გადაწყვეტილება №19936/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.08.2023
№ დოკუმენტი 19936/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19936/2/2023

01 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,-------“-ის 12.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19936/2/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო მოთხოვნაში ასახული სანქციისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 აპრილის №021-16 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 მაისის №10982 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 120 734.97 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 51 855

დღგ - 12 202

მოგების გადასახადი - 28 549

საშემოსავლო გადასახადი - 11 104

ჯარიმა - 51 855

საურავი - 17 024,97

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 მარტის №5007 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 30 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგ გარემოებათა გამო:

მომჩივანს 2020 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში ჩათვლილი აქვს 12 203 ლარის დღგ, რომელიც წარმოადგენს 2019 წლის ნოემბრის თვეში შეძენილ ჯართის დასაპაკეტებელი ჰიდრავლიკური წნეხის ღირებულებას. 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის, „ე.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საწარმოს აღნიშნული დღგ-ის ჩათვლა უნდა მოეხდინა არაუგვიანეს 2019 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდამდე. გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

მომჩივნის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, სალაროს ნაშთი შესამოწმებელ პერიოდში არის ცვალებადი, ფიქსირდება ზრდა-კლება, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, 2023 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით, ნაშთი შეადგენს 162 850 ლარს.

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 15 მარტის №4974 ბრძანების თანახმად ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რა დროსაც, გადასახადის გადამხდელის სალაროში (მდებარე ქ. ქუთაისი გუგუნავას № 18 მისამართზე), ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 5 440 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელმა შემოწმებისას წარადგინა ბუღალტრული პროგრამის ასლი (15.03.2023 წლის ჩათვლით პერიოდზე) სადაც ფიქსირდება, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული თანხა 2023 წლის 13 მარტს გაცემულია დირექტორზე საქვეანგარიშოდ, ხოლო 2023 წლის 16 მარტს დაბრუნებულია ისევ სალაროში.

საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას გაანალიზდა საწარმოს სალაროს გონივრული ნაშთი „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ (დანართი №9) მეთოდური მითითების მიხედვით. შპს „-------“-ის სალაროს არაგონივრული ნაშთი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-8 ნაწილის და 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩაითვალა დირექტორზე, გაცემულ უპროცენტო სესხად. კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების შედეგებზე გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 10 აპრილის №7772 ბრძანება და ამავე თარიღის №021-146 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 17.05.2023 წლის №10982 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი აღნიშნავს, რომ სალაროს ნაშთის შესახებ მონაცემები გადაგზავნილი ჰქონდათ შემმოწმებლისთვის. თანხაზე პასუხისმგებელი პირი იყო საწარმოს დამფუძნებელი პარტნიორი და 100% წილის მფლობელი, რომელიც ამავე დროს არის საზოგადოების ფინანსური მენეჯერი და თანხა ინახებოდა საზოგადოების ოფისში. აღნიშნული თანხა ესაჭიროებოდათ საზოგადოების ძირითადი საქმიანობის განსახორციელებლად და მიწის ფართის შესაძენად. ამჟამად საზოგადოება საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ ფართში.

2023 წლის 15 მარტის საფუძველზე ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურისას ადგილზე იმყოფებოდა მხოლოდ დირექტორი, რომელმაც შემმოწმებელს შეცდომით აჩვენა მხოლოდ მის ხელთ არსებული ნაღდი ფულის ნაშთი 5 440 ლარი, რომელსაც იყენებდა ჯართის შესაძენად.

რომ არ ჰქონოდათ სალაროში ნაღდი ფული 162 850 ლარის ოდენობით, აღნიშნული თაობაზე შემმოწმებლებს სათანადო ინფორმაციასაც არ წარუდგენდნენ შემოწმების დაწყებამდე, რომელიც მიზნად არ ისახავდა გადასახადების გადახდისგან თავის არიდებას და გამოწვეულია შეცდომით/არცოდნით.

მომჩივანი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაკისრებული ფინანსური სანქციისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნაში ასახული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება.

შემოწმების შედეგებზე გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 10 აპრილის №7772 ბრძანება და ამავე თარიღის №021-146 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 17.05.2023 წლის №10982 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7);