გადაწყვეტილება №21782/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21782/2/2024
16 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --------ი (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ის 3.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21782/2/2024).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2023 წლის №001-263 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 26.12.2023 წლის №32816 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 85 670.78 ლარი.
მათ შორის: გადასახადი - 47 053
დღგ - 39 500
საშემოსავლო გადასახადი - 7 553
ჯარიმა - 14 749
საურავი - 23 868.78
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
2020 წლის პირველი იანვრიდან, 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორის განსაზღვრის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2023 წლის №14110 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება.
საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 24.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა შემდეგი:
- კომპანიის დამფუძნებელმა 2019 წლის პირველ აპრილს საწარმოს კაპიტალში შეიტანა პირად საკუთრებაში არსებული ორი ბინა. ერთი ბინის ღირებულება სადამფუძნებლო გადაწყვეტილების მიხედვით განისაზღვრა 60 000 აშშ დოლარის და მეორე ბინის 55 000 აშშ დოლარის ოდენობით. პირველი ბინა მდებარეობს დიღომში,------ზე, ხოლო მეორე გლდანში, -----ზე. საგულისხმოა, რომ პირველი ბინა შეძენილია 30.10.2018 წელს 61 290 დოლარად, ხოლო მეორე ბინა, რომლის ღირებულებაც კაპიტალში შეტანის დროს დააფიქსირა 55 000 აშშ დოლარი, შეძენილი აქვს 3.12.2018 წელს და ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, შეძენის ფასი იყო 31 500 აშშ დოლარი. კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა ორივე ბინა 21.10.2020 წელს გაიტანა კაპიტალიდან. შემოწმების პროცესში ჩატარებული ანალიტიკური პროცედურებით დადგინდა, რომ კაპიტალიდან გატანის დროს, ----ის ქუჩაზე მდებარე ბინის კვადრატული მეტრის ღირებულება შეადგენდა 574 დოლარს (შეტანისას, ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით 508.9 აშშ დოლარს). ბინების საბაზრო ღირებულების განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნა 2020 წლის სექტემბერ-ოქტომბერში იმავე კორპუსებში რეალიზებული ბინების ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ფასები. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ფიზიკურმა პირმა მიიღო სარგებელი ნამეტი თანხით, უძრავი ქონების შეტანის და გატანის ღირებულებებს შორის სხვაობით. პირის საწესდებო კაპიტალში შეტანის-დაბრუნების საფუძველზე, საწარმოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები არ არის დეკლარირებული. კომპანია არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმების პროცესში წარდგენილი არ ყოფილა რაიმე სახის სააღრიცხვო მონაცემები. წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებებში კომპანია 2019-2020 წლებში აფიქსირებს ზარალს. შემოწმების მიერ დირექტორის მიერ მიღებული სარგებელი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით და დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
- 21.10.2020 წელს კომპანიის დამფუძნებელმა კაპიტალში შეტანილი ორი საცხოვრებელი ბინა უკან დაიბრუნა - გაიტანა კაპიტალიდან. პირის საწესდებო კაპიტალში შეტანის-დაბრუნების საფუძველზე, საწარმოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები არ არის დეკლარირებული. შემოწმების მიერ აღნიშნული ოპერაცია ჩაითვალა მიწოდებად.----ის ქუჩაზე მდებარე ბინის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 114 487 ლარით, ხოლო ----ის ქუჩაზე მდებარე ბინის კი 144 459 ლარით. ბინების საბაზრო ღირებულების განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნა 2020 წლის სექტემბერ-ოქტომბერში იმავე კორპუსებში რეალიზებული ბინების ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ფასები. საწარმოს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 21.10.2020 წელს ამდენად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2023 წლის №29418 ბრძანება და ამავე თარიღის №001-263 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 13.12.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.12.2023 წლის №32816 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიას და მის დირექტორს/დამფუძნებელს აღნიშნული ოპერაციების განხორციელებისას არანაირად არ ჰქონია განზრახული გადასახადებისგან თავიდან არიდება. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი ბინის შეძენის ფასი იყო 31 500 დოლარი, კაპიტალში შეტანის დროს დააფიქსირა 55 000 აშშ დოლარი. ამ ქმედებების რეალურ მიზეზს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დირექტორმა არაკომპეტენტური პირებისაგან მიიღო რჩევა, თუ აღნიშნულ ბინებს შეიტანდა კაპიტალში, ეს ქმედება დაეხმარებოდა მას დროებითი ბინადრობის მისაღებად. როდესაც აღნიშნული ქმედება არანაირ კავშირში არ აღმოჩნდა ბინადრობის მიღებასთან და ვერ დაეხმარა, ასევე არაკომპეტენტური პირებისგან მიიღო რჩევა, რომ კაპიტალში შეტანილი ბინები შეეძლო ისევ უკან გაეტანა დაბეგვრის გარეშე. აღსანიშნია, რომ covid-19-ის გამო გაძნელებული იყო სწორი ინფორმაციის მოპოვება, ვინაიდან დირექტორი გახლავთ უცხოელი, ინფორმაციის მიუღებლობის (არცოდნის) გამო მოხდა აღნიშნული ფაქტი.
იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში. აღნიშნული კომპანია აქტიურად ახორციელებს საქმიანობას საქართველოს ბაზარზე. კერძოდ, იმპორტით შემოაქვს საკვები პროდუქტები ----თიდან და ახორციელებს მის საბითუმო და საცალო რეალიზაციას. ასევე, კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქონლის შესყიდვას ახორციელებს ლოკალურ ბაზარზე. კომპანიას იჯარით აქვს აღებული ფართი საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისგან, ასევე სასაწყობე ფართი და დასაქმებული ჰყავს 5 პირი.
2021 წლიდან კომპანია კანონმდებლობის სრული დაცვით ახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვას და დეკლარირებას. იხდის შესაბამის გადასახადებს. საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები შეადგენს: დღგ 39 500 ლარი; საშემოსავლო გადასახადი 7 553 ლარი; ჯარიმა 14 749 ლარი; საურავი 23 868,78 ლარი, ჯამში 85 670,78 ლარი. კომპანია სრულად იზიარებს და ეთანხმება საგადასახადო მოთხოვნის შინაარსს.
კომპანიისთვის ძალიან მძიმეა აღნიშნული თანხის მობილიზება და გადახდა. ფაქტიურად, კომპანია შესაძლოა გადახდისუუნარო გახდეს. აღნიშნული კომპანიის ისტორიის გათვალისწინებით შესაძლებელია მიჩნეულ იქნას კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელად. შესაბამისად, უმორჩილესად ითხოვს საბჭომ იხელმძღვანელოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით და გამოხატოს კეთილი ნება, მოეხსნას ჯარიმის და საურავის თანხა. შესაბამისად, კომპანიის ადმინისტრაცია გამოხატავს მზადყოფნას ჯარიმის და საურავის მოხსნის შემთხვევაში ერთიანად და სრულად დაფაროს გადასახადის თანხა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
2020 წლის პირველი იანვრიდან, 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორის განსაზღვრის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის №14110 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება.საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №29418 ბრძანება და №001-263 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №32816 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 282(1); 269(7);