ბრძანება N 16856

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.07.2025
№ დოკუმენტი 16856
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 16856

29 ივლისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“ (ს/ნ -----) (მის.: ----- )

2025 წლის 7 ივლისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 24 ივლისის სხდომაზე (ოქმი N 59) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) 2025 წლის 7 ივლისის N 96655/1/2025 და N 96656/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 ივნისის ID: ----- და ID: ----- შესაგებლებთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ შესაგებლებს უარის თქმის თაობაზე. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ უარის თქმის მიზეზად მითითებულია „მოთხოვნაზე“ კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების წარუდგენლობა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან განცხადება ატვირთულ იქნა კანონის სრული დაცვით და სრული დოკუმენტაციით. განმარტავს, რომ ზედმეტად გადახდილი გადასახადის მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს 2025 წლის აპრილის თვეში საწარმოს მიერ ----- კოდით არსებული 10 ავტომობილის, ხოლო 2025 წლის მაისის თვეში ----- კოდით არსებული 22 ავტომობილის იმპორტი, რომლის დროსაც დარიცხულია დამატებული ღირებულების გადასახადი. ავტომობილის იმპორტისას გადახდილი დღგ-ის დაბრუნება საწარმოს ბიზნეს საქმიანობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან აღნიშნული თანხები კვლავ ბიზნეს საქმიანობის გაფართოებას და დაგეგმილი ავტომობილების ახალი პარტიის იმპორტს ხმარდება. შესაბამისად, მიაჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნის ყოვლად დაუსაბუთებელი მიზეზით უარის თქმა დაუშვებელია და ითხოვს ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა - ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N 916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, განხორციელდა შპს „-----“ (ს/ნ -----) მიერ 2025 წლის 18 ივნისს წარდგენილი გადასახადის გადამხდელის მოთხოვნების (ID: ----- და ID: -----) შესწავლა, რომლის მიხედვითაც, გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. გადამხდელის განმარტებით, ზედმეტობის წარმოშობილია მიმდინარე წლის აპრილის და მაისის თვეების იმპორტისას გადახდილი დღგ-ის ჩათვლის შედეგად.

2025 წლის 18 ივნისს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნების საპასუხოდ, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 27 ივნისს გამოიცა შესაგებლები (ID: -----; ID: -----) და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N 916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის „გ“ პუნქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, კერძოდ, „მოთხოვნაზე“ არ არის სრულად დართული ამ თავით განსაზღვრული დოკუმენტები.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახდო კოდექსის 63-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.

3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.

4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.

5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N 916 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, თვითმმართველი ერთეულების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავით დადგენილია ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების დამატებითი პროცედურები და „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე“ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა.

ამავე ინსტრუქციის 131 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ (შემდგომში - „მოთხოვნა“), რომელსაც უნდა დაურთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.

ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ „მოთხოვნაზე“ არ არის დართული ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები;

ამავე ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ პუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხაზე „მოთხოვნის“ რეგისტრაციის მომდევნო დღიდან 11 კალენდარული დღის ვადაში, მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღიდან წინა პერიოდზე, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით (გარდა იმ პერიოდისა, რომელიც უკვე შემოწმებულია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ან/და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ან ის პერიოდი, რომელიც უკვე გადამოწმებულია ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებისას) მოწმდება „მოთხოვნის“ შევსების და მასზე თანდართული დოკუმენტების სისრულე.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N 916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა - ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

გადამხდელის განმარტებით, ზედმეტობის წარმოშობილია მიმდინარე წლის აპრილის და მაისის თვეების იმპორტისას გადახდილი დღგ-ის ჩათვლის შედეგად. 2025 წლის 18 ივნისს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნების საპასუხოდ, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 27 ივნისს გამოიცა შესაგებლები და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N 916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა - ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის „გ“ პუნქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, კერძოდ, „მოთხოვნაზე“ არ არის სრულად დართული ამ თავით განსაზღვრული დოკუმენტები.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 63;.