გადაწყვეტილება №20195/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 20195/2/2023
21 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 15.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 7.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20195/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31324 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 აპრილის №007-80 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 ივნისის №13762 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 354 303 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 157 584
დღგ - 70 051
მოგების გადასახადი - 10 858
საშემოსავლო გადასახადი - 76 675
ჯარიმა - 136 817
საურავი - 59 902
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 მარტის №6268 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 12 ივლისის №18262 ბრძანება და №007-187 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 470 777 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 18 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 13.12.2022 წლის №31324 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით:
გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
ამასთან, წინა პუნქტის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, განახორციელოს შესამოწმებელი პერიოდის საანგარიშო თვეების მიხედვით არაგონივრული ნაშთის უპროცენტო სესხად და დეკლარირებულ და შემოწმებით გამოვლენილ მონაცემებს შორის სხვაობის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31324 ბრძანების აღსრულების მიზნით, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.03.2023 წლის დასკვნა, 7.04.2023 წლის №7709 ბრძანება და №007-80 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 103 350 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 354 303 ლარი.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 7 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 19 ივნისის №13762 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და პირველ და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.
მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტს დაევალა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა, ხოლო შესწავლის შედეგების გათვალისწინებით შესამოწმებელი პერიოდის საანგარიშო თვეების მიხედვით არაგონივრული ნაშთის უპროცენტო სესხად და დეკლარირებულ და შემოწმებით გამოვლენილ მონაცემებს შორის სხვაობის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), რაც აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან შესრულდა. კერძოდ, შემმოწმებელმა გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები შეისწავლა გადამხდელის მონაწილეობით, განხორციელდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის სახეობების მიხედვით მაქსიმალურად დაჯგუფება და თითოეული ჯგუფის ფასნამატის დადგენა. საცალო რეალიზაციაზე ჩამოწერილ საქონელზე გავრცელდა გადამხდელის მიერ გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტაციაში დაფიქსირებული ფასნამატი კატეგორიების მიხედვით, რაც თავის მხრივ გაანგარიშდა მიღებული და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების შეპირისპირებით. შედეგად, გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის მიწოდებული ინფორმაციითა და განმარტებით დგინდება, რომ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის კორექტირებას გავლენა არ მოუხდენია შესამოწმებელი პერიოდის საანგარიშო თვეების მიხედვით არაგონივრული ნაშთის უპროცენტო სესხად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე. შესაბამისად, ამ ნაწილში დარიცხვა დარჩა უცვლელი.
საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საჩივრების განხილვისას შემოსავლების სამსახური აქცენტს აკეთებს მხოლოდ ფასნამატის სიდიდის განსაზღვრის საკითხზე და ყურადღებას არ აქცევს მომჩივნის მთავარ არგუმენტებს, რომლების გამოიხატება შემდეგში: გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას იმის გამო, რომ მხედველობაში არ არის მიღებული არგუმენტები არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შესახებ. კერძოდ:
1. აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში აქცენტი გაკეთებულია რეალიზებულ საქონელზე ფასნამატის კორექტირებაზე და აქტით დარიცხული თანხა დღგ-ის კუთხით შემცირებულია 26 590 ლარით, ხოლო საშემოსავლო გადასახადში - 43 579 ლარით, რაც მიუთითებს ჩატარებული შემოწმების არაობიექტურობაზე. თუმცა, არ არის განხილული მთავარი არგუმენტები არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების უსაფუძვლობის შესახებ. კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების თაობაზე აუდიტორები ფაქტობრივ გარემოებაში აფიქსირებენ, რომ: „შემოწმების მსვლელობისას გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა საბუღალტრო პროგრამა „----------“, სადაც სრულყოფილად არ იყო ასახული რეალიზაციაზე ჩამოწერილი პროდუქციის თვითღირებულება სახეობების მიხედვით“. მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტორების ამ დასკვნას იქედან გამომდინარე, რომ შემოწმების აქტში არ არის მოყვანილი ის ნორმატიული დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრის კრიტერიუმებს, აქტში არ არის მოყვანილი არც ერთი არგუმენტი, რომელიც დაადასტურებდა რამდენად სრულყოფილად/არასრულყოფილად ხორციელდება ბუღალტრული აღრიცხვა. აღსანიშნავია, რომ საწარმოში დანერგილია და გამოიყენება საცალო და საბითუმო სავაჭრო სპეციალიზირებული პროგრამა „-----------“, რომლის მეშვეობით საქონლის ცალკეული სახეობების და ჯგუფების მიხედვით ხორციელდება ოპერაციების რაოდენობრივ-თანხობრივი აღრიცხვა (მიღება, გადაადგილება, რეალიზაცია, ნაშთი). ამ პროგრამაში ელექტრონულად გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე ხდება ცალკეული სახეობების მიხედვით საქონლის თვითღირებულების გაანგარიშება და ჯამური მონაცემების გამოყვანა. პერიოდულად (თვის ბოლოს) სასაქონლომატერიალური მარაგების მოძრაობის ჯამური მონაცემები გადადის ბუღალტრულ პროგრამა „----------“-ში და აქ ხდება ოპერაციების სინთეზური (ჯამური) ასახვა, ხოლო ანალიზური (რაოდენობრივ-თანხობრივი) აღრიცხვა წარმოებს საცალო და საბითუმო სავაჭრო სპეციალიზირებული პროგრამა „----------“-ს მეშვეობით ცალკეული სასაქონლო ნომენკლატურის ჭრილში. ამიტომ, იმის მტკიცება, რომ სრულყოფილად არ ხდება რეალიზაციაზე ჩამოწერილი პროდუქციის თვითღირებულება სახეობების მიხედვით, წარმოადგენს არასანდო დასკვნას.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულების განსაზღვრისთვის გამოიყენება გადასახადის გადამხდელის პირად გვერდზე ატვირთული დოკუმენტაციის (სასაქონლო ზედნადებების) მონაცემები, რომლების დამუშავება ხდება პროგრამულად და პროგრამა ავტომატურად ახორციელებს პროდუქციის ცალკეული სახეობების მიხედვით თვითღირებულების გაანგარიშებას. მოგების გადასახადის კუთხით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს განაწილებული მოგება, ხოლო დღგ-ის კუთხით საქონლის მიწოდების სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე. შესაბამისად, რეალიზაციაზე ჩამოწერილი პროდუქციის თვითღირებულება სახეობების მიხედვით არ წარმოადგენს დაბეგვრის ობიექტს და ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს მოგების და დღგ-ის დაბეგვრის ობიექტის გაანგარიშებაზე, რასაც მოითხოვს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი. აღნიშნულ მუხლში ჩამოთვლილ არც ერთ პირობას საწარმოს საქმიანობაში არ აქვს ადგილი. შესაბამისად, ამ ეპიზოდში დამატებით დარიცხული თანხები ექვემდებარებიან ბათილად ცნობას.
2. აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში არ არის გაკეთებული აქცენტი იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ ეთანხმება აქტში დაფიქსირებულ ჩანაწერს „სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ნაშთი 01.01.2019 წლისათვის (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისი) არასწორად ფიქსირდებოდა“ და ამის საფუძველზე დამატებით დარიცხულ თანხებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ 2019 წლის მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციაში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი წლის ბოლოს შეცდომის (უზუსტობის) გამო დაფიქსირებულია არასწორად. დეკლარაციაში სმფ-ის ნაშთის სიდიდე ნაჩვენებია 459 386.07 ლარის ოდენობით, ფაქტიურად კი საბუღალტრო მონაცემების მიხედვით ეს თანხა შეადგენს 130 645,49 ლარს. ანუ სასაქონლო-მატერიალური მარაგის ნაშთი წლის ბოლოს (2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით) დეკლარაციაში ხელოვნურად გადიდებულია 328 740,58 ლარით. შემოწმების დაწყებისას, გაცნობითი ხასიათის შეხვედრის დროს, აუდიტორებს დაუფიქსირეს გარემოება, რომ სმფების აღრიცხვის პროგრამა მიღებული პროდუქციის გატარების დროს დროის ერთ მონაკვეთში აკეთებდა დუბლირებულ გატარებებს, რის გამოც სმფ-ების რაოდენობა ორმაგდებოდა. ზემოხსენებული გარემოება გადასახადის გადამხდელის მიერ მოგვიანებით იქნა აღმოჩენილი და შესაბამისად ყველა ეს გატარება იქნა კორექტირებული პროგრამისტებთან ერთად. რაც შეეხება იმ გარემოებას, თუ რატომ არ მოხდა მოგების გადასახადის დეკლარაციის დაკორექტირება, აღსანიშნავია, რომ გამომდინარე იქედან, რომ საგადასახადო კოდექსის თანახმად არ ჰქონდა მოგების გადასახადის დეკლარაციის ჩაბარების ვალდებულება, ხოლო 2018 წლის სმფ-ის ნაშთის დაფიქსირება მოხდა საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის სატელეფონო სარეკომენდაციო ზარის შედეგად და ნაშთი ატარებდა მხოლოდ და მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს. ზემოთხსენებული პრობლემის გამოსწორების შემდგომ არ დაუზუსტებია მოგების დეკლარაცია. (შემოწმება იყო კამერალური, რის გამოც არ მოხდა ინვენტარიზაციის შედეგად რეალურ და პროგრამულ ნაშთების შედარება, რაც დააზუსტებდა მომჩივნის სიმართლეს). სავარაუდოდ, ზემოთხსენებული გარემოება გახდა მიზეზი იმისა, რომ საგადასახადო ორგანომ კომპანიის მიმართ გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი. რაც შეეხება დეკლარაციაში დაფიქსირებულ ნაშთს, ინფორმაცია ეხება 2018 წელს, მაშინ როდესაც შესამოწმებელი პერიოდის დაწყება აქტში დაფიქსირებულია 1.01.2019 წლის თარიღით, რაც ნიშნავს, რომ 2018 წლის ბოლოს დაფიქსირებული ინფორმაცია ეხება არა შესამოწმებელ პერიოდს და არ ექვემდებარება 2019 წელს შემოწმებას. 2023 წლის საანგარიშო პერიოდამდე აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენდა საინფორმაციო ხასიათს და მისი შევსება არ იყო სავალდებულო, ამიტომ უამრავი გადამხდელი არ ავსებდა ამ ინფორმაციას და შესაბამისად მოგების გადასახადის სიდიდეზე ეს ინფორმაცია არავითარ ზეგავლენას არ ახდენდა. ეს სავალდებულო გახდა 2023 წლის საანგარიშო პერიოდიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებიდან.
გაცემულ სესხებთან დაკავშირებით, აუდიტორები ფაქტობრივ გარემოებაში აფიქსირებენ, რომ საბუღალტრო პროგრამის მონაცემებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ბუღალტრულად საწარმოში ნაღდი ფულის ნაშთის სახით ირიცხებოდა 154 862 ლარი. გადასახადის გადამხდელის საბუღალტრო პროგრამისა და შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემების დამუშავების შედეგად განხორციელდა სალაროს ანგარიშზე თანხების მიმოქცევის ანალიზი. საკასო შემოსავლებისა და საკასო ხარჯების გათვალისწინებით გაანგარიშებული იქნა სალაროს არაგონივრული ნაშთები შესამოწმებელი პერიოდის თვეების მიხედვით. ამის საფუძველზე მოგების გადასახადში დაერიცხა 10 858 ლარი, საშემოსავლო გადასახადში - 5 375 ლარი. მომჩივანს მიაჩნია, რომ აუდიტორების მიერ წარდგენილ მასალებში გონივრული ნაშთის გაანგარიშებისას დაშვებულია უზუსტობა. კერძოდ, წარდგენილ გაანგარიშებაში აუდიტორები საკასო შემოსავლის სიდიდეს ამცირებენ ბანკში ანგარიშსწორების ანგარიშზე უნაღდო ანგარიშგების წესით ჩარიცხული რეალიზაციის თანხებით, რამაც 2019 წელს შეადგინა 32 259 ლარი, 2020 წელს - 92 831 ლარი, 2021 წელს - 23 742 ლარი და 2022 წელს -
3 827 ლარი. ამით ხელოვნურად შემცირებულია გონივრული ნაშთის და გაზრდილია არაგონივრული ნაშთის და შესაბამისად დარიცხული გადასახადების სიდიდე. წარმოადგენს აუდიტორების მიერ გონივრული ნაშთის გაანგარიშების და მომჩივნის მიერ შედგენილ ცხრილებს, საიდანაც ჩანს ხსენებული სხვაობები. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საწარმო თავის სპეციფიკით წარმოადგენს ბაზრობის ტიპის საბითუმო და საცალო ვაჭრობის ობიექტს, რომელშიც საქონელბრუნვა წარმოადგენს არაპროგნოზირებულ სიდიდეს. საქონლის მომარაგება ხორციელდება სხვადასხვა დისტრიბუტორების (უმრავლესობა ინდ/მეწარმეები) მიერ, რომლებთან ანგარიშსწორება ხორციელდება საქონლის მიწოდებისთანავე ნაღდი ანგარიშსწორების წესით და უნაღდო ანგარიშსწორებაზე გადასვლა არ დგას დღის წესრიგში. საქონლის გადაცემა ხდება ქაოტურად და დამოკიდებულია სალაროში არსებული ნაღდი ფულის სიდიდეზე, ყველანაირი დაგეგმარების გარეშე, ამიტომ შეუძლებელია დადგინდეს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის სიდიდე. შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების დანართი №9 „მეთოდური მითითება სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მე-9 მუხლი გულისხმობს, რომ „ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, თუ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება არაგონივრული ნაშთი და სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამაჯერებლად იქნა მიჩნეული სალაროში შესაბამისი თანხის/თანხის ნაწილის განთავსება-შენახვის საჭიროება, აღნიშნული თანხა/თანხის ნაწილი ჩაითვლება გონივრულ ნაშთად, შესაბამისად, ამ თანხის/თანხის ნაწილის მიმართ დამატებით საგადასახადო ვალდებულებები არ განისაზღვრება“. მომჩივანს მიაჩნია, რომ კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკა სრულად შეესაბამება მოყვანილი მეთოდური მითითებების მე-9 მუხლის მოთხოვნებს და მის მიმართ დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები არ უნდა განისაზღვროს.
3. დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე ხელფასის/სარგებლის სახით გაცემული ანაზღაურების თაობაზე, აუდიტორები ფაქტობრივ გარემოებაში აფიქსირებენ, რომ საწარმო დადგენილი წესით არ ახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვას. ასევე, არაა აღრიცხული საწარმოში შემოსულ/გასული ფულადი სახსრები. ამ არგუმენტის აბსურდულობაზე მეტყველებს შესამოწმებლად მოთხოვნილი ბუღალტრული პროგრამა „ინფო-ბუღალტერის“ მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე აუდიტორების მიერ შედგენილია გონივრული და არაგონივრული ნაშთების გაანგარიშების ცხრილი. აგრეთვე, წარმოადგენს მომჩივნის მიერ გაანგარიშებულ სალაროს ოპერაციების ცხრილს, რომელშიც თვეების მიხედვით მოცემულია სალაროს საწყისი ნაშთი, საკასო შემოსავალი, საკასო გასავალი და სალაროს ნაშთი თვის ბოლოსთვის. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია სალაროს თითოეული ოპერაციის მიხედვით რეესტრის წარდგენა. შესამოწმებელი პერიოდების მიხედვით გამოვლინდა გარკვეული სხვაობები დეკლარირებულ და შემოწმების მიერ დადგენილ შემოსავლებს შორის. ამ მცდარი არგუმენტების საფუძველზე აუდიტორები აკეთებენ შეფასებას: „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებას დაემატოს: ა) დანართი №5 თანდართული რედაქციით, გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების ან/და ახსნაგანმარტების წარუდგენლობის შემთხვევაში, თუ არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავალი არსებითად აღემატება საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით ან/და სხვა მტკიცებულებებით დაფიქსირებულ შემოსავალს, სხვაობის თანხა ჩაითვლება საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემულ ხელფასად. და ამის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში დამატებით არიცხავენ 114 876 ლარს. აუდიტორების მიერ წარდგენილ ფასნამატის გაანგარიშების მასალაში მომჩივნის მიერ გამოვლინდა უზუსტობები. კერძოდ: აუდიტორების დასკვნა იმის შესახებ, რომ წარდგენილი სასაწყობე პროგრამის მონაცემების მიხედვით სრულყოფილად ვერ დგინდებოდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებები და ამის საფუძველზე გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, მცდარია, რადგან სასაწყობე პროგრამა „-----------“ შეიცავს სახელობით მონაცემებს თითოეულ დასახელებაზე შეძენის მომენტიდან მისი განფასებისა და რეალიზაციის შესახებ თარიღების მიხედვით. ამასთან, არ ეთანხმება საკონტროლო შესყიდვის შედეგად დაანგარიშებულ ფასნამატს პროდუქციის კატეგორიების მიხედვით, რადგან ობიექტზე არსებობს განფასების რამოდენიმე ტიპი. კერძოდ: საბითუმო, საცალო და კლიენტზე ორიენტირებული ფასნამატები, ხოლო აუდიტორებს ყველა სახის საქონელზე, მიუხედავად მიწოდების ხასიათისა გამოყენებული აქვთ ერთიანი ფასნამატი. შესყიდვისას, იქიდან გამომდინარე, რომ მოხდა სხვადასხვა დასახელების საქონლის შეძენა თითო ერთეულით მიყენებული იყო საცალო ფასი, რომლის ფასნამატიც შემდგომში გავრცელებულ იქნა მთელს ასორტიმენტზე. თვით აუდიტორები აქტში ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ საკონტროლო შესყიდვის დროს სამართალდარღვევა არ გამოვლენილა, რაც ადასტურებს, რომ აუდიტორების მიერ უსაფუძვლოდ გამოყენებულია შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის № 22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისი ნორმა და დარიცხული თანხა ექვემდებარება ბათილად ცნობას.
მომჩივანი ითხოვს, საფუძვლის არ არსებობის გამო, ბათილად იქნეს ცნობილი საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის (არაპირდაპირი მეთოდი) გამოყენებით დარიცხული თანხები (დღგ, მოგების და საშემოსავლო გადასახადი); მოგების გადასახადის დეკლარაციაში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შეცდომით ასახვის გამო გაუქმდეს დარიცხული თანხა; საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს დაკისრებული სანქციები; შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების დანართი №9 „მეთოდური მითითება სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მე-9 მუხლის საფუძველზე საწარმოს ეკონომიკური სპეციფიკიდან გამომდინარე არაგონივრული ნაშთი ჩაითვალოს გონივრულ ნაშთად და გაუქმდეს მოგების და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა; ნორმის გამოყენების უსაფუძვლობის გამო გაუქმდეს „არაპორდაპირი მეთოდით“ შემოსავლის განსაზღვრა და სხვაობის თანხის ხელფასად აღიარება და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31324 ბრძანებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით:
გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
ამასთან, წინა პუნქტის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, განახორციელოს შესამოწმებელი პერიოდის საანგარიშო თვეების მიხედვით არაგონივრული ნაშთის უპროცენტო სესხად და დეკლარირებულ და შემოწმებით გამოვლენილ მონაცემებს შორის სხვაობის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, გადასახადის გადამხდელმა ცხრილების სახით შემმოწმებელს წარუდგინა ინფორმაცია, რომლის საფუძველზე განხორციელდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის სახეობების მიხედვით მაქსიმალურად დაჯგუფება და თითოეული ჯგუფის ფასნამატის დადგენა. გადაანგარიშების შედეგად, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, საცალო რეალიზაციაზე ჩამოწერილ საქონელზე გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტაციაში დაფიქსირებული ფასნამატი კატეგორიების მიხედვით, რაც თავის მხრივ გაანგარიშდა მიღებული და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების შეპირისპირებით. გადაანგარიშების შედეგად, შემოწმების მიერ დაკორექტირდა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა. წარდგენილი მასალები დამუშავდა გადასახადის გადამხდელთან ერთად.
ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის კორექტირებას გავლენა არ მოუხდენია შესამოწმებელი პერიოდის საანგარიშო თვეების მიხედვით არაგონივრული ნაშთის უპროცენტო სესხად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე.
გადაანგარიშების შედეგად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 103 350 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 70 168 ლარი და ჯარიმა - 33 182 ლარი.
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით, თუმცა აღნიშნულ საკითხში შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31324 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ამასთან, მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს დაკისრებული სანქციები. თუმცა, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31324 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31324 ბრძანების აღსრულების შედეგები
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, გადასახადის გადამხდელმა ცხრილების სახით შემმოწმებელს წარუდგინა ინფორმაცია, რომლის საფუძველზე განხორციელდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის სახეობების მიხედვით მაქსიმალურად დაჯგუფება და თითოეული ჯგუფის ფასნამატის დადგენა. დაანგარიშების შედეგად, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის კორექტირებას გავლენა არ მოუხდენია შესამოწმებელი პერიოდის საანგარიშო თვეების მიხედვით არაგონივრული ნაშთის უპროცენტო სესხად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(5);