ბრძანება N 18899

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.08.2023
№ დოკუმენტი 18899
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18899

02 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს’’ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2023 წლის 19 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 ივლისის სხდომაზე (ოქმი №74) განიხილა შპს „---ს’’ (ს/ნ ---) №78212/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 დეკემბრის №127-38 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახდს. მიუთითებს, რომ 2018 წლის იანვრიდან 2021 წლის 30 ნოემბრამდე შპს ,,---გან’’ ქირაობდა ტექნიკას, აქტივებს და ნაღდი ანგარიშსწორებით იხდიდა ქირის თანხას. აღნიშნულ პერიოდში გადახდილი აქვს 3 585 000 ლარი. გადამხდელისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე არ გაითვალისწინა აღნიშნული ხარჯი შემოწმებამ. ითხოვს აღნიშნული ხარჯის გათვალისწინებას და საჩივარზე თანდართული აქვს იჯარის ხელშეკრულება.

 

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 25 მაისის №13126 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---ს’’ (ს/ნ ---) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 5 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 19 დეკემბრის №31895 ბრძანება და ამავე თარიღის №127-38 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 813 799 ლარი, მათ შორის: გადასახადი 999 402 ლარი, ჯარიმა 499 217 ლარი, საურავი 315 180 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით 02 აგვისტო 2023 N 18899 დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს გზების და ავტობანების მშენებლობა. აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში კომპანიის მიერ გაწეულია მომსახურება, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, ასევე კერძო კომპანიებზე. შემოწმების მიმდინარეობის პროცესში გადამხდელის წარმომადგენელთან არაერთხელ განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია. კომუნიკაციის დროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ საწარმოს არ გააჩნია ოფისი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა შემმოწმებლების მიერ გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარება. კომუნიკაციის დროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა და სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვას ახორციელებს ექსელში - ელექტრონული ცხრილების მეშვეობით, რისი წარმოდგენაც არ მომხდარა შემოწმებისთვის. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი არ არის დებიტორ/კრედტორული დავალიანების, სალაროს მოძრაობის შესახებ ინფორმაცია. საწარმოს მიერ წარმოდგენილია მხოლოდ საბანკო ანგარიშების ამონაწერები და ცნობები, სხვა ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა შემოწმებისთვის წარმოდგენილი არ არის. გადამხდელმა ნაწილობრივ ითანამშრომლა შემოწმებასთან. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 2022 წლის 21 აპრილს განხორციელდა შპს „---ს’’ სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელის სალაროში, (მის:---) გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი 0 ლარის (ნული) ოდენობით, რაზედაც შევსებულ იქნა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი. ვინაიდან გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენა, შემოწმების ხელთარსებული ინფორმაციით (საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და მესამე პირებისგან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით), შემოსავლების და ხარჯების შეპირისპირებით განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში, საანგარიშო წლების ბოლოსთვის სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი, სულ - 3 857 742 ლარის ოდენობით. ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი ნულის ტოლია, შესამოწმებელ პერიოდში განსაზღვრული სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი, წლის ბოლოს განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ფულად სარგებლად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან მიმართებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი არ არის დებიტორ/კრედტორული დავალიანების, სალაროს მოძრაობის შესახებ ინფორმაცია. საწარმოს მიერ წარმოდგენილია მხოლოდ საბანკო ანგარიშების ამონაწერები და ცნობები, სხვა ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა შემოწმებისთვის წარმოდგენილი არ არის. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 21 აპრილს განხორციელდა შპს „---ს’’ სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელის სალაროში გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი 0 ლარის (ნული) ოდენობით. ვინაიდან გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენა, შემოწმების ხელთარსებული ინფორმაციით, შემოსავლების და ხარჯების შეპირისპირებით განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში საანგარიშო წლების ბოლოსთვის სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი სულ - 3 857 742 ლარის ოდენობით, რომელიც შემოწმებით წლის ბოლოს განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა 2018 წლის 3 იანვრის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შპს ,,---იას’’, შპს ,,---გან’’ (ს/ნ ---) ნაქირავები აქვს ბეტონის/ასფალტის მწარმოებელი ქარხანა და სხვადასხვა მძიმე ტექნიკა. სახელშეკრულებო ღირებულება თავდაპირველად განისაზღვრა 80 000 ლარით (ყოველთვიური გადასახადელი), ხოლო შემდგომში განხორციელებული ცვლილებით 2020 წლის მარტიდან 100 000 ლარით. ხელშეკრულება შეწყდა 2021 წლის ნოემბერში. აღნიშნული გარიგების ფარგლებში შპს ,,---ს’’ მიერ არ მომხდარა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა, ხოლო შპს ,,---ის’’ მიერ ქირის გადახდა ხორციელდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით (გადამხდელის განმარტებით), რაზეც გადამხდელმა წარმოადგინა შპს ,,---ის’’ სალაროს შემოსავლის ორდერები, რომლის თანახმადაც შპს ,,---ს’’ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 3 585 000 ლარი, აქედან 365 000 ლარი გადამხდელის განმარტებით შეადგენს 2018 წლის შემოსავალს. შპს ,,---ზე’’ 2014 წლიდან მიმდინარეობდა გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოება, ხოლო 2021 წლიდან დღემდე მიმდინარეობს რეაბილიტაციის საქმის წარმოება. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში შპს ,,--ის’’ მიერ მიღებული შემოსავლების დაბეგვრა არ მომხდარა. 2021 წლის ივლისიდან რეაბილიტაციის მმართველად დანიშნულია შპს ,,---’’. აღნიშნული კომპანიის დირექტორთან შედგა სატელეფონო კომუნიკაცია, რომელმაც არ დაადასტურა შპს ,,---ს’’ მიერ შემოსავლების მიღება მისი მმართველობის პერიოდში (ელექტრონული ფოსტის საშუალებით აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელს განუმარტა, რომ მისთვის როგორც რეაბილიტაციის მმართველისათვის საერთოდ არ არის ცნობილი, რომ შპს „---ს’’ და შპს „---ს’’ შორის არსებობდა რაიმე იჯარის ხელშეკრულება. მიუთითა, რომ მისი რეაბილიტაციის მმართველად დანიშვნის მომენტიდან შპს „---ს’’ შპს „---გან’’ არ მიუღია რაიმე სახის ანაზღაურება.) 2021 წლის ივლისამდე გაკოტრების მმართველი იყო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა დამატებით წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ს’’ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

 

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახდს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 5 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 19 დეკემბრის №31895 ბრძანება და ამავე თარიღის №127-38 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 813 799 ლარი, მათ შორის: გადასახადი 999 402 ლარი, ჯარიმა 499 217 ლარი, საურავი 315 180 ლარი.

 

გადაწყვეტილება

შემოწმებით საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4, 9); 101; 154; 43(4).