გადაწყვეტილება №21230/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 21.11.2023
№ დოკუმენტი 21230/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21230/2/2023

21 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 3.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21230/2/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ფასნამატი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ივლისის №001-148 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 ოქტომბრის №25920 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 72 372,82 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 44 850

დღგ - 26 678

საშემოსავლო გადასახადი - 18 172

ჯარიმა - 20 339 საურავი - 7 183,82

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ავეჯის ქსოვილების (კრეკი, ალკანტარა, ბარხატი და სხვა), ავეჯის სხვადასხვა მასალების (ხელოვნური ტყავი, სინთეტიკური ბამბა, პარალონის ღრუბელი და სხვა) და მექანიზმების ადგილობრივი შესყიდვა-რეალიზაცია.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 2020 წლის 25 ივნისიდან 2023 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: საწარმოს უფიქსირდება ერთი საკონტროლო-სალარო აპარატი (მის.: ---).

ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის საწარმოს აღებული აქვს ფართი შპს ,,---გან“ (ს/ნ ---). მომჩივანი ბუღალტრულ აღრიცხვას ახორციელებს პროგრამა „ინფოში“, რომლის შესწავლით დადგინდა, რომ საწარმოს დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვები შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს 4 136 631 ლარს, ხოლო დოკუმენტური შესყიდვები - 4 155 476 ლარს. ბუღალტრული პროგრამის მიხედვით სმფების ნაშთები პერიოდების მიხედვით შეადგენს: 2020 წლის ბოლოს - 341 533 ლარს, 2021 წლის ბოლოს - 434 101 ლარს, 2022 წლის ბოლოს - 472 161 ლარს, ხოლო 2023 წლის 1 მარტის მდგომარეობით 496 991 ლარს. 2020 წელს საშუალო ფასნამატმა შეადგინა 13.67%, 2021 წელს - 13,75%, 2022 წელს - 13,13%. 01.01.2023- 01.03.2023 საანგარიშო პერიოდებში ჯამში საშუალო ფასნამატია 10,91%. ბუღალტრულ პროგრამაში არ ხდება საქონლის რაოდენობრივი აღრიცხვა სრულად. კერძოდ, არადოკუმენტური რეალიზაციის აღრიცხვა ხდება საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით ან/და ბანკში დაფიქსირებული თანხებიდან გამომდინარე.

საწარმო არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ხორციელდება საქონლის ჩამოწერა კანონმდებლობის შესაბამისად, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. რეალიზაციის დოკუმენტების დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ დოკუმენტური რეალიზაცია მთლიანი რეალიზაციის დაახლოებით 36%-ს შეადგენს, ხოლო დოკუმენტურმა ფასნამატმა წლების მიხედვით შეადგინა 2020 წელს - 10,36%, 2021 წელს - 10.32%, 2022 წელს - 11.63%, 01.01.2023- 01.03.2023 პერიოდზე - 11.36%. 2023 წელს საწარმოს კუთვნილ ობიექტში ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა და ფასების ფიქსაცია, რის შედეგადაც გამოვლინდა სამართალდარღვევა (არ იქნა ამობეჭდილი ჩეკი), პირს მიეცა გაფრთხილება საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.

საგადასახადო კოდექსის 136-ე და 73-ე მუხლების საფუძველზე, საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ: შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაყოფილ იქნა ჯგუფებად (7 ჯგუფი, 93 დასახელების საქონელი) და შესაბამისი ჯგუფების მიხედვით არადოკუმენტურ რეალიზაციაზე გავრცელდა საკონტროლო შესყიდვის/ფიქსაციის შედეგად შესყიდულ თითოეულ საქონელზე დადგენილი ფასნამატები (ავეჯის სასარჩულე ქსოვილი - 53%, პარალონის ღრუბელი - 41%, სინთეტიკური ბამბა მეტრებში - 32%, სინთეტიკური ბამბა კგ-ებში - 32%), ხოლო რომელ საქონელზეც ფასნამატები ვერ დადგინდა საკონტროლო შესყიდვით/ფიქსაციით, მათზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი.

საკონტროლო შესყიდვის/ფიქსაციის ფასნამატები დადგენილი იქნა შემდეგნაირად: უახლოესი შესყიდვა დაკავშირებული იქნა საკონტროლო შესყიდვით/ფიქსაციით დადგენილ სარეალიზაციო ფასებთან. ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებულ საწყის და საბოლოო მარაგებში საქონლის თითოეული ჯგუფის წილი განისაზღვრა შესაბამის საანგარიშო პერიოდში მისი შეძენის წილის პროპორციულად მთლიანი პერიოდის შეძენაში. აღნიშნული პრინციპით განსაზღვრულ და დეკლარირებულ დღგ-ის ბრუნვებს შორის სხვაობამ 2020-2023 წლებში შეადგინა 148 238 ლარი. ამასთან, 218 651 ლარი (148 238X1,18/0.8) შემცირდა საწარმოში ბუღალტრულ პროგრამაში არსებული კაპიტალის ოდენობით (როგორც კაპიტალის შემცირება) და დარჩენილი თანხა ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე, 159-ე, 160-ე და 2021 წლამდე მოქმედი 161-ე მუხლების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების შედეგებზე გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 10 ივლისის №16655 ბრძანება და ამავე თარიღის №001-148 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 ოქტომბრის №25920 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს .

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანს შემოსავლების სამსახურის 19.10.2023 წლის №25920 ბრძანება მიაჩნია უკანონოდ, აღნიშნავს, რომ შემოწმებისას დარღვეულია საგადასახადო კოდექსის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად განსაზღვრული ნორმები. საკანონმდებლო ნორმების დარღვევის გამო, თავიდანვე არაკანონიერი იყო შემოწმების შესახებ ბრძანებებიც და შესაბამისად არაკანონიერია მათ საფუძვეზე შედგენილი 29.07.2023 წლის შემოწმების აქტი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს თანხების დარიცხვის შესახებ 10.07.2023 წლის №16655 ბრძანების და №001-148 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველს.

აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების შედეგად განხორციელებულ დარიცხვებს არ ეთანხმება სამართლებრივი, პროცესუალური დარღვევების გამოც და შინაარსობრივი საკითხებიდან გამომდინარეც. მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილზე და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის ბრძანება 6498 არაკანონიერია, ვინაიდან კამერალური საგადასახადო შემოწმება კანონმდებლობის თანახმად შესაძლებელია ჩატარდეს მხოლოდ კონკრეტულ ერთ საკითხზე, რომელიც განსაზღვრული უნდა ყოფილიყო ბრძანებით.

მოცემულ შემთხვევაში კონკრეტული საკითხი მითითებული არ არის. ხოლო 29.07.2023 წლის შემოწმების აქტში, რომელიც შედგენილია 30.03.2023 წლის 6498 ბრძანების საფუძველზე, შესამოწმებლად განსაზღვრულია არა ერთი რაიმე კონკრეტული საკითხი, არამედ კანონის მოთხოვნის დარღვევითა და საწინააღმდეგოდ რამოდენიმე გადასახადი და სხვადასხვა საკითხები. შემოწმების აქტის მე-6 გვერდზე მოცემულია, რომ შემოწმდა:

- დამატებული ღირებულების გადასახადი;

- გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი;

- ქონების გადასახადი;

- მოგების გადასახადი.

სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ კანონის თანახმად, კანონის დარღვევით განხორციელებული შემოწმების შედეგად მიღებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვს. შემოწმების შესახებ ბრძანებებით შემმოწმებელ პირებად საგადასახადო ორგანოს დამტკიცებული ყავს 3 (სამი) პირი. კერძოდ აუდიტორები: ----. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად აქტს ხელს უნდა აწერდნენ ის პირები, რომლებთაც დაევალათ მისი შედგენა, ხოლო მოცემულ შემთხვევაში აქტში შემმოწმებელ პირებად აღნიშნული არიან და ხელს აწერენ მხოლოდ ---.--- არც აქტს და არც ბრძანების დანართს დარიცხული თანხების შესახებ ხელს არ აწერს და ამავდროულად შემოწმების ბრძანების ცვლილებებით ის შემმოწმებლებიდან ’’ამოღებული’’ არ არის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უნდა ჩაითვალოს, რომ --- არ ეთანხმება 29.06.2023 წელს შედგენილ აქტს, რადგანაც არ ადასტურებს მას ხელმოწერით.

საგადასახადო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შემოწმების აქტის უმრავლესობით მიღებას ან ხელმოწერაზე უარს რაიმე მიზეზით ან/და შენიშვნას. ამდენად, 29.06.2023 წლის შემოწმების აქტი, რომელიც წარმოადგენს 10.07.2023 წლის 16655 ბრძანებისა და 001-148 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველს არასრულყოფილი და შესაბამისად არაკანონიერია.

3) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება არაკანონიერია, ვინაიდან არ არსებობდა მისი გამოყენების სამართლებრივი საფუძველი. შემოწმების აქტში მითითებულია სიცრუე, რომ თითქოსდა დარღვეულია სსკ-ის 136-ე მუხლის მოთხოვნები, აღნიშნული გადამხდელის მხრიდან შესრულებულია, ვინაიდან დოკუმენტურად ფიქსირდება საქონლის შეძენა, მათი გადატანა-შენახვა, რეალიზაცია კი ყველა შემთხვევაში ფიქსირდება გადახდის დოკუმენტით, ხოლო მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადებითაც.

გადამხდელს არ აქვს არც აღურიცხველი და არც დოკუმენტის გარეშე შეძენილი საქონელი და ყველა შემთხვევაში ფიქსირდება რეალიზაცია. თუ როგორ, რა ფორმით უნდა ახორციელებდეს გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას ამას არ არეგულირებს და არც შეიძლება განსაზღვრავდეს საგადასახადო კოდექსი, რადგანაც ეს არაა ამ კანონის რეგულირების სფერო.

საბუღალტრო აღრიცხვა ხორციელდება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და აღრიცხვა მიმდინარეობს ბუღალტრულ პროგრამა ’’ინფო ბუღალტერიაში’’. პროგრამული აღრიცხვით სასაქონლო ნაშთების ჩამოწერა ხორციელდება ACC3-ის მიხედვით მარაგების აღრიცხვის პერიოდული მეთოდით, რომლის დროსაც ყოველთვიურად ხორციელდება ინვენტარიზაცია და სმფ-ის ჩამოწერა. მიუხედავად აღნიშნულისა, საწარმო კიდევ დამატებით, ყოველდღიურად აღრიცხავს რეალიზებულ საქონელს დასახელებებისა და რაოდენობის მიხედვით, რასაც ხელით ატარებს (აღრიცხავს) შექმნილ ჟურნალში. ზედმიწევნით ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას, რომლის მიხედვითაც შესაბამისი კომპეტენციისა და სურვილის შემთხვევაში თავისუფლად დგინდება და დადგენილია კიდეც დაბეგვრის ობიექტი.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლში მკაცრად არის განსაზღვრული თუ რა შემთხვევაში შეიძლება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება, ხოლო მოცემულ შემთხვევაში ასეთი პირობები არ არსებობს. ამდენად, მხოლოდ შემმოწმებლის სურვილის გამო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება წარმოადგენს კანონდარღვევას და არ არსებობს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი.

4) გადასახადის თანხების დარიცხვებს მისი არაკანონიერებისა და არასწორობის გამო არ ეთანხმება არც დღგ-სა და არც საშემოსავლო გადასახადში.

ორივე გადასახადში შემოწმების შედეგად დამატებით ბიუჯეტში გადასახდელი თანხების დარიცხვა გამოწვეულია არაკანონიერად ე.წ. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, რა დროსაც ხელოვნურად გაზრდილია ფასნამატი და შედეგად ხელოვნურად გაზრდილია შემოსავლები. თავისთავად არაპირდაპირი მეთოდი არ უნდა იწვევდეს ზედმეტად გადასახადების დარიცხვას მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში.

მოცემულ შემთხვევაში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება კანონიერიც, რომ იყოს არასწორად და არაკანონიერადაა გაანგარიშებული ფასნამატი, არასწორადაა ის მიყენებული ე.წ. „საქონლის ჯგუფებზე“, არასწორადაა გაანგარიშებული არითმეტიკულადაც, შეფარდებისას რეალიზებული საქონლის ღირებულება აღებულია დღგ-ის ჩათვლით, ხოლო თვითღირებულება დღგ-ის გარეშე, საქონლის სარეალიზაციო ფასი შედარებულია არასათანადო თვითღირებულებაზე.

ფასნამატის ოდენობა გაანგარიშებულია არასწორად შემდეგ გარემოებათა გამო: ა) არაა მხედველობაში მიღებული ფასნამატი საქონლის დოკუმენტური რეალიზაციისას. დოკუმენტური რეალიზაციისას ფასნამატი არ განსხვავდება არადოკუმენტური რეალიზაციისაგან და დამატებით სხვა გამოგონილი გათვლებით ფასნამატის ხელოვნურად გაზრდა არაკანონიერია.

ბ) შემოწმების მიერ ფასნამატის გაანგარიშებაში საქონლის სარეალიზაციო ფასი აღებულია საქონლის ერთეულის გაყიდვის შემთხვევიდან, ანუ 1 ცალის ან 1 მეტრის რეალიზაციის შემთხვევაში, ხოლო რეალიზაციის 95%-ზე მეტი ხორციელდება საბითუმოდ, საქონლის გაუხსნელად, მთლიანი რულონის, შეკვრის, კოლოფის და ასე შემდეგ, რომლის დროსაც ერთეულის სარეალიზაციო ფასი გაცილებით ნაკლებია. აღნიშნული შემოწმებას მხედველობაში არ აქვს მიღებული.

გ) ფასნამატის გაანგარიშებისას სარეალიზაციო ფასი შედარებულია ბოლო შესყიდვის ფასზე, რაც ასევე არასწორია და ზრდის ფასნამატის ოდენობას.

დ) ზოგიერთ შემთხვევაში სარეალიზაციო ფასში შედის დღგ, ხოლო თვითღირებულებაში არა, რითაც ასევე არასწორად გაზრდილია ფასნამატი.

ე) შემოწმებით გაანგარიშებისას განხორციელებული საქონლის დაჯგუფება არარელევანტურია, რაც ასევე არასწორ გავლენას ახდენს ფასნამატის ოდენობაზე.

ვ) არითმეტიკული შეცდომების ან/და არასწორი მონაცემების შედეგად შემოწმებით დოკუმენტებით რეალიზებულ საქონელზე წლების მიხედვით გაანგარიშებული ფასნამატი მრავალ საქონელზე არასწორია და ზედმეტადაა გაანგარიშებული.

ასე მაგალითად შემდეგი დასახელების საქონელზე:

- 2020 წელს „გობელენზე“, „კრეკზე“, „შანელზე“, „სინთეთიკურ ბამბაზე“.

- 2021 წელს „ავეჯის სასარჩულე ქსოვილი“, „ფხრიწი“, „პარალონის ღრუბელი“, „შანელი“.

- 2022 წელს „ავეჯის ჰაერის პისტოლეტი“, „ხელოვნური ტყავი“, „კრეკი“, „ლიკრა“, „სილიკონის ფირი“, „ვიწრო ქსოვილი“, „სინთეთიკური ბამბა სამეტრო“, „ელვა შესაკრავების თავი“.

- 2023 წელს „ავეჯის სასარჩულე“, „ფხრიწი“, „პარალონის ღრუბელი“, „ქსოვილის ლენტა“, „კრეკი“, „შანელი“, „წებო“, „სილიკონის ფირი“, „სტეპლერის ტყვია“, „სინთეთიკური ბამბა სამეტრო“, „ელვა შესაკრავების თავი“. ფასნამატის არასწორად გაანგარიშების შედეგად ხელოვნურადაა გაზრდილი საქონლის მიწოდებიდან მიღებული შემოსავალი, რაც სრულიად არაკანონიერია.

5) იმის გარდა, რომ შემოწმებით ფასნამატი გაანგარიშებულია არასწორად და გაზრდილია ის ხელოვნურად, გაანგარიშებაში მონაწილეობს თვითონ ამ ფასნამატისა და ე.წ. დოკუმენტური ფასნამატის ჯამი, რაც შედარებულია დეკლარირებულზე, ხოლო სხვაობა დარიცხულია შემოწმების აქტით.

აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ფასნამატი გამოყენებულია დოკუმენტურად მიწოდებულ საქონელზეც, რაც ასევე არაკანონიერია.

6) ზემოაღნიშნული - არაკანონიერად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისას, არაკანონიერად ფასნამატის გაანგარიშებისა და მისი გამოყენებით ხელოვნურად გაზრდილი შემოსავლები შემოწმებით ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

აღნიშნული მიაჩნია არასწორად, რადგანაც არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებაც და ფასნამატის გაანგარიშებაც სწორი რომც იყოს, აღნიშნული გამოყენებულია დღგ-ის გაანგარიშებისათვის და რეალურად ფიზიკურ პირს შემოსავალი არ მიუღია. ამდენად, საშემოსავლო გადასახადით იმ თანხების დაბეგვრა, რაც გაანგარიშდა ე.წ. ფასნამატის გაანგარიშებით მიაჩნია არაკანონიერად, ვინაიდან ფ/პირის მიერ შემოსავლის მიღება არ დასტურდება არანაირი მტკიცებულებით.

ამას გარდა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, შემოწმებით გაანგარიშებული საშემოსავლო გადასახადი არაკანონიერია იმის გამოც, რომ არაკანონიერია თავად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებაც და გაანგარიშებული ფასნამატიც. ამ ყოველივეს გარდა შემოწმებით არითმეტიკული შეცდომა დაშვებულია საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას, რადგანაც აქტში აღნიშნულია, რომ ხელოვნურად გაზრდილ თანხებს თითქოსდა დააკლდა კომპანიაში შემოტანილი თანხა 127.190 ლარი, მაგრამ გაანგარიშებით 127.190 ლარი დააკლდა არა გაზრდილ შემოსავალს, არამედ გაზრდილ შემოსავლებზე დამატებულ დღგ-ს და დამატებულ საშემოსავლო გადასახადსაც (’’აგროსილ’’ თანხას და არა „ნეტს’’). ანუ იმის გარდა, რომ თავად საკითხიც არასწორია გაანგარიშებაც განხორციელებულია არასწორად და დასარიცხი თანხები ამ მხრივაც გაანგარიშებულია ხელოვნურად ზედმეტი ოდენობით.

მოცემული ფაქტობრივი გარემოებებიდან, როდესაც შემოწმების აქტში არ არსებობს არც სამართლებრივად და არც არითმეტიკულად ერთი სწორი საკითხიც კი, შემოსავლების სამსახურმა არც ერთ საკითხზე არ იმსჯელა და ისე მიიღო არაკანონიერი გადაწყვეტილება. ყოველივე ზემოთ მოცემული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არ ეთანხმება გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად: 1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურმა საჩივარმა განიხილა მისი მონაწილეობის გარეშე და არც ერთი სადავო საკითხი რეალურად არ შეუსწავლია. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოება, რომ მის არგუმენტებზე არაა პასუხი გაცემული და პრინციპული საკითხების უსწორობისა და შეუსაბამო ინტერპრეტაციების გარდა, არც ისაა განმარტებული არითმეტიკული შეცდომებიც რატომ არ უნდა შესწორდეს. სამწუხაროდ შემოსავლების სამსახურმა საჩივარი ფორმალურად ჩათვალა განხილულად, საკითხები ზერელედაც არ განუხილავს და ისე მიიღო საჩივრის არ დაკმაყოფილების გადაწყვეტილება.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების 2023 წლის 19 ოქტომბრის №25920 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

დავის საგანი

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგებზე გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 10 ივლისის №16655 ბრძანება და ამავე თარიღის №001-148 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 ოქტომბრის №25920 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 101; 154.