გადაწყვეტილება №23615/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23615/2/2024
06 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი:"--------" (ს/ნ "--------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------"-ს 1.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23615/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2.05.2024 წლის №10929 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2024 წლის №006-319 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.07.2024 წლის №16550 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 449 076 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 232 439
დღგ - 100 568
საშემოსავლო გადასახადი - 131 871
ჯარიმა - 116 220
საურავი - 100 417
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით:
1. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების დასაწყისისათვის წარადგინა აღრიცხვის პროგრამა ორისი, სადაც საქონლის ჩამოწერა ხორციელდებოდა პერიოდული მეთოდით, გადამხდელის ახსნაგანმარტებით პერიოდის ბოლოებისათვის ატარებდა ინვენტარიზაციას და აღნიშნული შედეგების მიხედვით ახორციელებდა ბუღალტრულად ნაშთის დატოვებას (ასევე წერილობით წარმოდგენილ იქნა ახსნა განმარტება, პერიოდის ბოლოს არსებული სმფ-ის ნაშთის შესახებ, სადაც ასევე აღნიშნავდა რომ რეალიზაციას ახორციელებდა დოკუმენტით). შეძენა-რეალიზაციის შესწავლისას გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სულ შესამოწმებელ პერიოდზე რეალიზაციით მიღებული შემოსავალი დეკლარირებულია 99% დოკუმენტით, ხოლო 1% არაიდენტიფიცირებად მყიდველებზე რეალიზაციით მიღებული შემოსავალი, ამასთან შეძენა რეალიზაციის შესწავლით (ვინაიდან 99% დოკუმენტით რეალიზაცია აქვს გადამხდელს) გაირკვა, რომ პერიოდის ბოლოსთვის უნდა დარჩენოდა იმაზე მეტი ნაშთი ვიდრე გადასახადის გადამხდელის მიერ იქნა ინფორმაცია მოწოდებული.
აღნიშნული ინფორმაციის გადასახადის გადამხდელისთვის მიწოდების შემდგომ, გადამხდელმა განახორციელა ბუღალტრული აღრიცხვის კორექტირება და საქონელი ჩამოწერა დოკუმენტების მიხედვით, ამასთან შედეგებიდან გამომდინარე გაზარდა პერიოდის ბოლოებისათვის ნაშთები, იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მიერ პერიოდის ბოლოებისათვის დაფიქსირებული ნაშთები პირვანდელი მოწოდებული ინფორმაციით წარმოადგენდა მისივე ინვენტარიზაციის შედეგებს, ამასთან იგივე ნაშთებს აფიქსირებს წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებებში. იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მიერ 2023 წლის მარტის მოგების დეკლარაციაში 2022 წლის ბოლოს არსებული სმფ-ების ნაშთი დაფიქსირებულია მცირე ნაშთი, პერიოდის ბოლოებისათვის გათვალისწინებულ იქნა წარმოდგენილ ფინანსურ ანგარიშგებებში დაფიქსირებული ნაშთები და აღნიშნულ ნაშთებსა და ბუღალტრულ ნაშთს შორის სხვაობა საგადასახადო კოდექსის 159-ე 160-ე და 163-ე მუხლის შესაბამისად ჩაითვალა რეალიზაციად მისივე დოკუმენტით რეალიზაციის ფასნამატით (2020 წლის - 7,46%; 2021 წელს - 11,89; ხოლო 2022 წელს - 13,74) და აღნიშნული რეალიზაციით მიღებული შემოსავლით გაიზარდა დღგით დასაბეგრი ბრუნვები. გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადის თანხა და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. შემოწმების შედეგად დამატებით გამოვლენილი შემოსავალი, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 7.07.2023 წლის №16418 ბრძანება და №006-342 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 18.10.2023 წლის №25813 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 9.02.2024 წლის №21251/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 18.10.2023 წლის №25813 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 2.05.2024 წლის №10929 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით (საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით):
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით (შემოწმებით გაანგარიშებული შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა), დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით განეხორციელებინა არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2.05.2024 წლის №10929 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 18 ივნისის დასკვნა, რომლის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების შედეგებად შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა, რაზეც გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 20 ივნისის №14508 ბრძანება და №006-319 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 12.07.2024 წლის №16550 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით.
საგადასახადო დავის პირველ ეტაპზე გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმებოდა საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას, შემოწმების მიერ დადგენილ ფასნამატს და გაანგარიშებული შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. მიუთითებდა, რომ საწარმო რეალიზაციას სრულად ახორციელებს მხოლოდ დოკუმენტით, კერძოდ, საქონლის 99%-ის რეალიზაცია განხორციელებულია სასაქონლო ზედნადებებით. კომპანია არ არის დაჯარიმებული საქონლის უსაბუთო ტრანსპორტირებისთვის ან საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობაზე და ამასთან, შემოსავლების სამსახურს არ განუხორციელებია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, შესაბამისად, გაუგებარია დღგ-ის ბრუნვის დაუსაბუთებელი ზრდა. ამასთან, დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი აუდიტის დეპარტამენტს დადგენილი აქვს მკვეთრად განსხვავებული რეალურ ფასნამატთან შედარებით.
ზემოაღნიშნული არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 მაისის №10929 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აღნიშნულის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს ასევე დაევალა, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მხრიდან აუდიტის დეპარტამენტში არ იქნა წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, შესაბამისად, სათანადო საფუძვლის არარსებობის გამო, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები ასევე არ არის წარმოდგენილი საჩივართან ერთად.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურში დაფიქსირებულ იქნა 2023 წლის 28 ივლისის საჩივარში დაფიქსირებული მოთხოვნის მართლზომიერების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელიც მთლიანად ეყრდნობოდა გადამხდელის დოკუმენტურ შეძენასა და რეალიზაციას. აუდიტის დეპარტამენტი თავის გამოცემულ აქტში ამტკიცებდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაშთი შეადგენდა დაახლოებით 150 000 ლარს, ხოლო შემოსავლების სამსახურში განხილვაზე მის მიერ წარდგენილი გაანგარიშების მიხედვით, რომელიც დავის მიმდინარეობისას უკვე გადასცა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელს, თვალსაჩინოდ იყო ილუსტრირებული საქონლის მოძრაობა, რაც ამტკიცებდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოებული გაანგარიშების მცდარობას.
შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას დააფიქსირა და კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაუსვას, რომ გადამხდელის მოთხოვნა დაფუძნებული იყო მხოლოდ და მხოლოდ გადამხდელის მიერ მიღებულ და გამოწერილ ზედნადებებს, რომლის ანალიზი და ილუსტრირებაც მოვახდინეთ საბჭოზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიუღებელია აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 მაისის №10929 გადაწყვეტილების შედეგად გადამხდელის მიმართ განხორციელებული გაანგარიშების არ გადახედვის ნაწილში, იმ მოტივით რომ გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია დამატებით დოკუმენტაცია.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის დარღვევაზე და აღნიშნავს, რომ:
• 2024 წლის 2 მაისის №10929 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შეუსრულებლობად არ უნდა ჩაითვალოს ის, რომ გადამხდელმა არ ჩამოტვირთა „RS.GE“-დან ზედნადებები და არ გაუგზავნა აუდიტის დეპარტამენტს.
• გადამხდელის მტკიცებულებები გაანგარიშების სახით ნაცვლად 2024 წლის 2 მაისის N10929 ბრძანების გამოცემიდან 15 დღის ვადისა, 2024 წლის 26 აპრილის სხდომაზევე იქნა გადაცემული აუდიტის დეპარტამენტისთვის.
• კიდევ ერთხელ აფიქსირებს, გადამხდელის მტკიცებულებები ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ გადამხდელის მიმართ გამოწერილ და გადამხდელის მიერ გაწერილ ზედნადებებს და რეალიზაცია 99%- ით ხორციელდება დოკუმენტურად, რომელზე წვდომა გადამხდელის დაუკითხავადაც აქვს საგადასახადო ორგანოს.
• მისი მხრიდან შესაძლებელია, საჭიროების შემთხვევაში დავების განხილვის საბჭოზე დაფიქსირებული გადამხდელის არგუმენტების მეტად თვალსაჩინო ილუსტრირების მიზნით წარდგენილ იქნას საბუღალტრო პროგრამის ჩანაწერები, რამაც შესაძლოა აუდიტის დეპარტამენტს გაუმარტივოს ანალიზი.
• ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჰქონდა მოლოდინი, რომ აუდიტის დეპარტამენტი გააუქმებდა არაპირდაპირი მეთოდით შესრულებულ გაანგარიშებას და შედეგების გასაცნობად მაინც შეეხმიანებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
ითხოვს მისი უშუალო მონაწილეობით მოხდეს გადაანგარიშების შესრულება. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის 2.05.2024 წლის №10929 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით (საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით):
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით (შემოწმებით გაანგარიშებული შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა), დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით განეხორციელებინა არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2.05.2024 წლის №10929 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 18 ივნისის დასკვნა, რომლის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 მაისის №10929 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, შესაბამისად, შემოწმებით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2024 წლის 26 აპრილს შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვაზე მომჩივნის მხრიდან რაიმე დოკუმენტის გადაცემა არ მომხდარა, ხოლო შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 მაისის №10929 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, რომ მომჩივნის მხრიდან დამატებითი მტკიცებულებების აუდიტის დეპარტამენტისათვის წარდგენა არ მომხდარა, აღნიშნული მომჩივანმაც დაადასტურა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 მაისის №10929 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მომჩივნის მიერ აუდიტის დეპარტამენტისათვის არ იქნა წარდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებები, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცლის, შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა. ასევე, მომჩივანი მოითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, რომელზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2.05.2024 წლის №10929 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს. გარდა ამისა, საბჭო განმარტავს, რომ დავის განხილვის ამ ეტაპზე - 18.10.2024 წელს მომჩივნის მიერ №23484/2/2024 საჩივრით წარმოდგენილი ექსელის ცხრილი (ერთი გვერდი), ვერ ჩაითვლება შემოსავლების სამსახურის 2.05.2024 წლის №10929 ბრძანების აღსრულების მიზნით საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებად, გამომდინარე აქედან, აღნიშნულზე საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან არ არის გამყარებული შესაბამისი დოკუმენტებით, ამასთან, უცნობია ექსელის ცხრილში დაფიქსირებული მონაცემების რეალობა და შექმნის წყარო.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2.05.2024 წლის №10929 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს მისი უშუალო მონაწილეობით მოხდეს გადაანგარიშების შესრულება.
ასევე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის მიერ 2023 წლის მარტის მოგების დეკლარაციაში 2022 წლის ბოლოს არსებული სმფ-ების ნაშთი დაფიქსირებულია მცირე ნაშთი, პერიოდის ბოლოებისათვის გათვალისწინებულ იქნა წარმოდგენილ ფინანსურ ანგარიშგებებში დაფიქსირებული ნაშთები და აღნიშნულ ნაშთებსა და ბუღალტრულ ნაშთს შორის სხვაობა საგადასახადო კოდექსის 159-ე 160-ე და 163-ე მუხლის შესაბამისად ჩაითვალა რეალიზაციად მისივე დოკუმენტით რეალიზაციის ფასნამატით და აღნიშნული რეალიზაციით მიღებული შემოსავლით გაიზარდა დღგით დასაბეგრი ბრუნვები. გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა გადასახადის თანხა და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
შემოწმების შედეგად დამატებით გამოვლენილი შემოსავალი, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2.05.2024 წლის №10929 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
269(7),304(21)