გადაწყვეტილება №20107/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20107/2/2023
11 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------- 29.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20107/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 19.04.2022 წლის №9896 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 22.09.2022 წლის №068-13 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.03.2023 წლის №5982 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 836 398 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 429 011
დღგ - 181 668
მოგების გადასახადი - 1 729
საშემოსავლო გადასახადი - 245 614
ჯარიმა - 174 135
საურავი - 233 252
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა გამყვანი და ადგილობრივი ტურების ორგანიზება/რეალიზაცია.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 18.02.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 25 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2017 წლის 3 ოქტომბრიდან. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების, მათ შორის მიწოდებულ საბანკო ანგარიშებზე თანხის მოძრაობის ამსახველი ინფორმაციის შესწავლა/ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ:
1. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს დირექტორზე და სხვა ფიზიკურ პირებზე ჩარიცხული აქვს ხელფასები და ხელფასის სახით განაცემები, რაც დაბეგრილი არ აქვს გადახდის წყაროსთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, განისაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა შესაბამისი პერიოდების მიხედვით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად;
2. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ფიზიკური პირებისთვის გადარიცხული აქვს გიდის, ტრანსპორტირების და სხვა მომსახურებების ღირებულებები, რაც გადახდის წყაროსთან დაბეგრილი არ აქვს. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 79-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა შესაბამისი პერიოდების მიხედვით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით;
3. გადასახადის გადამხდელს ----------- (დირექტორი და დამფუძნებელი) გადარიცხული აქვს 730 979 ლარი, ასევე, საბანკო ანგარიშიდან განაღდებულია 84 900 ლარი. აღნიშნული თანხების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იქნა შემოწმებისთვის წარდგენილი. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 79-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული თანხა განიხილა ანგარიშვალდებულ პირზე სახელფასო განაცემად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად; 4. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ 2018 წლის 18 აპრილის უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში გადააჭარბა
100 000 ლარიან ზღვარს. გადასახადის გადამხდელი შემდგომ პერიოდებშიც ახდენს გამყვანი და ადგილობრივი ტურების რეალიზაციას, თუმცა აღნიშნული ოპერაციებიდან მიღებული შემოსავალი დღგ-ით დაბეგრილი არ აქვს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 157-ე და 161-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს 2018 წლის 18 აპრილს განესაზღვრა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი. შესამოწმებელ პერიოდში, დღგ-ის ნაწილში შესაბამისი პერიოდების მიხედვით დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის გათვალისწინებით;
5. გადასახადის გადამხდელის მიერ, პლასტიკური ბარათის მეშვეობით გადახდილია საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა საკვებ ობიექტებსა, ბენზინ-გასამართ სადგურებსა, სააფთიაქო ქსელებსა თუ სუპერმარკეტებში თანხები, რაც საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად (გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის) წარმოადგენს მოგების გადასახადით დასაბეგრ ობიექტს. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2021 წლის №22476 ბრძანება და №068-15 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 19.04.2022 წლის №9896 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
პირველ, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 19.04.2022 წლის №9896 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 23.09.2022 წლის №16561/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.
შემოსავლების სამსახურის 19.04.2022 წლის №9896 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 9 სექტემბრის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა, დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.09.2022 წლის №068-13 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.03.2023 წლის №5982 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები აუდიტის დეპარტამენტში არ წარუდგენია. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას. ამასთან, მომჩივანს არც საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარუდგენია მისი პოზიციის დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, ვინაიდან მათ მიერ შეტანილი იქნა აუდიტის დეპარტამენტში განცხადება მტკიცებულებათა წარდგენის გადავადების თაობაზე (წარმოადგენს დანართის სახით). აღნიშნული განცხადებით აღნიშნავდა, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების აღსრულებისთვის მნიშვნელოვანია შპს „----------“-გან ი/მ „----------“-ზე (ს/ნ ---------) გადარიცხული თანხების საკითხის გათვალისწინება. ვინაიდან, ------------- მიმართაც გამოცემულია აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 8 ივლისის №068-13 საგადასახადო მოთხოვნა და იგი გასაჩივრებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (3.02.2022 წლის №15638/2/2022 საჩივარი), მიზანშეწონილად მიაჩნია ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების დალოდება და ერთდროულად, ორივე გადასახადის გადამხდელზე დარიცხული თანხების გადაანგარიშების მოხდენა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული აღნიშნული საკითხი, ამასთან, არ მომხდარა არავითარი კომუნიკაცია შემოწმების გადაანგარიშების თაობაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ კომპანიის დირექტორი იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში და მასთან კომუნიკაცია უჭირთ რათა სრულყოფილად მოახდინონ საკითხის გადაანგარიშება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მიაჩნია, რომ დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება არ მომხდარა. შესაბამისად, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მათი მონაწილეობით საკითხის შესწავლა.
ამასთან, ითხოვს დავების განხილვის საბჭომ გამოიყენოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება და გაათავისუფლოს დაკისრებული ჯარიმა-საურავებისგან, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი. აღნიშნული საკითხი დაყენებული იქნა პირველი საჩივრის წარდგენის დროსაც. გადასახადის გადამხდელის მიზანი არ ყოფილა გადასახადების დამალვა. შესაბამისად დავების განხილვის საბჭოში მოქმედი პრაქტიკის შესაბამისად, ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 19.04.2022 წლის №9896 ბრძანებით გადასახადის გადამხდელის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
ასევე დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 19 აპრილის №9896 ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 9 სექტემბრის დასკვნიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 19 აპრილის №9896 ბრძანება ჩაბარდა 2022 წლის 4 მაისს, მაგრამ მის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები აუდიტის დეპარტამენტისათვის, გადაანგარიშების ეტაპზე არ წარდგენილა. შესაბამისად, შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, აღნიშნავს, რომ მათ მიერ შეტანილი იქნა აუდიტის დეპარტამენტში განცხადება მტკიცებულებათა წარდგენის გადავადების თაობაზე, რადგან სადავო საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების აღსრულებისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნდა კომპანიისაგან ი/მ „------------“-ზე გადარიცხული თანხების საკითხი, რომლის მიმართაც ასევე, შემოწმების საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, ამდენად, მიზანშეწონილი იყო საბჭოს გადაწყვეტილებისათვის დალოდება და ორივე გადასახადის გადამხდელზე დარიცხული თანხების გადაანგარიშების ერთდროულად მოხდენა. მაგრამ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული მათი თხოვნა, ამასთან, არ მომხდარა არავითარი კომუნიკაცია შემოწმების გადაანგარიშების თაობაზე. ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს საკითხების მათი მონაწილეობით შესწავლა.
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ასევე აფიქსირებს როგორც შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს ცალკეულ სადავო საკითხებთან მიმართებით, ისე მის არგუმენტებს, რომელიც წარადგინა შემოსავლების სამსახურში და რაც გახდა საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი შემოსავლების სამსახურის 19.04.2022 წლის №9896 ბრძანებით.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილ საჩივარზე თანდართული, შემოსავლების სამსახურის 19.04.2022 წლის №9896 ბრძანებით განსაზღვრული მტკიცებულებათა წარდგენის გადავადების თხოვნის შესახებ, აუდიტის დეპარტამენტში განცხადება წარდგენილია 17.05.2022 წელს (რეგ: №----------), ხოლო აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, შემოწმებით დარიცხული თანხების არ გადაანგარიშებაზე, გამოცემულია 9.09.2022 წელს, შესაბამისად საკმარისი დრო არსებობდა მომჩივნის მიერ მტკიცებულებების წარდგენისათვის.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დოკუმენტების წარდგენა არ მომხდარა, ვინაიდან არ ქონდათ გაანგარიშებები რის საფუძველზეც განხორციელდა შემოწმებით თანხების დარიცხვა, თხოვნით მიმართეს აუდიტის დეპარტამენტს, მაგრამ მათ მიერ არ მომხდარა საქმის მასალების მიწოდება. შემოსავლების სამსახურის ბრძანება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე გასაჩივრებულია სასამართლოში და იგივე არგუმენტის საფუძველზე სასამართლოს წინაშეც დააყენეს მოთხოვნა რათა ადმინისტრაციული ორგანოდან მომხდარიყო ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვა და მათთვის მიწოდება, მაგრამ მაინც არ მომხდარა მათთვის მიწოდება. მათი თხოვნაა, თუ აუდიტის დეპარტამენტი მიაწვდის მასალებს/გაანგარიშებებს რის საფუძველზეც მოხდა შემოწმებით თანხების დარიცხვა, მოხდება მათ მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა.
საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანს შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე არ წარუდგენია და არც ამჟამად არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას, რაც შეცვლიდა ფაქტობრივ გარემოებებს და შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 სექტემბრის №068-13 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული სანქციისგან გათავისუფლების თაობაზე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის თხოვნაზე საბჭო განმარტავს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 19 აპრილის №9896 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
ამგვარად, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის შეფასების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 19.04.2022 წლის №9896 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ამდენად შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 19.04.2022 წლის №9896 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა გამყვანი და ადგილობრივი ტურების ორგანიზება/რეალიზაცია.
საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანს შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე არ წარუდგენია და არც ამჟამად არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას, რაც შეცვლიდა ფაქტობრივ გარემოებებს და შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 სექტემბრის №068-13 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული სანქციისგან გათავისუფლების თაობაზე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის თხოვნაზე საბჭო განმარტავს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 19 აპრილის №9896 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;304(1)