ბრძანება N 6154
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 6154
21 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2024 წლის 26 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ---------) №87992/1/2024 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 23 თებერვლის №011-3731 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საჩივარი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 მარტის სხდომაზე (ოქმი №28).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სისტემის ტექნიკური გაუმართაობით. აღნიშნავს, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ ხერხდებოდა დეკლარაციის გაგზავნა. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელი ითხოვს დარიცხული სანქციის გაუქმებას.
ფაქტების აღწერა:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შპს „----------“ (ს/ნ ---------) მიერ დაგვიანებით 2024 წლის 16 თებერვალს წარმოდგენილი იქნა 2024 წლის იანვრის თვის „გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების” დეკლარაცია (სავადო 15.02.2024 წ.).
აღნიშნულ საგადასახადო სამართალდარღვევაზე მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 23 თებერვალს ელექტრონულად შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №011-3731. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის ოქმით გადამხდელს ფინანსური სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 7119.32 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით.
მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საწარმო ვალდებულია, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული შრომის ანაზღაურების თანხების და დაკავებული გადასახადის შესახებ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის 2024 წლის 6 მარტის №21234-21 წერილზე, რომლითაც დგინდება, რომ 2024 წლის 15 თებერვალს შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რაიმე სახის ტექნიკური შეფერხება არ დაფიქსირებულა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, სადავო ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს დარიცხული სანქციის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
დგინდება, რომ შპს-ს დაგვიანებით 2024 წლის 16 თებერვალს წარმოდგენილი იქნა 2024 წლის იანვრის თვის „გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების” დეკლარაცია (სავადო 15.02.2024 წ.). გადამხდელს ფინანსური სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:153(5);274(1);