გადაწყვეტილება №21306/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 22.04.2024
№ დოკუმენტი 21306/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№21306/2/2023

22 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი:--- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----ის 13.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21306/2/2023).

 

დავის საგანი:

საბჭოს 1.06.2023 წლის 19461/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 11.10.2023 წლის №071-16 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 144 136.62 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 77 633

დღგ - 28 733

მიწის გადასახადი (სასოფლო) - 32

საშემოსავლო გადასახადი - 48 430

ქონების გადასახადი - 438

ჯარიმა - 31 061

საურავი - 35 442.62

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა --- ში, პირად საკუთრებაში არსებულ ფართში, სურსათით და სხვა სპეციალიზებული საქონლით ვაჭრობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე პერიოდის, ხოლო წლიური საშემოსავლო გადასახადის ნაწილში 2019, 2020 და 2021 წლების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 27.12.2022 წელს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, საიდანაც ირკვევა რომ: მეწარმის მიერ 2019, 2020 და 2021 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში ასახულია 2019 წელს 847 200 ლარის, 2020 წელს 980 837 ლარის და 2021 წელს 1 219 678 ლარის ერთობლივი შემოსავალი. მეწარმე არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით (შემოწმების პროცესში წარდგენილი არ არის ბუღალტრული აღრიცხვა), შესაბამისად, არ ხორციელდება საქონლის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩამოწერა, ვერ იშიფრება საცალოდ რეალიზებული პროდუქციის რაოდენობა და დეკლარირებული საწყისი და საბოლოო საქონლის ნაშთები.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მეწარმის მიერ მიღებული შემოსავალი, გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. მეწარმეს აქვს როგორც დოკუმენტური, ასევე საცალო რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად დაანგარიშდა მიღებული შემოსავალი, კერძოდ: რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატები კატეგორიების მიხედვით, საშუალოდ 2019 წელს 13%, 2020 წელს 15%, ხოლო 2021 წელს 16.9%. აღნიშნულმა გამოიწვია გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული ერთობლივი შემოსავლისა და შესაბამისად, დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვების გაზრდა. მეწარმეს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №33457 ბრძანება და ამავე თარიღის №071-9 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 30.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7045 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 1.06.2023 წლის №19461/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა თამბაქოზე და თამბაქოს ნაწარმზე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს შესაბამისი პერიოდების მიხედვით საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით აღნიშნულ საქონელზე დადგენილი საცალო სარეალიზაციო ფასებით (თუ არ აჭარბებს შემოწმებით დადგენილ ფასს და არ იქნება ნაკლები დეკლარირებულ მონაცემზე) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება) და შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 1.06.2023 წლის №19461/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 29.09.2023 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 11.10.2023 წლის №25221 ბრძანება და ამავე თარიღის №071-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტორს საკითხი არ აქვს სრულყოფილად შესწავლილი და აღსრულების შედეგები არ შეესაბამება დავების განხილვის საბჭოს დავალებას. კერძოდ, გადაანგარიშების დასკვნაში აუდიტორი თავადვე უთითებს შემდეგს: „ფინანსთა მინისტრის ბრძანებით აღნიშნულ საქონელზე დადგენილი საცალო სარეალიზაციო ფასები ძირითად შემთხვევებში ნაკლებია მეწარმის მიერ შეძენილი იმავე დასახელების თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის ფასებზე“. ამდენად, აუდიტორი თავადვე აღიარებს, რომ მის მიერვე გამოყენებულ მეთოდოლოგიაში არსებობდა გარკვეული დასახელების თამბაქოს ნაწარმი, რომელთა შესყიდვის ფასიც არ იყო ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სარეალიზაციო ფასებზე მაღალი. საერთოდ გაუგებარია რატომ დატოვა აუდიტორმა აღნიშნული პროდუქცია ყურადღების მიღმა და ამ ნაწილში მაინც რატომ არ გადაიანგარიშა დარიცხული თანხები.

საილუსტრაციოდ წარმოადგენს იმ თამბაქოს ნაწარმის დასახელებების ჩამონათვალს, რომელთა შესყიდვის ფასიც არ ყოფილა ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ სარეალიზაციო ფასებზე მაღალი, შესაბამისად, აუდიტორის მიერ გაკეთებულია არასწორი დაშვება და გადაანგარიშების შედეგები არ შეესაბამება დავების საბჭოს დავალებას 2020 წლის პერიოდი:

სიგარეტი Vip Blue Sims (ვიპ ლურჯი სლიმი): ზედნადებით შესყიდვის ფასი - 4.1 ლარი, მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ფასი 4.30; სიგარეტი Black Tip Compact Brown: ზედნადებით შესყიდვის ფასი - 3.85 ლარი, მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ფასი 4.00; სიგარეტი Modena White: ზედნადებით შესყიდვის ფასი - 3.65 ლარი, მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ფასი 3.80; სიგარეტი Modena Black: ზედნადებით შესყიდვის ფასი - 3.65 ლარი, მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ფასი 3.80.

დანართის სახით წარმოადგენს სასაქონლო ზედნადებებს, რომლითაც დასტურდება აღნიშნული პროდუქციის შესყიდვის ფასები. გარდა ზემოაღნიშნული მოთხოვნისა, დავების განხილვის საბჭოს ასევე სთხოვს, რომ გამოიყენოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი და გადასახადის გადამხდელი გაათავისუფლოს დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან, რადგან ჯარიმა-საურავების გამოყენების პირობებში მეწარმე ვერ შეძლებს ბიზნესის ოპერირების გაგრძელებას, რაც პრაქტიკულად ნიშნავს ბიზნესის დახურვას. მეწარმე ახორციელებს მარკეტის ოპერირებას ----ში. მარკეტის გაჩერება ცუდად აისახება არა მხოლოდ თავად გადასახადის გადამხდელზე, არამედ პრობლემური იქნება მოსახლეობისთვისაც. სანქციებისგან გათავისუფლების შემთხვევაში კი გადასახადის გადამხდელი ეცდება დარჩენილი გადასახადის გადასახდელად საჭირო თანხის მობილიზებას და გადახდას.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანხმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

საბჭოს 1.06.2023 წლის №19461/2/2023 გადაწყვეტილებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა თამბაქოზე და თამბაქოს ნაწარმზე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს შესაბამისი პერიოდების მიხედვით საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით აღნიშნულ საქონელზე დადგენილი საცალო სარეალიზაციო ფასებით (თუ არ აჭარბებს შემოწმებით დადგენილ ფასს და არ იქნება ნაკლები დეკლარირებულ მონაცემზე) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება) და შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა.

საბჭოს 1.06.2023 წლის №19461/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული 29.09.2023 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ საგადასახადო ორგანომ თამბაქოზე და თამბაქოს ნაწარმზე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას იხელმძღვანელა და შეისწავლა შესაბამისი პერიოდების მიხედვით საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით აღნიშნულ საქონელზე დადგენილი საცალო სარეალიზაციო ფასები, აღნიშნული სარეალიზაციო ფასები დასახელებების მიხედვით შედარდა მეწარმის მიერ შეძენილ იმავე სახეობის საქონლის ფასებს და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით აღნიშნულ საქონელზე დადგენილი საცალო სარეალიზაციო ფასები ძირითად შეთხვევაში ნაკლებია მეწარმის მიერ შეძენილი იმავე დასახელების თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის ფასებზე.

შედეგად სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. მომჩივანი მიუთითებს, რომ საგადასახადო ორგანო აღიარებს, რომ მის მიერვე გამოყენებულ მეთოდოლოგიაში არსებობდა გარკვეული დასახელების თამბაქოს ნაწარმი, რომელთა შესყიდვის ფასიც არ იყო ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სარეალიზაციო ფასებზე მაღალი. საერთოდ გაუგებარია რატომ დატოვა აუდიტორმა აღნიშნული პროდუქცია ყურადღების მიღმა და ამ ნაწილში მაინც რატომ არ გადაიანგარიშა დარიცხული თანხები.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე დადგინდა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი საცალო სარეალიზაციო ფასები დასახელებების მიხედვით შედარდა მეწარმის მიერ შეძენილ იმავე სახეობის საქონლის საშუალო შეწონილ ფასებს და აღნიშნული ფასები ძირითად შემთხვევებში ნაკლები იყო მეწარმის მიერ შეძენილ იმავე დასახელების თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის ფასებზე, ხოლო სადაც ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი საცალო სარეალიზაციო ფასები მეტი იყო მეწარმის მიერ ანალოგიურ საქონელზე შეძენის ფასებზე, ფასნამატი არ განსხვავდებოდა შემოწმების მიერ დადგენილი ფასნამატისგან, რიგ შემთხვევაში აჭარბებდა კიდეც. გადამხდელის მიერ მოყვანილი მაგალითები არარელევანტურია, რადგან შემოწმებამ აიღო წლის ჭრილში საშუალო შეწონილი ფასები თითოეულ დასახელებაზე და აღნიშნული შეძენის ფასები მეტი იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით აღნიშნულ საქონელზე დადგენილ საცალო სარეალიზაციო ფასებზე.

მომჩივნის მიერ მაგალითის სახით წარმოდგენილ თამბაქოს სახეობებზე განმარტეს, რომ აღნიშნული წარმოადგენს ერთეულ შეძენებს და გავლენას არ ახდენდა მთლიან შეძენებზე, კერძოდ, ხსენებული სახეობების მთლიანი შეძენები კი არ არის შეძენილი ნაკლებ ფასად, არამედ ამ სახეობის ერთი კონკრეტული შესყიდვა განხორციელებულია ნაკლებ ფასად, კონკრეტული ერთი სასაქონლო ზედნადების მითითებით. ზემოაღნიშნული გარემოებების, მხარეთა არგუმენტების და გადაანგარიშების ეტაპზე საკითხის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მისი 1.06.2023 წლის №19461/2/2023 გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს საბჭოს 1.06.2023 წლის №19461/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულება, კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში იმ დასახელების თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმზე, რომელთა შეძენის სასაქონლო ზედნადებებში მითითებული შესყიდვის ფასი ნაკლებია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ საცალო სარეალიზაციო ფასებზე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულ იქნას საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით შესაბამისი პერიოდების მიხედვით დადგენილი საცალო სარეალიზაციო ფასების გავრცელებით, საბჭოს 1.06.2023 წლის №19461/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად.

მომჩივანი ასევე, მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს მოცემულ საკითხებზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 1.06.2023 წლის №19461/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის დასკვნა, 11.10.2023 წლის №25221 ბრძანება და ამავე თარიღის №071-16 საგადასახადო მოთხოვნა;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს:

ა) შესამოწმებელ პერიოდში იმ დასახელების თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმზე, რომელთა შეძენის სასაქონლო ზედნადებებში მითითებული შესყიდვის ფასი ნაკლებია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ საცალო სარეალიზაციო ფასებზე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით შესაბამისი პერიოდების მიხედვით დადგენილი საცალო სარეალიზაციო ფასების გავრცელებით, საბჭოს 1.06.2023 წლის №19461/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად; ბ) ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის აღსრულების შედეგად, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

აუდიტის დეპარტამენტის 26.10.2023 წლის №005-176 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №33457 ბრძანება და ამავე თარიღის №071-9 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 30.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7045 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 1.06.2023 წლის №19461/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 29.09.2023 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 11.10.2023 წლის №25221 ბრძანება და ამავე თარიღის №071-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1, ბ).