გადაწყვეტილება №26563/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26563/2/2026
02 მარტი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 3.02.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26563/2/2026).
დავის საგანი:
ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 5.08.2025 წლის №005-144 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 4.11.2025 წლის №24225 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 79 885,99 ლარი.
მათ შორის: მიწის გადასახადი (სასოფლო) – 37 479,00
ჯარიმა - 37 478,50
საურავი - 4 928,49
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 31.07.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2024 წლიდან 1.06.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 5.08.2025 წლის №005-144 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 4.11.2025 წლის №24225 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9, მე-10 და მე-11 ნაწილების თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე. საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
საქმეში წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის 10.02.2026 წლის №10165-21-04 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი ავტორიზებულ მომხმარებლის გვერდზე ბრძანების განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში დოკუმენტს არ გასცნობია, შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის 4.11.2025 წლის №24225 ბრძანება გავრცელდა საჯაროდ შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) 4.12.2025 წელს და ჩაბარებულად ჩაითვალა 24.12.2025 წელს. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შემოსავლების სამსახურის 4.11.2025 წლის №24225 ბრძანებას მომჩივანი არ გასცნობია. ამდენად, ვინაიდან საჯაროდ გამოქვეყნებული გასაჩივრებული აქტი ჩაბარებულად ჩაითვალა 24.12.2025 წელს, მისი გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის მე-20 დღე იყო 13.01.2026 წელი. საჩივარი, საბჭოში წარმოდგენილია „ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" my.gov.ge-ის მეშვეობით 3.02.2026 წელს, შემოსავლების სამსახურის 4.11.2025 წლის №24225 ბრძანების გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ. მომჩივანს დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრების ვადის დარღვევასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება.
ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 4.11.2025 წლის №24225 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული ინფორმაციის ანალიზით დადგინდა, რომ საწარმოს საკუთრებაში გააჩნდა 2 მიწის ნაკვეთი (61 ჰა) და ამასთან, სახელმწიფოსგან იჯარის წესით 2006 წელს აღებული ჰქონდა 15 საკადასტრო კოდზე არსებული მიწის ნაკვეთები (49 წლით), ჯამურად 1 978.8 ჰა ფართობის. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა 2024 წლის ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. ვინაიდან საწარმოს არ ჰქონდა ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი დეკლარირებული როგორც სახელმწიფოსგან იჯარით აღებულ, ისე საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით, დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს : 301 (ე).