გადაწყვეტილება №22575/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22575/2/2024
10 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "------"(ს/ნ "------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,19.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------"-ს 15.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22575/2/2024).
დავის საგანი:
1.კომპანიის მიერ საკუთრებაში არსებული ფართის დამფუძნებელზე უსასყიდლოდ გადაცემის ოპერაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის №006-693 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 19.02.2024 წლის №3363 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 149 577 ლარი.
მათ შორის:
მოგების გადასახადი - 76 503
ჯარიმა - 38 252
საურავი - 34 822
პროცედურული გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა უძრავი ქონების გაქირავება. იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე და საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მიწოდების შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2023 წლის №14033 და 10.11.2023 წლის №27714 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 25.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №32927 ბრძანება და ამავე თარიღის №006-693 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 24.01.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 19.02.2024 წლის №3363 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს კომპანიის მიერ უძრავი ქონების (ს/კ "------") საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელისა და დირექტორის ფ/პ "------"-ის (პ/ნ "------") საკუთრებაში გადაცემის ოპერაციის ხელფასად განხილვის კვალიფიკაცია და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 19.02.2024 წლის №3363 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. კომპანიის მიერ საკუთრებაში არსებული ფართის დამფუძნებელზე უსასყიდლოდ გადაცემის ოპერაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
22.06.2011 წელს ი/მ"--------"-სგან (პ/ნ "------") შეიძინა უძრავი ქონება (ს/კ "------") ქ. "------"-ში , "------"-ის №16-ში, 210 000 აშშ დოლარად, 62.53 მ 2 ოდენობით. კომპანიას აღნიშნულ ოპერაციაზე არ აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა მიღებული და შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა განხორციელებული.
13.05.2021 წელს უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე აღნიშნული ფართი გადავიდა საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელისა და დირექტორის ფ/პ"------"-ის (პ/ნ "------") საკუთრებაში. უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას უსასყიდლოდ გადასცემს თავის ქონებას ერთპიროვნულ მმართველსა და დირექტორს. შემოწმების პროცესში საწარმოს მიერ წარდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა №009126023, რომლის თანახმადაც, ქ. "------"-ში , "------"-ის №16-ში მდებარე №"------" საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 62.53 მ 2 არასაცხოვრებელი ფართის საბაზრო ღირებულება 13.05.2021 წლის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 126 498 დოლარს (433 521 ლარი).
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კომპანიას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, უსასყიდლოდ აქვს გადაცემული ქონება დამფუძნებლისა და დირექტორისთვის (ერთი პირი), საგადასახადო კოდექსის 97-ე, 98-ე, 983, 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, 983 მუხლის პირველ ნაწილზე, 98-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს კომპანიის მიერ უძრავი ქონების (ს/კ "-------") საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელისა და დირექტორის ფ/პ "------"-ის საკუთრებაში გადაცემის ოპერაციის ხელფასად განხილვის კვალიფიკაცია და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტით საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა იმ საფუძვლით, რომ კომპანიის მიერ საკუთრებაში არსებული ფართი უსასყიდლოდ გადაეცა კომპანიის დამფუძნებელს და აღნიშნულის საბაზრო ფასი დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, 983 მუხლზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. საგადასახადო ორგანო ვალდებულია მითითებული მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოიკვლიოს გარემოებები და მხოლოდ ამ გარემოებათა კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და შეფასების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის შესახებ. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, კომპანიის მოთხოვნა სადავო საკითხის დაკმაყოფილების ნაწილში არ დაკმაყოფილდა და საჩივარი დამფუძნებელთან და დირექტორთან განხორციელებულ ოპერაციასთან დაკავშირებით ხელფასად კვალიფიკაციის შესწავლის მიზნით დაუბრუნდა აუდიტის დეპარტამენტს შესასწავლად.
მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურმა პირველ რიგში არამართლზომიერად უთხრა უარი სადავო საკითხის დაკმაყოფილებაზე, ხოლო მეორეს მხრივ უგულვებელყო მოქმედი კანონმდებლობა და ურთიერთდამოკიდებულ პირთან მიმართებაში საქონლის ნასყიდობის ოპერაციის განხორციელებისას სხვაობის არსებობის შემთხვევაში თანხას მისცა ხელფასის კვალიფიკაცია. მიაჩნია, რომ აღნიშნული პრაქტიკის დამკვიდრებით შემოსავლების სამსახური უგულვებელყოფს მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას და ფაქტობრივად უფუნქციოს ხდის საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლს, ურთიერთდამოკიდებულ პირებთან განხორციელებულ ოპერაციებთან დაკავშირებით. მიაჩნია, რომ განსახილველ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება არამართლზომიერია და ექვემდებარება გაუქმებას, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა დაუსაბუთებლად და დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები ასევე, ექვემდებარება სრულად გაუქმებას.
ამდენად, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არამართლზომიერად და დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები ექვემდებარება გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და მე-7 ნაწილის თანახმად:
1. რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
7. ამ კოდექსის 981−984 მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, ხოლო თუ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი დამატებული ღირებულების გადასახადს მოიცავს − საბაზრო ფასით, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე.
საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ კომპანიის ამჟამინდელ დირექტორს,"------"-ს აღნიშნული კომპანია მამის გარდაცვალების შემდგომ გადაეცა მემკვიდრეობით, მას არ აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების გამოცდილება, კომპანია დღეის მდგომარეობით აღარ ფუნქციონირებს, შესაბამისად განხორციელდა აღნიშნული ოპერაცია თუმცა, არა საგადასახადო ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით. საჩივარში ასევე, მითითებულია, რომ შემოსავლების სამსახური უგულვებელყოფს მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას და ფაქტობრივად უფუნქციოს ხდის საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლს, ურთიერთდამოკიდებულ პირებთან განხორციელებულ ოპერაციებთან დაკავშირებით. მიაჩნია, რომ განსახილველ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება არამართლზომიერია და ექვემდებარება გაუქმებას, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა დაუსაბუთებლად და დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები ასევე, ექვემდებარება სრულად გაუქმებას.
დადგენილია და ფაქტობრივი გარემოებები სადავოს არ წარმოადგენს, რომ 22.06.2011 წელს კომპანიას შეძენილი აქვს უძრავი ქონება, აღნიშნულ ოპერაციაზე არ აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურა მიღებული და შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა განხორციელებული. 13.05.2021 წელს უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე აღნიშნული ფართი გადავიდა საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელისა და დირექტორის საკუთრებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კომპანიას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, უსასყიდლოდ აქვს გადაცემული ქონება დამფუძნებლისა და დირექტორისთვის, საგადასახადო კოდექსის 97-ე, 98-ე, 983 , 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
აღნიშნული გარემოებებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების შედეგად მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაეკისრა ჯარიმა 38 252 ლარის ოდენობით, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №006-693 საგადასახადო მოთხოვნით საურავი 34 822 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია ყოველთვის ჯეროვნად ასრულებს საგადასახადო ვალდებულებებს, როგორც აღინიშნა არ ეთანხმება შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, თუმცა თუ შემოსავლების სამსახური მართებულად მიიჩნევს საგადასახადო შემოწმების შედეგად ვალდებულებების განსაზღვრას, მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურმა უნდა იმსჯელოს კომპანიის საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციებისგან გათავისუფლების თაობაზე, რამდენადაც აღნიშნული გამოწვეული იქნება შეცდომით. ამდენად, ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალიწინებით, მიაჩნია რომ კომპანია წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს და ითხოვს საბჭომ იმსჯელოს კომპანიის მიმართ საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციებისგან გათავისუფლების თაობაზე.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან. საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად :
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ კომპანიის ამჟამინდელ დირექტორს, "------"-ს აღნიშნული კომპანია მამის გარდაცვალების შემდგომ გადაეცა მემკვიდრეობით, მას არ აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების გამოცდილება, კომპანია დღეის მდგომარეობით აღარ ფუნქციონირებს. მის ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს, რომ საბჭომ მხედველობაში მიიღოს ის ფაქტი, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია კანონმდებლობის არცოდნით/შეცდომით. ამდენად, ითხოვს გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისაგან.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისაგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის №006-693 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისაგან;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი მიიჩნევს რომ, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არამართლზომიერად და დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები ექვემდებარება გაუქმებას.
2.მომჩივანს მიაჩნია რომ კომპანია წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს და ითხოვს საბჭომ იმსჯელოს კომპანიის მიმართ საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციებისგან გათავისუფლების თაობაზე.
ფაქტობრივი გარემოებები
1.მომჩივანმა შეიძინა უძრავი ქონება. კომპანიას აღნიშნულ ოპერაციაზე არ აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა მიღებული და შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა განხორციელებული. 13.05.2021 წელს უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე აღნიშნული ფართი გადავიდა საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელისა და დირექტორის საკუთრებაში. უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას უსასყიდლოდ გადასცემს თავის ქონებას ერთპიროვნულ მმართველსა და დირექტორს.
არასაცხოვრებელი ფართის საბაზრო ღირებულება 13.05.2021 წლის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 126 498 დოლარს (433 521 ლარი). აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კომპანიას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, უსასყიდლოდ აქვს გადაცემული ქონება დამფუძნებლისა და დირექტორისთვის,საგადასახადო კოდექსის 97-ე, 98-ე, 983, 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
2.შემოწმების შედეგად მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2.მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისაგან.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
983,159,160,269(7).