ბრძანება N 31461
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 31461
13 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ---)
(ფაქტ. მის.: ---) 2023 წლის 27 ოქტომბრის
საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №122) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2023 წლის 27 ოქტომბრის №84427/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ოქტომბრის №001-226 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. აცხადებს, რომ აღნიშნულ პირებთან გაფორმებულია შესაბამისი სამუშაოების შესახებ ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები. ანაზღაურება განხორციელებულია მიღება-ჩაბარების შედეგად, მიღებული სამუშაოებიდან გამომდინარე, უნაღდო ანგარიშსწორებით. მომჩივანი მიუთითებს, რომ ყველა პირზე შევსებულია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებ-გვერდზე განთავსებული „სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების შესახებ“ კითხვარი, რომლის მიხედვითაც, ანაზღაურების მიმღები პირები კლასიფიცირებული არიან მომსახურების გამწევად. გადამხდელი აცხადებს, რომ კითხვარის შედეგები წინააღმდეგობაში მოდის აქტში მოყვანილ დარიცხვის საფუძველთან. გადამხდელი მიიჩნევს, რომ თვით აქტში მოყვანილი არგუმენტების შემთხვევაშიც, ისეთ პირებზეც არის განხორციელებული დარიცხვა, რომლებზეც არც სახელფასო განაცემია დაფიქსირებული ოდესმე და ამასთანავე, მცირე მეწარმის სტატუსი თვეებით, ან წლებით ადრე აქვთ მიღებული, ვიდრე შპს „---თან“ გააფორმებდნენ ხელშეკრულებას და მიიღებდნენ ანაზღაურებას. გადამხდელი მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს არ ჰქონდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენების საფუძველი და საწარმოს არ გააჩნდა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრის ვალდებულება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აპრილის №7281 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის 2023 წლის 04 აპრილის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 10 ოქტომბრის №25071 ბრძანება და ამავე თარიღის №001-226 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 225 227 ლარი, მათ შორის, გადასახადი 124 555 ლარი, ჯარიმა 62 046 ლარი და საურავი 38 626 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შპს „---“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2013 წლის 6 ნოემბერს, ხოლო დღგ-ს გადამხდელად ამავე წლის 27 ნოემბერს. შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, საჯარო რეესტრისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე არსებული ინფორმაცია საწარმოს შესახებ, ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია.
ზემოაღნიშნულის ანალიზით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში სამშენებლო, სარეაბილიტაციო და ობიექტების მოვლა, შენახვა -პატრონობის სამუშაოების/პროექტების განხორციელება. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სამუშაოების განხორციელებისას გადასახადის გადამხდელს მცირე მეწარმედ რეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე (56 პირზე) გაცემული აქვს თანხები სტატუსით „მომსახურების ანაზღაურება“, სულ 719 221 ლარი. რიგ შემთხვევაში მომსახურების გამწევი მცირე მეწარმეები წარმოადგენენ საწარმოს ყოფილ და მოქმედ დაქირავებულ პირებს. ამასთანავე, მცირე მეწარმეებს სტატუსი მინიჭებული აქვთ შპს „---თან“ ხელშეკრულების გაფორმების ან საწარმოდან თანხის მიღების შესაბამისად მიახლოებულ პერიოდებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემოწმების შედეგად აღნიშნული მცირე მეწარმეებიდან 17 ფიზიკური პირის მიერ საწარმოსთვის გაწეული მომსახურება (494 005 ლარი) დაკვალიფიცირდა, როგორც დამსაქმებლისათვის დაქირავებით მუშაობა. რაც დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში მომსახურების გამწევი მცირე მეწარმეებიდან ერთ-ერთი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად. აღნიშნული მეწარმე სამუშაოების შესრულების პროცესში იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას, შესრულებულ სამუშაოებს ბეგრავს დამატებული ღირებულების გადასახადით, რაზეც გამოწერილია შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. გადამხდელი აღნიშნავს, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში კომპანიისთვის მომსახურების გამწევი პირები წარმოადგენენ ინდივიდუალურ მეწარმეებს, კომპანიას მათთვის გადახდილი თანხების წყაროსთან დაბეგვრის ვალდებულება არ აქვს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებთან გაფორმებულია შესაბამისი სამუშაოების შესახებ ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები. ანაზღაურება განხორციელებულია მიღება-ჩაბარების შედეგად, მიღებული სამუშაოებიდან გამომდინარე, უნაღდო ანგარიშსწორებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, მიღება-ჩაბარების აქტები, ფორმა N2-ები). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, მიღება-ჩაბარების აქტები, ფორმა N2- ები);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 10 ოქტომბრის №25071 ბრძანება და ამავე თარიღის №001-226 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 225 227 ლარი, მათ შორის, გადასახადი 124 555 ლარი, ჯარიმა 62 046 ლარი და საურავი 38 626 ლარი.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 ;101; 154.