გადაწყვეტილება №22196/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.06.2024
№ დოკუმენტი 22196/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 22196/2/2024

27 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------------9.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22196/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 3.10.2023 წლის №24384 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №001-340 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 1.02.2024 წლის №1720 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 419 842 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 847 480

დღგ - 304 168

საშემოსავლო გადასახადი - 543 312

ჯარიმა - 426 652

საურავი - 146 710

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, ირკვევა, რომ დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. საწარმო დაფუძნებულია 2013 წლის 20 სექტემბერს. იგი 2022 წლიდან ახორციელებს ----------- ფქვილისა და ქატოს იმპორტსა და საბითუმო რეალიზაციას. ამავე წლის ოქტომბრის თვეში საწარმოს იმპორტით აქვს შემოტანილი შაქარიც ასევე -------------. ფქვილისა და ქატოს დოკუმენტური რეალიზაცია შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს 5%-ს. გადამხდელის მიერ 18%-ით დასაბეგრ

ბრუნვასთან მიმართებაში დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 4%-ს. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვერ ხერხდება კონტროლი ოპერაციების დაწყება, მიმდინარეობა და დასრულებაზე. აღსანიშნავია, რომ ფქვილისა და ქატოს დოკუმენტური რეალიზაცია შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს 5%-ს, ხოლო იმპორტულ შაქარზე დოკუმენტური რეალიზაცია არ ფიქსირდება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები და შეძენები. შედეგად, ფქვილზე და ქატოზე დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატები. კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირებულ იქნა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან და შესაბამისად გამოთვლილ იქნა ფასნამატი. დოკუმენტაციის დამუშავებით გამოვლინდა, რომ სარეალიზაციო ფქვილთან მიმართებით ფიქსირდება შემცირებადი შეძენის ფასები და ამავე დროს ცალკეულ პერიოდში ფიქსირებული, ცალკეულ პერიოდებში კი მზარდი სარეალიზაციო ფასები. აღნიშნულიდან გამომდინარე ფქვილთან მიმართებაში დოკუმენტური ფასნამატები დაანგარიშებული იქნა ყოველთვიურად და მერყეობს ფქვილზე 13%-დან 42%-მდე, საშუალოდ შეადგინა 29%, ხოლო ქატოზე საშუალო ფასნამატმა შეადგინა 30%. შაქარზე, რაზეც ვერ მოხდა დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრა, გამოყენებული იქნა აღნიშნულ პროდუქტზე განსაზღვრული აუდირებული ფასნამატი 19%-ის ოდენობით. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

2. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვერ ხერხდება კონტროლი ოპერაციების დაწყება, მიმდინარეობა და დასრულებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად პირის შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. 2019 წლის 8 ივლისის შემოსავლების სამსახურის უფროსის №22708 ბრძანების მე-5 დანართის შესაბამისად სხვაობა შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ და სააღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრულ, დეკლარირებულ შემოსავლებს შორის სალაროს გონივრული ნაშთის გათვალისწინებით დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შედეგად დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

3. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს გარდა ძირითადი სარეალიზაციო პროდუქციისა არარეზიდენტი კომპანიებისგან საბაჟო რეჟიმის პროცედურით ერთჯერადად შეძენილი აქვს სხვადსხვა საქონელი, როგორიცაა სამართებლის პირები და ხე მასალა. აღნიშნული საქონელი გატანილია რეექსპორტის რეჟიმით. გადამხდელს მიერ წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში შეძენილი საქონლის ღირებულება არარეზიდენტებისთვის გადახდილია ნაღდი ანგარიშსწორებით, თუმცა შემოწმების პროცესში გადახდის დოკუმენტაციის წარდგენა არ მომხდარა. ვინაიდან საწარმოს მხრიდან არ არის წარდგენილი საქონლის იმპორტზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 12 ნოემბრის №35390 ბრძანების საფუძველზე გამოცემული მეთოდური მითითების შესაბამისად, საქონლის შესყიდვის (საინვოისო) ღირებულების 25% განხილულ იქნა საწარმოს დირექტორებზე გაცემულ ხელფასად და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შედეგად პირს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 7.07.2023 წლის №16424 ბრძანება და №001-144 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 3.10.2023 წლის №24384 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

1. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ხორბლის დამსხვრეულ მარცვალთან მიმართებაში გამოიყენოს ქატოს ფასნამატი და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 3.10.2023 წლის №24384 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 დეკემბრის დასკვნის საფუძველზე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა 1 326 ლარით, მათ შორის, გადასახადი 883 ლარით და ჯარიმა 443 ლარით, რაზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №001-340 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 1.02.2024 წლის №1720 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით და აღნიშნა, რომ შემოწმების მიერ გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ ხორბლის დამსხვრეულ მარცვალთან მიმართებაში (42 322 ლარი თვითღირებულება) ფქვილის ფასნამატის ნაცვლად ქატოს ფასნამატის (29.7%) გამოყენება, რის საფუძველზეც შემცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიცირებული სალაროს არაგონივრული ნაშთის ოდენობა, ხოლო საწარმოს მიერ არარეზიდენტი კომპანიისგან შეძენილი საქონლის საინვოისო ღირებულების 25%-ის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან მიმართებით, გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი სათანადო წესით დამოწმებული დამატებითი მტკიცებულებები, რის გამოც შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელდა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია ახორციელებს სრულყოფილ ბუღალტრულ აღრიცხვას, როგორც თანხობრივად ასევე რაოდენობრივი კუთხით. იყენებს კომპიუტერულ საბუღალტრო პროგრამას, რომლის ასლიც მიწვდილ იქნა შემმოწმებელი აუდიტორებისათვის მოთხოვნის შესაბამისად. ამასთანავე საწარმოს არ უფიქსირდება არანაირი საგადასახადო სამართალდარღვევა შესამოწმებელ პერიოდში, ამ ყველაფრის მიუხედავად გადამხდელის მიმართ გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. შემმოწმებლებმა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას საფუძვლად დაუდეს განსხვავებული ფასნამატი დოკუმენტური რეალიზაციისას, რასაც შეგვიძლია ნაწილობრივ დავეთანხმოთ, მაგრამ შემოწმების მიერ დადგენილი ფასნამატები არის აბსოლუტურად არ შეესაბამება არც რეალობას და არც ბაზარზე არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას. საგადასახადო შემოწმების დროს ყველა ასპექტში მიდგომა განხორციელდა ყველაზე აგრესიული და მეთოდით და ვარიანტით, რაც ფაქტობრივად იწვევს ბიზნესის დახურვას და განადგურებას.

 

საკითხი №1

ფქვილის და ქატოს რეალიზაციის გაანგარიშება

შემოწმების მსვლელობის დროს გაეგზავნა დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება და აუდიტორებს მიაწოდა კომპანიის რეალური დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი.

აუდიტორის შეფასებით წარდგენილი დაკავშირების ცხრილი დაუსაბუთებელია და ვლინდება შეუსაბამობები.

ითხოვს, შემმოწმებლებს დაევალოს დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებისას ისარგებლონ კომპანიის მხრიდან წარდგენილი ცხრილით. არანაირი შეუსაბამობა აღნიშნულ ცხრილში არ იკვეთება და სარეალიზაციო დოკუმენტები შეძენის დოკუმენტებთან დაკავშირებულია ნაშთის გათვალისწინებით. დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშების ცხრილს და ასევე დასაბუთების გასამყარებლად კომპანიაში არსებულ პირველად სააღრიცხვო დოკუმენტებს წარუდგენს აუდიტორებს მოთხოვნის შესაბამისად. (ხელშეკრულებები მყიდველებთან, ბრძანებები დადგენილ სარეალიზაციო ფასებზე, იმპორტირებული პროდუქციის ხარისხის სერტიფიკატები და ა.შ.).

კატეგორიულად არ ეთანხმება ხორბლის დამსხვრეულ მარცვალთან მიმართებაში ფქვილის ფასნამატის გამოყენებას. აღნიშნული პროდუქტს თავისი დანიშნულებით ქატოსთან გაცილებით მეტი აქვს საერთო, ვიდრე ფქვილთან. გთხოვთ ხორბლის დამსხვრეული მარცვლის ფასნამატის გაანგარიშებისას ისარგებლოთ ქატოს ფასნამატით.

(აუდიტორებს გადაუგზავნის შესაბამის ბრძანებას მოთხოვნისთანავე).

შაქართან მიმართებაში რადგან არ აქვს დოკუმენტური რეალიზაცია, ითხოვს გავრცელდეს მთლიანი რეალიზაციის საშუალო ფასნამატი.

(აუდიტორებს გადაუგზავნის შესაბამის ბრძანებას მოთხოვნისთანავე).

საკითხი №2

კატეგორიულად არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებას, ფასნამატის კორექტირება შესაბამისად გამოიწვევს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის შემცირებას, ასევე ნება მიეცეს, რომ წარმოადგინოს მომწოდებელთან თანხის გადახდის დოკუმენტი, რომელიც ვერ მიაწოდა შემოწმების პროცესში.

(აუდიტორებს გადაუგზავნის შესაბამის დოკუმენტს მოთხოვნისთანავე).

საკითხი №3

შემოწმების პროცესში ვერ წარადგინა იმპორტირებულ პროდუქციაზე თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რადგან მომწოდებელი არის -------------, და იმ პერიოდში ჰქონდათ რელიგიური დღესასწაულები. აღნიშნული დოკუმენტი უკვე მიეწოდა და შეუძლია გადაუგზავნოს აუდიტორებს, გადაანგარიშებისას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 3.10.2023 წლის №24384 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

1. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ხორბლის დამსხვრეულ მარცვალთან მიმართებაში გამოიყენოს ქატოს ფასნამატი და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); 4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 3.10.2023 წლის №24384 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 დეკემბრის დასკვნის მიხედვით:

1. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შემოწმებამ საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ ხორბლის დამსხვრეულ მარცვალთან მიმართებაში (42 322 ლარი თვითღირებულება) ფქვილის ფასნამატის ნაცვლად გამოიყენა ქატოს ფასნამატი (29.7%), რის შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შემცირდა 1 866 ლარით.

2. პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიცირებული სალაროს არაგონივრული ნაშთის ოდენობა ასევე შემცირდა 2 202 ლარით, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადის შემცირება 550 ლარით.

3. გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელს ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის არ წარმოუდგენია სათანადო წესით დამოწმებული დამატებითი მტკიცებულებები, კერძოდ იმპორტული საქონლის ღირებულების არარეზიდენტისთვის გადახდის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელდა.

ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველზე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა 1 326 ლარით, მათ შორის, გადასახადი 883 ლარით და ჯარიმა 443 ლარით.

მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების და შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების დამატებით შემცირების საფუძველი გახდებოდა. ამასთან, სადავოდ ხდის ისეთ საკითხს (დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებისას კომპანიის მხრიდან წარდგენილი ცხრილით სარგებლობა და შაქართან მიმართებაში მთლიანი რეალიზაციის საშუალო ფასნამატის გავრცელება), რაზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 3.10.2023 წლის №24384 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

ამასთან, უსაფუძვლოა მომჩივნის არგუმენტი ხორბლის დამსხვრეულ მარცვალზე ქატოს ფასნამატის გავრცელებასთან დაკავშირებით, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის 11.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადაანგარიშებისას დამსხვრეულ მარცვალთან მიმართებაში ფქვილის ფასნამატის ნაცვლად გამოყენებული იქნა ქატოს ფასნამატი (29.7%).

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 3.10.2023 წლის №24384 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 3.10.2023 წლის №24384 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ხორბლის დამსხვრეულ მარცვალთან მიმართებაში გამოიყენოს ქატოს ფასნამატი და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

3. გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელს ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის არ წარმოუდგენია სათანადო წესით დამოწმებული დამატებითი მტკიცებულებები, კერძოდ იმპორტული საქონლის ღირებულების არარეზიდენტისთვის გადახდის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელდა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 3.10.2023 წლის №24384 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 304(21);