გადაწყვეტილება №25857/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25857/2/2025
19 სექტემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,-----" 15.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 25857/2/2025).
დავის საგანი:
კომპანიის დამფუძნებლისგან/დირექტორისგან აღებულ სესხზე გადახდილი პროცენტის თანხის საწარმოს დირექტორ/დამფუძნებელზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 04.07.2025 წლის N 006-229 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 26.08.2025 წლის N 18974 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 118 026,03 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 64 600,20;
ჯარიმა - 32 300,00;
საურავი - 21 125,83;.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:
აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 01.01.2022 წლიდან 01.01.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების მიმდინარეობისას დამუშავებულია შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზა და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ კომპანიას დამფუძნებლისგან მიღებული აქვს სესხი და შესამოწმებელ პერიოდში გადახდილი აქვს პროცენტები. კომპანიის შემოსავლების და ხარჯების გათვალისწინებით, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის დამუშავების შედეგად ვერ დგინდება აღნიშნული სესხის საჭიროება და მიზნობრიობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმებით გადახდილი პროცენტის თანხა ჩათვლილ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორი/დამფუძნებელი) ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხება გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 04.07.2025 წლის N 006-229 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 26.08.2025 წლის N 18974 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
დადგენილია, რომ კომპანიას დამფუძნებლისგან მიღებული ჰქონდა სესხი და შესამოწმებელ პერიოდში გადახდილი ჰქონდა პროცენტები. კომპანიის შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით, ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის დამუშავების შედეგად ვერ დადგინდა აღნიშნული სესხის საჭიროება და მიზნობრიობა.
ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საწარმოს მიერ გადახდილი პროცენტის თანხა, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლა არამართლზომიერია, რადგან სესხის საჭიროება და მიზნობრიობა ცალსახად იკითხება სესხად არსებული თანხების გამოყენების დოკუმენტაციით. კერძოდ, სესხის თანხები მიმართულია საბრუნავი სახსრების შესავსებად. კერძოდ, როგორც წესი ეს თანხების გამოყენებულია მომწოდებლებისათვის მოწოდებული/მოსაწოდებელი საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად, ან ვადადამდგარი საბაჟო გადასახდელების და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული საბიუჯეტო გადასახადების გადასახდელად.
სასესხო ხელშეკრულებით ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, როგორც წესი, სესხი აიღება იმ ოდენობით (საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხების ოდენობის გათვალისწინებით), რომელიც აუცილებელია ვადადამდგარი ვალდებულების დასაფარავად. სესხის თანხები აისახება/შეიტანება საწარმოს საბანკო ანგარიშებზე და უნაღდო ანგარიშსწორებით ხდება ვალდებულებების დაფარვა (იხ. დანართი 3). სესხის პროცენტები დაბეგრილია საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. ამდენად, სახეზეა წმინდა სასესხო ურთიერთობები და აქედან გამომდინარე პროცენტის თანხის ჩათვლა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად ეწინააღმდეგება მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას.
მომჩივანი ითხოვს სრულად გაუქმდეს აუდიტის დეპარტამანეტის 04.07.2025 წლის N 006-229 საგადასახადო მოთხოვნა, აუდიტის დეპარტამენტის 03.07.2025 წლის ბრძანება „გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ“. აგრეთვე შემოსავლების სამსახურის 26.08.2025 წლის N 18974 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის N 473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 26.08.2025 წლის N 18974 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
მომჩივანი ითხოვს სრულად გაუქმდეს აუდიტის დეპარტამანეტის 04.07.2025 წლის N 006-229 საგადასახადო მოთხოვნა, აუდიტის დეპარტამენტის 03.07.2025 წლის ბრძანება „გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ“. აგრეთვე შემოსავლების სამსახურის 26.08.2025 წლის N 18974 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
კომპანიას დამფუძნებლისგან მიღებული აქვს სესხი და შესამოწმებელ პერიოდში გადახდილი აქვს პროცენტები. კომპანიის შემოსავლების და ხარჯების გათვალისწინებით, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის დამუშავების შედეგად ვერ დგინდება აღნიშნული სესხის საჭიროება და მიზნობრიობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმებით გადახდილი პროცენტის თანხა ჩათვლილ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორი/დამფუძნებელი) ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხება გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება:
საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი. რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 275;.