გადაწყვეტილება №25699/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25699/2/2025
02 ოქტომბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 22.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25699/2/2025).
დავის საგანი:
1. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე მიღებული გადაწყვეტილება;
2. შემოსავლების სამსახურის 20.02.2025 წლის №3039 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2024 წლის №006-574 საგადასახადო მოთხოვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 11.06.2025 წლის №006-161 საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 29.07.2025 წლის №16845 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
27.12.2024 წლის №006-574 საგადასახადო მოთხოვნა - 273 646,23 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 132 838
ჯარიმა - 66 419
საურავი - 74 389.23
1.06.2025 წლის №006-161 საგადასახადო მოთხოვნა - 274 406,83 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 132 838
ჯარიმა - 66 419
საურავი - 75 149,83
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა სარემონტო სამუშაოების შესრულება, გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 30.04.2019 წელს, მცირე ბიზნესის სტატუსი მინიჭებული აქვს 1.05.2019 წელს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 3.06.2019 წელს, არის არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე.
აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.03.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
მომჩივანის ძირითად საქმიანობაა სარემონტო სამუშაოების შესრულება, დამკვეთია შპს „-------“ (ს/ნ -------), მეწარმე ამავე დროს არის კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. დადგინდა, რომ მეწარმის მიერ შპს ------- გაწეულია ჯამში 592 036 ლარის მომსახურება დღგ-ის გარეშე. გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, მიღებული თანხებიდან შეძენილია მასალები, ბიუჯეტში გადახდილია თანხები და დანარჩენი თანხა გაცემული იყო მუშახელზე და უნდა დაბეგრილიყო საშემოსავლო გადასახადით 20 პროცენტიანი განაკვეთით. შემმოწმებელთა მიერ მიღებული თანხები ხარჯების გათვალისწინებით დაბეგრილ იქნა გადასახადის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით, პირს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადამხდელს 2021 წლის აგვისტოს თვეში და 2022 წლის მაისი თვეში არ ჰქონდა დეკლარირებული მცირე მეწარმის საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი, შემოწმების მიერ განსაზღვრული იქნა მცირე ბიზნესის დაბეგვრას დაქვემდებარებული შემოსავალი, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2024 წლის №006-574 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.02.2025 წლის №3039 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები, მ.შ. მიღება-ჩაბარების აქტები, დამკვეთისგან შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია და სხვა. (ასევე, მე-3 მხარისაგან წარმოსადგენი მტკიცებულებების შესახებ ინფორმაცია შეთანხმდეს შემმოწმებელთან);
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა/გამოეკვლია წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 20.02.2025 წლის №3039 ბრძანების აღსრულების მიზნით 6.06.2025 წელს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე. დასკვნის თანახმად აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელისთვის მოთხოვნა, მათ შორის, მიღება ჩაბარების აქტები, მე-3 პირებისგან ახსნა-განმარტება, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა: მიღებული მომსახურების დეტალური აღწერა, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე საწარმოს მხრიდან ჩართული დამხმარე მუშებისთვის მინიჭებული ფუნქციების და გაწეული მომსახურების კონკრეტიკა/აღწერა, ახსნა-განმარტება იმის შესახებ, ხორციელდება თუ არა ობიექტზე პირის შესვლა-გამოსვლის აღწერა და არსებობის შემთხვევაში მცირე მეწარმეების/დამხმარე პირების ობიექტზე შესვლის ამსახველი მონაცემები. გადაანგარიშების ეტაპზე, მეწარმის მიერ წარდგენილ იქნა მხოლოდ სამი პირისგან ახსნა-განმარტება, რომლისთვისაც გაწეული მომსახურების წილი უმნიშვნელოა მეწარმის მიერ გაწეულ მთლიან მომსახურებაში. ხოლო ობიექტზე შესვლა-გამოსვლასთან დაკავშირებით გადამხდელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ობიექტების წარმომადგენლები უარს ეუბნებიან მის გადმოცემაზე. შემოწმებისთვის წარმოდგენილი არასრულყოფილი ინფორმაციიდან გამომდინარე, აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
აუდიტის დეპარტამენტის 6.06.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 11.06.2025 წლის №006-161 საგადასახადო მოთხოვნა.
მომჩივანმა 15.07.2025 წელს შემოსავლების სამსახურში წარადგინა საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2024 წლის №006-574 და 1.06.2025 წლის №006-161 საგადასახადო მოთხოვნების თაობაზე. შემოსავლების სამსახურის 29.07.2025 წლის №16845 ბრძანებით, საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2024 წლის №006-574 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 29.07.2025 წლის №16845 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2024 წლის №006-574 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, ი/მ ------- (ს/ნ -------) მიერ 24.01.2025 წელს წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 20.02.2025 წლის №3039 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2024 წლის №006-574 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304- ე მუხლის 21 ნაწილზე.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც გადაანგარიშების ეტაპზე მეწარმის მიერ წარდგენილ იქნა მხოლოდ სამი პირის ახსნა-განმარტება, რომელთა გაწეული მომსახურების წილი უმნიშვნელოა მეწარმის მიერ გაწეულ მთლიან მომსახურებასთან მიმართებით. შემოწმების მიერ მოთხოვნილ იქნა საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, მიღება-ჩაბარების აქტები, მესამე პირებისგან ახსნა-განმარტება, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა მიღებული მომსახურების დეტალური აღწერა, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე საწარმოს მხრიდან ჩართული დამხმარე მუშებისთვის მინიჭებული ფუნქციების და გაწეული მომსახურების კონკრეტიკა/აღწერა, ახსნა-განმარტება იმის შესახებ, ხორციელდება თუ არა ობიექტზე პირის შესვლა-გამოსვლის აღწერა და არსებობის შემთხვევაში მცირე მეწარმეების/დამხმარე პირების ობიექტზე შესვლის ამსახველი მონაცემები. დასკვნით ირკვევა, რომ მეწარმის მიერ ობიექტზე შესვლაგამოსვლასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ იქნა წარდგენილი. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, ობიექტების წარმომადგენლები უარს ეუბნებოდნენ აღნიშნულის გადაცემაზე. შემოწმებისთვის წარდგენილი არასრულყოფილი ინფორმაციიდან გამომდინარე, აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა მხოლოდ სამი პირის ახსნა-განმარტება, რომელთა გაწეული მომსახურების წილი უმნიშვნელოა მეწარმის მიერ გაწეულ მთლიან მომსახურებაში, ხოლო ობიექტზე შესვლა-გამოსვლასთან დაკავშირებით არ წარადგინა ინფორმაცია, ამასთან, წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელივე ადასტურებს, რომ შემოწმებას ვერ წარუდგინა მთელი რიგი დოკუმენტაცია, რომელთა წარდგენაც შემოსავლების სამსახურის 20.02.2025 წლის №3042 ბრძანებით ევალებოდა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშება განხორციელდა მართლზომიერად.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ იყო დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად თხოვა აუდიტორებს შეხვედრის ორგანიზება, სადაც დეტალურად მოხდა სამეურნეო ოპერაციების გავლა, შეთანხმდა რა ტიპის დოკუმენტები უნდა მიეწოდებინა მათთვის მესამე პირებისგან, ასევე რა ნაწილის წარდგენა იქნებოდა რთული, რადგან იგი იყო დამკვეთის (მესამე ან მეოთხე პირების) შიდა ინფორმაცია და არ იქნებოდა მარტივი აღნიშნულის გაზიარებაზე დათანხმება (საკითხი ეხებოდა მშენებლობაზე შესული პირების სრული რეესტრის წარდგენას). შეხვედრაზე აუდიტორების მხრიდან იყო საქმიანად საკითხების განხილვა და ძალიან დადებითად დასრულდა შეხვედრა. მოთხოვნილი დოკუმენტაცია სრულად მიეწოდათ რამდენიმე დღეში (გარდა ზემოთ აღნიშნული ინფორმაციისა მესამე და მეოთხე პირებისგან):
1. მცირე მეწარმესა და შპს -------/შპს ------- შორის გაფორმებული ხელშეკრულებები;
2. დამკვეთებსა და შპს -------/შპს ------- შორის გაფორმებული ხელშეკრულებები;
3. შესაბამისი მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტები; 4. შპს -------/შპს ------- დამკვეთებისგან ახსნა-განმარტება, სადაც წარმოდგენილი იქნება: მიღებული მომსახურების დეტალური აღწერა, მცირე მეწარმეებზე საწარმოს მხრიდან ჩართული დამხმარე მუშებისთვის მინიჭებული ფუნქციების და გაწეული მომსახურების კონკრეტიკა/აღწერა;
მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ დამოკიდებულება გართულდა, განხორციელდა მესამე პირების დირექტორების გამოკითხვაზე დაბარება, რასთან დაკავშირებითაც საბჭოზე იყო საუბარი რომ სენსიტიური მომენტია და გადასახადის გადამხდელისგან უნდა მომხდარიყო ინფორმაციის გამოთხოვა. მესამე პირებთან ამ კომუნიკაციის შემდეგ, აუდიტორმა მოითხოვა დამკვეთის (და არა უშუალოდ მომჩივნის) ყველა დებიტორისგან ახსნა-განმარტებები, რაც უტოპიური მოთხოვნა იყო, რადგან:
1. აუდიტი ისეთი პირებისგან ითხოვდა ინფორმაციას, ვისთანაც საერთოდ შეხება არ ჰქონია;
2. რიგ პირებთან ურთიერთობები აღარ არსებობს და შეუძლებელია ეთანამშრომლონ;
3. დამკვეთის ყველა დებიტორისგან ახსნა-განმარტების მოთხოვნა მოხდა აუდიტორების მიერ უკვე წარდგენილი ახსნა-განმარტების გამცემ პირებთან კომუნიკაციის შემდეგ და არა მაშინ, როდესაც ერთად გეგმავდა მისაწოდებელ დოკუმენტაციას;
4. ამ მოთხოვნის სირთულეზე აცნობა მეილით აუდიტორებს და აუხსნა დეტალურად რატომ იყო რთულად შესაძლებელი, თუმცა დაიწყო მუშაობა და ამ პროცესში, როდესაც არგუმენტების გასაცნობად თხოვა შეხვედრა, აუდიტორებმა გამოსცეს ახალი აქტი, საიდანაც ირკვევა, რომ საერთოდ არ შეუფასებიათ წარდგენილი დამატებითი დოკუმენტაცია.
აუდიტორის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია, რაც შეეხება მეწარმის სააღრიცხვო დოკუმენტაციას, სრულად იყო წარდგენილი, ხოლო მესამე და მეოთხე პირებისგან (ასევე უცხო პირებისგან წარსადგენი დოკუმენტაცია) დოკუმენტაცია წარდგენილ იქნა სრულად იმისათვის, რომ შეფასებულიყო ოპერაციის შინაარსი. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ეფუძნება მცდარ დაშვებას, თითქოს აუდიტორისგან მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარმოადგენდა გადასახადის გადამხდელის ვალდებულებას მისი საგადასახადო ანგარიშგების განსახორციელებლად.
ფიზიკური პირი ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულია 30.04.2019 წელს და აღებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი, ამ პერიოდიდან ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, რასაც აღრიცხავს და ადეკლარირებს სრულად. გამოცდილებიდან გამომდინარე, რეალიზაციის ოპერაციები აღრიცხულია სრულად, ყველა რეალიზაციაზე არსებობს ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი და შესრულებისას გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის დოკუმენტები. ძირითადი ხარჯის ოპერაციები ასევე სრულად აღრიცხულია დოკუმენტალურად: გადასახადის გადამხდელს ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული აქვს 2 ძვირადღირებული ძირითადი საშუალება, რომლითაც ხორციელდებოდა მომსახურების გაწევა. მომსახურების გასაწევად ძირითადი სახარჯავი მასალები შესყიდული აქვს ელექტრონული ზედნადებების მიხედვით. ასევე, რაც მთავარ ღირებულებას ქმნიდა, მეწარმეს გააჩნია სპეციფიური პროფესიული ცოდნა და შესაბამისი გამოცდილება, ამ ძირითადი საშუალებების/დანადგარების გამოყენებით განახორციელოს მომსახურება მაღალი ხარისხით. იმ პერიოდში როდესაც დამწყებ, ახალ და ინოვაციურ მიდგომად ითვლებოდა კედლების ლესვის სამუშაოები აპარატურის მეთოდით, აქვს კეთილსინდისიერად აღრიცხული და ასახული შესაბამისი შემოსავლები და ბრუნვები, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს პატიოსან მიდგომას და განზრახვას სრულად და დროულად მოახდინოს შესაბამისი თანხების საგადასახადო ორგანოში წარდგენილ დეკლარაციებში ასახვა. ასევე დეკლარირებულია და გადახდილია კუთვნილი საშემოსავლო გადასახადები შესამოწმებელ პერიოდში.
ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად გადაწყვიტა ფუნქციონირება განეხორციელებინა ინდივიდუალური მეწარმის იურიდიული ფორმით, ასევე ისარგებლა საგადასახადო კოდექსის მიერ დადგენილი შეღავათით - მცირე ბიზნესის სტატუსით, აღნიშნული საშეღავათო ფორმა საშუალებას აძლევდა ბაზარზე დადგენილ ფასებთან თანხვედრაში და კონკურენტულ გარემოში განეხორციელებინა საქმიანობა, შესაბამისად მცირე ბიზნესის სტატუსის გარეშე მოუწევდა საბაზრო ფასებთან შეუსაბამო ფასები შეეთავაზებინა დამკვეთებისთვის, რაც შეუძლებელს გახდიდა ეკონომიკურ საქმიანობას. მცირე ბიზნესის სტატუსის შესაბამისად, ყოველთვიურად წარადგენდა მცირე ბიზნესის დეკლარაციას და დღგის დეკლარაციას, შესაბამისად იხდიდა კუთვნილ გადასახადებს.
საჩივარს ერთვის დამკვეთი კომპანიების მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები, საიდანაც დასტურდება, რომ სამუშაოებს ასრულებდა დამოუკიდებლად, რისთვისაც ჰქონდა დოკუმენტურად დადასტურებული მასალები, ძირითადი საშუალებები, პროფესიული ცოდნა და გამოცდილება, ხოლო დამკვეთი ახორციელებდა სამუშაოებიდან გამომდინარე დამხმარეებით უზრუნველყოფას, რისი საჭიროებაც ძირითადად იყო მძიმე სამუშაოებში დახმარება და არ საჭიროებდა სპეციალიზირებულ ცოდნასა და გამოცდილებას.
საჩივარს ასევე ერთვის დამკვეთი კომპანიების მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები, საიდანაც ნათლად ჩანს განხორციელებული სამუშაოების ღირებულება: მომსახურების ფარგლებში შეთავაზებული იყო ალტერნატიული მეთოდის „გიპერის აპარატით“ ლესვის სამუშაოების შესრულება, რისი ღირებულებაც ტრადიციული მეთოდით გაჯით ლესვის სამუშაოების შესრულების ანალოგიური იქნებოდა, ასევე მეწარმესთან თანამშრომლობით მნიშვნელოვნად შეუმცირდებოდათ სამუშაოებზე ჩართული თანამშრომლების რაოდენობა (დაახლოებით 8-ჯერ) და სამუშაოს ვადები შემცირდებოდა 3- ჯერ. ბიზნეს მოდელის სწორად გასაგებად:
- დამკვეთებზე შეთავაზებულ გიფსით და აპარატით ლესვის მომსახურებაში, აპარატი ძვირადღირებულია;
- სახარჯავი მასალა გიფსი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ტრადიციული მეთოდისას გამოყენებული მასალა - გაჯი;
- შესაბამისად, მოგება სწორად იმ ნაწილში მდგომარეობდა, რომ სამუშაოებს არ ჭირდებოდა შესაბამისი სპეციალიზირებული ცოდნის თანამშრომლები და მხოლოდ სამშენებლო ობიექტზე არსებული დამხმარეებით ხორციელდებოდა სამუშაოები;
- დამკვეთის გადაწყვეტილებისას მნიშვნელოვანი იყო, რომ მისი ხარჯის ბიუჯეტი არ იზრდებოდა და შესრულების ვადები მნიშვნელოვნად უმცირდებოდა;
- არის კომპაქტური და აქვს უპირატესობა შერევის მაღალი ხარისხით წარმოებაში (რაც ტრადიციული მეთოდისგან განსხვავებით არ საჭიროებს ზედმეტ ინფრასტრუქტურას ან დამხმარე მუშახელს, მისი მარტივად დაშლა შესაძლებელია სამ მოდულად, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს მის ტრანსპორტირებასაც);
29.12.2010 წელს მიღებულ საქართველოს მთავრობის №415 დადგენილებაში, რომელიც არის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ და რომლით დადგენილი საკანონმდებლო ჩარჩოების მიხედვითაც ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას, 1.02.2025 წლიდან შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც: საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის სეკ 006-2016-ის 41.2 ჯგუფით გათვალისწინებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის მომსახურების, 42-ე განყოფილებით გათვალისწინებული სამოქალაქო მშენებლობის მომსახურების ან/და 43-ე განყოფილებით გათვალისწინებული სპეციალიზებული სამშენებლო მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი, თუ აღნიშნული მომსახურების მიმღებს წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საწარმო, ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი.
აქამდე განხორციელებული საქმიანობა სრულად თანხვედრაში იყო კანონმდებლობასთან და სარგებლობდა საგადასახადო კანონმდებლობის მიერ დადგენილი შეღავათით, რაც 1.02.2025 წლიდან დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით და კანონის შესაბამისად ბიზნეს ოპერირებას გადააწყობს ახალ მოდელზე. შესაბამისად, უსამართლობაა იმ ნორმის გამოყენება, რომელიც 1.02.2025 წლიდან ამოქმედდება და აქამდე ასეთ ჩანაწერს კანონმდებლობა არ იცნობდა.
საქმიანობის შემსრულებელი იყო ფიზიკური პირი, რომელიც დამოუკიდებლად, საკუთარი აპარატურით, საკუთარი მასალით და ცოდნით ახორციელებდა მომსახურების გაწევას. ამასთან, აუდიტორის მიერ გაანგარიშებული ხელფასები და დარიცხული საშემოსავლო გადასახადები ნაწილობრივ გაუგებარია (მათ შორის ბრუნვის გაანგარიშებისა და გამოქვითული ხარჯების ოდენობის/წილის ნაწილში, შემოსავლის და შემოწმებით დარიცხული ხელფასის გაანგარიშების ნაწილში და სხვ). რა მოცემულობას და ფაქტებს ეფუძნება, ან რატომ დაუშვა აუდიტორმა, რომ მთლიანი შემოსავალის 80% ხელფასებად გაიცემოდა, მცირე ბიზნესი კი სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა მიზერული მოგების სანაცვლოდ, თან იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება დამოუკიდებლად განხორციელებული სამუშაოები. ამასთანავე, სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელი წესით ესაჭიროებოდა აპარატურა და მასალები, რომელზეც არსებობს შესყიდვის დოკუმენტაცია, ასევე ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად იყო თანმხლები მოცულობითი ხარჯები, როგორიცაა: ა) მანქანით გადაზიდვების წარმოება; ბ) მანქანის შეკეთება; გ) საწვავის შესყიდვა; დ) დამხმარე მასალების შესყიდვა და ა.შ., რომელის დიდ ნაწილზეც ხარჯის დოკუმენტაცია არ არის, თუმცა ხარჯის დოკუმენტაციის არ არსებობა უნდა გამართლდეს იმ არგუმენტით, რომ დაბეგვრის ბაზას წარმოადგენდა არა ერთობლივ შემოსავალსა და მასთან დაკავშირებულ გამოსაქვით ხარჯებს შორის სხვაობა, არამედ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი და მცირე ბიზნესის სტატუსიდან გამომდინარე არ ჰქონდა უფლება ესარგებლა გამოსაქვითი ხარჯებით, ასეთი ხარჯის დოკუმენტების შეგროვებას არ აქცევდა ყურადღებას, რადგან ხელმძღვანელობდ საგადასახადო კოდექსის 91-ე მუხლის (მცირე ბიზნესის შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპები) და მის შესაბამისად დამტკიცებული 31.12.2010 წლის საქართველოს ფინანსთა მინისტრის №999 წესის მე-16 მუხლის (მცირე ბიზნესის შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა) მიხედვით თუმცა იმ რწმენით, რომ აღნიშნული დასაბეგრი ბაზის ოდენობაზე გავლენას არ მოახდენდა და კუთვნილ გადასახადებს გადაიხდიდა პირნათლად.
განსახილველ ნაწილში აღნიშნული საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, შემოწმებამ ვერ უზრუნველყო საგადასახდო ვალდებულებების სწორად განსაზღვრა. ამასთან, საკითხები საკმარისად არ არის დასაბუთებული. მართალია რიგ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილებით სარგებლობს, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილება არ უნდა იქცეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების ერთადერთ საზომად. მათი მხრიდან მიღებული სადავო აქტები საჭიროებდა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას. ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა გაერკვია გარემოებები. გადასახადის გადამხდელის სამართლებრივი მდგომარეობა გაუარესდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემით, ამიტომ შესაძლებელი იყო მხარეს მიეღო გადაწყვეტილება მიღებული ინფორმაციების შესწავლის შედეგად. შესაბამისად გამოცემული აქტები არსებითად არამართლზომიერია და ექვემდებარება გაუქმებას.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მითითებული დასაბუთებული არგუმენტები არ იქნება გათვალისწინებული, გამომდინარე იქიდან, რომ გადასახადის გადამხდელი პირნათლად აღრიცხავს მის ოპერაციებს, არის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი და შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით ახდენს კუთვნილი გადასახადების გადახდას.
იმის გათვალისწინებით, რომ არ აპირებდა კუთვნილი გადასახადების გადახდისგან თავის არიდებას, თუ მოხდა სამართალდარღვევის ჩადენა, იგი გამოწვეულია დაშვებული შეცდომით, რომ მოქმედებდა იმ რწმენით, რომ ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო და არ მოახდენდა კუთვნილი გადასახადებისგან თავის არიდებას, ხოლო მოტივაცია იყო ბიუჯეტისთვის არ მიეყენებინა ზარალი.
გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი, პირს სწამს, რომ მისი ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო და აქვს მოტივაცია სრულად მოახდინოს ბიუჯეტთან მისი კუთვნილი გადასახადების გადახდა, რაც დასტურდება გადასახადის გადამხდელის ქმედებებში.
უნდა გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის №27343 ბრძანება და 27.12.2024 წლის №006-574 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით დარიცხული თანხა სრულად.
თუ დასაბუთებული მოთხოვნები არ იქნება გათვალისწინებული, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად უნდა გათავისუფლდეს დარიცხული ჯარიმა-საურავისგან.
შემოწმების პერიოდში საგადასახადო აუდიტორს არ ქონდა შეხვედრა გადასახადის გადამხდელთან და მიიღო მხოლოდ აქტი, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება რეალობას. შემმოწმებელმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო კონტროლისთვის საჭირო სრული დოკუმენტაცია დროულად იწარმოება და ასევე ბუღალტრული აღრიცხვა იწარმოება სრულად დადგენილი წესის შესაბამისად (უცნაურია ის ფაქტი, რომ შემოწმების აქტში (გვ.15) მითითებულია გადასახადის გადამხდელი „არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას“, მაშინ როდესაც დეკლარირებულ ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილ ბრუნვას შორის თითქმის არ გამოვლენილა სხვაობა). აღნიშნულის გათვალისწინებით, ამ შემთხვევაზე საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის გამოყენება არ არის რელევანტური.
სააღრიცხვო დოკუმენტაციით სრულად და დეტალურად შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ასევე დანარჩენი კრიტერიუმებითაც ამ შემთხვევაში არაპირდაპირი მეთოდით გადასახადების დაანგარიშება არ არის კანონის ნორმებთან თანხვედრაში (არც დეკლარირებული და არც შემოწმების მონაცემებით არ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ არანაირი აქტივების დაუსაბუთებელი ზრდა, არ ფიქსირდება დეკლარირებული ზარალი, არც შემოწმებამდე პერიოდში და არც შესამოწმებელ პერიოდში არ ჰქონია საგადასახადო სამართალდარღვევას ადგილი, არ გამოვლენილა არანაირი არსებითი სხვაობა მონაცემებს შორის).
აღნიშნულის გათვალისწინებით, ამ შემთხვევაზე საგადასახადო შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება, მიღებული შემოსავლების ხელფასად კვალიფიცირების და დაბეგვრის ნაწილზე არ არის რელევანტური.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. საგადასახადო ორგანო ვალდებულია მითითებული მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოიკვლიოს გარემოებები და მხოლოდ ამ გარემოებათა კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და შეფასების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის შესახებ.
განსახილველ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება არამართლზომიერია და ექვემდებარება გაუქმებას, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა დაუსაბუთებლად და დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები ექვემდებარება სრულად გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგები მომჩივნის მიერ გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურში. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2024 წლის №006-574 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, მომჩივნის მიერ 24.01.2025 წელს წარდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 20.02.2025 წლის №3039 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 29.07.2025 წლის №16845 ბრძანებით ამ ნაწილში საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვება მართებულია.
შემოსავლების სამსახურის 20.02.2025 წლის №3039 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები, მ.შ. მიღება-ჩაბარების აქტები, დამკვეთისგან შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია და სხვა. (ასევე, მე-3 მხარისაგან წარმოსადგენი მტკიცებულებების შესახებ ინფორმაცია შეთანხმდეს შემმოწმებელთან);
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა/გამოეკვლია წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 20.02.2025 წლის №3039 ბრძანების აღსრულების მიზნით 6.06.2025 წელს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე. დასკვნის თანახმად აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელისთვის მოთხოვნა, მათ შორის, მიღება ჩაბარების აქტები, მე-3 პირებისგან ახსნა-განმარტება, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა: მიღებული მომსახურების დეტალური აღწერა, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე საწარმოს მხრიდან ჩართული დამხმარე მუშებისთვის მინიჭებული ფუნქციების და გაწეული მომსახურების კონკრეტიკა/აღწერა, ახსნა-განმარტება იმის შესახებ, ხორციელდება თუ არა ობიექტზე პირის შესვლა-გამოსვლის აღწერა და არსებობის შემთხვევაში მცირე მეწარმეების/დამხმარე პირების ობიექტზე შესვლის ამსახველი მონაცემები. გადაანგარიშების ეტაპზე, მეწარმის მიერ წარდგენილ იქნა მხოლოდ სამი პირისგან ახსნა-განმარტება, რომლისთვისაც გაწეული მომსახურების წილი უმნიშვნელოა მეწარმის მიერ გაწეულ მთლიან მომსახურებაში. ხოლო ობიექტზე შესვლა-გამოსვლასთან დაკავშირებით გადამხდელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ობიექტების წარმომადგენლები უარს ეუბნებიან მის გადმოცემაზე. შემოწმებისთვის წარმოდგენილი არასრულყოფილი ინფორმაციიდან გამომდინარე, აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
მომჩივნის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ სრულყოფილად არ არის შესწავლილი საქმის გარემოებები და მტკიცებულებები, რაც წარმოადგენს სადავო საკითხს, ხოლო საჩივარი შემოსავლების სამსახურის მიერ განხილული იქნა მისი მონაწილეობის გარეშე.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული შემოსავლების სამსახურის 20.02.2025 წლის №3039 ბრძანების აღსრულების საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, ამ ნაწილში მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 29.07.2025 წლის №16845 ბრძანება;
3. შემოსავლების სამსახურის 20.02.2025 წლის №3039 ბრძანების აღსრულების საკითხის ნაწილში საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე მიღებული გადაწყვეტილება;
2. შემოსავლების სამსახურის 20.02.2025 წლის №3039 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის ძირითად საქმიანობაა სარემონტო სამუშაოების შესრულება, დამკვეთია შპს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელია მომჩივანი. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. დადგინდა, რომ მეწარმის მიერ გაწეულია მომსახურება. გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, მიღებული თანხებიდან შეძენილია მასალები, ბიუჯეტში გადახდილია თანხები და დანარჩენი თანხა გაცემული იყო მუშახელზე და უნდა დაბეგრილიყო საშემოსავლო გადასახადით 20 პროცენტიანი განაკვეთით. შემმოწმებელთა მიერ მიღებული თანხები ხარჯების გათვალისწინებით დაბეგრილ იქნა გადასახადის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით, პირს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადამხდელს არ ჰქონდა დეკლარირებული მცირე მეწარმის საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი, შემოწმების მიერ განსაზღვრული იქნა მცირე ბიზნესის დაბეგვრას დაქვემდებარებული შემოსავალი, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული შემოსავლების სამსახურის 20.02.2025 წლის №3039 ბრძანების აღსრულების საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, ამ ნაწილში მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 29.07.2025 წლის №16845 ბრძანებით ამ ნაწილში საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვება მართებულია.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 90; 101; 154;