გადაწყვეტილება №23726/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.10.2024
№ დოკუმენტი 23726/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23726/2/2024

02 ოქტომბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ ------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 16.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23726/2/2024).

 

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2024 წლის №001-145 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 30.07.2024 წლის №17807 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 77 323,06 ლარი.

 

მათ შორის:

გადასახადი - 41 687

მოგების გადასახადი - 32 493

საშემოსავლო გადასახადი - 9 194

ჯარიმა - 20 844

საურავი - 14 792,06

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მაისის №11558 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის 1.01.2021 წლიდან 1.03.2024 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 28.06.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხთან დაკავშირებით, ირკვევა შემდეგი:

შემოწმების პროცესში განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, რა დროსაც გათვალისწინებულ იქნა როგორც საწარმოს პასუხისმგებელი პირების მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ახსნა-განმარტებები, აგრეთვე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის შედეგები.

აღნიშნულის გათვალისწინებით, განისაზღვრა სალაროს ბუღალტრული ნაშთი 175 024 ლარი, (აგროსილი 184 236 ლარი), საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, დაკვალიფიცირდა გაცემულ დივიდენდად, კომპანიის დამფუძნებელ და ამავე დროს დირექტორზე (გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი პოზიციის გათვალისწინებით).

მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები. ამასთან, საწარმოს შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო დეკლარაციებში გადასახადის შემცირებისთვის.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2024 წლის №16138 ბრძანება და №001-145 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 30.07.2024 წლის №17807 ბრძანებით, საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სალაროში ფიქტიური ნაშთის არსებობა გამოწვეულია, ყოველდღიურ საქმიანობაში არსებული ისეთი ტიპის ხარჯებით, რაზეც ვერ ხერხდება დოკუმენტაციის მიღება.

უსახსრობის გამო ერთი თვის ვადაში თანხის გადახდა ვერ მოახერხა. შესაბამისად, ვერ ისარგებლა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული პირობებით. ამდენად, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დადგენილია, რომ შემოწმებისას, სალაროში აღმოჩნდა ბუღალტრული ნაშთი 175 024 ლარის ოდენობით, (დარიცხული 184 236 ლარი), რომელიც დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე (---- ----- ს/ნ ------) გაცემულ დივიდენდად, (გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი პოზიციის გათვალისწინებით), რაზეც დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები.

მომჩივანი განმარტავს, რომ ვერ ისარგებლეს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული პირობებით და კეთილსინდისიერებაზე მითითებით ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას. თუმცა, დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კამერალური საგადასახადო შემოწმების პროცესში განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, რა დროსაც გათვალისწინებულ იქნა როგორც საწარმოს პასუხისმგებელი პირების მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ახსნა-განმარტებები, აგრეთვე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის შედეგები. განისაზღვრა სალაროს ბუღალტრული ნაშთი 175 024 ლარი, (აგროსილი 184 236 ლარი), საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, დაკვალიფიცირდა გაცემულ დივიდენდად, კომპანიის დამფუძნებელ და ამავე დროს დირექტორზე (გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი პოზიციის გათვალისწინებით). მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები. ამასთან, საწარმოს შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო დეკლარაციებში გადასახადის შემცირებისთვის.

 

გადაწყვეტილება

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 275(2);272(1);269(7)