ბრძანება N 5370
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 5370
20.03.2023
შპს „------------------ის“ (ს/ნ ---------------)
(მის. -------------------------------------------)
2023 წლის 16, 17 იანვრის და 3 თებერვლის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 თებერვლის და 10 მარტის სხდომებზე (ოქმები №12 და №24) განიხილა შპს „------------------ის“ (ს/ნ ---------------) №-------/1/2023, №------/21-10 და №-------/21-10 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 6 იანვრის №-------- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ „აწარმოე საქართველოშის“ ფარგლებში კომპანიას შპს „----------ს“ შეძენილი აქვს 4 000 000 ლარის ღირებულების დანადგარი. 2022 წლის ნოემბრის თვეში აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიძინა ვაკუუმ შესაფუთი პაკეტების დაჭრის, შეწეპებისა და მარკირებისთვის განკუთვნილი დანადგარები. ვაკუუმ პაკეტები და მათი დამზადებისთვის საჭირო ნედლეული კომპანიას შემოაქვს ----------იდან. პროდუქტის შესაფუთ თერომოვაკუუმ პაკეტებს ღებულობენ ძირითადად ნედლეულის სახით, ვინაიდან სხვაობა საქართველოში დაჭრა, მარკირებას და შეწეპებას და მზა პროდუქციის იმპორტს შორის არის 25% და ამ სხვაობის საფუძველზე „აწარმოე საქართველოშის“ ფარგლებში დაფინანსდა საჭირო დანადგარების შეძენა, აღნიშნული საქმიანობის განვითარებისათვის, ვინაიდან, საქართვლოში არსებული სხვადასხვა კომპანიების (Nikora, Sante, Onima, Liderfood და ა.შ) დაკვეთით, მიღებულ ნედლეულს/საქონელს, კომპანია უკეთებს მარკირებას (ბეჭდვა), ჭრის და სხვა.
მომჩივანს მიაჩნია, რომ იმპორტირებული პროდუქტის შეფუთვისთვის განკუთვნილი პლასტიკის თერმოვაკუმ პაკეტების წარმოებისთვის საჭირო ნედლეულზე არ ვრცელდება ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი შეზღუდვები მისი იმ სახით საქართველოში იმპორტზე, რა სახითაც მათ შემოიტანეს - ნედლეულზე არ არის დატანილი საქონლისა და პროდუქტის დასახელება ან სასაქონლო ნიშანი, რაც გათვალისწინებულია „ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით. მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ საქონელი საქართველოში შემოტანილია 2022 წლის -- დეკემბერს, როდესაც ტექნიკური რეგლამენტის რეგულაციები (დადგენილება №571) ჯერ კიდევ არ ვრცელდებოდა. საზღვრის რიგებისა და საბაჟოზე არსებული რიგების გათვალისწინებით ტვირთი შეფასდა - იანვარს, როდესაც შეზღუდვები უკვე შესული იყო ძალაში.
დავების განხილვის საბჭოს სხდომებზე მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ წარმოდგენილი აქვს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის - თებერვლის №--------- დასკვნა, რითაც დასტურდება, რომ პროდუქტი არის შეფუთვისთვის განკუთვნილი პარკის ნედლეული და შესაძლებელია მისი საქონლის დაჭრა, შეწებება, მარკირება.
აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის -- დეკემბერს, შპს „------------------ის“ (ს/ნ ---------------) მიერ №-----/------- საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებულ იქნა შეფუთვისთვის განკუთვნილი პლასტიკის პარკი და პლასტიკის ფირები (საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება – 85 226.22 ლარი, საერთო წონა – -კგ).
აღნიშნული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა 2022 წლის -- დეკემბერს, საბაჟო გამშვები პუნქტი „-----ის“ გავლით, სადაც, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) 31 მუხლით გათვალისწინებული საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას, მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ რეგისტრირებული დეკლარაციისათვის განისაზღვრა „ყვითელი დერეფანი“ და შემდგომი კონტროლის განხორციელების მიზნით საქონელი გაშვებულ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „-------ის“ დანიშნულებით.
2023 წლის -- იანვარს, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადების შემდეგ, შპს „------------------ის“ (ს/ნ ---------------) წარმომადგენელმა მიმართა გაფორმების საბაჟო ორგანოს და საბაჟო ფორმალობების განხორციელების მიზნით წარუდგინა ზემოაღნიშნული საქონლის თანმხლები დოკუმენტები, რის შემდგომაც გაფორმების ეკონომიკური ზონა „------ის“ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა საბაჟო დეკლარაციისა და საქონლის თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება. ვინაიდან იმპორტში (თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში) დეკლარირებული საქონლის ნაწილი განეკუთვნებოდა შესაფუთ პლასტიკის პარკს, საქონლის იდენტიფიცირებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემოწმების მიზნით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, №--------/--------- საქონლის საბაჟო დეკლარაცია გადაყვანილ იქნა „წითელ დერეფანში“.
გაფორმების საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელებული საბაჟო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ფაქტობრივად წარდგენილი საქონლის რაოდენობა შეესაბამებოდა დეკლარირებულს, თუმცა, შეფუთვისთვის განკუთვნილ პლასტიკის პარკზე (რაოდენობა – ---- ცალი, საბაჟო ღირებულება – 49 457.49 ლარი) არ იყო შესრულებული „ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ნიშანდების ვალდებულება.
ვინაიდან თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში (იმპორტში) დეკლარირებულ შესაფუთ პლასტიკის პარკზე არ იყო შესრულებული ზემოაღნიშნული ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ნიშანდების ვალდებულებები, გაფორმების ეკონომიკური ზონა „------ის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის -- იანვარს შედგენილ იქნა №-------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „------------------ის“ (ს/ნ ---------------) დაედო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 825 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი – ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით.
იმავე დღეს, შპს „------------------ის“ (ს/ნ ---------------) მიერ წარმოდგენილ იქნა დაკისრებული ჯარიმის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და დეკლარირებული საქონლის დანარჩენი ნაწილი (შესაფუთი მასალა – ---- კგ და პლასტმასის ფირები – 73.65 კგ) გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში №-------/------- (------/-------, 06/--/2022) საქონლის საბაჟო დეკლარაციით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლით დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პროდუქტი, რომლისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობა, უნდა შეესაბამებოდეს ამ მოთხოვნებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ბაზარზე განთავსებისას და ექსპლუატაციის პერიოდში.
„ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ „საქართველოში წარმოებული, იმპორტირებული ან რეალიზებული პლასტიკის პარკები, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
ამავე ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი იმპერატიულად ადგენს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია ნებისმიერი სისქისა და ზომის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი გამონაკლისებისა.
დასახელებული ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით კი დადგენილია, რომ შეფუთვისათვის განკუთვნილ პლასტიკის პარკზე დატანილი უნდა იყოს იმ საქონლის ან პროდუქტის დასახელება, რომლის შესაფუთადაც არის განკუთვნილი პარკი ან/და „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშანი.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 825-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისას, წარმოებისას ან/და რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის – „პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით.
ამდენად, „პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისას, წარმოებისას ან/და რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის – „პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მოთხოვნების დარღვევა“ წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 825 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.
საჩივარზე თანდართული სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის -- იანვრის №------- დასკვნიდან ირკვევა, რომ შპს „-------ის“ მიერ ექსპერტიზის წინაშე დასმულ კითხვაზე (შესაძლებელია თუ არა საქონლის დაჭრა, შეწებება, მარკირება, მასზე საქონლისა და პროდუქტის დასახელების ან სასაქონლო ნიშანის დატანა/დაბეჭვდა და მზა სახით პროდუქტის - შეფუთვისთვის განკუთვნილი პლასტიკის პარკის წარმოაება/მიღება. ასევე ამ მოცემულობიდან გამომდინარე შეიძლება თუ არა აღნიშნული საქონელი ჩაითვალოს პროდუქტის შეფუთვისთვის განკუთვნილი პლასტიკის პარკის წარმოება/მიღებისთვის საჭირო ნედლეულად) მიღებული დასკვნის თანახმად, „ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ შესაძლებელია ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შპს „----- -------ის“ მიერ კვლევაში მითითებული ინვოისებით შეძენილი საქონლის დაჭრა, შეწებება, მარკირება, მასზე საქონლის და პროდუქტის დასახელების ან სასაქონლო ნიშანის დატანა/დაბეჭდვა და აღნიშნული საქონელი შესაძლებელია ჩაითვალოს პროდუქტის შეფუთვისთვის განკუთვნილი პლასტიკის პარკის წარმოება/მიღებისთვის საჭირო ნედლეულად“.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამასთან, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 278-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნტის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს 2023 წლის - იანვრის №-------- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი და საქმე ხელახალი განხილვისთვის გაეგზავნოს საბაჟო დეპარტამენტს. საჩივრები დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლების და საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------------------ის“ (ს/ნ ---------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს 2023 წლის - იანვრის №------- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი და საქმე ხელახალი განხილვისთვის გაეგზავნოს საბაჟო დეპარტამენტს;
3. საჩივრები დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესით ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.