გადაწყვეტილება №25431/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25431/2/2025
12 აგვისტო 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 9.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25431/2/2025)
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 22.09.2023 წელს №20730/2/2023 (რეგ. 16.10.2023წ. 03/80858) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 30.11.2023 წლის №001-270 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 414 320.21 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 177 432
დღგ - 62 712
საშემოსავლო გადასახადი - 107 344
ქონების გადასახადი - 7 376
ჯარიმა - 86 503
საურავი - 150 385.21
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა მეორადი საბურავების იმპორტი და ადგილობრივი საცალო/საბითუმო რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2018 პირველი იანვრიდან 2020 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: საწარმოს მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის, მათ შორის, ბუღალტრული პროგრამის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზის შედეგად საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ვინაიდან არ ხდება კონტროლი ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის ნაწილში. საწარმოს მიერ გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები (დაუდასტურებელი) დაბალი ფასნამატით არარეზიდენტი პირების სახელზე.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, აღნიშნულ პირებს საზღვრის კვეთის დროს - სასაქონლო ზედნადებებში მითითებული სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო ნომრების მიხედვით და მის გარეშე ტრანსპორტით გადაადგილებისას - ტრანსპორტის დატვირთულობის ტიპში მითითებულია „ცარიელი“. ასევე, საწარმოს (დაუდასტურებელი) სასაქონლო ზედნადებების ნაწილი გამოწერილი აქვს გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე დაბალი ფასნამატით.
ამასთან, დოკუმენტური და დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ფასნამატები განსხვავებულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. დოკუმენტური ფასნამატი გავრცელდა რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე (დოკუმენტის გარეშე, არარეზიდენტ პირებსა და არარეგისტრირებული ფიზიკურ პირებზე რეალიზებული საქონელი) შესაბამისი წლის მიხედვით, რამაც გაზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
ამასთან, რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორის ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 29.12.2021 წლის №41818 ბრძანება და №001-503 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.04.2022 წლის №8668 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, ინფორმაცია საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით, ფასნამატის, წუნდებული საქონლის და დანაკარგის ოდენობის შესახებ, ასევე, არარეზიდენტი პირების ნოტარიულად დამოწმებული ცნობები ოპერაციის და ფასის ნამდვილობასთან დაკავშირებით. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეესწავლა წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ამასთან, წუნდებულ საქონელთან მიმართებაში გაეთვალისწინებინა აუდიტის დეპარტამენტში მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული მონაცემი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 7.04.2022 წლის №8668 ბრძანება არ გასაჩივრებულა. შემოსავლების სამსახურის 7.04.2022 წლის №8668 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული 4.10.2022 წლის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 13.10.2022 წლის №26043 ბრძანება და ამავე თარიღის №001-184 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4963 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ: - პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ფასნამატის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტში ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიმართ საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი მონაცემებით, ხოლო წუნდებულ/დეფექტურ საქონელთან მიმართებით, იხელმძღვანელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილი მონაცემით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, საწარმოს დირექტორზე ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4963 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 22.09.2023 წლის №19307/2/2023 (რეგ. 13.10.2023წ. 03/80745) გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4963 ბრძანების აღსრულების შედეგად, 16.05.2023 წლის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 349 784 ლარით, მათ შორის გადასახადი 230 560 ლარით, ხოლო ჯარიმა 119 224 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 18.05.2023 წლის №11132 ბრძანება და 19.05.2023 წლის №001-82 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.08.2023 წლის №19895 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 22.09.2023 წლის №20730/2/2023 (რეგ. 16.10.2023წ. 03/80858) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- მომჩივანს მიეცა წინადადება გადაწყვეტილების შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 15 კალენდარულ დღის განმავლობაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები;
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა:
ა) გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველყოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა;
ბ) შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დასახელებულ კომპანიაზე აუდირებული ფასნამატის სადავო შემთხვევაზე გავრცელება და შესაბამისად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 22.09.2023 წლის №20730/2/2023 (რეგ. 16.10.2023წ. 03/80858) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2023 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ 16.05.2023 წელს გამოცემული დასკვნის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები აღნიშნულ სადავო საკითხთან მიმართებით შემცირდა ჯამში 60 172 ლარით, მათ შორის გადასახადის ნაწილში 40 674 ლარით და ჯარიმის ნაწილში 19 498 ლარით. დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.11.2023 წლის №29863 ბრძანება და ამავე თარიღის №001-270 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 18.12.2023 წელს გასაჩივრდა სასამართლოში. სასამართლოს 26.06.2025 წლის (საქმე №3/9398-23) განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება (მოსარჩელის მიერ საჩივრის ადმინისტრაციულ ორგანოში ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა არ იყო გამოყენებული, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტა შედიოდა არა სასამართლოს, არამედ სხვა უწყების კომპეტენციაში). მომჩივანმა 9.07.2025 წელს, აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2023 წლის დასკვნაზე, 30.11.2023 წლის №29863 ბრძანებაზე და ამავე თარიღის №001-270 საგადასახადო მოთხოვნაზე, საჩივრით მომართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო დავის ყოველ ეტაპზე, აღსრულების პროცესის დროს, ფასნამატის მაღალი გრადაციით არაერთგზის კორექტირებამ, მათ შორის აუდირებული მარჟის გამოყენებით, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რამდენად სუბიექტური და ცდომილების მაღალი დონის მატარებელია არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება. საინფორმაციო და მეთოდოლოგიური ჰაბიდან - infohub.rs.ge (ვებ-რესურსიდან), რომელიც განკუთვნილია სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ადმინისტრირების მიმართულებებზე და სადაც განთავსებულია, როგორც საგადასახადო, ასევე საბაჟო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის ფინანსთა სამინისტროს სისტემაში არსებული საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველი ორგანოებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებები. მეთოდოლოგიური ჰაბის ბაზიდან მოპოვებული იქნა ინფორმაცია საგადასახადო დავისა, რომელიც დაკავშირებულია ანალოგიური საქმიანობის მქონე საწარმოს, შესაბამის პერიოდზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი და დამატებით დარიცხული თანხების შემცირებასთან.
დავის მასალებიდან ირკვევა, რომ შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, ანალოგიური საქმიანობის მქონე საწარმოს ფასნამატი 24.2% გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ საცალოდ რეალიზებულ პროდუქციაზე. კომპანიას შესამოწმებელ პერიოდამდე ჰქონდა 20%-მდე მარჟა საბურავების საცალო რეალიზაციაში. ხოლო, 2017 წლიდან წარმოქმნილი მრავალი ხელშემშლელი ფაქტორებიდან გამომდინარე, კერძოდ: ვალუტის კურსის არასტაბილურობა, კომპანიისთვის გაზრდილი სასესხო ვალდებულებები, პანდემიის გამო გამოწვეული კრიზისი და სხვა ზემოთ აღნიშნული ფაქტორები, საწარმო იძულებული იყო არსებობისთვის საცალო რეალიზაცია განეხორციელებინა ძალიან დაბალი ფასნამატით და ზოგჯერ თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასადაც კი. შემოსავლების სამსახურმა სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან მიმართებაში მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები. ამ ნაწილში დააკმაყოფილა მომჩივნის მოთხოვნა და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დამატებით დარიცხული თანხების შემცირების უზრუნველყოფა.
მიღებული გადაწყვეტილება ცხადყოფს 20%-მდე აუდირებული ფასნამატის აღიარებას. ყველა ამ გარემოებათა გათვალისწინებით, მიზანშეწონილად და სამართლიანად მიაჩნია კომპანიის მიმართ გამოყენებული იქნას 20%-იანი ფასნამატი და შესაბამისად, განხორციელდეს დამატებული ღირებულების გადასახადსა და საშემოსავლო გადასახადში დარიცხული ვალდებულებების (მათ შორის სანქციების) კორექტირება (შემცირება). მით უმეტეს, რომ დარგის სპეციფიკასთან დაკავშირებულ სხვა გარემოებათა შორის გასათვალისწინებელია 1.01.2019 წლიდან ძალაში შესული ავტომობილების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტით დადგენილი 10 წელზე მეტი ასაკის საბურავების გამოყენების აკრძალვის შესახებ მოთხოვნა, რასაც მოჰყვა საწარმოს მიერ იმპორტირებული მაღალი ასაკის საბურავების მნიშვნელოვანი გაუფასურება. ამასთანავე მიაჩნია, რომ საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას უნდა მოხდეს ინტერპრეტაციის მინიმალიზაცია და რიგითობით განისაზღვროს ყველა საგადასახადო ვალდებულება:
1. ნამეტ მარჟას უნდა დაერიცხოს დღგ (რომელსაც მოიცავს საბაზრო ფასი);
2. ნამეტი შემოსავლის მთლიანად სახელფასო განაცემად ჩათვლის შემთხვევაში, იგულისხმება, რომ ნამეტი შემოსავლის თანხა წარმოადგენს დარიცხულ ხელფასს (ე.წ. „გროს“ ხელფასს) და საშემოსავლო გადასახადი უნდა დაკავდეს აღნიშნული თანხიდან. ანალოგიურად, ნამეტი შემოსავალი სტატუსის გათვალისწინებით და მისი არა ნეტო შემოსავლად განხილვით, უნდა განისაზღვროს საგადასახადო ვალდებულებები. ასეთ შემთხვევაში ადგილი არ ექნება ფარული, გაზრდილი განაკვეთით გადასახადის დაკისრებას, რომლის დაფინანსების წყაროა არა მარტო ნამეტი შემოსავალი, არამედ დამატებითი გადასახადის დაკისრებით მიღებული ზარალი. რითაც დაცული იქნება საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა საწარმომ, როგორც აგენტმა, გადახდის წყაროსთან დააკავოს საშემოსავლო გადასახადი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დავების განხილვის საბჭოს 22.09.2023 წლის №20730/2/2023 (რეგ. 16.10.2023წ. 03/80858) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გადაწყვეტილებაში აღნიშნულია შემდეგი: საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა განაცხადა, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშების შედეგად რეალიზებულ საქონელზე ფასნამატი 2018 წელს განსაზღვრული იქნა 46%-ის ოდენობით, ხოლო 2019 - 2020 წლების საანგარიშო პერიოდებში 45.5%-ის ოდენობით. აქვს ინფორმაცია, რომ ანალოგიურ/მსგავს საქმიანობაში გამოყენებულია სხვა უფრო დაბალი აუდირებული ფასნამატიც, მაგალითად, შპს --- (ს/ნ ---) წარმოადგენს მისი მსგავსი/ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელ კომპანიას, ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით (ახალი და მეორადი საბურავების იმპორტიორი და შესაბამისად რეალიზატორი, რომელიც მდებარეობს ----ში), აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა აღნიშნული კომპანიის შემოწმება, ამ კომპანიის შემთხვევაშიც, როგორც სადავო შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და რეალიზებულ საქონელზე ფასნამატი განისაზღვრა - 34%, მზადყოფნა გამოთქვა წარმოადგინოს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებელი მტკიცებულებები და მოითხოვა განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული აუდირებული კომპანიის ფასნამატის გამოყენება.
შედეგად: - მომჩივანს მიეცა წინადადება გადაწყვეტილების შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 15 კალენდარულ დღის განმავლობაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები; - აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველყოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დასახელებულ კომპანიაზე აუდირებული ფასნამატის სადავო შემთხვევაზე გავრცელება და შესაბამისად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
საბჭოს 22.09.2023 წლის №20730/2/2023 (რეგ. 16.10.2023წ. 03/80858) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2023 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარდგენილია ინფორმაცია აუდირებული ფასნამატის შესახებ. მიწოდებულ არგუმენტაციასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტში მოძიებულ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შედეგად დადგინდა, რომ 2018-2020 წლების საანგარიშო პერიოდებში ფასნამატი განსაზღვრულია 34%. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიმართ 16.05.2023 წელს გამოცემული დასკვნის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები აღნიშნულ სადავო საკითხთან მიმართებით შემცირდა ჯამში 60 172 ლარით, მათ შორის გადასახადის ნაწილში 40 674 ლარით და ჯარიმის ნაწილში 19 498 ლარით. საბჭო ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ დასკვნაზე და იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს ან მტკიცებულებებს, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა დავების განხილვის საბჭოს 22.09.2023 წელს №20730/2/2023 (რეგ. 16.10.2023წ. 03/80858) გადაწყვეტილება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება.
მომჩივანი მოითხოვს რეალიზებულად განხილულ საქონელზე 20%-იანი ფასნამატის გავრცელებას, ასევე, მის მიერ იმპორტირებული მაღალი ასაკის საბურავების მნიშვნელოვანი გაუფასურების გათვალისწინებას. გარდა ამისა, სადავოდ ხდის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული თანხების საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის პრინციპს. აღნიშნულზე საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 22.09.2023 წელს №20730/2/2023 (რეგ. 16.10.2023წ. 03/80858) გადაწყვეტილების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 22.09.2023 წელს №20730/2/2023 (რეგ. 16.10.2023წ. 03/80858) გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 22.09.2023 წელს №20730/2/2023 (რეგ. 16.10.2023წ. 03/80858) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საბჭოს №20730/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის დასკვნიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარდგენილია ინფორმაცია აუდირებული ფასნამატის შესახებ. მიწოდებულ არგუმენტაციასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტში მოძიებულ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შედეგად დადგინდა, რომ 2018-2020 წლების საანგარიშო პერიოდებში ფასნამატი განსაზღვრულია 34%. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიმართ 16.05.2023 წელს გამოცემული დასკვნის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები აღნიშნულ სადავო საკითხთან მიმართებით შემცირდა ჯამში 60 172 ლარით, მათ შორის გადასახადის ნაწილში 40 674 ლარით და ჯარიმის ნაწილში 19 498 ლარით.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 22.09.2023 წელს №20730/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.