გადაწყვეტილება №27114/2/2026
📄 სრული ტექსტი
№27114/2/2026
22 მაისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,7.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ს 8.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27114/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 17.09.2025 წლის №20402 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 23.01.2026 წლის №232-1 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 20.03.2026 წლის №6138 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 199 922,31 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 115 236,1
დღგ - (-11 894,16)
საშემოსავლო გადასახადი - 127 130,26
ჯარიმა - 83 794,8
საურავი - 891,41
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობაა სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების მიწოდება.
აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის კამერალური საგადასახდო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.07.2022 წლიდან 1.05.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ აქვს. დირექტორის ახსნა-განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში და ბოლოს საზოგადოებას სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია, ასევე წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით და შემმოწმებლების მიერ კონტრაგენტებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დადგინდა დებიტორკრედიტორული დავალიანებების მოცულობები. სასაქონლო ზედნადებების, საგადასახადო ანგარიშ ფაქტურების, მიღება-ჩაბარების აქტების, ხელშეკრულებების, საბანკო ამონაწერების, ახსნა-განმარტებების და სხვა ინფორმაციის/დოკუმენტაციის ანალიზით შემოწმებით განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობა. აღნიშნულ განკარგვად თანხაზე გადასახადის გადამხდელს მინიჭებული არ აქვს კვალიფიკაცია. გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების წარმოუდგენლობის, აგრეთვე, განკარგვადი თანხის განკარგვის თაობაზე სხვა სახის ინფორმაციის არ არსებობის გამო, აღნიშნული თანხა ჩაითვალა შესაბამისი პერიოდის ბოლოს, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად (არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პირი) და დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 101-ე 154-ე მუხლების საფუძველზე გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხა განისაზღვრა 627 214 ლარის (501 771/0,8) ოდენობით. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის, მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2025 წლის №232-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 17.09.2025 წლის №20402 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. განკარგვადი თანხის გაანგარიშების საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის ფორმა 2-ები). განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საწარმოს მიერ წარდგენილი ფორმა 2-ების მიხედვით გაწეული ხარჯის ოდენობა განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 17.09.2025 წლის №20402 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 21.01.2026 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა არ წარმოადგინა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით განსაზღვრული, საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული, მტკიცებულებები (მათ შორის ფორმა 2-ები). შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო გადაანგარიშებით შემოწმების აქტით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელდა.
აუდიტის დეპარტამენტის 21.01.2026 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 23.01.2026 წლის №232-1 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.03.2026 წლის №6138 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304- ე მუხლის 21 ნაწილზე.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოების თანახმად, გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად არ წარუდგენია საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის ფორმა 2-ები). ამდენად, საგადასახადო შემოწმების მიერ გადაანგარიშების ეტაპზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმებით განსაზღვრული სალაროს ნაშთი რეალურად წარმოადგენს ხარჯს, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემოწმებისთვის ვერ იქნა წარდგენილი. გარდა ამისა, ჯამურად კომპანიის ბრუნვის თითქმის ნახევარი ჩათვლილია დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც შეუძლებელია, იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიას სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში დადგენილი აქვს მაქსიმალური მოგების ოდენობა, რაც შეადგენს 7%-ს. ამ ციფრს მიმწოდებელი კომპანია ვერ გაზრდის, ვინაიდან ხარჯთაღრიცხვა წინასწარ არის გაკეთებული შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ და ამ ციფრებიდან გადახვევა ფაქტობრივად შეუძლებელია. გარდა ამისა, საჯაროდ გამოქვეყნებულ სატენდერო ხელშეკრულებებში გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვაში მკაფიოდ არის მითითება გადამეტებული მოგების დაუშვებლობაზე. აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გამოყენებული მეთოდური მითითება იმ შემთხვევაზე, როდესაც პირს არ აქვს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული შემოსავლის 75%-ის ხარჯად აღიარების შესახებ.
უნდა დაევალოს აუდიტის დეპარატმენტს საკითხის ხელახლა განხილვა და დარიცხული თანხების კორექტირება. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გადასახადის გადამხდელი უნდა გათავისუფლდეს დარიცხული სანქციებისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა;
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახურის 17.09.2025 წლის №20402 ბრძანებით, განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის ფორმა 2-ები). განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საწარმოს მიერ წარდგენილი ფორმა 2-ების მიხედვით გაწეული ხარჯის ოდენობა განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 21.01.2026 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა არ წარადგინა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრული, საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის ფორმა 2-ები). შესაბამისი ინფორმაციის, დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო გადაანგარიშებით შემოწმების აქტით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელდა.
მომჩივანი მიუთითებს, რომ შემოწმებით განსაზღვრული სალაროს ნაშთი რეალურად წარმოადგენს ხარჯს, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემოწმებისთვის ვერ იქნა წარდგენილი და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გამოყენებული მეთოდური მითითება იმ შემთხვევაზე, როდესაც პირს არ აქვს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, მიღებული შემოსავლის 75%-ის ხარჯად აღიარების შესახებ. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გადასახადის გადამხდელი უნდა გათავისუფლდეს დარიცხული სანქციებისგან.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 17.09.2025 წლის №20402 ბრძანებით, განკარგვადი თანხის გაანგარიშების საკითხის შესწავლა აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ამავე ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მომჩივნის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, რაც გადასახადის გადამხდელის მიერ არ ყოფილა წარდგენილი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მითითება საგადასახადო ორგანოს მიერ საკითხის არასრულად შესწავლაზე უსაფუძვლოა. ასევე, საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით მომჩივანი ითხოვდა დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, რაც არ დაკმაყოფილდა და არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 21.01.2026 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 17.09.2025 წლის №20402 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი მიიჩნევს,რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარატმენტს საკითხის ხელახლა განხილვა და დარიცხული თანხების კორექტირება. ასევე,საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გადამხდელი უნდა გათავისუფლდეს დარიცხული სანქციებისგან.
ფაქტობრივი გარემოებები
დირექტორის ახსნა-განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში და ბოლოს საზოგადოებას სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია, ასევე წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით და შემმოწმებლების მიერ კონტრაგენტებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დადგინდა დებიტორკრედიტორული დავალიანებების მოცულობები.განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობა. აღნიშნულ განკარგვად თანხაზე გადამხდელს მინიჭებული არ აქვს კვალიფიკაცია. გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების წარმოუდგენლობის, აგრეთვე, განკარგვადი თანხის განკარგვის თაობაზე სხვა სახის ინფორმაციის არ არსებობის გამო, აღნიშნული თანხა ჩაითვალა შესაბამისი პერიოდის ბოლოს, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა სსკ-ის 101-ე 154-ე მუხლების საფუძველზე გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის, მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 21.01.2026 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 17.09.2025 წლის №20402 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5),101,154,269(7).