გადაწყვეტილება №25651/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25651/2/2025
17 სექტემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 15.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25651/2/2025).
დავის საგანი:
არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 ივნისის №041-11 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 23 ივლისის №16559 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 194 637.24 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 119 464.20
დღგ - 68 001.06
საშემოსავლო გადასახადი - 51 463.14
ჯარიმა - 59 732
საურავი - 15 441.04
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა ------- ჩინეთიდან იმპორტირებული საქონლით ვაჭრობა (მამაკაცის, ქალის და ბავშვის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ჩანთები).
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 აპრილის №8012 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 28 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საქონლის შეძენა განხორციელებულია 2023 წლის სექტემბერსა და 2024 წლის ნოემბრის თვეებში. 2023 წლის სექტემბრის თვეში დეკლარირებულია დასაბეგრი ბრუნვა (თვითღირებულებაზე დაბალ ფასად) და ჩასათვლელი თანხა, ხოლო 2024 წლის ნოემბერში წარდგენილია ნულოვანი დეკლარაცია. გადასახადის გადამხდელმა სატელეფონო საუბრისას განმარტა, რომ არ აწარმოებს ბუღალტერიას არანაირი ფორმით, 2023 წლის სექტემბრის თვეში გამოწერილია 3 სასაქონლო ზედნადები, ჯამურად 9 160 ლარის (დოკუმენტური საშუალო ფასნამატია 66%). აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შეძენილი საქონელი დაჯგუფდა სახეობების მიხედვით, ჩაითვალა რეალიზებულად და თითოეული ჯგუფის მიხედვით გავრცელდა აუდიტის დეპარტამენტში არსებული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი, რამაც გაზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, შემოწმების პროცესში გაანგარიშდა ფულის მოძრაობა. არაპირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავალი შემცირდა საბაჟო შეძენების და ბიუჯეტში გადახდილი თანხებით, ხოლო დარჩენილი თანხა (განკარგავდი თანხები) ჩაითვალა სალაროზე პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე, გაცემულ ხელფასად. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 ივნისის №12166 ბრძანება და 12 ივნისის №041-11 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 194 637.24 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 7 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 23 ივლისის №16559 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 158-ე, 159-ე 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობა საგადასახადო ორგანოსთან, შემოწმების მიერ აღებულია საინვოისო ღირებულება და გავრცელდა აუდირებული ფასნამატი.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ ჰქონდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე ჯგუფების მიხედვით აუდირებული ფასნამატის გავრცელება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, ხოლო ფულადი სახსრების მოძრაობისას გაანგარიშებული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
სადავო აქტების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება არის მისი საინვოისო ღირებულება და არა აფასებული ღირებულება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ საბაჟო მიზნებისთვის, იმპორტის გადასახდელების განსაზღვრისთვის.
შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები და დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ. კერძოდ, აღებულ იქნა სხვა მსგავსი კომპანიის მიერ მიღებული ბრუნვები. მომჩივნისთვის დღემდე უცნობია რომელი საწარმოს ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა მომჩივნის იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული საწარმო და ა.შ. სამწუხაროდ, არც შემოწმების პროცესში და არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია გადასახადის გადამხდელისთვის არ მიუწოდებიათ იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, რაც ბუნებრივია აბსურდია.
მომჩივანი მიუთითებს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გაუგებარია თუ რატომ აიღო შემმოწმებელმა სხვა კომპანიის ფასნამატი და არ გამოიყენა საცალო რეალიზაციაზე მომჩივნის დოკუმენტალური ფასნამატი. ასევე, არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, სადაც გაცილებით ნაკლები აუდირებული ფასნამატი იქნა გამოყენებული. მაგალითად, შპს „-------“-ის საგადასახადო შემოწმებისას, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით. შემოწმებით ამ უკანასკნელზე გავრცელდა ფასნამატი 26%. ისმის კითხვა, თუ ერთი და იგივე პერიოდში ერთი და იგივე საქონლის ვაჭრობისას ერთ გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება 26%-იანი ფასნამატი, მაშინ რატომ ვრცელდება მეორე გადამხდელზე გაცილებით უფრო მაღალი ფასნამატი? არსებობს ასევე სხვა არაერთი გადაწყვეტილება, სადაც აუდირებული ფასნამატი შეადგენს 12%-ს.
მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში ფულის ნაშთი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი, ხარჯში კი - ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და ბიუჯეტში გადახდები, ხოლო დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. როგორც აღინიშნა, არასწორად იქნა გაანგარიშებული საწარმოს ფასნამატი, რამაც განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთის დადგენა. ასევე, არასწორია ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ. „გროსვა“ და არარსებული ფულის 20%-ის ნაცვლად 25%-ით დაბეგვრა.
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 23 ივლისის №16559 ბრძანება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და კომპანიის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერად განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შეძენილი საქონელი დაჯგუფდა სახეობების მიხედვით, გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი ჯგუფების მიხედვით და ჩაითვალა რეალიზებულად. შესაბამისად, გაიზარდა გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, გაანგარიშდა ფულის მოძრაობა. არაპირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავალი შემცირდა საბაჟო შეძენების და ბიუჯეტში გადახდილი თანხებით, ხოლო დარჩენილი თანხა (განკარგავდი თანხები) ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა საგადასახადო ორგანოსთან. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღებულია საინვოისო ღირებულება და გავრცელებულია აუდირებული ფასნამატი.
საბჭო მიუთითებს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დასაბეგრი შემოსავალი, სადაც სადავო შემთხვევაში ჩართული იქნა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გამოკლებით. აღნიშნული წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავალს. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის და ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის დარიცხვამდე აყვანილი თანხიდან განხორციელდა მართლზომიერად.
აღსანიშნავია, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ამასთან, როგორც შემოსავლების სამსახურში, ასევე დავების განხილვის საბჭოში დავის განხილვისას, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ დაესწრო დავის განმხილველ სხდომებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა საგადასახადო ორგანოსთან. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღებულია საინვოისო ღირებულება და გავრცელებულია აუდირებული ფასნამატი.
საბჭო მიუთითებს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დასაბეგრი შემოსავალი, სადაც სადავო შემთხვევაში ჩართული იქნა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გამოკლებით. აღნიშნული წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავალს. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის და ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით.
აღსანიშნავია, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ამასთან, როგორც შემოსავლების სამსახურში, ასევე დავების განხილვის საბჭოში დავის განხილვისას, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ დაესწრო დავის განმხილველ სხდომებს.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159