ბრძანება N 16774
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16774
23 ივლისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის პირველი ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 10 და 16 ივლისის სხდომებზე (ოქმი №61 და №63) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) 2026 წლის პირველი ივლისის №103205/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის პირველი ივნისის №001-112 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის დარიცხვას. აცხადებს, რომ პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და გადამხდელის გაანგარიშების მიხედვით შემოწმების მონაცემები შეიცავს გარკვეულ უზუსტობებს, კერძოდ, დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახული ოპერაციები დუბლირებულია. მიუთითებს, რომ კომპანია იყენებს სააღრიცხვო პროგრამას „-----“, რომლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საქონლის რეალიზაციის მონაცემები განსხვავდება საკონტროლოსალარო აპარატისა და პოსტერმინალის მონაცემებისგან, რაც გამოწვეულია შემოსავლების გაორმაგებით, კერძოდ, რიგ შემთხვევებში მიღებული თანხები გატარებულია როგორც პოსტერმინალში, ისე საკონტროლო-სალარო აპარატში. ამასთან, სააღრიცხვო პროგრამით დაიდენტიფიცირდა, რომ როდესაც გადახდა ხორციელდება ე.წ. „ჭკვიანი“ ტერმინალის მეშვეობით, ოპერაციასთან დაკავშირებული ჩეკი იბეჭდება როგორც საკონტროლო-სალარო აპატარზე, ისე პოსტერმინალზე. აცხადებს, რომ აღნიშნულის დასადასტურებლად მიმდინარეობს დამატებითი მტკიცებულებების მოძიება, მათ შორის, სააღრიცხვო პროგრამის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიიდან აღრიცხვის პრინციპის, ასევე, რეალიზაციის ოპერაციებისას ჩეკების დუბლირების თაობაზე ინფორმაციის დასადასტურებლად. ყოველივე აღნიშნულის შედეგად, გადამხდელი ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად.
2. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომა/არცოდნით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 6 მარტის №5049 და 22 აპრილის №8801 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდებში ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 21 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის პირველი ივნისის №11986 ბრძანება და ამავე თარიღის
№---- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 231 211 ლარი, მათ შორის, გადასახადი 133 589 ლარი, ჯარიმა 68 630 ლარი, საურავი 28 992 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებითა და თამბაქოს ნაწარმით, ასევე, ხილ-ბოსტნეულით. კომპანია ფუნქციონირებს 2022 წელს დადებული ფრენშაიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად მიღებული აქვს „-----“ და „-----“ სასაქონლო ნიშანი. შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში დაფიქსირებული გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, საკონტროლო-სალარო აპარატებითა და პოსტერმინალებით მიღებულ შემოსავლებს გადამხდელი სრულად არ ასახავდა დღგ-ის დეკლარაციაში. შემოწმებამ შეისწავლა გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და საანგარიშო პერიოდების მიხედვით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, გადამხდელი აწარმოებს საბუღალტრო პროგრამა „ორისს“, რომელიც შესაბამისობაშია შემოწმებით დადგენილ შემოსავალთან, კერძოდ, გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, ბანკებით მიღებული პოსტერმინალის თანხებითა და საკონტროლო-სალარო აპარატით დაფიქსირებულ შემოსავლთან, თუმცა არ შეესაბამება დეკლარირებულ მონაცემებს. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში დაფიქსირებული გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, საკონტროლო-სალარო აპარატებითა და პოსტერმინალებით მიღებულ შემოსავლებს გადამხდელი სრულად არ ასახავდა დღგ-ის დეკლარაციაში. შემოწმებამ შეისწავლა გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და საანგარიშო პერიოდების მიხედვით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, გადამხდელის საბუღალტრო პროგრამაში ასახული მონაცემები შესაბამისობაშია შემოწმებით დადგენილ შემოსავალთან, კერძოდ, გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, ბანკებით მიღებული პოსტერმინალის თანხებითა და საკონტროლო-სალარო აპარატით დაფიქსირებულ შემოსავლთან, თუმცა არ შეესაბამება დეკლარირებულ მონაცემებს.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან, შემოსავლების გაორმაგებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, შემოწმების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა პოსტერმინალებისა და საკონტროლო-სალარო აპარატით ანგარიშსწორებისას მიღებული თანხები დღის ჭრილში, რომლის შედეგად არ გამოიკვეთა თანხის დუბლირების შემთხვევები. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საკითხის 2026 წლის 10 ივლისის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე განხილვისას, შემოსავლების გაორებასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა დოკუმენტაციის/მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობა, აღნიშნულის გათვალისწინებით საკითხის განხილვა გადაიდო ერთი კვირის ვადით. თუმცა დღეის მდგომარეობით, მათ შორის, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისას მოქმედებდა საქმიანობისთვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის დარიცხვას. ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელი ახორციელებს საცალო ვაჭრობას, ძირითადად საკვები პროდუქტებით, სასმელებითა და თამბაქოს ნაწარმით, ფრენშაიზინგის ხელშეკრულების ფარგლებში.
შემოწმებით დადგინდა, რომ ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურებით, საკონტროლო-სალარო აპარატებითა და პოსტერმინალებით მიღებული შემოსავლები გადამხდელს სრულად არ ჰქონდა ასახული დღგ-ის დეკლარაციებში. არსებული მონაცემების საფუძველზე ხელახლა განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
ასევე დადგინდა, რომ გადამხდელის საბუღალტრო პროგრამის მონაცემები შეესაბამებოდა შემოწმებით დადგენილ რეალურ შემოსავალს, მაგრამ არ ემთხვეოდა დეკლარირებულ მონაცემებს.
შედეგად, გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:158;159;163;164;275