გადაწყვეტილება №22885/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22885/2/2024
05 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------ -ის “ 17.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22885/2/2024).
დავის საგანი:
მხარეებს შორის განხორციელებული ოპერაციის გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში ბარტერულ ოპერაციად განხილვა და დღგ-ით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №006-670 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6518 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 343 541 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 174 504
დღგ - 130 294
საშემოსავლო გადასახადი - 44 210
ჯარიმა - 89 323
საურავი - 79 714
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 26.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით :
1. მომჩივანსა და შპს „------“-ს (ს/ნ „------“) შორის 2017 წლის 2 ივნისს გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მომჩივანმა შეიძინა 1 412 კვ.მ. უძრავი ქონება მდებარე ქ.„------“ „------“-ს ქუჩა მიმდებარედ (საკადასტრო კოდი „------“). ხელშეკრულების მიხედვით ნასყიდობის საფასური განისაზღვრა ერთ კვ.მ.-ზე 160 აშშ დოლარის ოდენობით, სულ 225 920 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის გადახდის ვადად განისაზღვრა ორი კალენდარული წელი. ამავე ხელშეკრულების მიხედვით, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებასთან ერთად დარეგისტრირდა გარკვეული ვალდებულებები, მათ შორის ვალდებულება საჯარო რეესტრში საკუთრების რეგისტრაციიდან არაუმეტეს 6 თვეში ნასყიდობის საგანზე ასაშენებელი შენობის 0 ნიშნულზე ამოყვანა.
აღნიშნულ პირებს შორის იმავე დღეს გაფორმებული იქნა ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ, რომლის მიხედვითაც გამყიდველმა მომჩივანმა აიღო ვალდებულება შპს„------“- ს საკუთრებაში გადასცეს მის მიერ ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთზე აშენებულ შენობაში ფართის 22,5% (გარდა ავტოფარეხების ფართისა). ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს„------“-ზე გადასაცემი ავტოფარეხების ფართი უნდა ყოფილიყო ავტოფარეხების საერთო ფართის 24%. მოცემული ნასყიდობის საფასური ერთ კვ.მ.-ზე განისაზღვრა 175 აშშ. დოლარით, ჯამში 287 927 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებების შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2017 წლის 26 ივნისს განხორციელდა საკუთრების (მიწის) რეგისტრაცია მომჩივანის სახელზე, სადაც ასევე პირობად განისაზღვრა ნასყიდობის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობების შესრულება.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და საგადასახადო კოდექსის მე-8, მე-14, მე-16, მე-18, 73- ე მუხლის და შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის გათვალისწინებით, განხორციელებული ოპერაცია განხილულ იქნა გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებულ ბარტერულ ოპერაციად და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 15 მარტს განხორციელდა მომჩივანის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელის სალაროში გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი 646 ლარის ოდენობით. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, მათ შორის გადამხდელის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების, ასევე ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ინფორმაციის ანალიზის შედეგად 2022 წლის 1 თებერვლისთვის სალაროს ბუღალტრული ნაშთი შეადგენს 36 557 ლარს. შემოწმებით, აღნიშნული თანხა (აგროსილი 45 697 ლარი) ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სახელფასო განაცემად. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №33423 ბრძანება და №006-670 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 3.07.2023 წლის №15632 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ფულადი სახსრების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის ნაწილში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეესწავლა/გამოეკვლია სადავო საკითხი, მ.შ. ტექნიკური უზუსტობები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 3.07.2023 წლის №15632 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭოს 3.11.2023 №20372/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საბჭომ განმარტა, რომ საგადასახადო ორგანოს პოზიცია ოპერაციის მონაწილე მხარეებს შორის, მიწის სანაცვლოდ გადაცემული ფართების გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებულ ბარტერულ ოპერაციად დაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტების გათვალისწინებით საჭიროებს დამატებით შესწავლას, ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მხარეებს შორის განხორციელებული ოპერაციის გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში ბარტერულ ოპერაციად განხილვა და დღგ-ით დაბეგვრის ნაწილში, გაუქმდა და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6518 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრის მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ზოგადი ანალიტიკური პროცედურების გათვალისწინებით, მხარეებს შორის განხორციელებული ოპერაციის გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში გაანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრისას გაითვალისწინოს ხანდაზმულ პერიოდში (2018 წელი) ფართების მიწოდების შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ით დაბეგრილი თანხა და აღნიშნულის საფუძველზე მოახდინოს შემოწმებით დადგენილი 2019-2021 წლების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6518 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-16 მუხლის პირველი ნაწილით, მე-8 მუხლის მე-10 ნაწილით, მე-18 მუხლის მე-10 ნაწილით, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-8 ნაწილით, 171- ე მუხლის პირველი ნაწილით, 2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილით და საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილით.
შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებასა და მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ საწარმოს მიერ, წლების მიხედვით, გაწეული ხარჯები თვითღირებულებით (შეძენილი საქონელი/მასალები, შეძენილი მომსახურება და გაცემული ხელფასები) შეადგენს მათ შორის ხანდაზმულ პერიოდში - 2017 წელს 1 165 373 ლარს (21%), 2018 წელს 1 681 959 ლარს (31 %), ხოლო არახანდაზმულ პერიოდში - 2019 წელს 2 284 702 ლარს (42 %), 2020 წელს 239 580 ლარს (4%) და 2021 წელს 130 427 ლარს (2%). ამასთან, შემოწმების მიერ გრძელვადიან კონტრაქტად დაკვალიფიცირების დროს გაანგარიშებული დასაბეგრი ბრუნვა (გადაცემული ფართების პროპორციულად) 2017 და 2018 წელს შეადგენს 594 908 ლარს, ხოლო 2018 წელს ფართების მიწოდებასთან დაკავშირებით, საწარმოს მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამურად შეადგენს 780 788 ლარს. საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის გათვალისწინებით, შემოწმების მიმდინარეობისას, ხანდაზმულობის ვადის გამო ვერ იქნა დაკორექტირებული (შემცირებული) გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვა, აღნიშნული სხვაობის შესაბამისად.
იმის გათვალისწინებით, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება, მომჩივანსა და შპს „------“- ს შორის გაფორმებულია 2017 წლის 2 ივნისს, რომლის თანახმადაც მომჩივანმა შეიძინა 1 412 კვ.მ. უძრავი ქონება და ამასთან აიღო ვალდებულება შპს „------“-ს საკუთრებაში გადასცეს მის მიერ ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთზე აშენებულ შენობაში ფართის ნაწილი, ასევე, აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებების შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2017 წლის 26 ივნისს განხორციელდა საკუთრების (მიწის) რეგისტრაცია მომჩივანის სახელზე, სადაც ასევე პირობად განისაზღვრა ნასყიდობის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობების შესრულება და ხელშეკრულება აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის პირობებს, შემოსავლების სამსახურს მართლზომიერად მიაჩნია მხარეთა შორის განხორციელებული, მიწის სანაცვლოდ ფართების გადაცემის ოპერაციის გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში ბარტერულ ოპერაციად კვალიფიკაცია.
საქმეში არსებული მასალების და მხარეთა არგუმენტების/პოზიციების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ სადავო საკითხი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრის ნაწილში საჭიროებდა დამატებით შესწავლას. კერძოდ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ზოგადი ანალიტიკური პროცედურების გათვალისწინებით, მხარეებს შორის განხორციელებული ოპერაციის გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში გაანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრისას გაითვალისწინოს ხანდაზმულ პერიოდში (2018 წელი) ფართების მიწოდების შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ით დაბეგრილი თანხა და აღნიშნულის საფუძველზე შემოწმებით დადგენილი 2019-2021 წლების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ მხარეთა შორის პრაქტიკულად გარიგება დასრულდა 2017-2018 წლებში, ანუ უძრავი ქონების (მიწის) შეძენა მოხდა 2017 წლის ივნისის თვეში, ხოლო 2018 წლის ივნისში მოხდა შპს „------“-ზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში, აშენებული ფართების მიწოდება, რაზეც შესაბამის პერიოდში გამოწერილ იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და დაბეგრილ იქნა სრულად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არც ყოფილა გრძელვადიანი კონტრაქტი, მაგრამ მაინც რომც ჩაითვალოს ასეთად, ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები სრულად დასრულდა 2017-2018 წლებში. 2017 წელს მომჩივანს არ უფიქსირდებოდა არანაირი შემოსავალი ან/და ხარჯი, ხოლო 2018 წელში კონტრაქტი დასრულებულია, მაშასადამე 2017 წელში გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით (ნულოვანი ხარჯის გამო) დასაბეგრი ბაზა არ არსებობს, ხოლო 2018 წელში კონტრაქტი დასრულდა. დღგ-ით დასაბეგრი ბაზა შეადგენს 287 927 აშშ დოლარს, შემმოწმებლების მხრიდან აღნიშნული დასაბეგრი ბაზა არასდროს გამხდარა სადავო, მითუმეტეს ბიუჯეტს ზიანი არ მიდგომია, ვინაიდან ორივე კომპანია წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელს და ერთი თუ დაარიცხავდა მეორე ჩაითვლიდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დღგ-ის ნაწილში თანხების დარიცხვა არ არის სამართლიანი, აქედან გამომდინარე, მოითხოვს არასწორად დარიცხული თანხების კორექტირებას (შემცირება).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტი არის კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე, მშენებლობაზე ან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში.
შესაბამის პერიოდში მოქმედი კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა: საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა:
ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად;
ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი.
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტების მიმართ დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმები.
შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6518 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრის მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ზოგადი ანალიტიკური პროცედურების გათვალისწინებით, მხარეებს შორის განხორციელებული ოპერაციის გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში გაანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრისას გაითვალისწინოს ხანდაზმულ პერიოდში (2018 წელი) ფართების მიწოდების შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ით დაბეგრილი თანხა და აღნიშნულის საფუძველზე, მოახდინოს შემოწმებით დადგენილი 2019-2021 წლების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6518 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გასაზიარებელია აუდიტის დეპარტამენტის და შემოსავლების სამსახურის პოზიცია მხარეთა შორის განხორციელებული, მიწის სანაცვლოდ ფართების გადაცემის ოპერაციის გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში ბარტერულ ოპერაციად კვალიფიკაციასთან დაკავშირებით და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი მიიჩნევს,რომ დღგ-ის ნაწილში თანხების დარიცხვა არ არის სამართლიანი, აქედან გამომდინარე, მოითხოვს არასწორად დარიცხული თანხების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6518 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრის მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ზოგადი ანალიტიკური პროცედურების გათვალისწინებით, მხარეებს შორის განხორციელებული ოპერაციის გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში გაანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრისას გაითვალისწინოს ხანდაზმულ პერიოდში ფართების მიწოდების შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ით დაბეგრილი თანხა და აღნიშნულის საფუძველზე მოახდინოს შემოწმებით დადგენილი 2019-2021 წლების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6518 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ გასაზიარებელია აუდიტის დეპარტამენტის და შემოსავლების სამსახურის პოზიცია მხარეთა შორის განხორციელებული, მიწის სანაცვლოდ ფართების გადაცემის ოპერაციის გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში ბარტერულ ოპერაციად კვალიფიკაციასთან დაკავშირებით და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
18,73(9),160,161.