გადაწყვეტილება №28231/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.11.2026
№ დოკუმენტი 28231/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№28231/2/2026

03 ნოემბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------ი“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----ის“ 5.10.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28231/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 9.07.2025 წლის №15475 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 31 ივლისის №006-343 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 18 სექტემბრის №20626 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 192 184.09 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 105 548

დღგ - 19 654

საშემოსავლო გადასახადი - 85 501

ქონების გადასახადი - 393

ჯარიმა - 46 153

საურავი - 40 483.09

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა გათბობის სისტემების, მოწყობილობების იმპორტი, ადგილობრივად შეძენა და რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება თაფლის არაყის/ძმრის დამზადება და რეალიზაცია. ასევე, ფიჭის ფირფიტების დასამზადებელი დანადგარებისა და აღჭურვილობის იმპორტირება, აწყობა და იჯარით გადაცემა. მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 1996 წლის 30 მაისს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 2006 წლის 1 დეკემბერს.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 აპრილის №8796 და 18 დეკემბრის №26622 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 26 ნოემბრამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 24 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს აქვს როგორც დოკუმენტურად დადასტურებული, ასევე საცალო რეალიზაციები. გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით. საქონლის მოძრაობის გაანგარიშება წარდგენილია ექსელის ფაილებით, არასრულყოფილი სახით. საქონლის რეალიზაცია ხდება ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე, სასაქონლო ზედნადებებზე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე, საწარმოს მიერ საგადასახადო ორგანოში დეკლარირებულ მონაცემებზე და შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილ პირველად სააღრიცხვო დოკუმენტებზე დაყრდნობით გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, მთლიანი ღირებულებიდან გამოიყო საცალოდ რეალიზებულის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა კომპანიის მიერ დეკლარირებული და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი საშუალო ფასნამატი (დეკლარირებული 2021-2023 წწ. - 48%, 2024 წლის ნოემბრის თვეში ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი - 48%). შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში გაანგარიშებულმა საქონლის/მომსახურების მიწოდების შედეგად მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 4 430 029 ლარი დღგ-ის გარეშე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით გაანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (ავანსების გათვალისწინებით) შეადგენს 4 430 029 ლარს, ხოლო დეკლარირებული - 4 320 780 ლარს. შედეგად, შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 160- ე, 163-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 109 249 ლარით, რაც განაწილდა საანგარიშო პერიოდში საწარმოს მიერ დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საწარმოში 2024 წლის 16 აპრილს განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელთან არსებულმა ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 105 465 ლარი. საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს, არ არის წარდგენილი ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშება. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ და საწარმოს მიერ წარდგენილ პირველად სააღრიცხვო დოკუმენტებზე დაყრდნობით გაანალიზდა ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმებით დადგენილი შემოსავლის, გაანგარიშებული ხარჯების გათვალისწინებით დადგინდა ფულის ნაშთი, რამაც 2023 წლის 16 აპრილის მდგომარეობით შეადგინა 692 193 ლარი, რაც დაკვალიფიცირდა კომპანიის პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 დეკემბრის №27239 ბრძანება და 26 დეკემბრის №006-557 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 272 322.10 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 23 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 18 მარტის №4806 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი, თუმცა დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილ სადავო საკითხში (არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები) საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 18 მარტის №4806 ბრძანება 7.04.2025 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 1.05.2025 წლის №25019/2/2025 (რეგ. 5.05.2025 წელი; №---) გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 18 მარტის №4806 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 9.07.2025 წლის №15475 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. გაშიფრული ინფორმაცია რეალიზებული საქონლის შესახებ;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 9.07.2025 წლის №15475 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 17.07.2026 წლის დასკვნა, 31.07.2026 წლის №17498 ბრძანება და №006-343 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 91 770 ლარით.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 24 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 18 სექტემბრის №20626 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელმა გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებას წარუდგინა მტკიცებულებები, რომლებიც განსხვავდებოდა შემოწმების პროცესში წარდგენილისგან. კერძოდ, წარადგინა საბანკო ამონაწერი, რომელიც მოიცავს სრულ შესამოწმებელ პერიოდს, ასევე ადგილობრივ მომწოდებელთან გაფორმებული შედარების აქტი შესაბამის ახსნაგანმარტებასთან ერთად. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნული გავლენას ახდენდა შემოწმების მიერ გაანგარიშებულ ფულის ნაშთზე, რომლიც შემცირდა სესხზე გადახდილი ძირითადი და პროცენტის თანხებით. ასევე, გამოქვითვას დაექვემდებარა შესამოწმებელ პერიოდში მომწოდებლისთვის გადახდილი კრედიტორული დავალიანება. აქედან გამომდინარე, დაკორექტირდა შემოწმებით გამოვლენილი ფიქტიური ფულის ნაშთი, რაც განხილული იყო საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.

საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 18.09.2026 წლის №20626 ბრძანება გამოიცა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე, ისე რომ მომჩივანს არ მისცემია საკუთარი პოზიციის წარდგენის შესაძლებლობა. შედეგად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება გამოცემულია იმდენად დაუსაბუთებლად, რომ მისი კანონიერების შემოწმება შეუძლებელია.

აუდიტის დეპარტამენტმა არ აღასრულა შემოსავლების სამსახურის 9.07.2025 წლის №15475 ბრძანება. აუდიტის დეპარტამენტის 31.07.2026 წლის N006-343 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის დარღვევით. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაუსაბუთებელია და დაფუძნებულია იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი.

აუდიტის დეპარტამენტის 31.07.2026 წლის №006-343 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია ისე, რომ არ არის მიცემული შეფასება გადასახადის გადამხდელის მიერ 24.07.2025 წელს წარდგენილ მტკიცებულებებს. შესაბამისად, კიდევ ერთხელ უნდა ითხოვოს გამახვილდეს ყურადღება გარემოებებზე, რომელსაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება და საკითხი განხილულ იქნას გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით.

აუდიტის დეპარტამენტმა ისე გამოსცა 2026 წლის 31 ივლისის კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომ არ შეუსწავლია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველ 17.07.2026 წლის დასკვნაში არ არის ამ საკითხზე მსჯელობა. გაუგებარია, რატომ არ იქნა აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 9 ივლისის №15475 ბრძანება. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს პოზიციას ვერ დაეთანხმება, რადგან ვერ გაიზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას, თავი აარიდოს საკითხის განხილვას.

გადასახადის გადამხდელს საქონლის რეალიზაცია ძირითადად განხორციელებული აქვს სასაქონლო ზედნადებების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მეშვეობით, ხოლო საცალო რეალიზაცია განხორციელებული აქვს ისე, რომ სრულიად გამჭვირვალეა თუ რა საქონლის რეალიზაცია განხორციელდა და რა თანხაა გადახდილი კონკრეტულ საქონელზე. აღნიშნული გარემოებების დამდასტურებელი ინფორმაცია აუდიტის დეპარტამენტში მომჩივნის მიერ სრულად არის წარდგენილი, რის მიხედვითაც საცალოდ რეალიზებული საქონლის ფასები არასოდეს არ არის სასაქონლო ზედნადებების მიხედვით რეალიზებულ საქონლის ფასებზე ნაკლები. შესაბამისად, რევიზიის აქტში, აუდიტორმა კანონის დარღვევით მოახდინა დღგ-ით დასაბეგრი ბაზის გაზრდა, ხოლო კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გამოიცა ისე, რომ ეს საკითხი არ იქნა შესწავლილი. საზოგადოების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციიდან ნათელია, რომ არ არსებობს, საზოგადოების მიმართ, დარიცხვის არაპირდაპირ მეთოდზე გადასვლის საფუძველი.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულია თუ როდის ეძლევა საგადასახადო ორგანოს უფლება, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ანუ, კანონმდებელი ამბობს, რომ თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს გადავიდეს დარიცხვის არაპირდაპირ მეთოდზე. საგადასახო ორგანომ რევიზიის აქტში მიუთითა მხოლოდ კანონის კონკრეტული მუხლი - საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და გადმოწერა ამ მუხლის შემადგენლობა, თუმცა რაიმე სახის განმარტება იმასთან დაკავშირებით რომ გადასახადის გადამხდელმა დაარღვია კანონის ეს ნორმა მითითებული არ არის! არსად! ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამ ნაწილში იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი და ფაქტობრივი შემოწმება. კერძოდ, გაუგებარია რა ჩათვალა საგადასახადო ორგანომ კანონდარღვევად! აუდიტის დეპარტამენტი აფიქსირებს მხოლოდ კოდექსის მუხლს და არ მიუთითებს გადამხდელმა დაარღვია თუ არა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და რაში გამოიხატება ეს დარღვევა! გადასახადის გადამხდელი აწარმოებს ბუღალტერიას ისე როგორც ეს დადგენილია მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლი განსაზღვრავს შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპებს. გადასახადის გადამხდელის მიერ ნაწარმოები აღრიცხვის, წარდგენილი ინფორმაციისა და პირადი აღრიცხვის ბარათის მეშვეობით, სრულიად შესაძლებელია საგადასახადო ორგანომ თვალი მიადევნოს საქონლის შეძენის და რეალიზაციის პროცესს. შეძენის ყველა დოკუმენტი ასახულია გადასახადის გადამხდელის ბარათზე. დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის რეალიზაციის დასრულება - ასევე, ხოლო საკონტროლო-სალარო აპარატით და საბანკო ტერმინალით რეალიზაციას ასევე თვალყურს ადევნებს საგადასახადო ორგანო!

აუდიტის დეპარტამენტს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 9 ივლისის №15475 ბრძანებით დადგენილ ვადაში, სრულად წარედგინა ყველა საჭირო ინფორმაცია. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია იძლევა სრულ შესაძლებლობას საგადასახადო ორგანომ თვალი მიადევნოს გადასახადის გადამხდელის სამეწარმეო საქმიანობას. აღნიშნული გარემოება დასტურდება დოკუმენტურად. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობდა დარიცხვის არაპირდაპირ მეთოდზე გადასვლის საფუძველზე დღგ-ით დასაბეგრი ბაზის შეცვლის გარემოებები და ამ ნაწილში დარიცხვა უნდა გაუქმებულიყო, კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გამოცემით, დღგის მიხედვით დარიცხული თანხა უნდა მოხსნილიყო სრულად.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, შემცირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა 85 501 ლარამდე და დაეკისრა საშემოსავლო გადასახადი აგროსილი თანხიდან.

საგადასახადო ორგანოს პოზიციას ვერ დაეთანხმება, რადგან ვერ გაიზიარებს საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებულ მიდგომებს და შეფასებებს ფაქტობრივი გარემოებების მიმართ. კერძოდ: კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, შემცირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა 85 501 ლარამდე. თუმცა, გადასახადის გადამხდელი თვლის, რომ საკითხი არ არის შესწავლილი სრულყოფილად. წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, არ არსებობს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა: გადასახადის გადამხდელმა, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 9 ივლისის №15475 ბრძანებით დადგენილი წესით, წარადგინა დოკუმენტაცია, რომელიც მოწმობს, რომ არ არსებობს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. მიუხედავად ამისა, არ განხორციელდა ფულადი სახსრების ნაშთის საფუძველზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადის კორექტირება. აუდიტის დეპარტამენტში მომჩივნის მიერ სრულად იყო წარდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი, რის მიხედვითაც შესაძლებელია ფულის სწორი ნაშთის განსაზღვრა. სამწუხაროდ, აუდიტის დეპარტამენტმა ეს საკითხი არასრულად შეისწავლა და შესაბამისად, გამოიცა არასწორი კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. წინამდებარე საჩივრის მეორე ნაწილში დეტალურად შეჩერდა დღგ-ით დასაბეგრი ბაზის 109 249 ლარით უსაფუძვლოდ გაზრდის საკითხზე. ამასთან, რევიზიის აქტით, განხორციელდა სრულიად უსაფუძვლოდ გაზრდილი არარეალური თანხების აგროსვა და ნაღდი ფულის ნაშთი გაიზარდა 136 338 ლარით. შესაბამისად, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშებისას ამ თანხებით შემოსავლის გაზრდა. შემოსავალი, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, უნდა შემცირდეს 136 338 ლარით. საზოგადოებამ წარადგინა ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშება. ეს გაანგარიშება ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ საბანკო ამონაწერებიდან ინფორმაციას. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე (თუ გამოვაკლებთ დღგ-ისა დ აქციზის საფუძველზე არასწორად გაზრდილი შემოსავლის თანხას) ნათელია, რომ არ არსებობს დასაბეგრი ფიქტიური ფულის ნაშთი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახურის 9.07.2025 წლის №15475 ბრძანებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. გაშიფრული ინფორმაცია რეალიზებული საქონლის შესახებ;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილი მტკიცებულებებისაგან განსხვავებით წარდგენილია საბანკო ამონაწერი, რომელიც მოიცავს სრულ შესამოწმებელ პერიოდს, ასევე ადგილობრივ მომწოდებელთან გაფორმებულ შედარების აქტს (შპს „-----“) შესაბამის ახსნა-განმარტებასთან ერთად. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შედარების აქტსა და საბანკო ამონაწერებში არსებული ინფორმაცია გავლენას ახდენს შემოწმებით გაანგარიშებულ ფულის ნაშთზე, რომელიც მცირდება სესხზე გადახდილი ძირითადი/პროცენტის თანხებით. ასევე გამოქვითვას ექვემდებარება შესამოწმებელ პერიოდში მომწოდებლისთვის გადახდილი კრედიტორული დავალიანება. გადაანგარიშების შედეგად დაკორექტირდა შემოწმებით გამოვლენილი ფიქტიური ფულის ნაშთი, რაც განხილული იყო საწარმოს პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაბეგრილი იყო საშემოსავლო გადასახადით. ზემოაღნიშნულმა გამოიწვია საშემოსავლო გადასახადში დამატებით დარიცხული გადასახადის შემცირება.

გადაანგარიშების შედეგად, მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 91 770 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 61 180 ლარი და ჯარიმა - 30 590 ლარი.

სადავო საკითხზე, აუდიტის დეპარტამენტის 28.10.2026 წლის №--- წერილით, წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, სადაც მითითებულია შემდეგი:

საწარმოს აქვს, როგორც დოკუმენტურად დადასტურებული, ასევე საცალო რეალიზაციები. გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით, საქონლის მოძრაობის გაანგარიშება წარდგენილია ექსელის ფაილებით არასრულყოფილი სახით, საქონლის რეალიზაციას ახდენს ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით. საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე მუხლების გათვალისწინებით, ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებულ ინფორმაციაზე: სასაქონლო ზედნადებებზე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე, საწარმოს მიერ საგადასახადო ორგანოში დეკლარირებულ მონაცემებზე და შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილ პირველად სააღრიცხვო დოკუმენტებზე დაყრდნობით გაანგარიშებული იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, მთლიანი ღირებულებიდან გამოყოფილი იქნა საცალოდ რეალიზებულის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა საწარმოს მიერ დეკლარირებული და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი საშუალო ფასნამატი (დეკლარირებული 2021-2023 წ/წ - 48%, 2024 წლის ნოემბრის თვეში ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი - 48%). შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში გაანგარიშებულმა საქონლის/მომსახურების მიწოდების შედეგად მიღებულმა შემოსავალმა შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა 4 430 029 ლარი დღგ-ის გარეშე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად გაანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (ავანსების გათვალისწინებით) შეადგენს 4 430 029 ლარს, ხოლო დეკლარირებულია 4 320 780 ლარი, შემოწმებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 109 249 ლარით, რაც განაწილდა საანგარიშო პერიოდში საწარმოს მიერ დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა-საურავი. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 15 აპრილის №8577 ბრძანების საფუძველზე საწარმოში 2024 წლის 16 აპრილს განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. აღნიშნული პროცედურიდან გამომდინარე დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელთან არსებულმა ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 105 465 ლარი. საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს, არ არის წარდგენილი ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშება. შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების შედეგად განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლა, კერძოდ: შემოწმებით დადგენილი შემოსავლის, ფინანსთა სამინისტროს ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებულ და საწარმოს მიერ წარდგენილ პირველად სააღრიცხვო დოკუმენტებზე დაყრდნობით გაანგარიშებული ხარჯების გათვალისწინებით დადგენილი იქნა ფულის ნაშთი, რაც 2023 წლის 16 აპრილის მდგომარეობით შეადგენს 692 193 ლარს, გამოვლენილია ფიქტიური ფულის ნაშთი (692 193-105 465) 586 727 ლარი. შემოწმებით ფიქტიური ნაშთი დაკვალიფიცირდა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა-საურავი. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილისგან განსხვავებით წარდგენილია საბანკო ამონაწერი, რომელიც მოიცავს სრულად შესამოწმებელ პერიოდს. ასევე, ადგილობრივ მომწოდებელთან გაფორმებული შედარების აქტი (შპს „-----“) შესაბამის ახსნა-განმარტებასთან ერთად. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შედარების აქტში და საბანკო ამონაწერებში არსებული ინფორმაცია გავლენას ახდენს შემოწმებით გაანგარიშებულ ფულის ნაშთზე, რომელიც მცირდება სესხზე გადახდილი ძირითადი/პროცენტის თანხებით, ასევე გამოქვითვას ექვემდებარება შესამოწმებელ პერიოდში მომწოდებლისთვის გადახდილი კრედიტორული დავალიანება. გადაანგარიშების შედეგად დაკორექტირდა შემოწმებით გამოვლენილი ფიქტიური ფულის ნაშთი, რაც განხილული იყო საწარმოს პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაბეგრილი იყო საშემოსავლო გადასახადით. ყოველივე ზემოაღნიშნულმა გამოიწვია საშემოსავლო გადასახადში დამატებით დარიცხული გადასახადის შემცირება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 9.07.2025 წლის №15475 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის №15475 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №8796 და №26622 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 26 ნოემბრამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ საწარმოს აქვს როგორც დოკუმენტურად დადასტურებული, ასევე საცალო რეალიზაციები. გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით. საქონლის მოძრაობის გაანგარიშება წარდგენილია ექსელის ფაილებით, არასრულყოფილი სახით. საქონლის რეალიზაცია ხდება ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შედეგად, შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 160- ე, 163-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 109 249 ლარით, რაც განაწილდა საანგარიშო პერიოდში საწარმოს მიერ დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საწარმოში განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელთან არსებულმა ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 105 465 ლარი. საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს, არ არის წარდგენილი ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშება. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ და საწარმოს მიერ წარდგენილ პირველად სააღრიცხვო დოკუმენტებზე დაყრდნობით გაანალიზდა ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმებით დადგენილი შემოსავლის, გაანგარიშებული ხარჯების გათვალისწინებით დადგინდა ფულის ნაშთი, რამაც 2023 წლის 16 აპრილის მდგომარეობით შეადგინა 692 193 ლარი, რაც დაკვალიფიცირდა კომპანიის პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №27239 ბრძანება და №006-557 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 272 322.10 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №4806 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი, თუმცა დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილ სადავო საკითხში (არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები) საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის №4806 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც №25019/2/2025 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №4806 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით). შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და №15475 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. გაშიფრული ინფორმაცია რეალიზებული საქონლის შესახებ,ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა , გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

შემოსავლების სამსახურის №15475 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, №17498 ბრძანება და №006-343 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 91 770 ლარით.კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №20626 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის №15475 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304( 21);