გადაწყვეტილება №27941/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.10.2026
№ დოკუმენტი 27941/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27941/2/2026

28 ოქტომბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,16.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 10.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27941/2/2026).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 1.06.2026 წლის №001-112 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 23.07.2026 წლის №16774 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 231 211,51 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 133 589

ჯარიმა - 68 630

საურავი - 28 992,51

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებითა და თამბაქოს ნაწარმით, ასევე, ხილ-ბოსტნეულით. კომპანია ფუნქციონირებს 2022 წელს დადებული ფრენშაიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად მიღებული აქვს „------“ და „------“ სასაქონლო ნიშანი.

აუდიტის დეპარტამენტის 21.05.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2023 წლიდან 1.02.2026 წლამდე საანგარიშო პერიოდში ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოს-ტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორე,შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 1.06.2026 წლის №001-112 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 23.07.2026 წლის №16774 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში დაფიქსირებული გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, საკონტროლო-სალარო აპარატებითა და პოსტერმინალებით მიღებულ შემოსავლებს გადასახადის გადამხდელი სრულად არ ასახავდა დღგ-ის დეკლარაციაში. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი ინფორმაციაზე/დოკუმენტაციაზე, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებზე დაყრდნობით, საანგარიშო პერიოდების მიხედვით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა.

გადასახადის გადამხდელი საბუღალტრო აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა „ორისის“ მეშვეობით, რომელიც შესაბამისობაშია შემოწმებით დადგენილ შემოსავალთან, კერძოდ, გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, ბანკებით მიღებული პოს-ტერმინალის თანხებითა და საკონტროლო-სალარო აპარატით დაფიქსირებულ შემოსავალთან, თუმცა, არ შეესაბამება დეკლარირებულ მონაცემებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ადგილი აქვს დასაბეგრ ბრუნვაში ასახული ოპერაციების დუბლირებას. კომპანია მაღაზიაში იყენებს სააღრიცხვო პროგრამას „მეგა პლუსი“. აღნიშნული პროგრამის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საქონლის რეალიზაციის მონაცემები განსხვავდება საკონტროლო სალარო აპარატსა და პოს-ტერმინალით სარეალიზაციოდ განსაზღვრული თანხებისგან. აღნიშნული გამოწვეულია რიგი შემოსავლების დუბლირებით, კერძოდ, რიგ შემთხვევებში მიღებული თანხები გატარებულია როგორც პოსტერმინალზე, ასევე აღნიშნულ ოპერაციებზე ამოღებულია საკონტროლო სალარო აპარატის ჩეკი. მომჩივანი ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა კომპანიის მიერ დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვების განსაზღვრის საკითხი შესწავლილ იქნას მათი მონაწილეობით. ამასთან, სააღრიცხვო პროგრამით დაიდენტიფიცირებულ იქნა, რომ რეალიზაციისას როდესაც გადახდა ხორციელდება ე.წ. „ჭკვიანი“ ტერმინალის მეშვეობით, ოპერაციასთან დაკავშირებული ჩეკი იბეჭდება, როგორც სალარო აპარატზე, ისე პოს-ტერმინალზე. აღნიშნულის დადასტურებისთვის, მიმდინარეობს დამატებითი მტკიცებულებების მოძიება, მათ შორის სააღრიცხვო პროგრამის მეგა პლიუსის სოფთის უზრუნველმყოფი კომპანიიდან აღრიცხვის პრინციპის, რეალიზაციის ოპერაციებისას პოს-ტერმინალის და სალარო აპარატის ჩეკებს ამოღების/დუბლირების ინფორმაციის დადასტურების თაობაზე. აღნიშნულის შესაბამისად, შემოწმების შედეგები განსხვავდება კომპანიის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული დასაბეგრი ბრუნვებისგან და ითხოვს აღნიშნულის დამატებით შესწავლას კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

აუდიტის დეპარტამენტის 3.09.2026 წლის №„-------“ დასკვნიდან ირკვევა, რომ საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენამდე აუდიტორს შესწავლილი ჰქონდა პოს-ტერმინალებსა და საკონტროლო სალარო აპარატებში დაფიქსირებული თანხები დღის ჭრილში და დუბლირების შემთხვევები არ იკვეთებოდა. შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ სისტემებში დაფიქსირებულ მონაცემებში ნათლად ჩანს საკონტროლო სალარო აპარატებსა და პოს-ტერმინალებში ასახული ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით მიღებული თანხები. ასევე, თავად მომჩივნის მიერ მოწოდებულ და გაშიფრულ საბუღალტრო პროგრამაში ასახული თანხები შემოწმებით გამოვლენილ შედეგებს მცირედი, არა არსებითი სხვაობებით ედრება. ამასთან, გასაჩივრებულ საკითხთან დაკავშირებით, პირს საგადასახადო შემოწმების ეტაპზე და შემოსავლების სამსახურის დავების მსვლელობის ეტაპზეც განსხვავებული პოზიციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია.

საბჭო ეყრდნობა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ ამ ნაწილში მომჩივანმა ვერ წარადგინა რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი. შესაბამისად, სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები აუდიტის დეპარტამენტის 1.06.2026 წლის №001-112 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა - 68 630 ლარი და საურავი - 28 992,51 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გათავისუფლდეს დარიცხული სანქციებისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი - 22 ნაწილების თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

7. დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1მომჩივანი ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად

2.მომჩივანი ითხოვს სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გათავისუფლდეს დარიცხული სანქციებისგან.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში დაფიქსირებული გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, საკონტროლო-სალარო აპარატებითა და პოსტერმინალებით მიღებულ შემოსავლებს გადამხდელი სრულად არ ასახავდა დღგ-ის დეკლარაციაში. აღნიშნულიდან გამომდინარე,გადამხდელს, სსკ-ის 159-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

2.აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა და საურავი.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭო ეყრდნობა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ ამ ნაწილში მომჩივანმა ვერ წარადგინა რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი. შესაბამისად, სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

2.საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

159,163,164,269,275.