გადაწყვეტილება №22324/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22324/2/2024
15 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 21.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22324/2/2024).
დავის საგანი:
ყალბი ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის საფუძველზე დარიცხული სანქცია.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2023 წლის №081-309 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 31.01.2024 წლის №1535 ბრძანება.
დარიცხული თანხა: თანხა: 1518 ლარი.
მათ შორის:
დღგ - (-1518)
ჯარიმა - 3036
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 ოქტომბრის №26409 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, 2020 წლის მაისი თვეში გამოწერილი ანგარიშფაქტურის ეა---------- დეკლარაციაში ასახვის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 6 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში საიდანაც ირკვევა, რომ:
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული მასალების შესწავლისას დადგინდა, რომ აღნიშნული ელექტრონული ანგარიშფაქტურა არის ყალბი. შესაბამისად, იმ საანგარიშო პერიოდში გამოწერილი ანგარიშფაქტურით განსაზღვრული დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დაექვემდებარა შემცირებას. ამასთან, მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებული ჯარიმა, საგადასახადო ანგარიშფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200%-ის ოდენობით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 დეკემბრის №31053 ბრძანება და 12 დეკემბრის №081-309 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 31 იანვრის №1535 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საგადასახადო კოდექსის 160-ე, 161-ე, 175-ე, 43-ე, 282-ე მუხლებზე და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 50-ე მუხლზე, ამასთან მიუთითებს საგამოძიებო სამსახურის წარმოდგენილი მასალების შესწავლისას დადგენილ გარემოებაზე, რომ აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურა არის ყალბი.
ამასთან, განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს.
შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძვლები.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანსა და სს „----------“ აქვთ გაფორმებული ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები, შესრულებული სამუშაოების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, განხორციელდა საგადასახადო ანგარიშფაქტურების მიწოდება და დღგ-ის დეკლარაციებში ასახვა. ამასთან, დამკვეთის მხარის მიერ დროულად არ ხდებოდა დოკუმენტების მიწოდება, ანალოგიური პრობლემა იყო გადახდების ნაწილში, ამ ყველაფერმა კი გამოიწვია გარკვეული გაუგებრობა.
ხელშეკრულების და მიღება-ჩაბარების ქსეროასლების ნაწილი მიწოდებულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ---------- სამმართველოში საქმის გამომძიებლისთვის 2022 წლის მარტში. ასევე, განცხადებაა შეტანილი №081-309 საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების მიზნით საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ---------- სამმართველოში საქმის გამომძიებელთან. რაზეც ჯერ პასუხი არაა.
აქვს მზაობა აღნიშნულ საქმის დეტალურად შესწავლისთვის. მეტრო ქონსტრაქშენის პოზიცია მიმართულია მათი ავტორიტეტის შებღალვისთვის. ამასთან, შემოსავლების სამსახურის პოზიციაზე, რომ გადამხდელი ვერ უთითებს და არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულებები არამართლზომიერ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ მასთან არ განხორციელებულა არანაირი სახის კომუნიკაცია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი, საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
2. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია საგადასახადო ანგარიშფაქტურა გამოწეროს და მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ან გაწეული/გასაწევი მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს.
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები ან სხვა).
აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაცის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოდგენილი მასალების შესწავლისას, დადგინა რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2020 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში გამოწერილი ეა---------- ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურა, რომლის მიხედვითაც განხორციელებულმა დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 8 436 ლარი არის ყალბი.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ანგარიშფაქტურების სიყალბე დადგენილია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ.
მომჩივანი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ გარემოებას, რომლითაც ეჭქვეშ დააყენებდა საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვას, ყალბ ანგარიშ-ფაქტურასთან მიმართებაში. მისი არგუმენტები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ დარიცხვა არამართლზომიერად განხორციელდა. ამასთან, არ აქვს წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო დარიცხვა განხორციელებულია მართლზომიერად. შესაბამისად, არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ყალბი ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის საფუძველზე დარიცხული სანქცია.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაცის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოდგენილი მასალების შესწავლისას, დადგინა რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2020 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში გამოწერილი ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურა, რომლის მიხედვითაც განხორციელებულმა დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 8 436 ლარი არის ყალბი. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ანგარიშფაქტურების სიყალბე დადგენილია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ. მომჩივანი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ გარემოებას, რომლითაც ეჭქვეშ დააყენებდა საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვას, ყალბ ანგარიშ-ფაქტურასთან მიმართებაში. მისი არგუმენტები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ დარიცხვა არამართლზომიერად განხორციელდა. ამასთან, არ აქვს წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო დარიცხვა განხორციელებულია მართლზომიერად. შესაბამისად, არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 282(3).