 წლის მდგომარეობით დადასტურებულად შეადგენდა 108 672,42 აშშ დოლარს, ხოლო 31.08.2022 წელს 7 500 აშშ დოლარის ჩარიცხვის შემდეგ კი გახდა 101 172,42 აშშ დოლარი, კიდევ ჩაურიცხა 47 710 აშშ დოლარი. ამ თანხიდან, 28 165,33 აშშ დოლარი წარმოადგენდა 2022 წლის სექტემბერ-ოქტომბრის მომსახურების საფასურის დაფარვას, ხოლო დანარჩენი 19 544,67 აშშ დოლარი - სწორედ იმ დებიტორული დავალიანების შემცირებაა, რომელიც საგადასახადო შემოწმებამ მიიჩნია საწარმოს დირექტორზე და დამფუძნებელზე ---------- გაცემულ თანხად. აღნიშნულის დასტურად, წარმოვადგენთ ექსელის ცხრილს და ჩარიცხვის საბუთებს. შესაბამისად, საწარმოს დირექტორზე და დამფუძნებელზე ---------- გაცემულ თანხად უნდა ჩაითვალოს არა 101 172,42 აშშ დოლარი, როგორც ეს ახლაა 26.12.2023 წლის დასკვნის გამოცემის შემდეგ, არამედ 101 172,42-19 544,67=81 627,75 აშშ დოლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ზემოთ მოყვანილი არგუმენტების შესაბამისად საგადასახადო შემოწმების მიერ სადავო დებიტორული დავალიანების თანხიდან გადაკვალიფიცირებად და ---------- მიერ მიღებულ თანხად (როგორც დივიდენდი) უნდა ჩაითვალოს მხოლოდ 239 079,52 ლარი (81 627,75 აშშ დოლარი X 30.06.2022 წელს მოქმედი აშშ დოლარის კურსზე 2,9289 ლარი) და გადასახადების დათვლა უნდა მოხდეს შესაბამისად: საშემოსავლო გადასახადი დივიდენდიდან (5%) – (239 079,52/0,95)*5%=12 583 ლარი; მოგების გადასახადი (15%) – (239 079,52+12 583,13)/0,85*15%=44 411 ლარი. სულ: 56 994 ლარი (ძირი), ნაცვლად დარიცხული 70 640 ლარისა (სხვაობა შეადგენს 13 646 ლარს).

დარიცხული ჯარიმების თაობაზე აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგები უჩვენებს, რომ არცერთ ასპექტში და არცერთ გადასახადში კომპანიას არ შეუმცირებია დასადეკლარირებელი გადასახადი ბიუჯეტის წინაშე (დარიცხვები ყველგან 0-ია)! ერთადერთი დარიცხვა გამოწვეულია საგადასახადო ორგანოს მიერ კომპანიის დებიტორული დავალიანების გადაკვალიფიცირებით დამფუძნებლისთვის მიღებულ დივიდენდად, რაც სინამდვილეში ასე არ არის, თუმცა წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს უფლებას. ამიტომ, ასეთი სახის გადაკვალიფიცირების გამო, საწარმოს არ უნდა დაერიცხოს ჯარიმები, რადგან მათი დამალვის მცდელობა არ გამოვლენილა. აღნიშნულის გამო, იმისდა მიუხედავად, თუ რა ნაწილში ან რა მოცულობით იქნება გათვალისწინებული კონტრარგუმენტები, კომპანიას უნდა მოეხსნას დარიცხული ჯარიმები საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მონიჭებული უფლების შესაბამისად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ზემოთმოყვანილი არგუმენტების შესაბამისად საგადასახადო შემოწმების მიერ სადავო დებიტორული დავალიანების თანხიდან გადაკვალიფიცირებად და ---------- მიერ მიღებულ თანხად (როგორც დივიდენდი) უნდა ჩაითვალოს მხოლოდ 239 079,52 ლარი (81 627,75 USD X 30.06.2022 წელს მოქმედი აშშ დოლარის კურსზე 2,9289 ლარი) და გადასახადების დათვლა მოხდეს შესაბამისად.

ასევე, იმისდა მიუხედავად, თუ რა ნაწილში ან რა მოცულობით იქნება გათვალისწინებული კონტრარგუმენტები, კომპანიას უნდა მოეხსნას დარიცხული ჯარიმები საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მონიჭებული უფლების შესაბამისად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საბჭოს 12.10.2023 წლის №20299/2/2023 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა „----------“-ის მიერ 31.08.2022 წელს 7 500 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ის შესწავლა და მიღებულად განხილული დებიტორული დავალიანების თანხის კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით, განხორციელდა დირექტორზე გაცემული თანხების კორექტირება (შემცირება), კერძოდ შემოწმებით განსაზღვრული დებიტორული დავალიანება შემცირდა „----------“-ის მიერ დაბრუნებული თანხის ოდენობით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ „----------“-ის მიერ თანხის დაბრუნების თაობაზე დამატებით წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.

აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის დასკვნა სადავო საკითხის ნაწილში გამოცემულია საბჭოს 12.10.2023 წლის №20299/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

მომჩივანი ითხოვს ჯარიმისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. საბჭო მიუთითებს, რომ მომჩივნის მოთხოვნა სანქციისგან გათავისუფლებაზე დაფიქსირებულია საბჭოს 12.10.2023 წლის №20299/2/2023 გადაწყვეტილებაშიც, რომლითაც მომჩივნის აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ასევე, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 12.10.2023 წლის №20299/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 12.10.2023 წლის №20299/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბჭოს 12.10.2023 წლის №20299/2/2023 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა უცხოური კომპანიის მიერ 31.08.2022 წელს 7 500 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ის შესწავლა და მიღებულად განხილული დებიტორული დავალიანების თანხის კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით, განხორციელდა დირექტორზე გაცემული თანხების კორექტირება (შემცირება), კერძოდ შემოწმებით განსაზღვრული დებიტორული დავალიანება შემცირდა უცხოური კომპანიის მიერ დაბრუნებული თანხის ოდენობით. საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ უცხოური კომპანიის მიერ თანხის დაბრუნების თაობაზე დამატებით წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები. აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის დასკვნა სადავო საკითხის ნაწილში გამოცემულია საბჭოს 12.10.2023 წლის №20299/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

გადაწყვეტილება

მომჩივანი ითხოვს ჯარიმისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. საბჭო მიუთითებს, რომ მომჩივნის მოთხოვნა სანქციისგან გათავისუფლებაზე დაფიქსირებულია საბჭოს 12.10.2023 წლის №20299/2/2023 გადაწყვეტილებაშიც, რომლითაც მომჩივნის აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ასევე, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 12.10.2023 წლის №20299/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 275; 304(21).