გადაწყვეტილება №17844/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№17844/2/2022
22.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --------------- (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 22.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------------ 27.09.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17844/2/2022).
დავის საგანი:
უძრავი ქონების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.07.2022 წლის №081-112 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22912 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 23 333.55 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 16 735
ჯარიმა - 4 649
საურავი - 1 949.55
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელმა 2018 წლის 19 მარტს 35 000 აშშ დოლარად შეძენილი 32.4 კვ.მ ფართი (ს/კ ---------; მის.: ქ. -----------) გაყიდა 2021 წლის 4 ოქტომბერს 35 000 აშშ დოლარად. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების დამუშავებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 4 ოქტომბრით დათარიღებული უძრავის ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით რეალიზებული უძრავი ქონების მიწოდების შედეგად გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხებმა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში გადააჭარბა 100 000 ლარს.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის საფუძველზე, გადამხდელი დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაექვემდებარა 2021 წლის 4 ოქტომბრიდან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 6.07.2022 წლის №17622 ბრძანება და №081-112 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22912 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 ივლისის №081-112 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22912 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებით, 158-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 163-ე მუხლის პირველი და მე-6 ნაწილებით, 168-ე მუხლის პირველი ნაწილით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-7 ნაწილებით, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, ყურადღება გაამახვილა ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 ივლისის №081-112 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის).
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ ფართის გაყიდვამდე მიმართა შემოსავლების სამსახურს კონსულტაციისათვის წარმოეშვებოდა თუ არა საგადასახადო ვალდებულება ხსენებული ფართის რეალიზაციიას, რაზეც მიიღო უარყოფითი პასუხი. სსიპ საჯარო რეესტრის ამონაწერში ფართს არ ჰქონდა კომერციული სტატუსი მინიჭებული.
აცხადებს, რომ ფართის მყიდველმა 2021 წლის 13 ოქტომბერს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით და მოითხოვა ფართისთვის კომერციული სტატუსის მინიჭება. შეჩერებული ჰქონდა ინდივიდიუალური მეწარმის სტატუსი ჯერ კიდევ ფართის გაყიდვამდე 18 თვით ადრე.
არ ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას, ფართი იყო საყოფაცხოვრებო დანიშნულების და არც საჯარო რეესტრის მონაცემებით ჰქონდა კომერციული სტატუსი მინიჭებული. აღნიშნული დასტურდება 8.10.2021 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სადაც სტატუსად მინიჭებულია სართული, ბინა. ამასთან, ელექტროენერგიის და დასუფთავების კომუნალური გადასახადების ქვითრებშიც ფართზე მითითებული იყო საყოფაცხოვრებო დანიშნულება (დანართად წარმოდგენილი აქვს ქვითრების ასლები). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს დარიცხული დღგ-ის გაუქმებას. დავების
განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
ამავე კოდექსის 158-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების თანახმად:
1. დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
2. ამ კარის მიზნებისთვის ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება:
ა) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობა;
ბ) საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების განმახორციელებელი პირების საქმიანობა, გარდა ერთჯერადი/ არარეგულარული ხასიათის საქმიანობისა, ამ მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით;
გ) ქონების გამოყენება რეგულარული შემოსავლის მიღების მიზნით.
3. ერთჯერადი/არარეგულარული ხასიათის მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის/ნაგებობის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული უძრავი ქონების მიწოდების შედეგად გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხამ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში გადააჭარბა 100 000 ლარს. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა დღგ.
მომჩივანი განმარტავს, რომ არ ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას, ფართი იყო საყოფაცხოვრებო დანიშნულების და არც საჯარო რეესტრის მონაცემებით ჰქონდა კომერციული სტატუსი მინიჭებული. აღნიშნული დასტურდება 8.10.2021 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სადაც სტატუსად მინიჭებულია სართული, ბინა. ამასთან, ელექტროენერგიის და დასუფთავების კომუნალური გადასახადების ქვითრებშიც ფართზე მითითებული იყო საყოფაცხოვრებო დანიშნულება (დანართად წარმოდგენილი აქვს ქვითრების ასლები).
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მასალებზე, კერძოდ, რეალიზებულ ქონებაზე საჯარო რეესტრის 8.10.2021 წლის ამონაწერზე, სადაც მითითებულია: ფართი 32.4 კვ.მ., საკუთრება: ფართი სართული 1, ბინა №1-2.
ამავე ფართზე, 27.12.2021 წლის ამონაწერში საკუთრების გრაფაში მითითებულია - სართული 1, საკუთრება: კომერციული ფართი №1-2, ფართი 32.4.
აღნიშნულ მონაცემზე და მომჩივნის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ ერთჯერადი/არარეგულარული ხასიათის საქმიანობის ფარგლებში, რეალიზებულია საცხოვრებელი დანიშნულების ფართი (ბინა), რომლის რეალიზაციაც ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, დღგ-ის მიზნებისათვის არ განიხილება ეკონომიკურ საქმიანობად და არ წარმოადგენს დღგ-ით დაბეგვრის ობიექტს.
მხარეთა არგუმენტების გაანალიზების, წარმოდგენილი მასალების შეფასების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ უძრავი ქონების მიწოდების შედეგად დღგ-ში დარიცხული თანხა უნდა გაუქმდეს და აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22912 ბრძანება;
3. გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 6.07.2022 წლის №081-112 საგადასახადო მოთხოვნა;
4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად უზრუნველყოს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე დღგ-ში დარიცხული თანხის (მათ შორის სანქციების) შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.