გადაწყვეტილება №18452/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18452/2/2022
10.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: : ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 10.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -----------------ის 14.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18452/2/2022).
დავის საგანი:
უარი ქონებაზე დადებული ყადაღის მოხსნაზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 1.09.2022 წლის №21-17/81650 წერილი;
2. შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28178 ბრძანება.
პროცედურული გარემოებები
-----------ის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის საჩივარი და -------------- აღიარებულ იქნა შპს „----------“-ის (ს/ნ -------------) ცრუმაგიერ პირად. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა ---------ის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით. ----------ის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 სექტემბრის №3/ბ-1949-21 გადაწყვეტილების საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 241- ე და 246-ე მუხლების შესაბამისად, შპს „-----------“-ის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 26 ოქტომბრის №025-629 ბრძანება, რომლის საფუძველზე ყადაღა დაედო ცრუმაგიერი პირის, ----------------ის საკუთრებაში არსებული ქონებას. ასევე, აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, შედგა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2021 წლის 18 ნოემბრის №2021/025-629/1, №2021/025-629/2 და 19 ნოემბრის №2021/025-629/3 აქტები.
2022 წლის 7 ივნისს, ზემოაღნიშნული ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის მიზნით, შემოსავლების სამსახურმა შუამდგომლობით მიმართა ------ის რაიონულ სასამართლოს. აღნიშნული შუამდგომლობა -------ის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და რეალიზაციას დაექვემდებარა მხოლოდ 2021 წლის 19 ნოემბრის №2021/025-629/3 ყადაღის აქტში აღრიცხული MERCEDES BENZ GL450 მარკის ავტომობილი (სახ. ნომერი -----------). 2022 წლის 18 აგვისტოს -------------ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა ---------------ის ქონებებზე დადებული ყადაღის მოხსნა (გარდა 2021 წლის 19 ნოემბრის №2021/025-629/3 ყადაღის აქტში აღრიცხული MERCEDES BENZ GL450 მარკის ავტომობილისა (სახ. ნომერი ----------)), რაზედაც ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 1 სექტემბრის №21-17/81650 წერილით ეთქვა უარი და განემარტა ქონებაზე დადებული ყადაღის მოხსნის საფუძვლები.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2022 წლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით შპს „------------“-ს ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება.
ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 1 სექტემბრის №21-17/81650 წერილი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 10.11.2022 წლის №28178 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-5 ნაწილზე, 238-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 241-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-9 ნაწილზე, 239-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, 246-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 1 სექტემბრის №21-17/81650 გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
------------ის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვა დაყადაღებული ქონების რეალიზაციაზე (გარდა ავტომანქანა მერსედეს ბენც GL 450-ისა) იმ მოტივით, რომ ეს ქონება შეძენილი იყო --------------ის მიერ შპს „-----------“-ის მიმართ საგადასახადო დავალიანების წარმოშობამდე ბევრად ადრე და ამ ქონებას დავალიანებასთან შემხებლობა არ ჰქონდა, შესაბამისად, ეს ქონება არ ექვემდებარება რეალიზაციას საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა ყადაღის მოხსნა საკუთრებაში არსებულ ქონებებზე, კერძოდ:
1. უძრავი ქონებაზე: ს/კ ---------; ს/კ ---------;ს/კ ---------;ს/კ ---------;ს/კ ---------;ს/კ ---------;
2. სატრანსპორტო საშუალებაზე: კამაზი სახ. №------ ------- სახ. №------ ------ სახ. №------ ------, Caterrpilar 2068 FD სახ. №--------, Caterrpilar 2068 FD სახ. №-------;
3. იარაღზე: ოტტო რეიფ №-------, იჯ 94 №-----, ნაგან №-----, მოსინ №-----, ტოზ 17 №-----, იჟ 56-3, ბელკა №------, რაზეც ყოვლად უსაფუძვლოდ უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ხოლო, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მიაჩნია, რომ სასამართლოს ბრძანების შემდეგ, აღნიშნულ ქონებებზე აღარ არსებობს ყადაღის არსებობის საფუძველი, რადგან ეს ქონებები არ ექვემდებარება რეალიზაციას საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, აღარ არსებობს არანაირი საფუძველი ქონებაზე ყადაღის გასავრცელებლად, ვინაიდან დავალიანების უზრუნველყოფა ვერ მოხდება ცრუმაგიერი პირის იმ ქონების რეალიზაციით, რომელიც გადასახადის და საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებით მიღებული შემოსავლით ან გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების პერიოდში იქნა შეძენილი ან გამოყენებული გადასახადის გადახდისგან თავის არიდების მიზნით.
მომჩივანი ითხოვს ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 1 სექტემბრის №21-17/------- წერილის, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმებას და ქონებაზე ყადაღის მოხსნის შესახებ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 ნაწილების შესაბამისად:
1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;
გ) ქონებაზე ყადაღის დადება;
დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;
ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;
ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.
2. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
6. საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი და მე-9 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
9. ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში
ამავე კოდექსის 246-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
----------ის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება, ----------ის შპს „-------------“-ის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე, ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ხოლო ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 241-ე და 246-ე მუხლების შესაბამისად, შპს „-----------“-ის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, გამოცემულ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 26 ოქტომბრის №025-629 ბრძანება და დაყადაღებას დაექვემდებარა ცრუმაგიერი პირის, ------------ის საკუთრებაში არსებული ქონება. ამასთან, -------ის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რა შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა, რეალიზაციას დაექვემდებარა 2021 წლის 19 ნოემბრის №2021/025-629/3 ყადაღის აქტში აღრიცხული მხოლოდ MERCEDES BENZ GL450 მარკის ავტომობილი (სახ. ნომერი -----------).
მომჩივანი აღნიშნავს, რომ -------ის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვა დაყადაღებული ქონების რეალიზაციაზე (გარდა ავტომანქანა მერსედეს ბენც GL 450-ისა) იმ მოტივით, რომ ქონება შეძენილი იყო -------------ის მიერ შპს „-------------“-ის მიმართ საგადასახადო დავალიანების წარმოშობამდე ბევრად ადრე და ამ ქონებას დავალიანებასთან შემხებლობა არ ჰქონდა, შესაბამისად, ეს ქონება არ ექვემდებარება რეალიზაციას საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის ფარგლებში. ითხოვს დანარჩენ ქონებაზე ყადაღის მოხსნას.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას ვალის მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ---------ის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურს მხოლოდ ერთ ყადაღადადებულ ქონებაზე (MERCEDES BENZ GL450 მარკის ავტომობილი (სახ. ნომერი ---------------)) მიეცა რეალიზაციის უფლება და საფუძვლად ამ გადაწყვეტილებას უდევს ის გარემოება, რომ დანარჩენი ქონება, რაც ყადაღის ქვეშ არის მოქცეული შეძენილია უფრო ადრე, ვიდრე ცრუმაგიერ პირად სცნო მომჩივანი სასამართლომ. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა ---ის სააპელაციო სასამართლოს მიერ.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „დაყადაღებული ქონების ნაწილის რეალიზაციის შესახებ“ --------ის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 ივნისის ბრძანებით, გარდა MERCEDES BENZ GL450 მარკის ავტომობილისა (სახ. ნომერი ------), შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვა -------ის სახელზე რიცხულ დანარჩენ ყადაღადადებული ქონების რეალიზაციაზე. ამასთან, საბჭო მიუთითებს აღნიშნული ბრძანების სამოტივაციო ნაწილში დაფიქსირებულ სასამართლოს განმარტებაზე, რომ „აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინებისათვის მთელი თავისი ქონებით პასუხი უნდა აგოს უშუალოდ გადასახადის გადამხდელმა, ხოლო მისმა ცრუმაგიერმა პირმა - მხოლოდ იმ ქონებით, რაც გადასახადებისა და საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიებებისგან თავის არიდებით მიღებული შემოსავლით ან გადასახადების გადახდისგან თავის არიდების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების პერიოდშია შეძენილი, ან გამოყენებულია გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების მიზნით. სადავო უძრავი ქონებები ---------ის საკუთრებაში ირიცხება 2013 წლამდე და შესაბამისად, ამ ქონებებს, ასევე 2015 წელს ლეგალიზებულ იარაღს შპს „--------“-ის გადასახადებით დასაბეგრ ბრუნვებთან შემხებლობა არ აქვს.“
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და --------ის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 ივნისის ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის ქონებაზე, გარდა MERCEDES BENZ GL450 მარკის ავტომობილისა (სახ. ნომერი ----------), ყადაღის დადების ღონისძიებები ექვემდებარება გაუქმებას.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28178 ბრძანება;
3. დაევალოს შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტს მომჩივნის ქონებაზე ყადაღის დადების ღონისძიების გაუქმება გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 ივნისის ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.