გადაწყვეტილება №21183/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.02.2024
№ დოკუმენტი 21183/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21183/2/2023

27 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------------ი (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,18.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----------ის 30.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21183/2/2023).

 

დავის საგანი:

სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 23.07.2018 წლის №007-199 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 17.03.2023 წლის №5201 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 4 538 ლარი.

მათ შორის: დღგ - 2 721

ჯარიმა - 1 361

საურავი - 456

 

ფაქტების აღწერა

გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ბაზრებზე და ბაზრობებზე.

2017 წლის მარტის თვის დღგ-ის დეკლარაციაში ასახული ჩასათვლელი დღგ-ის სისწორის შესწავლის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა 12.07.2018 წლის აქტში, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი 2017 წლის მარტის თვის დღგ-ის დეკლარაციის მიხედვით ჩასათვლელი თანხა შეადგენს 2 968 ლარს. საგადასახადო შემოწმებით ჩასათვლელმა თანხამ შეადგინა 247 ლარი. სხვაობა გამოწვეულია შემდეგი გარემოებით: გადასახადის გადამხდელს 2012 წლის საანგარიშო პერიოდის ოპერაციებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით ჩათვლილი აქვს 2 721 ლარი.

1.01.2021 წლამდე მოქმედ საგადასახადო კოდექსის 173-ე და 174-ე მუხლებზე დაყრდნობით, ხანდაზმულ საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხები საგადასახადო შემოწმების საფუძველზე დაექვემდებარა შემცირებას. გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ში და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოიცა 23.07.2018 წლის №18965 ბრძანება და 23.07.2018 წლის №007-199 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები შემოსავლების სამსახურში გასაჩივრდა 18.10.2018 წელს. შემოსავლების სამსახურის 12.12.2018 წლის №35801 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძვლით დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, საბჭოს 23.01.2019 წლის №7436/2/2019 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა სასამართლოში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებაში (საქმე №3/1600-19) მითითებულია შემდეგი:

„განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ფოსტის უკუგზავნილით დგინდება, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 12 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2018 წლის 23 ივლისის №18965 ბრძანება და 2018 წლის 23 ივლისის №007-199 საგადასახადო მოთხოვნა, ინდ. მეწარმე „-------ს“ პირადად არ ჩაბარებია, კერძოდ, აღნიშნული წერილობითი დოკუმენტი 2018 წლის 10 აგვისტოს ინდ. მეწარმე „-------ს“ იურიდიულ მისამართზე ჩაბარდა -------ას (--------) (ბიძაშვილი) (ფოსტის გზავნილის კოდი:-----------), რომელიც არ წარმოადგენს ინდ. მეწარმე „---------ის“ უფლებამოსილ ან კანონიერ წარმომადგენელს, ასევე მასთან მცხოვრებ ოჯახის სრულწლოვან წევრს. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების პოზიციას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოსარჩელისათვის 2018 წლის 12 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტის, 2018 წლის 23 ივლისის №18965 ბრძანების და 2018 წლის 23 ივლისის №007-199 საგადასახადო მოთხოვნის 2018 წლის 10 აგვისტოს ჩაბარებულად მიჩნევის და აღნიშნული თარიღიდან საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების 30 დღიანი ვადის ათვლის საფუძველი.“

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით, ი/მ ------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 12 დეკემბრის №35801 ბრძანება და შემოსავლების სამსახურს დაევალა, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 23 იანვრის №7436/2/2019 გადაწყვეტილება. ი/მ ----------ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განჩინებით, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განჩინება.

სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განიხილა 18.10.2018 წლის №37421/1/2018 საჩივარი და 17.03.2023 წლის №5201 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი ნაწილით, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით. შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე,რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების შედეგად დაერიცხა 4537 ლარი, რასაც არ ეთანხმება. ითხოვს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

მომჩივანი მოითხოვს 12.07.2018 წლის შემოწმების აქტით, დღგ-ში დარიცხული 4537 ლარის გაუქმებას, რაზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები, რომელმაც შემოსავლების სამსახურს დაავალა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით. მომჩივანი 18.10.2018 წელს წარდგენილი №37421/1/2018 საჩივრით მოითხოვდა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციებისაგან გათავისუფლებას, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების შესაბამისად იმსჯელა კიდეც შემოსავლების სამსახურმა 17.03.2023 წლის №5201 ბრძანებით.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2017 წლის მარტის თვის დღგ-ის დეკლარაციაში ასახული ჩასათვლელი დღგ-ის სისწორის შესწავლის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა 12.07.2018 წლის აქტში, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი 2017 წლის მარტის თვის დღგ-ის დეკლარაციის მიხედვით ჩასათვლელი თანხა შეადგენს 2 968 ლარს. საგადასახადო შემოწმებით ჩასათვლელმა თანხამ შეადგინა 247 ლარი. სხვაობა გამოწვეულია შემდეგი გარემოებით: გადასახადის გადამხდელს 2012 წლის საანგარიშო პერიოდის ოპერაციებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით ჩათვლილი აქვს 2 721 ლარი.

1.01.2021 წლამდე მოქმედ საგადასახადო კოდექსის 173-ე და 174-ე მუხლებზე დაყრდნობით, ხანდაზმულ საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხები საგადასახადო შემოწმების საფუძველზე დაექვემდებარა შემცირებას. გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ში და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოიცა 23.07.2018 წლის №18965 ბრძანება და 23.07.2018 წლის №007-199 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურის 12.12.2018 წლის №35801 ბრძანებით, საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძვლით დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, საბჭოს 23.01.2019 წლის №7436/2/2019 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა სასამართლოში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით, მომჩივანის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 12 დეკემბრის №35801 ბრძანება და შემოსავლების სამსახურს დაევალა, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 23 იანვრის №7436/2/2019 გადაწყვეტილება. მომჩივანის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განჩინებით, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განჩინება.

სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განიხილა 18.10.2018 წლის №37421/1/2018 საჩივარი და 17.03.2023 წლის №5201 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7);