ბრძანება № 32428

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 22.12.2023
№ დოკუმენტი 32428
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 32428

22 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ „---------“ (პ/ნ ---------)

(მის.: ---------)

2023 წლის პირველი ნოემბრის და პირველი დეკემბრის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 ნოემბერს (ოქმი №124) და 12 დეკემბერს (ოქმი №129) გამართულ სხდომებზე განიხილა ფ/პ --------- (პ/ნ ----------) №84569/1/2023 და №85727/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ოქტომბრის №002-227 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დარიცხულ ქონების გადასახადს. აცხადებს, რომ დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრის დროს არ იქნა გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ქონების მდგომარეობის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნები ქონებების საბაზრო ღირებულების თაობაზე. გადასახადის გადამხდელი ასევე აცხადებს, რომ შემოწმებით არასწორად იქნა განსაზღვრული ---------- ოჯახის შემადგენლობა, კერძოდ, დაბეგრილია მისი შვილის, ------------ საკუთრებაში არსებული ქონება, ხოლო ------------ მოქმედი კანონმდებლობით არ წარმოადგენს ----------- ოჯახის წევრს. ამასთან, შემოწმებით არ არის გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები და საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ ვალდებულებებზე დარიცხულია ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

2. 2023 წლის პირველ დეკემბერს წარმოდგენილი საჩივრით გადასახადის გადამხდელმა ასევე მოითხოვა საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ივნისის №13159 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ -------- (პ/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020, 2021, 2022 წლების ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დაბეგვრის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 22 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 6 ოქტომბერს გამოსცა №24765 ბრძანება და №002-227 საგადასახადო მოთხოვნა. გადასახადის გადამხდელს დამატებით საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრა სულ 121 758 ლარით მათ შორის: გადასახადი 68 204 ლარი, ჯარიმა 34 102 ლარი და საურავი 19 452 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საგადასახადო შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზით დადგინდა, რომ ფ/პ ----------- შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი (2019 წელს 64 354 ლარი, 2020 წელს 183 918 ლარი, 2021 წელს 153 438 ლარი), რის მიხედვითაც დაუდგინდა 2020, 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება.

ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში საკუთრებაში აქვს ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი.

საგადასახადო შემოწმების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნა N-------, N-------- და N---------ში ასახული ღირებულებებით, რომელიც თანხვედრაშია საბაზრო ფასთან. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე200, 201-ე და 202-ე მუხლების თანახმად, პირს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი შესაბამის საანგარიშო პერიოდების მიხედვით და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „გ.ა“ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

ამავე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, რომ დაბეგრილია მისი შვილის, საკუთრებაში არსებული ქონება, საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის მიერ განიმარტა, რომ შემოწმებით ზემოაღნიშნული ქონება დაბეგრილი არ არის.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად ქონების გადასახადიში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნული სადავო საკითხის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. ხოლო, ამავე კოდექსის 270-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით, არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტზე, რომლის თანახმად, სამართალდარღვევა გამოწვეულია კანონმდებლობის არცოდნით. ამასთან, გადამხდელს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ოქტომბრის №002-227 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული გადასახადი დაფარული აქვს მიმდინარე წლის 5 დეკემბერს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და ფ/პ --------- (პ/ნ----------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ოქტომბრის №002-227 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისაგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისაგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ --------- (პ/ნ ---------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ფ/პ ---------- საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ოქტომბრის №002-227 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისაგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისაგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დარიცხულ ქონების გადასახადს.

2. 2023 წლის პირველ დეკემბერს წარმოდგენილი საჩივრით გადასახადის გადამხდელმა ასევე მოითხოვა საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების შედეგად, ფ/პ-ს უფიქსირდება 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი (2019, 2020, 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში საკუთრებაში აქვს ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი. პირს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი შესაბამის საანგარიშო პერიოდების მიხედვით და განესაზღვრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:201(1);202(5);275(2);272(7);269(7);