გადაწყვეტილება №27158/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27158/2/2026
19 ივნისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 11.12.2025 წლის №27256 ბრძანების აღსრულების შედეგები (დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე).
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 4.02.2026 წლის №057-2 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 25.03.2026 წლის №6392 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 48 208,2 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 32 656,25
დღგ - 30 895,4
საშემოსავლო გადასახადი - 1 760,85
ჯარიმა - 9 684,67
საურავი - 5 867,28
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 20.10.2025 წლის №22497 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ი/მ ------- (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა ს.მ.ფ.-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორე. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 3.11.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელთან შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 14.05.2024 წლის №11059 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა. სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 207 781 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რასთან დაკავშირებითაც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 13.08.2024 წელს შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. გასს-ის მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს დეკლარირებული ზემოაღნიშნული დანაკლისის თანხა დღგ-ის და მცირე ბიზნესის ყოველთვიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში. ვინაიდან, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის ღირებულება დღგ-ის გარეშე (207 781/1,18=176 085,59) აჭარბებს 100 000 ლარს, გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება.
გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 165-ე და 159-ე მუხლებს მიხედვით დაერიცხა დღგ საშემოსავლო გადასახადი და ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმები.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 4.11.2025 წლის №057-18 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.12.2025 წლის №27256 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი:
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) დღგ-ის რეგისტრაციის მომენტისთვის არსებულ/შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ მარაგებზე დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა
შემოსავლების სამსახურის 11.12.2025 წლის №27256 ბრძანების აღსრულების შედეგად, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე აუდიტის დეპარტამენტის 3.02.2026 წლის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა გადასახადი სულ 800 ლარი, აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 4.02.2026 წლის №057-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 25.03.2026 წლის №6392 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
პროფესიით არის პედაგოგი, არ ფლობს საბუღალტრო საქმისათვის საჭირო ცოდნა/გამოცდილებას. დეკლარაციებს აგზავნიდა პირადად და ჩავთვალა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მის პირად ბარათზე ასახული თანხა (ჯარიმა/საურავი) იყო სავალდებულოდ გადასახდელი და არ იცოდა, რომ სასაქონლო მატერიალური ფასეულობის დანაკლისი უნდა ეღიარებინა დღგ-ის მიზნებისათვის და დაებეგრა გადახდის წყაროსთან.
გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გათავისუფლდეს დაკისრებული ფინანსური სანქციებისაგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის 11.12.2025 წლის №27256 ბრძანებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) დღგ-ის რეგისტრაციის მომენტისთვის არსებულ/შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ მარაგებზე დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 11.12.2025 წლის №27256 ბრძანების აღსრულების შედეგად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება შემცირდა 800 ლარით.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა გადაანგარიშების ეტაპზე წარმოადგინა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტისთვის ნაშთად არსებული საქონლის ოდენობის შესახებ ინფორმაცია და შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურები). შემოწმების მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული შეძენა-რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესწავლა, რის საფუძველზეც, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე არგუმენტს შემოსავლების სამსახურის 11.12.2025 წლის №27256 ბრძანების აღუსრულებლობაზე ან არასწორად/არასრულად აღსრულებაზე, არამედ ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას. აღნიშნულთან დაკავშირებით საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხებზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 11.12.2025 წლის №27256 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 11.12.2025 წლის №27256 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოსავლების სამსახურის 11.12.2025 წლის №27256 ბრძანების აღსრულების შედეგები - დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა გადაანგარიშების ეტაპზე წარმოადგინა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტისთვის ნაშთად არსებული საქონლის ოდენობის შესახებ ინფორმაცია და შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურები). შემოწმების მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული შეძენა-რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესწავლა, რის საფუძველზეც, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე არგუმენტს შემოსავლების სამსახურის 11.12.2025 წლის №27256 ბრძანების აღუსრულებლობაზე ან არასწორად/არასრულად აღსრულებაზე, არამედ ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას. აღნიშნულთან დაკავშირებით საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხებზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 11.12.2025 წლის №27256 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
გადაწყვეტილება
აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 11.12.2025 წლის №27256 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7)