ბრძანება N 21411

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.10.2025
№ დოკუმენტი 21411
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21411

06 ოქტომბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

----- (ს/ნ -----) (მის.: -----)

2025 წლის 9 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 26 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი N 82) განიხილა ----- (ს/ნ -----) N 141572/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის პირველი აგვისტოს N 17437 ბრძანებას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საქართველოში შეიძინა საათი, რომელიც გაიტანა ----- და დაიბრუნა დღგ-ის თანხა. 2025 წლის 6 ივლისს ----- საქართველოში დაბრუნებისას, მებაჟეოფიცერს დაუმალა დეკლარირებას დაქვემდებარებული ნივთი - საათი. საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო შემდგომ შეიცვალა კვალიფიკაცია და ჩადენილი ქმედებისთვის, წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება - თაღლითობა. აღნიშნულ საქმეზე მის მიერ სრულად იქნა ანაზღაურებული სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი, რის გამოც გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. მომჩივნის მოსაზრებით, ერთი ქმედებისთვის ორჯერ დაისაჯა და მიუთითებს, რომ კანონმდებელი გამორიცხავს ერთი ქმედებისთვის ორმაგ პასუხისმგებლობას და საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პირს აღნიშნული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი სადავო აქტი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 6 ივლისს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ კონტროლის ზონაში ----- რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა ----- მოქალაქე -----, რომელმაც საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ ჩატარებული ზეპირი გამოკითხვისას განაცხადა, რომ არ გადაადგილებდა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს. ეჭვის საფუძველზე განხორციელდა ფიზიკური პირის დათვალიერება რენტგენული ინსპექტირების სისტემის (სკანერის) გამოყენებით, რის შედეგადაც გამოვლინდა არადეკლარირებული მაჯის საათი „-----“.

ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, იკვეთებოდა სავარაუდოდ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, საქმის მასალები, საქართველოს საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქვემდებარეობით გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს (წერილი N 21-10- 01/-----; 07/07/2025).

საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 2025 წლის 31 ივლისის N -----/15-04-02 წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ მასალების შესწავლის შედეგად დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება N ----- საქმეზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 31 ივლისის განაჩენით ----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) ჩადენისათვის. ამავე წერილით საბაჟო დეპარტამენტს ასევე გადმოეგზავნა საგამოძიებო ორგანოს ინიციატივით ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის შედეგებზე შედგენილი საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის N ----- /2025 (24.07.2025) დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მაჯის საათის „-----“ საბაჟო ღირებულებად განსაზღვრულ იქნა 30 450 ლარი.

საქმის მასალებით დადგინდა, რომ ----- მოქალაქე ----- მხრიდან ადგილი ჰქონდა 30 450 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას და პირს აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედებისთვის არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, არსებობდა მისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საბაჟო სანქციის შეფარდების საფუძველი. შესაბამისად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-8 ნაწილის, 164-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და 168-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, 2025 წლის 1 აგვისტოს გამოცემულ იქნა საბაჟო დეპარტამენტის უფროსის N 17437 ბრძანება, რომლითაც ნილ პროკოპენკოს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის – 30 450 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის მიხედვით, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა:

ა) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანისას/გატანისას;

ბ) თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1 “, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია…

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, პირს ამ კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში დაეკისრება, თუ მას აღნიშნული ქმედებისთვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი არ დგება: ა) სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში. ამასთანავე, საქმის მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით.

ამავე მე-6 ნაწილი ადგენს, რომ მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო ორგანო, საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ამ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში წყვეტს საბაჟო სამართალდარღვევის საქმეს ან იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირისთვის საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ. ეს გადაწყვეტილება მიიჩნევა საგადასახადო მოთხოვნად.

ამავე საკანონმდებლო აქტის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

ამავე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, თუ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაადგილებული საქონლის საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს, ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს აღნიშნული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.

დადგენილია, რომ ----- მოქალაქე ----- მხრიდან ადგილი ჰქონდა 30 450 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას. დადგენილია ასევე, რომ პირს საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაადგილებული საქონლის (რომლის საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.

შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო სამართალდარღვევას, რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო აქტით სამართალდამრღვევი პირის მიმართ საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საბაჟო სანქციის შეფარდება მართლზომიერია.

მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება განხორციელდა არა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანისთვის, არამედ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისთვის - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც არ წარმოადგენს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არდაკისრების საფუძველს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 31 ივლისის განაჩენის (საქმე N 1/-----) აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილში ბრალდების არსად მითითებულია შემდეგი: „----- ცნობილი გახდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხა, გარკვეულ შემთხვევებში ექვემდებარებოდა უკან დაბრუნებას და ვინაიდან იყო უკრაინის მოქალაქე, განიზრახა მისი მოტყუებით დაუფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2025 წლის 5 ივლისს, ----- მდებარე მაღაზია „-----“, 69 080 ლარად მან შეიძინა მაჯის საათი და მიიღო დღგ-ს თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითარი. 2025 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე, საბაჟო გამშვები პუნქტის „-----“ საბაჟო კონტროლის ზონაში მან განაცხადა, რომ თითქოსდა მიემგზავრებოდა -----, რის გამოც შეძენილი საქონლისა და შესაბამისი სპეციალური ქვითრის წარდგენის საფუძველზე მოტყუებით დაიბრუნა გადახდილი დღგ-ის თანხა (ე.წ. Tax free) – 7 879,81 ლარი. რეალურად, ----- არ გამგზავრებულა. მან მოჩვენებითად გადაკვეთა ----- რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი, საიდანაც დაბრუნდა 2 სათში და შეეცადა საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოში შემოეტანა ზემოთ აღნიშნული მაჯის საათი. შედეგად, -----, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა 7879,81 ლარს, რითაც სახელმწიფოს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი“.

იქიდან გამომდინარე, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება და საბაჟო სანქციის შეფარდება განხორციელდა სხვადასხვა ქმედებისათვის, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 31 ივლისის განაჩენით ირკვევა რომ მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებულად ჩაითვალა დღგ-ის სახით დაბრუნებული 7 879.81 ლარი და ამ ქმედების ჩადენისათვის დაეკისრა სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, ხოლო საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის პირველ აგვისტოს გამოცემული საბაჟო დეპარტამენტის N 17437 ბრძანებით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაკისრებულია საქონლის (30 450 ლარის საბაჟო ღირებულების საათის „-----“) საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანისთვის, საფუძველს მოკლებულია მომჩივნის მითითება ერთი და იგივე ქმედებაზე ორმაგი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.

მომჩივნის მოთხოვნაზე სადავო აქტის ბათილად ცობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ----- (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ.თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი სადავო აქტი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ მომჩივანის მხრიდან ადგილი ჰქონდა 30 450 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას. პირს აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედებისთვის არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, არსებობდა მისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საბაჟო სანქციის შეფარდების საფუძველი. გადასახადის გადამხდელს შეეფარდა ჯარიმა საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის – 30 450 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება:

სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 168 (1);.