ბრძანება N 10974
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 10974
17.05.2023
---ს (პ/ნ ---)
(ფაქტ. მის.: ---) 2023 წლის 2 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა ---ას (პ/ნ ---) №75314/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 29 აპრილის №EL208040 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის პოზიცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ შეასრულა საერთაშორისო გადაზიდვის რეისი საქართველო---, -----. ---დან წამოღებული ტვირთი დაიცალა ---ში. 2023 წლის 29 აპრილს გადმოკვეთა ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით ---ის საზღვარი. საქართველოს ტერიტორიაზე შეუდგინეს ოქმი. საწვავი ჩაისხა ---ში, რაზეც ჩეკი აქვს და ვერ განსაზღვრავდა ზუსტად რამდენი ლიტრი დარჩებოდა გადაადგილების შედეგად, ამასთთან ვერ მოახდენდა ჩასხმული საწვავის გადაქცევას. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 29 აპრილს საბაჟო გამშვები პუნქტი „---ის“ კონტროლის ზონაში ---ის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა საქართველოში რეგისტრირებული, დაუტვირთავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით ---, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე ---ია. ავტომანქანის დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ გამწევზე დამონტაჟებულ საწვავის ავზებსა და ასევე ე.წ. რეფრეჟერატორის ავზში ესხა დაახლოებით 230 ლიტრი დიზელი. შესაბამისად, პიროვნებას აღმოაჩნდა არადეკლარირებული დაახლოებით 130 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი. ვინაიდან, ---ას მართვის ქვეშ მყოფ სატრანსპორტო საშუალებაში არსებული საწვავის რაოდენობა აღემატებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზღვრულ ნორმას (100 ლიტრი).
გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „---ის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 29 აპრილს შედგენილი №EL208040 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ---ას დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
---ა დაეთანხმა სამართალდარღვევის ფაქტს და ჩაიბარა მის მიმართ შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რაც დაადასტურა შესაბამის გრაფებში ხელის მოწერით.
---ა ხშირად გადაადგილდება (2019 წლიდან დღეის მდგომარებით 228 შესვლა/გასვლა) საქართველოს საბაჟო საზღვარზე.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს 4 №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ 1 “, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) პირველი მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები აზუსტებს:
5. საქართველოს ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთების გადაადგილება საავტომობილო მიმოსვლისათვის გახსნილი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შესაძლებელია მხოლოდ სპეციალიზებული, EX/II, EX/III, FL, AT ან MEMU-ს ტიპის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელიც განკუთვნილია და დაშვებულია ასეთი ტვირთის გადასატანად.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“, „ლაგოდეხის“ ან „მტკვრის“ გავლით საქართველოში შემომსვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ამ პუნქტის ქვეპუნტებით დადგენილ შემთხვევებში (... „გ) დაუტვირთავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების (საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებულის გარდა) შემთხვევაში, თუ ავზში არსებული საწვავის ოდენობა არ აღემატება 100 ლიტრს“).
მე-8 პუნქტი ადგენს, რომ ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების მიზნებისათვის ტერმინი „სტანდარტული ავზი“ ნიშნავს ავზს, რომელიც დამამზადებლის მიერ დამონტაჟებულია მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე და იძლევა შესაძლებლობას საწვავის უწყვეტი მიწოდებისა როგორც გამწევი ძალის შესაქმნელად, ისე ტრანსპორტირებისას საჭიროების შემთხვევაში სამაცივრე ან მსგავსი სისტემის ფუნქციონირებისთვის.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ გამწევზე დამონტაჟებულ საწვავის ავზებსა და ასევე რეფრეჟერატორის ავზში ესხა დაახლოებით 230 ლიტრი დიზელი. შესაბამისად, პიროვნებას აღმოაჩნდა არადეკლარირებული დაახლოებით 130 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი. აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდებოდა დაუტვირთავ მდგომარეობაში და არ არსებობდა სამაცივრე ან მსგავსი სისტემის ფუნქციონირების საჭიროება. სატვირთო სატრანსპორტო საშუალების სამაცივრე ავზში მოთავსებული საწვავის შემოტანაზე ვრცელდება საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები. შესაბამისად, ადგილი აქვს მომჩივნის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ---ს (პ/ნ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები
პიროვნებას აღმოაჩნდა არადეკლარირებული დაახლოებით 130 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი.
გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 29 აპრილს შედგენილი №EL208040 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ---ს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6); 199; საქართველოს საბაჟო კოდექსის 5;6;163;168