ბრძანება N 19429
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19429
03 სექტემბერი 2025
ბრძანება
შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“)
(ფაქტ. მის.:„-------“)
2025 წლის პირველი აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №71) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) 2025 წლის პირველი აგვისტოს №25565/2/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 ივლისის №007-153 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 თბერვლის №3164 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 17 აპრილიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 ივლისის №15419 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №007-153 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 246 171 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 153 485 ლარი, ჯარიმა 76 272 ლარი და საურავი 16 414 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანია რეგისტრირებულია 2024 წლის 17 აპრილს. ამავე თარიღიდან არის დღგ-ის გადამხდელიც. საწარმოს საქმიანობაა ბალასტის გადამუშავება და წარმოებული პროდუქტების (ქვიშა, ხრეში) რეალიზაცია. კომპანია საქმიანობას ახორციელებს „-------“ -ის რაიონში, „-------“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა დაბეგვრასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, მ.შ. საბუღალტრო პროგრამა ორისის ასლი. პროგრამა შეიცავდა ხარვეზებს, რის გამოც მხოლოდ ნაწილობრივ იქნა გამოყენებული შემოწმების პროცესში. შემოწმების მიერ განხორციელდა წარმოდგენილი მასალების შესწავლა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციასთან შედარება. გადასახადის გადამხდელის მიერ სრულყოფილად არ არის დაბეგრილი გამოწერილი ელექტრონული დოკუმენტები (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები/ზედნადებები) და საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხები. შემოწმების მიერ განხორციელდა შეძენილი და რეალიზებული საქონლის მოძრაობის შესწავლა დღის ჭრილში, რა დროსაც დაფიქსირდა ისეთი შემთხვევები, როცა ხორციელდებოდა იმაზე მეტი რაოდენობის საქონლის რეალიზაცია, ვიდრე ნაშთად გააჩნდა. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა მცირე მეწარმე „-------“-თან (ს/ნ „-------“) 2024 წლის პირველ აგვისტოს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება, კომპანიის საკუთრებაში არსებულ ქვიშა-ხრეშის გადამამუშავებელ საამქროში საჭირო რაოდენობის მასალის დამზადებასთან დაკავშირებით. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდიდან შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლომდე (5 თვე) მეწარმის მიერ გადამუშავებულ იქნა 32 323 კუბური მეტრი მასალა. გადამუშავებული/მიღებული მასალა ჩართულ იქნა ქვიშა-ხრეშის რაოდენობრივი მოძრაობის გაანგარიშებაში. შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლოს მიღებული ნაშთი ჩაითვალა რეალიზებულად კომპანიის ამავე პერიოდში დაფიქსირებული დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასით. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში საგადასახადო სპეც. ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილი აქვს საწვავი (ტალონები). არ გააჩნია საბოლოო მომხმარებლის საცავი, სადაც შეიძლება შეძენილი საწვავის დასაწყობება. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა საწვავის ჩამოწერის დოკუმენტაცია. რაოდენობრივი ანალიზის საფუძველზე შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლოს გამოვლენილი ნაშთი ჩაითვალა რეალიზებულად.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში, ელექტრონული ზედნადებების საფუძველზე შეძენილი აქვს 190 381 ლარის ღირებულების საქონელი, რომლის მიტანის ადგილი არ ემთხვევა კომპანიის საქმიანობის ადგილს.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 , 175-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯი დაიბეგრა მოგების გადასახადით და შეძენილ საქონელზე მიღებული ჩათვლა გაუქმდა. ასევე, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ხარჯის გაწევის ფაქტები, რომელზეც არ არის გამოწერილი ელექტრონული დოკუმენტები (ელ. ზედნადები, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საგადასახადო დოკუმენტი). გადასახადის გადამხდელის მიერ არც პირველადი საგადასახადო დოკუმენტი იქნა წარმოდგენილი, რომლითაც დადასტურდებოდა რა სახის მომსახურება/საქონელი იქნა შეძენილი და აღნიშნული მომსახურება/საქონელი დაკავშირებული იყო თუ არა კომპანიის საქმიანობასთან. შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში, ასევე, ფიქსირდება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირებისგან მომსახურების მიღება.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯი დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან პირს განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მასალების შესწავლა. საბანკო ანგარიშებიდან „ხელფასის“ დანიშნულებით გადარიცხული თანხები არ არის სრულყოფილად დაბეგრილი, ასევე, არ არის დაბეგრილი სრულყოფილად ფიზიკური პირებისგან მიღებული მომსახურებებიც. კომპანიას შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში დაქირავებული პირებისთვის გაწეული აქვს კვების ხარჯები, რომელიც არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს 2024 წლის ოქტომბრის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციაში დეკლარირებული აქვს დივიდენდის გაცემა, რომელიც არ არის დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა მცირე მეწარმე „-------“-თან (ს/ნ „-------“) 2024 წლის პირველ აგვისტოს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება, კომპანიის საკუთრებაში არსებულ ქვიშა-ხრეშის გადამამუშავებელ საამქროში საჭირო რაოდენობის მასალის დამზადებასთან დაკავშირებით. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდიდან შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლომდე (5 თვე) მეწარმის მიერ გადამუშავებულ იქნა 32 323 კუბური მეტრი მასალა. აღნიშნული სამუშაოს შესრულების სპეციფიკიდან, მასშტაბიდან და შინაარსიდან გამომდინარე, „-------“-ზე გადახდილი თანხები ჩაითვალა ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის შესაბამისად. შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთი (99 496 ლარი) ჩაითვალა დირექტორზე, „-------“-ზე (პ/ნ „-------“) გაცემულ ხელფასად.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე, 104-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 17 აპრილიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 246 171 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
269(7).