გადაწყვეტილება №28247/2/2026
📄 სრული ტექსტი
№28247/2/2026
09 ნოემბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.11.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----ის 6.10.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28247/2/2026).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 30.04.2026 წლის №27123/2/2026 (რეგ. 11.05.2026წ. 03/33751) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 2.09.2026 წლის №007-244 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 680 372.96 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 365 436.07
დღგ - 190 638.31
საშემოსავლო გადასახადი - 174 797.76
ჯარიმა - 155 730.8
საურავი - 159 206.09
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მეწარმის საქმიანობაა საათების, ფარნების და სხვა საქონლის იმპორტი და რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის 18.06.2025 წლის №12903 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მეწარმის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.07.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 8.07.2025 წლის ჩათვლით პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 26.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე მითითებულია შემდეგი:
საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, აგრეთვე გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, რომელთა ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს არასრულყოფილად აქვს ნაწარმოები აღრიცხვა, კერძოდ საქონლის რეალიზაცია არ იშიფრება კონკრეტული რეალიზაციების მიხედვით და რეალიზაციის ასახვა ხდება თვის ბოლო რიცხვში ჯამურად. საკონტროლო-სალარო აპარატის ქვითრებით პროგრამულად ვერ იშიფრება რეალიზაცია, შესაბამისად შეუძლებელია კონკრეტული სახეობის საქონელზე ფასნამატის დადგენა. გადასახადის გადამხდელი პროგრამულად ჯამურად ადეკლარირებს საშუალოდ 35%-ს, რაც გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი დოკუმენტების საფუძველზე დადგენილი დოკუმენტური ფასნამატისგან (95%) მნიშვნელოვნად განსხვავდება.
შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური მარაგების ფაქტობრივი ნაშთის დადგენის მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 8.07.2025 წლის №15366 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა. გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მეწარმის მიერ მიღებული/მისაღები შემოსავლის ოდენობის განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით და საგადასახადო შემოწმების შედეგად გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დოკუმენტური ფასნამატის (საშუალოდ 95%) გათვალისწინებით, რომლის შედეგად გამოვლენილ სხვაობებზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
ამდენად, შესწავლილია შესამოწმებელ პერიოდში მეწარმის მიერ სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღებული წლიური შემოსავალი და ამ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული გამოსაქვითი ხარჯები. შედეგად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებსა და შემოწმების შედეგად გაანგარიშებულ მონაცემებს შორის გამოვლინდა სხვაობები.
საგადასახადო შემოწმების შედეგად, დეკლარირებულ მონაცემებსა და შემოწმების მონაცემებს შორის გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის №28658 ბრძანება და ამავე თარიღის №007-410 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.03.2026 წლის №6127 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- პირველ სადავო საკითხთან (არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება, გაანგარიშებული ფასნამატი და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები) დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა განახორციელოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების კორექტირება და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-2 (ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა) და მე-3 (საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის არარეზიდენტებისათვის გადახდილი თანხების წყაროსთან დაბეგვრა) სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. მტკიცებულებები ხარჯებზე;
ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 20.03.2026 წლის №6127 ბრძანება, პირველი დავის საგნის ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 30.04.2026 წლის №27123/2/2026 (რეგ. 11.05.2026 03/33751) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 20.03.2026 წლის №6127 ბრძანება:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სარეალიზაციო საქონლის (დოკუმენტური და ინვენტარიზაციის მასალებით გაანგარიშებულ) ფასნამატთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია;
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისათვის, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს მომჩივნის მიერ ფასნამატთან დაკავშირებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 30.04.2026 წლის №27123/2/2026 (რეგ. 11.05.2026 03/33751) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილია 26.08.2026 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისათვის, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლილია მომჩივნის მიერ ფასნამატთან დაკავშირებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რის შედეგადაც არ გამოვლინდა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების (შემცირების) საფუძვლები. დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.09.2026 წლის №19546 ბრძანება და ამავე თარიღის №007-244 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა დოკუმენტური ფასნამატის შესახებ ინფორმაცია. 2.09.2026 წელს ჩამბარდა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება, სადაც აღნიშნულია რომ საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული თანხები არ შემცირდა.
საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით აუდიტის დეპარტამენტს უნდა ეხელმძღვანელა მის მიერ წარდგენილი დოკუმენტური ფასნამატით. მიუხედავად ამისა მათ მიერ არ მომხდარა შემოწმების შედეგად დაკისრებული საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება. საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ საქონლის რეალიზაცია არ იშიფრება კონკრეტული რეალიზაციების მიხედვით, ამიტომ საგადასახადო შემოწმების შედეგად გაანგარიშებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი დოკუმენტური ფასნამატის (საშუალოდ 95%) გათვალისწინებით.
პირველ რიგში აღსანიშნია, რომ ბუღალტრულ პროგრამაში დოკუმენტური რეალიზაციის ყველა ოპერაცია ასახულია შესაბამისი თარიღისა და დოკუმენტის მითითებით - როგორც შემოსავლის მიღების კუთხით ასევე, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებით ჩამოწერის თვალსაზრისით. დოკუმენტური რეალიზაციის შედეგად დაფიქსირებული ფასნამატი შეადგენს საშუალოდ 31 პროცენტს და არა შემოწმების აქტში დაფიქსირებულ 95 პროცენტს - რომელიც გაურკვეველია თუ როგორ გაანგარიშდა შემმოწმებლების მიერ. მათ მიერ შედგენილი ფასნამატის გაანგარიშების ცხრილები დღემდე არ მიუღია, შესაბამისად ვერ ახერხებს გაერკვეს თუ რა პრინციპით მოხდა გაანგარიშება და სადაა დაშვებული შეცდომა რომელიც არარეალურ სურათს იძლევა. მოცემული არგუმენტებიდან გამომდინარე თვლის, რომ უსაფუძვლოდ არის გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდი და ითხოვს აღნიშნული პრინციპის საფუძველზე დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას, ამასთანავე თუ შემმოწმებელთა მხრიდან შემოსავლის განსაზღვრა ხდება დოკუმენტური ფასნამატის გამოყენებით, უნდა მოხდეს რეალური დოკუმენტური ფასნამატის - 31 პროცენტის გათვალისწინება და არა 95 პროცენტის, რომელიც თავის მხრივ მოწყვეტილია რეალურ საფუძველს და გაანგარიშებაში დაშვებული შეცდომის შედეგია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
საბჭოს 30.04.2026 წლის №27123/2/2026 (რეგ. 11.05.2026 03/33751) გადაწყვეტილებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სარეალიზაციო საქონლის (დოკუმენტური და ინვენტარიზაციის მასალებით გაანგარიშებულ) ფასნამატთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია;
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისათვის, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს მომჩივნის მიერ ფასნამატთან დაკავშირებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭოს 30.04.2026 წლის №27123/2/2026 (რეგ. 11.05.2026წ. 03/33751) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილია 26.08.2026 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისათვის, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლილია მომჩივნის მიერ ფასნამატთან დაკავშირებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რის შედეგადაც არ გამოვლინდა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების (შემცირების) საფუძვლები.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენლმა ისაუბრა საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის და დარიცხვის მართლზომიერებაზე.
საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით კი აღნიშნა, რომ აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა დოკუმენტური ფასნამატის შესახებ გაანგარიშება, შედგა შეხვედრა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელთან, თუცა ვინაიდან ვერ განხორციელდა იდენტიფიცირება დოკუმენტში მითითებულ საქონელსა და ბუღალტრულად აღრიცხულს შორის, არ იქნა მიჩნეული სანდოდ და არ იქნა გათვალისწინებული. საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლმა მომჩივნის არგუმენტზე განმარტა, რომ მეწარმე ვაჭრობს ---ს ბაზრობის ტერიტორიაზე ერთგვაროვანი საქონლით (სარეალიზაციო საქონლის დაახლოებით 85% წარმოადგენს საათებს და ფანრებს).
შემოწმების მიმდინარეობისას ვერ დაიდენტიფიცირდა კონკრეტულად რომელი თვითღირებულების საქონელი გაიყიდა (მაგ. 3 ლარიანი საათი თუ 17 ლარიანი), აღსრულების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლილია მომჩივნის მიერ ფასნამატთან დაკავშირებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, თუმცა აღნიშნული ვერც მომჩივნის წარმომადგენელმა დააიდენტიფიცირა, შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 30.04.2026 წლის №27123/2/2026 (რეგ. 11.05.2026წ. 03/33751) გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 30.04.2026 წლის №27123/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საბჭოს №27123/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილია 26.08.2026 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისათვის, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლილია მომჩივნის მიერ ფასნამატთან დაკავშირებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რის შედეგადაც არ გამოვლინდა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების (შემცირების) საფუძვლები. დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (21).