გადაწყვეტილება №19566/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19566/2/2023
04 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, -7.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------- 1.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19566/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 1.12.2022 წლის №30140 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2.03.2023 წლის №053-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის №8894 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 687 669 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 376 279
დღგ - 292 488
საშემოსავლო გადასახადი - 83 791
ჯარიმა - 177 188
საურავი - 134 202
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 2 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
- გადასახადის გადამხდელის მიერ, შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით, ფიქსირდება დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა 12 310 609 ლარი. გადასახადის გადამხდელი სრულყოფილად არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, საქონლის რეალიზაციის დროს ვერ ხერხდება საქონლის გასაყიდი ფასის და მისი თვითღირებულების დაკავშირება. შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელის შემოსავალი გაანგარიშდა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ: რეალიზებული პროდუქტი დაიყო 9 ჯგუფად, თითოეული ჯგუფის თვითღირებულების და 2022 წლის თებერვალში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დაფიქსირებული შესაბამისი ჯგუფის ფასნამატის გამოყენებით გაანგარიშდა რეალიზაციიდან დღგ-ის 18 %-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის დეკლარირებულ დღგ-ის 18%-ით დასაბეგრ ბრუნვასა და შემოწმებით გაანგარიშებულ მონაცემს შორის გამოვლენილი დასაბეგრი ბრუნვის სხვაობა სულ 1 624 940 ლარი, საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის საფუძველზე, შესაბამის პერიოდებში დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად;
- გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით 2019 და 2020 წლებში ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი სულ 7 884 895 ლარი. შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელის შემოსავალი გაანგარიშდა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით. შედეგად, 2019 და 2020 წლის დეკლარირებულ ერთობლივ შემოსავალსა და შემოწმებით გაანგარიშებულ მონაცემს შორის გამოვლენილი შემოსავალი სულ 424 191 ლარი, საგადასახადო კოდექსის 102-ე და მე-80 მუხლების თანახმად, შესაბამის პერიოდებში დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, ამასთან გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 5 სექტემბრის №23042 ბრძანება და 6 სექტემბრის №053-14 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 1.12.2022 წლის №30140 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების (მ.შ. საჩივრებზე თანდართული დოკუმენტაციის) დამატებით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 1 დეკემბრის №30140 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 თებერვლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 მარტის №053-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის №8894 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ შემმოწმებლისთვის წარდგენილი ფასნამატის გაანგარიშების ცხრილის მიხედვით, რეალიზაციის სხვადასხვა სასაქონლო ზედნადებებში ერთი სახის საქონელს დაკავშირებული აქვს შეძენის სხვადასხვა სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული შინაარსობრივად მსგავსი, თუმცა განსხვავებული სახეობის, ხარისხის, პარამეტრების და თვითღირებულების საქონელი. ამასთან, ფასნამატის გაანგარიშების ცხრილში დაფიქსირებული მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება (დაბალია) თავად გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატისგან, შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ გადაანგარიშდა.
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი იქნა გაანგარიშების ცხრილი, სადაც ერთმანეთთან დაკავშირებულია შეძენისა და შესაბამისი საქონლის რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებები, რაც არ იქნა გათვალისწინებული გადაანგარიშებისას იმ მიზეზით, რომ დოკუმენტებით დაკავშირებულია განსხვავებული სახეობის, ხარისხის და პარამეტრების საქონელი. აღნიშნულთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევაში შეძენასა და რეალიზაციის საქონლის დასახელებებს შორის იდეალური თანხვედრა არ არის, რადგან რეალიზაციისას ზოგ შემთხვევაში არ არის დეტალურად ჩაშლილი საქონლის მაიდენტიფიცირებელი მახასიათებლები, თუმცა გარკვეულ შემთხვეებში საქონლის დასახელება ზუსტად ემთხვევა და იდენტიფიცირდება შეძენის დოკუმენტებთან. კერძოდ, გადაანგარიშების ფარგლებში წარდგენილი ცხრილიდან, სადაც დაკავშირებულია 477 სახეობის 760 000 ლარის ღირებულების საქონელი, გამოყოფილი იქნა 190 დასახელების 312 000 ლარის ღირებულების ისეთი ტიპის საქონელი, სადაც იდენტიფიცირებულია შეძენილი და რეალიზებული საქონელი. რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებში, სადაც არის მითითებული საქონლის მახასიათებლები და დაკავშირებულია შესაბამის შეძენის დოკუმენტებთან, გამოვლენილია იგივე ოდენობის ფასნამატი, რაც სრულად წარდგენილ ცხრილში იყო დაფიქსირებული, რაც ცალსახად მიუთითებს მის სისწორეზე და იმაზე, რომ ხელოვნურად არ არის დაკავშირებული ისეთ საქონელთან, რაც ნაკლებად არის იდენტიფიცირებული. შემოწმების მიერ ნაცვლად იმისა, რომ დაემუშავებინა წარდგენილი ინფორმაცია, მოახდინა მისი ზოგადი შეფასება. კერძოდ, რეალიზაციის ოპერაციებიდან არაიდენტიფიცირებადი საქონელის გამორჩევის ნაცვლად, მთლიანად მოახდინა ცხრილის უგულებელყოფა.
მოითხოვს, რომ მიეცეთ საშუალება აუდიტორებთან ერთად გაიარონ საკითხი და გავრცელებული ფასნამატი გადაანგარიშდეს მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამისი სარწმუნო ინფორმაციის გათვალისწინებით. ასევე, მათ მიერ მიმდინარეობს დანარჩენი დოკუმენტაციის დამუშავება და შესაძლებლობის ფარგლებში დამატებით იქნება წარდგენილი პირველადი დოკუმენტაციით რეალიზებული საქონლის მის შეძენასთან დაკავშირების ინფორმაცია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და შემოსავლების სამსახურის 1.12.2022 წლის №30140 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ფასნამატის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების (მ.შ. საჩივრებზე თანდართული დოკუმენტაციის) დამატებით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას, ხოლო აღნიშნულზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 თებერვლის დასკვნის მიხედვით ირკვევა შემდეგი:
გადასახადის გადამხდელმა დამატებით წარადგინა დოკუმენტაცია და ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი, რომლის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ რეალიზაციის სხვადასხვა სასაქონლო ზედნადებებში ერთი სახის საქონელს დაკავშირებული აქვს შეძენის სხვადასხვა სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული, შინაარსობრივად მსგავსი, თუმცა განსხვავებული სახეობის, ხარისხის, პარამეტრების და თვითღირებულების საქონელი. აღნიშნული მონაცემებით, გადასახადის გადამხდელის მიერ შემდგარი ფასნამატის გაანგარიშების ცხრილში დაფიქსირებული მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება (დაბალია) დეკლარირებული ფასნამატისგან და შემოწმების მიერ გამოყენებული საქონლის ინვენტარიზაციის შედეგად დაფიქსირებული ფასნამატისგან. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ფასნამატის გაანგარიშების ცხრილის გათვალისწინება ვერ მოხდა, შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები არ დაკორექტირდა.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ წარდგენილ გაანგარიშების ცხრილში, რიგ შემთხვევაში შეძენასა და რეალიზაციის საქონლის დასახელებებს შორის იდეალური თანხვედრა არ არის, რადგან რეალიზაციისას ზოგ შემთხვევაში არ არის დეტალურად ჩაშლილი საქონლის მაიდენტიფიცირებელი მახასიათებლები, თუმცა გარკვეულ შემთხვეებში საქონლის დასახელება ზუსტად ემთხვევა და იდენტიფიცირდება შეძენის დოკუმენტებთან. რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებში, სადაც არის მითითებული საქონლის მახასიათებლები და დაკავშირებულია შესაბამის შეძენის დოკუმენტებთან, გამოვლენილია იგივე ოდენობის ფასნამატი, რაც სრულად წარდგენილ ცხრილში იყო დაფიქსირებული და რაც ცალსახად მიუთითებს მის სისწორეზე. რეალიზაციის ოპერაციებიდან არაიდენტიფიცირებადი საქონლის გამორჩევის ნაცვლად, აუდიტორმა მთლიანად მოახდინა ცხრილის უგულებელყოფა. ითხოვს საკითხის აუდიტორებთან ერთად გავლას და ფასნამატის გადაანგარიშებას მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული, შესაბამისი სარწმუნო ინფორმაციის გათვალისწინებით. ამასთან, მიმდინარეობს დანარჩენი დოკუმენტაციის დამუშავება და დამატებით იქნება წარდგენილი პირველადი დოკუმენტაციით რეალიზებული საქონლის შეძენასთან დაკავშირების ინფორმაცია.
საბჭოს 2023 წლის 23 ივნისის სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ნაწილში საგადასახადო ორგანოს პოზიციას ეთანხმება, რადგან გადასახადის გადამხდელს ფაქტიურად, ნამდვილად არ ქონდა ბუღალტრული აღრიცხვა, დავის პროცესში ჩაერთვნენ ამჟამად, მაგრამ საქმის კურსში არიან, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების საფუძველზე წარდგენილი იქნა ცხრილი, ეთანხმება რომ საქონლის ნაწილი არ იდენტიფიცირდება წარდგენილი ცხრილის მიხედვით, მაგრამ ნაწილი, რომელიც 300 000 ლარის ფარგლებშია, იდენტიფიცირებადია, თუმცა არ იქნა გათვალისწინებული ეს ნაწილიც, და აღნიშნულ ნაწილში ხდის სადავოდ. დღეის მდგომარეობით დამატებით იქნა მოძიებული დამატებითი დოკუმენტაცია და შეუძლიათ წარადგინონ. იდენტიფიცირებადი საქონლიდან შეიძლებოდა გაანგარიშება, რადგან არის ისეთი შემთხვევები, როცა რეალიზაციის და შეძენის დოკუმენტში ერთიდაიგივე კოდია მითითებული. რაც იდენტიფიცირებადია მისი ფასნამატი ემთხვევა გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი ცხრილის ფასნამატს, ანუ 7.2%-ი გამოდის. დეკლარირებული ფასნამატი მართალია 10%-ია, მაგრამ 7.2% რეალურია, გადასახადის გადამხდელი განვადებითაც ყიდის საქონელს. მათი მოთხოვნაა წარდგენილი ცხრილი გაიარონ აუდიტორთან ერთად და რაც იდენტიფიცირებადია ის იქნეს გათვალისწინებული, ფიქრობს, რომ იდენტიფიცირებადია წარდგენილი ცხრილის მიხედვით ნახევარი, დაახლოებით 300 000 ლარის საქონელი, რომლის ფასნამატი ემთხვევა ცხრილით გაანგარიშებულ ფასნამატს, რაც მართალია დეკლარირებულ ფასნამატზე ნაკლებია, მაგრამ განვადებების გათვალისწინების გარეშე არაობიექტური იქნება შედეგი, განვადებების ნაწილი წარდგენილია როგორც აუდიტორის ინფორმაციით ირკვევა, დანარჩენს წარადგენენ.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შეძენის და რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებების მიხედვით შეუძლებელი იყო ფასნამატის გაანგარიშება, რადგან შესყიდვის სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებულია კონკრეტული საქონელი (მაგ. კიტრის თესლი), ხოლო რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებულია მხოლოდ სახეობა (მაგ. თესლი), რომელიც მრავალი ასორტიმენტის აქვს და ფასებიც მეტ-ნაკლებად მსგავსია. ანალოგიური მდგომარეობაა სხვა საქონლის ჭრილშიც, ამასთან საქონლის სახეობები მეტად მრავალფეროვანია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერანაირად ვერ ხდებოდა იდენტიფიცირება. შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე წარმოდგენილ დოკუმენტში გადასახადის გადამხდელს გაშიფრული აქვს, რომ რეალიზაციის დოკუმენტში მითითებული სახეობა ზუსტად შესყიდვის სასაქონლო ზედნადებში მითითებული საქონელია, მაგრამ აღნიშნული მიიჩნიეს სუბიექტურ მიდგომად და არ მოხდა გათვალისწინება. ანუ, გადაანგარიშების პროცესში წარდგენილი ცხრილით, რეალიზაციის დოკუმენტში მითითებული საქონელი მისადაგებულია შეძენის დოკუმენტში დაფიქსირებულ საქონელთან, მაგრამ აღნიშნული მიიჩნიეს გადასახადის გადამხდელის მხრიდან სუბიექტურ მიდგომად და ამიტომ არ მოხდა გადაანგარიშება. მაშინ როცა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი 10%-ია, წარმოდგენილი ცხრილით გამოდის 7.2%, ხოლო შემოწმების მიერ გავრცელებულია 16.2%-იანი ფასნამატი, რომელიც საშუალო ოდენობაა. რაც შეეხება განვადების დოკუმენტებს, იგივე პრინციპით წერია ხშირ შემთხვევაში ჯამი საქონლის, მერე გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილი აქტით შიფრავს რას მოიცავს აღნიშნული, ადასტურებს ხელმოწერით და დამოწმებულია ნოტარიულად.
2023 წლის 23 ივნისის საბჭოს სხდომაზე, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის და სადავო საკითხზე მართლზომიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩნია განხილვის შეჩერება და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან ერთად წარდგენილი ცხრილის გავლა.
საბჭოს სხდომაზე გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეთანხმება აუდიტორს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი ცხრილი რაღაც ნაწილში ზოგადია და არის ალბათობა, რომ იყოს სუბიექტური, მაგრამ დაახლოებით 300 000 ლარის ფარგლებში საქონელი იდენტიფიცირებადია, წარდგენილი აქვს ფასნამატის ცხრილი აუდიტორთან, მაგრამ ზუსტად გავლა ვერ მოესწრო, თემატურად გაიარეს. პირველი განხილვის შემდგომ ელექტრონულად წარმოადგინა 3 ივლისს ფასნამატის ცხრილი.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ ისაუბრეს, მაგრამ ცხრილი არ აქვს ნანახი, მანამდე წარდგენილი ცხრილით ერთმანეთთან არის დაკავშირებული შეძენარეალიზაცია, მაგრამ საკითხი რასაც ამბობს გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელი, რომ იდენტიფიცირების საშუალება არსებობსო, რა ემთხვევა არ შეუსწავლია.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულებები, თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის გადაანგარიშების ეტაპზე არსებულის) გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა/განხილვა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის №8894 ბრძანება;
3. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულებები, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის გადაანგარიშების ეტაპზე არსებულის) გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა/განხილვა;
4. ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტმა, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 1.12.2022 წლის №30140 ბრძანების აღსრულების შედეგებს და შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის №8894 ბრძანებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. გადასახადის გადამხდელი სრულყოფილად არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, საქონლის რეალიზაციის დროს ვერ ხერხდება საქონლის გასაყიდი ფასის და მისი თვითღირებულების დაკავშირება. შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელის შემოსავალი გაანგარიშდა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით. შესამოწმებელი პერიოდის დეკლარირებულ დღგ-ის 18%-ით დასაბეგრ ბრუნვასა და შემოწმებით გაანგარიშებულ მონაცემს შორის გამოვლენილი დასაბეგრი ბრუნვის სხვაობა, საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის საფუძველზე, შესაბამის პერიოდებში დაიბეგრა დღგ-ით. ხოლო 2019 და 2020 წლის დეკლარირებულ ერთობლივ შემოსავალსა და შემოწმებით გაანგარიშებულ მონაცემს შორის გამოვლენილი შემოსავალი, საგადასახადო კოდექსის 102-ე და მე-80 მუხლების თანახმად, შესაბამის პერიოდებში დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №30140 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 თებერვლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 მარტის №053-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის №8894 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულებები, თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის გადაანგარიშების ეტაპზე არსებულის) გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა/განხილვა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 102; 275; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოექსი 161;