გადაწყვეტილება №25054/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25054/2/2025
05 მაისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ს“ 11.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25054/2/2025).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება;
2. სამშენებლო მასალების რეალიზებულად განხილვა;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 ივნისის №094-26 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მარტის №5289 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 3 171 427.69 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 1 533 314
დღგ - (- 447 685)
მიწა - არასასოფლო - (- 234)
საშემოსავლო გადასახადი - 1 977 233
ქონების გადასახადი - 4 000
ჯარიმა - 1 275 361
საურავი - 362 752.69
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 აპრილის №7249 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 31 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 ივნისის 05 მაისი 2025 N 03/32623 2 №14873 ბრძანება და №094-26 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 3 171 427.69 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 15 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 21 მარტის №5289 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი, თუმცა დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილ სადავო საკითხებში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მარტის №5289 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 7 955 840 ლარს. საწარმოს 2022 წლის ივნისის შემდგომ აქტივობები აღარ უფიქსირდება. კერძოდ, ამ დროიდან არ ფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაციები, ხორციელდება ნულოვანი დეკლარაციების წარდგენა. ამასთან, კომპანიის მიერ ჩატარებულ სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ბოლო მიღება-ჩაბარების აქტები შედგენილია 2022 წლის აპრილის თვეში, ხოლო ამის შემდგომ ფიქსირდება ტენდერების ცალმხრივი შეწყვეტა მუნიციპალიტეტებისა და სხვა დამკვეთების მხრიდან. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაცია ვერ შედგა. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული დამკვეთებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების, ხელშეკრულებებისა და სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაციის, ასევე, საწარმოს მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების, მესამე მხარიდან გამოთხოვილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის, მათ შორის, საწარმოსთვის ჩარიცხული ავანსებისა და ავანსების განაშთვასთან დაკავშირებული ინფორმაციის საფუძველზე. ასევე აღსანიშნავია, რომ ტენდერების შეწყვეტის საანგარიშო პერიოდებში მოხდა შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირება დამკვეთის მიერ ავანსად ჩარიცხული თანხიდან გაუნაშთავი ნაწილის ოდენობით. მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 159-ე, 160-ე, 163-ე, 164-ე, 168-ე, 43-ე მუხლებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი არგუმენტაციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც სადავო საკითხების ნაწილში შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი გახდებოდა. ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მხარეთა არგუმენტაციაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლაგამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა.
გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრებული საკითხებიდან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვის საკითხი და დირექტორზე სესხად განხილვის საკითხი, რაც ექვემდებარება გადაანგარიშებას, მაგრამ საკითხის არასწორად ინტერპრეტაციის შემთხვევაში, მომჩივანი უფლებას იტოვებს გააგრძელოს დავა ზემოაღნიშნულ საკითხებზე. რაც შეეხება დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშების ნაწილს, არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულებული გაანგარიშების რამდენიმე პუნქტს, კერძოდ:
- აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 7 955 840 ლარს, რომელიც მოიცავდა ამავე პერიოდში მიღებულ ავანსებსაც. - შემოწმების შედეგად, დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა დადგენილ იქნა 5 459 872 ლარის ოდენობით, ვინაიდან კომპანიას გაუუქმდა ყველა მოქმედი ხელშეკრულება, საავანსო თანხები დაუბრუნდა დამკვეთს საბანკო გარანტიების მეშვეობით, რომელიც საბოლოო ჯამში გადახდილი იქნა საწარმოს მიერ.
- როგორც საგადასახადო შემოწმების აქტშია აღნიშნული, გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს დაახლოებით 5 660 328 ლარის საქონელი და მომსახურება დღგ-ის გარეშე. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ მესამე მხარიდან გამოთხოვილი ინფორმაციით კრედიტორული დავალიანების ნაშთმა 1.01.2021 წლის მდგომარეობით შეადგინა 281 121 ლარი, ხოლო 1.01.2024 წლის მდგომარეობით - 507 589 ლარი.
- ამავე პერიოდში შემოწმების შედეგად დადგენილი დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 5 460 000 ლარს. აუდიტის დეპარტამენტი ასევე აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი 2020 წლის ფინანსური ანგარიშგებით 1.01.2021 წლის მდგომარებით ფიქსირდება ფულის ნაშთი 293 707 ლარის ოდენობით, ასევე დებიტორული დავალიანების ნაშთი - 536 519 ლარი და დავალიანება საქონლის მიწოდებიდან და მომსახურებიდან - 0 ლარი.
- უმნიშვნელოვანესია ასევე ის გარემოება, რომ აუდიტის დეპარტამენტი მის მიერ გამოცემულ აქტში მიუთითებს, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელთან კონტაქტი ვერ შედგა. შესაბამისად, არ მომხდარა შემოწმებისთვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაციის (მ.შ ბანკები) მოწოდება. მიუხედავად იმისა, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო კანონმდებლობის შესაბამისად ბანკებიდან გამოეთხოვა ინფორმაცია, ასეთი მიმართვა მათ არ განუხორციელებიათ, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ არ მომხდარა საკითხის სრულყოფილი შესწავლა.
- ამ კომპონენტების ურთიერთ-შეჯერების შედეგად, ვერანაირი სწორი გაანგარიშების შედეგად, სალაროში არსებული ვირტუალური ნაშთი ვერ გახდებოდა 6 014 904 ლარი, რომელიც აგროსილი შეადგენს 7 518 631 ლარს და აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხილულია ხელფასად. მხოლოდ ამ მოცემულობის შედეგად სალაროს ვირტუალური ნაშთი უნდა შეადგენდეს (293 707+536 519+5 459 872*1,18-5 660 328*1,18-281 121+507 589)= 820 155.92 ლარს ნაცვლად 6 014 904 ლარისა.
ზემოაღნიშნული საკითხი უპირობოდ საჭიროებს ხელახალ შესწავლას.
- მნიშვნელოვანი უზუსტობებია გაპარული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ფორმირებისას, ვინაიდან 2022 წლის ივნისი-ივლისის თვეში შეწყვეტილია ყველა მოქმედი ხელშეკრულება, აქედან გამომდინარე სავარაუდოდ დაშვებულია შეცდომა ავანსის საწყის ეტაპზე მიღებული ავანსისა და ხელშეკრულების შეწყვეტისას დამკვეთის მიერ ავანსად ჩარიცხული თანხის უკან გათხოვის შედეგად დარჩენილ ნაშთს შორის, რაც საჭიროებს ხელახალ შესწავლას.
2. სამშენებლო მასალების რეალიზებულად განხილვა
ფაქტების აღწერა
1) საწარმოს უფიქსირდება ცალკეული სამშენებლო მასალების მიტანა ისეთ ტერიტორიაზე, სადაც ტენდერის მიმდინარეობა არ ფიქსირდება;
2) ასევე, ფიქსირდება მასალების გადაზიდვა კომპანიის საკუთრებაში არსებული საწყობის მისამართზე, თუმცა საწარმოს 2022 წლის ივნისის შემდგომ აქტივობები აღარ უფიქსირდება. კერძოდ, ამ დროიდან არ ფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაციები, ხორციელდება ნულოვანი დეკლარაციების წარდგენა. ამასთან, კომპანიის მიერ ჩატარებულ სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ბოლო მიღება-ჩაბარების აქტები შედგენილია 2022 წლის აპრილის თვეში, ხოლო ამის შემდგომ ფიქსირდება ტენდერების ცალმხრივი შეწყვეტა მუნიციპალიტეტებისა და სხვა დამკვეთების მხრიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მასალები, რომლებიც გადაზიდულ იქნა მისამართებზე, სადაც ტენდერით განსაზღვრული სამუშაოები არ ტარდებოდა, ჩაითვალა თვითღირებულებით რეალიზებულად და გაიზარდა შეძენის შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო მასალები, რომლებიც მიტანილი იქნა საწარმოს საკუთრებაში არსებულ საწყობში და არ ფიქსირდება მათი შემდგომი გამოყენების ფაქტი, კომპანიის აქტიური საქმიანობის დასრულების პერიოდში განხილული იქნა ასევე თვითღირებულებით რეალიზებულად და გაიზარდა 2022 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
ბოლო მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან ხელშეკრულების ოფიციალურად შეწყვეტამდე კომპანია ასრულებდა კონტრაქტით გათვალისწინებულ სამუშაოებს, შესაბამისად ხდებოდა აღნიშნულ მისამართებზე საქონლის მიტანა სამუშაოების წარმოების მიზნით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულების შეწყვეტამდე გახარჯული მასალების სხვა პირზე რეალიზებულად განხილვა არასამართლიანი და არაკანონიერია. გადასახადის გადამხდელს აქვს კანონიერი უფლება დროებით შეაჩეროს ეკონომიკური საქმიანობა და შეინახოს მის ბალანსზე არსებული საქონელი საწყობში. აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო გაეტარებინა მიმდინარე კონტროლის ღონისძიება ინვენტარიზაციის დანიშნვის გზით, რათა დაედგინა კომპანიის საწყობში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი და დანაკლისის გამოვლენის შემთხვევაში ეხელმძღვანელა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად - საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მიხედვით. ამის სანაცვლოდ აუდიტის დეპარტამენტმა მხოლოდ ვარაუდი დაუდო საფუძვლად ზემოაღნიშნულ დარიცხვას და ივარაუდა, რომ ზემოაღნიშნული საქონელი იქნებოდა რეალიზებული და დაბეგრა დღგ-ით.
მოცემული ფაქტების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პროცედურები, რადგან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ზემოაღნიშნული საკითხების უგულებელყოფამ გამოიწვია მეტად სავალალო შედეგი კომპანიისთვის. მომჩივანი ითხოვს საკითხის ხელახალ შესწავლას გადასახადის გადამხდელის უშუალო მონაწილეობით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი. სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ბაზებისა და ტენდერების დოკუმენტაციის დამუშავებით გამოვლინდა, რომ საწარმოს უფიქსირდება ცალკეული სამშენებლო მასალების მიტანა ისეთ ტერიტორიაზე, სადაც ტენდერის მიმდინარეობა არ ფიქსირდება. ასევე, ფიქსირდება მასალების გადაზიდვა კომპანიის საკუთრებაში არსებული საწყობის მისამართზე, თუმცა საწარმოს 2022 წლის ივნისის შემდგომ აქტივობები აღარ უფიქსირდება. კერძოდ, ამ დროიდან არ ფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაციები, ხორციელდება ნულოვანი დეკლარაციების წარდგენა. ამასთან, მომჩივნის მიერ ჩატარებულ სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ბოლო მიღება-ჩაბარების აქტები შედგენილია 2022 წლის აპრილის თვეში, ხოლო ამის შემდგომ ფიქსირდება ტენდერების ცალმხრივი შეწყვეტა 6 მუნიციპალიტეტებისა და სხვა დამკვეთების მხრიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მასალები, რომლებიც გადაზიდული იქნა მისამართებზე, სადაც ტენდერით განსაზღვრული სამუშაოები არ ტარდებოდა, ჩაითვალა თვითღირებულებით რეალიზებულად და გაიზარდა შეძენის შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო მასალები, რომლებიც მიტანილი იქნა საწარმოს საკუთრებაში არსებულ საწყობში და არ ფიქსირდება მათი შემდგომი გამოყენების ფაქტი, კომპანიის აქტიური საქმიანობის დასრულების პერიოდში განხილული იქნა ასევე თვითღირებულებით რეალიზებულად და გაიზარდა 2022 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
ამასთან, მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა კომპანიის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 ივნისის №094-26 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 3 171 427.69 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 1 533 314 ლარი, ჯარიმა - 1 275 361 ლარი და საურავი - 362 752.69 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.
შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისათვის, იგი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. გასაგებია, რომ საგადასახადო კოდექსი (და არა მარტო) არ ახდენს კეთილსინდისიერების (როგორც ასეთის) დეფინიციას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იგი დგინდება ინდივიდუალური მიდგომით, მაგრამ ის გარემოება, საწარმოს მხრიდან ძირითადი ვალდებულება, გადასახადის გადახდასთან დაკავშირებით, შესრულებულია, იმავდროულად, ქმედებას რაიმე სახის ზიანი არ გამოუწვევია, დავის განმხილველმა ორგანომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მითითებული მუხლის გამოყენებით კომპანიის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე.
ზოგადად სანქცია არანაირი ფისკალური ეფექტის მატარებელი არ არის და იგი მხოლოდ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს პასუხს გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი გადაცდომისთვის და ეს ორგანო მას მხოლოდ პრევენციის, მომავალში მსგავსი გადაცდომისაგან თავის დაზღვევის მიზნით მიმართავს. მომჩივნის მხრიდან განხორციელებული ქმედება მიზნად არ ისახავდა სამართალდარღვევის ჩადენის განზრახვას. აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის გათვალისწინებით, გათავისუფლდნენ სანქციისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება;
2. სამშენებლო მასალების რეალიზებულად განხილვა;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს ტენდერების ფარგლებში სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება. შესამოწმებელ პერიოდში ტენდერების შეწყვეტის საანგარიშო პერიოდებში შემოწმებამ მოახდინა შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირება დამკვეთის მიერ ავანსად ჩარიცხული თანხიდან გაუნაშთავი ნაწილის ოდენობით.
შემოწმების მიერ მასალები, რომლებიც გადაზიდულ იქნა მისამართებზე, სადაც ტენდერით განსაზღვრული სამუშაოები არ ტარდებოდა, ჩაითვალა თვითღირებულებით რეალიზებულად და გაიზარდა შეძენის შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო მასალები, რომლებიც მიტანილი იქნა საწარმოს საკუთრებაში არსებულ საწყობში და არ ფიქსირდება მათი შემდგომი გამოყენების ფაქტი, საწარმოს აქტიური საქმიანობის დასრულების პერიოდში განხილული იქნა ასევე თვითღირებულებით რეალიზებულად და გაიზარდა 2022 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
გადაწყვეტილება
მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა კომპანიის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (9); 159; 163; 164; 269 (7).