გადაწყვეტილება №24958/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.04.2025
№ დოკუმენტი 24958/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№24958/2/2025

10 აპრილი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.04.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ის“ 21.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24958/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 12.11.2024 წლის №23957 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 დეკემბრის №081-254 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 თებერვლის №3309 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

343 546.76 ლარი.

მათ შორის:

მოგების გადასახადი - 177 549

ჯარიმა - 88 776

საურავი - 77 221.76

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ივლისის №16695 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს 2021 წლის 31 დეკემბერს ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების მიხედვით, როგორც მომწოდებლებზე გადახდილი ავანსები (ანგარიში 1480), ერიცხება დებიტორული მოთხოვნა 918 902 ლარი (320 432 აშშ დოლარი), რომელიც უკავშირდება საქონლის (კოქსის) მომწოდებელი არარეზიდენტი კომპანიისთვის გადახდილ თანხას. მომჩივანმა წარადგინა წერილი, რომლის მიხედვითაც არარეზიდენტი კომპანია „---“ აღიარებს 320 432 აშშ დოლარის ვალდებულებას შპს „---ის“ მიმართ. 2020 წლის აგვისტოს თვიდან გადასახადის გადამხდელს საქონლის შეძენა-რეალიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობა აღარ განუხორციელებია, მათ შორის, მთელს შესამოწმებელ პერიოდში ფულადი ან\და სასაქონლო ოპერაციები არ ხორციელდება ზემოხსენებულ არარეზიდენტ კომპანიასთან.

შემოწმების მიმდინარეობისას ზემოაღნიშნულის და იმის გათვალისწინებით, რომ არ განხორციელდა საქონლის მოწოდება ან/და თანხის უკან დაბრუნება გონივრულ ვადაში, აღნიშნულ ოპერაციას, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, შეეცვალა კვალიფიკაცია და ჩაითვალა 2021 წლის 31 დეკემბერს გაცემულ სესხად. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. არარეზიდენტ კომპანიაზე სესხის გაცემად დაკვალიფიცირებულ თანხასთან დაკავშირებით, უსასყიდლოდ გაწეულ ფინანსურ მომსახურებაზე გაანგარიშდა ყოველთვიური სარგებელი (ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთის მიხედვით), რომელიც საგადასახადო კოდექსის 97-ე და 983 მუხლების მიხედვით დაიბეგრა მოგების გადასახადით. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ოქტომბრის №25428 ბრძანება და 13 ოქტომბრის №081-261 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 309 626.21 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 30 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 29 დეკემბრის №33946 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 23.01.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 4.04.2024 წლის №22042/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33946 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 30.04.2024 წლის №9989 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 30.04.2024 წლის №9989 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 14.05.2024 წლის დასკვნა, 21.05.2024 წლის №11610 ბრძანება და №081-98 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 18 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 11 ივლისის №16442 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 30.07.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 20.09.2024 წლის №23598/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 ივლისის №16442 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 12.11.2024 წლის №23957 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 12.11.2024 წლის №23957 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2024 წლის დასკვნა, 25.12.2024 წლის №27286 ბრძანება და №081-254 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 5 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 25 თებერვლის №3309 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმების მიერ გადამხდელის მონაწილეობით განხილულ იქნა საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა მისი არგუმენტი, რომ ბუღალტრის შეცდომის გამო წარმოიშვა დებიტორული მოთხოვნა, კონკრეტულად ვერ იქნა დასაბუთებული რომელი დოკუმენტით ან/და რომელი ბუღალტრული გატარების გამო წარმოიშვა არასწორი შედეგი. შემოწმების მიერ ასევე გათვალისწინებულ იქნა ის გარემოებაც, რომ შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა „---“-ს წერილები, სადაც „---“ აღიარებს 320 432.00 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ განხორციელდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირება. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს. საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განხილვის დროს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა არაერთი ახსნა-განმარტება. მათ შორის, გადამხდელის და „---“-ს განმარტებითი ბარათი, სადაც დეტალურად აღწერილი იქნა სამეურნეო ოპერაციის შინაარსი, განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების შესახებ დეტალური ინფორმაცია თარიღების მიხედვით, განხორციელდა ნაშთების გამოყვანა და მათი დაფარვის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ყველა განმარტებით ბარათს თან ახლდა შესაბამისი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ხელშეკრულებები და შედარების აქტები, დაკავშირებული კომპანიების ბრუნვები (ამონაწერი პროგრამიდან), შედარების აქტები. დასკვნაში კი ფიქსირდება თითქოს არ არის გარემოებები და არგუმენტები მასზედ, რომ ბუღალტრის შეცდომის გამო წარმოიშვა დებიტორული მოთხოვნა, კონკრეტულად ვერ იქნა დასაბუთებული, რომელი დოკუმენტით ან/და რომელი ბუღალტრული გატარების გამო წარმოიშვა არასწორი შედეგი. მომჩივნის მიერ განხორციელდა შეცდომის ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვა და დაზუსტდა ბუღალტრული პროგრამა, რის შესახებაც საჩივარშიც იქნა აღნიშნული, რომ მოთხოვნისთანავე წარმოადგენდნენ პროგრამის ასლს, რაც სამწუხაროდ მხედველობაში არ იქნა მიღებული. რაც პირველადი დოკუმენტაციით ვლინდება, არის ის ფაქტი, რომ 1.07.2019 წლის მდგომარეობით ვალდებულება პირვანდელ პროგრამაში იყო დაფიქსირებული 1 525 163,2 აშშ დოლარი, ნაცვლად 1 845 622,55 აშშ დოლარისა, სხვაობა - 320 459,35 აშშ დოლარი. სხვა რა გზით არის შესაძლებელი შეცდომის დადასტურება? არ იზიარებს აუდიტორის მიერ გამოთქმულ შენიშვნებს და მოსაზრებებს და შემოსავლების სამსახურის პოზიციას შემდეგ გარემოებათა გამო: ---- არის საწარმო, დაფუძნებული არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ (უკრაინის მოქალაქის), რომლის ხელმძღვანელობა ფაქტობრივად არ იმყოფება საქართველოში და შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო ვერ ტოვებს უკრაინის ტერიტორიას, ამიტომაც პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის წარდგენა ხდებოდა მხოლოდ ელექტრონული ფორმით. საგადასახადო შემოწმების დასრულების შემდეგ მოხდა გადამხდელის ---- -სთან ურთიერთობების დეტალური შესწავლა. მომჩივნის მიერ წარმოდგენილი იქნა მოთხოვნა-ვალდებულებების წარმოშობასთან დაკავშირებული (320 432$) სრული ბრუნვა, პირველადი დოკუმენტაციის ჩათვლით, ასევე შესაბამისი ხელშეკრულებები და შედარების აქტები, რაც არასაკმარისად ჩაითვალა (უცნობი მიზეზით).

წარმოდგენილ დოკუმენტებში ასევე არის ----ს მიერ ხელმოწერილი შედარების აქტი, რომელშიც აღნიშნულია რაიმე მოთხოვნებისა და ვალდებულებების არარსებობა 31/12/2019 წლის მდგომარეობით. მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნის მიერ იყო მიწოდებული ყველა დოკუმენტი, ანგარიშსწორებების შედარების აქტები და საჭირო განმარტებები ----სთან დადებული 25/07/2018 წლის №NBR-2018/1 კონტრაქტთან დაკავშირებით, აუდიტორული შემოწმება ამტკიცებს, რომ კომპანია --- LLC-ს მაინც აქვს გაცემული ავანსი კომპანია ---.-სთვის თანხაზე 320 432$. თუმცა, ორივე კომპანია ადასტურებს, რომ ამ კონტრაქტთან დაკავშირებით ყველა მოთხოვნა და ვალდებულება შესრულებულია და მხარეებს ერმანეთის მიმართ არავითარი პრეტენზია არ გააჩნიათ. წარმოადგენს დეტალურ ინფორმაციას (განმარტებებს და შედარების აქტებს -დეტალური ბრუნვებით). განმარტება №1 თანხაზე 320 432$: კომპანია ---- -ს (გამყიდველი) და კომპანია ----ს (მყიდველი) შორის დაიდო 25/07/2018 წლის №NBR-2018/1 კონტრაქტი ნახშირის პროდუქციის მიწოდებაზე. ---- -მ გადაუხადა კომპანია ----ს 984 112,00$, მათ შორის: 1.10.2018 – 70 000,00$ 22.12.2018 – 450 432,00$ 22.12.2018 – 463 680,00$ ---მ ----ს მისამართით მიაწოდა 463 680,00$ თანხის საქონელი, თანახმად 25.07.2018 წლის №25-1 ინვოისისა. ვინაიდან ----მა არ განახორციელა ნახშირის პროდუქციის შემდეგი პარტიის მიწოდება, ----მა დაუბრუნა ---ს წინასწარ გადახდილი თანხა 520 432,00$ ოდენობით შემდეგი ტრანშებით: 24.12.2018 – 70 000,00$ 24.12.2018 – 130 000,00$ 10.04.2019 – 320 432,00$ 10.04.2019 წელს ----ს მიერ შესრულებული გადახდა - 320 432,00$ ოდენობით ---ს სასარგებლოდ არ წარმოადგენს გაცემულ ავანსის თანხას, არამედ წარმოადგენს ----ს მიერ ---.-სთვის წინასწარ გადახდილი თანხის დაბრუნებას, რასაც ადასტურებენ.

ამრიგად, ----სა და ---ს შორის 25/07/2018 წლის №NBR-2018/1 კონტრაქტთან დაკავშირებული ურთიერთანგარიშსწორება გასწორდა. ამ კონტრაქტთან დაკავშირებით მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ.

განმარტება №2 თანხაზე 320 459,35$ - ----სა და ----ს შორის ექსპედირებისა და 6.07.2018 წლის №BRN-2018-1 პროდუქციის მიწოდების ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ანგარიშსწორების თაობაზე: ---სა და ----ს შორის ურთიერთობების პირველადი დოკუმენტების ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ 2019 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ---ს საბუღალტრო აღრიცხვაში ----ის ვალის თანხა ---.-ს მიმართ ექსპედირების ხელშეკრულებებიდან გამომდინარე უნდა ასახულიყო 1 845 622,55$, ნაცვლად 1 525 163,2$-სა. ---ის საბუღალტრო აღრიცხვაში არსებული 320 459,35$ სხვაობა გამოწვეული იყო იმით, რომ ---ის საბუღალტრო აღრიცხვაში ზოგიერთი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე გატარდა არასწორი თანხები. დაწვრილებით ეს გადმოცემულია განმარტებითი ბარათის დანართ 1-ში, რომელიც წარმოადგენს საჩივრის განუყოფელ ნაწილს. გარდა ამისა, ---ს 6.07.2018 წლის №BRN-2018-1 პროდუქციის მიწოდების ხელშეკრულებიდან გამომდინარე გააჩნდა დავალიანება კომპანია ---ს მიმართ თანხაზე 1 764 404,07$ და ეს სწორად არის ასახული ---ს საბუღალტრო აღრიცხვაში. კომპანია ----ს მიმართ ----ს ვალის სრული ოდენობა შეადგენდა 3 610 026,62$. გარდა ამისა,----სა და ----ს შორის დაიდო 18.07.2019 წლის №18/07/B-N ვალის გადაცემის ხელშეკრულება თანხაზე 3 609 999,27$.

ამრიგად, კომპანია ---.-ს წარმოეშვა ვალდებულება (დავალიანება) ----ს მიმართ თანხაზე 3 609 999,27$, თანახმად 18.07.2019 წლის №18/07/B-N ვალის გადაცემის ხელშეკრულებისა. მხარეებმა დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით 30.08.2019 წელს ანგარიშსწორება მოახდინეს ვალდებულებების შეწყვეტით, ანუ შემხვედრი ვალდებულებების ურთიერთგაქვითვის გზით თანხაზე 3 609 999,27$. ეს ანგარიშსწორება ასახულია 31.12.2019 წლის შედარების აქტში. ----ს კომპანია --- მიმართ რჩება ვალი 27,35$ ოდენობით და ეს ვალი დადასტურებულია 31.12.2019 წლის და 1.01.2022 წლის შედარების აქტებით. განმარტება №3,----ის კომპანია ----სთან და კომპანია ----სთან ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით: 18.07.2019 წლის №18/07/B-N ვალის გადაცემის ხელშეკრულების თანახმად, თანხაზე 3 609 999,27$, კომპანია --- გახდა მოვალე კომპანია ----ს მიმართ. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების გარდა, კომპანია ----ს ასევე გააჩნდა ვალდებულებები ----ს მიმართ 17.07.19 წლის №17/07/G-N ვალის გადაცემის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხაზე 42 653$ და 14.06.2018 г. პროდუქციის მიწოდების №ZN01-ს კონტრაქტიდან გამომდინარე, რომელშიც --- არის გამყიდველი, ხოლო --- – მყიდველი. 4/02/19 წლის მდგომარეობით ვალის თანხა შეადგენს 3 527 942,56$. (თანხა დადასტურებულია 4.02.19 წლის შედარების აქტით). კომპანია ----ს ვალდებულების საერთო ოდენობა კომპანია ----ს მიმართ შეადგენდა 7 180 594,83$-ს (ეს არის სამი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხა: 3 609 999,27$ + 42 653$ + 3 527 942,56$). თავის მხრივ, კომპანია ---ს (პირველად მოვალეს) გააჩნდა დავალიანება კომპანია ----ს (კრედიტორის) მიმართ 16.03.18 წლის №16/03 ხელშეკრულებიდან გამომდინარე. დაიდო ვალის გადაცემის ხელშეკრულებები საერთო თანხაზე 6 951 794,83$, რომელთა თანახმადაც კომპანია ----ს წინაშე ახალი მოვალე კომპანია ----ს (პირველადი მოვალე) ნაცვლად გახდა კომპანია ---.

ზემოთხსენებული ვალდებულებები სრულად შესრულდა ---ს მიერ 2019 წელს ---- LLC-სთვის შესრულებული გადახდებით (იხ. სააღრიცხვო ბარათი): 1 - 18.04.2019 წლის ვალის გადაცემის ხელშეკრულება №18/4 – 3 527 942,56$, მაგრამ შემდეგ 19.04.2019 წლის დამატებითი შეთანხმებით თანხა შეიცვალა და განისაზღვრა 3 299 142,56$. -----სთვის 19.04.2019 წ. გადახდილი 498 570$, 23.04.2019 წ. - 501 430$, 25.04.2019 წ. - 168 000$, 25.04.2019 წ. - 510 500$, 13.05.2019 წ. - 642 000$, 16.05.2019 წ. - 620 000$, 16.06.2019 წ. - 331 000$, 13.08.2019 წ. - 27 642,56$. 2 - 20.05.19 წ. ვალის გადაცემის ხელშეკრულება №20/05/BR – 750 000$. ----LLCსთვის 23.05.2019 წელს გადახდილია 750 000$. 3 – 31.05.19 წ. ვალის გადაცემის ხელშეკრულება №31/05/BR – 1 018 000$. ----” LLC-სთვის 31.05.2019 წ. გადახდილია 1 018 000$. 4 – 7.06.19 წ. ვალის გადაცემის ხელშეკრულება №07/06/BR – 390 000$. ---- LLCსთვის 07.06.2019 წ. გადახდილია 300 000$ და 28.06.2019 წ. - 90 000$. 5 – 24.06.19 წ. ვალის გადაცემის ხელშეკრულება №24/06/BR – 300 000$. ----LLCსთვის 28.06.2019 წ. გადახდილია 300 000$. 6 – 10.07.19 წ. ვალის გადაცემის ხელშეკრულება №10/07/BR – 565 000$. ----სთვის 11.07.201წ. გადახდილია 9 565 000$. 7 - 16.06.19 წ. ვალის გადაცემის ხელშეკრულება №16/07/BR-GL – 629 652,27$. ---- LLC-სთვის 22.07.2019 წ. გადახდილია 100 000$, 13.08.2019 წ. - 367 652,27$ და 16.08.2019 წ. - 162 000$. ამრიგად, ----მ სრულად გადაიხადა თანხები, რომელიც მართებდა -----ს მიმართ. ასევე, კომპანია ---მ (უფლების დამთმობმა) კომპანია ----ს ვალი მის მიმართ 228 800$ ოდენობით დაუთმო კომპანია ----ს, თანახმად 25.06.19 წლის ვალის დათმობის ხელშეკრულებისა №2506/ZS/2019. კომპანია ----მ 11.07.2019 წელს გადაიხადა თანხა 228 800$ ოდენობით კომპანია ---ს სასარგებლოდ, თანახმად 25.06.19 წლის უფლების დათმობის ხელშეკრულება №2506/ZS/2019-სა. ანგარიშსწორება მხარეებს შორის გასწორებულია სრული მოცულობით. დარჩენილია მხოლოდ ----ს ვალი კომპანია ---ს მიმართ 27,35$ ოდენობით და ეს ვალი დადასტურებულია 31.12.2019 წლის და 1.01.2022 წლის შედარების აქტებით, რომლებსაც გიგზავნით. შენიშვნა: განხილვის დროს მოთხოვნისთანავე წარმოადგენდნენ ცვლილებაშეტანილ ბუღალტრულ პროგრამასაც (ORIS).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: შემოსავლების სამსახურის 12.11.2024 წლის №23957 ბრძანებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე, საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით განხილულ იქნა საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა მისი არგუმენტი, რომ ბუღალტრის შეცდომის გამო წარმოიშვა დებიტორული მოთხოვნა, კონკრეტულად ვერ იქნა დასაბუთებული რომელი დოკუმენტით ან/და რომელი ბუღალტრული გატარების გამო წარმოიშვა არასწორი შედეგი, ვერ იქნა განმარტებული შეცდომის საფუძველი. ასევე გათვალისწინებულია ის გარემოებაც, რომ შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელმა წარადგინა „---“-ს წერილები, სადაც „---“ აღიარებს 320 432.00 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანებას. შესაბამისად, დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი არ არსებობს. .

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ განხორციელდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირება. სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2025 წლის №26497-21-14 წერილი, სადაც მითითებულია, რომ შპს „---ს“ 31.12.2021 წელს ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების მიხედვით, როგორც მომწოდებლებზე გადახდილი ავანსები (ანგარიში 1480), ერიცხება დებიტორული მოთხოვნა 918 902 ლარი (320 432 აშშ დოლარი), რომელიც უკავშირდება საქონლის (კოქსის) მომწოდებელი არარეზიდენტი კომპანიისთვის წინასწარ გადახდილ თანხას. მომჩივანმა წარადგინა წერილი, რომლის მიხედვითაც არარეზიდენტი კომპანია „---" აღიარებს 320 432 აშშ დოლარის ვალდებულებას შპს „---ის“ მიმართ. 2020 წლის აგვისტოს თვიდან გადასახადის გადამხდელს საქონლის შეძენა-რეალიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობა აღარ განუხორციელებია, მათ შორის, მთელ შესამოწმებელ პერიოდში ფულადი ან\და სასაქონლო ოპერაციები არ ხორციელდება ზემოხსენებულ არარეზიდენტ კომპანიასთან. შემოწმების მიმდინარეობისას ზემოაღნიშნულის და იმის გათვალისწინებით, რომ არ განხორციელდა საქონლის მოწოდება ან/და თანხის უკან დაბრუნება გონივრულ ვადაში, აღნიშნულ ოპერაციას შეეცვალა კვალიფიკაცია და შემოწმების მიერ განხილულ იქნა 31.12.2021 წელს გაცემულ სესხად. შემოწმების პერიოდში შესწავლილია არარეზიდენტი კომპანიების ბუღალტრული აღრიცხვის ბარათები 2018 წლიდან, მათ შორის, ----ს ბარათის მოძრაობა.

დავების ეტაპზე გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ----ს 320 432 აშშ დოლარი ავანსის ნაცვლად წარმოადგენდა ავანსად გადახდილი თანხის დაბრუნებას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იკვეთება შემდეგი გარემოება: ---თან მომჩივანი შემოწმების წინა პერიოდში ახორციელებდა როგორც საქონლის მიწოდებას, ისე შეძენას, ამასთან დაკავშირებით ხდებოდა თანხების ურთიერთშორის გადარიცხვა. 310 432 აშშ დოლარი მართლაც გადარიცხულია შპს „---ის“ მიერ როგორც გადმორიცხული თანხის უკან დაბრუნება და ბუღალტრულად ეს თანხა უკვე გატარებულია, მაგრამ ახალი დებიტორული დავალიანება წარმოადგენს სხვა არარეზიდენტი კომპანიისგან დებიტორული მოთხოვნის გადატანას ----ს ბარათზე (ურთიერთშეთანხმების საფუძველზე). ის არარეზიდენტი კომპანია აწვდიდა საქონელს, მაგრამ მასზე გადახდილი თანხა უფრო მეტს შეადგენდა, ვიდრე მოწოდებული საქონელი, რამაც წარმოშვა დებიტორული დავალიანება. გადასახადის გადამხდელი განმარტავს მხოლოდ ერთ ეპიზოდს, თუმცა მთლიანი სურათის შესწავლით ეს დებიტორული მოთხოვნა არ ბათილდება. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 12.11.2024 წლის №23957 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 12.11.2024 წლის №23957 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის№23957 ბრძანებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის №23957 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, რომელის შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 5 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 25 თებერვლის №3309 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 12.11.2024 წლის №23957 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

304, 1, გ.