გადაწყვეტილება №26540/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 20.02.2026
№ დოკუმენტი 26540/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26540/2/2026

20 თებერვალი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: -------ი (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------ის 30.01.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26540/2/2026).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობის წლიური საშემოსავლო გადასახადით და დღგ-ით დაბეგვრა;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 14.11.2025 წლის №007-303 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 9.01.2026 წლის №100 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 104 718,03 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 61 980,61

დღგ - 22 282,00

მიწა - არასასოფლო - 2 909,00

საშემოსავლო გადასახადი - 31 353,15

ქონების გადასახადი - 5 436,46

ჯარიმა - 23 802,30

საურავი - 18 935,12

 

პროცედურული გარემოებები

მომჩივნის საქმიანობას წარმოადგენს ----დან იმპორტირებული მაგიდის გადასაფარებლებით ვაჭრობა შპს "-----"-სგან იჯარით აღებულ ფართში.

აუდიტის დეპარტამენტის 13.11.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.06.2025 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 14.11.2025 წლის №007-303 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 9.01.2026 წლის №100 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობის წლიური საშემოსავლო გადასახადით და დღგ-ით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა საბანკო ამონაწერები, საქონლის მოძრაობის ამსახველი დოკუმენტაცია ექსელის პროგრამაში (გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას ელ. პროგრამაში არ ახორციელებს) და წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების ცხრილები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 18 ივნისის ბრძანება №12948-ის საფუძველზე გადამხდელის საქმიანობის ადგილზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის რაოდენობრივი შედეგები შედარებულ იქნება გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საქონლის მოძრაობის ამსახველ დოკუმენტაციაში ასახულ ნაშთებთან და სხვაობა არ გამოვლენილა.

წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ასახული საქონლის სარეალიზაციო ფასნამატის (2022, 2023 წლებში 4 %, 2024 წელს 11%) და გადამხდელის წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებაში ასახული ფასნამატთან (2022-3,6%, 2023- 8,4%, 2024-6,5%,) სხვაობა გამოწვეულია წლებში საწყისი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის განსხვავებით. გადამხდელი საქონლის რეალიზაციის დიდ ნაწილს ახორციელებს დოკუმენტურად. დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი 2022 წელს შეადგენს 9,1%, 2023 წელს 11,9%, 2024 წელს 11,7%, ხოლო 2025 წელს ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით გამოვლინდა 12%.

ვინაიდან გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერებში ჩანს დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავლები და სასაქონლო მარაგების შეძენები, ხოლო აღნიშნული მარაგები ჩამოწერილია ჯამურად ყოველი საანგარიშო წლის მიხედვით და ასევე შემოწმების პროცესში წარმოდგენილი წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებებში არსებული მონაცემები განსხვავდება დეკლარირებული მონაცემებისგან, ძირითადი ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი გაანგარიშდა, როგორც შემოწმებით გამოვლენილი დოკუმენტური, ასევე სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით დადგენილი ფასნამატის და შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილ წლიურ საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების ცხრილებში ასახული მონაცემების გათვალისწინებით (დაკორექტირდა 2022, 2023 და 2024 წლის საწყისი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთები).

შედეგად 2022 წლის შემოსავალმა ეკონომიკური საქმიანობიდან შეადგინა 1 000 945 ლარი, 2023 წელს 1 167 377 ლარი და 2024 წელს 1 140 135 ლარი. შემოწმებით დადგენილსა და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობა, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი განაკვეთით (20%). მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით მიხედვით.

ზემოთ აღწერილი გარემოებების მიხედვით განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები (კერძოდ ძირითადი ეკონომიკური საქმიანობით მიღებული და ფართის გაქირავებით მიღებული შემოსავალი). რამაც ჯამში შეადგინა სულ 3 712 748 ლარი (დღგ-ის გარეშე). შემოწმებით გამოვლენილსა და დეკლარირებულ დღგ-ს ბრუნვებს შორის სხვაობაზე (123 798 ლარი), შესაბამის საგადასახადო პერიოდებში გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, 81-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, შემოწმების მიერ საქონლის თვითღირებულების გაანგარიშებისას ტრანსპორტირების ხარჯების გაუთვალისწინებლობასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, შემოწმების მიერ საქონლის თვითღირებულების გაანგარიშებაში გათვალისწინებულ იქნა საბაჟო ოპერაციებში ასახული ტრანსპორტირების ხარჯები. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აღიარებს წარდგენილი დეკლარაციების შეცდომას, მაგრამ არ ეთანხმება აუდიტორების მიერ გავრცელებულ პროცენტებს. საქონლის რეალიზაციის დიდ ნაწილს ახორციელებს დოკუმენტურად, რომელსაც აუდიტორები ადასტურებენ, რაც საშუალებას იძლევა, რომ ჩაიშალოს სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული პროდუქცია, განისაზღვროს თვითღირებულება და გამოითვალოს თითოეული პროდუქციის ფასნამატი წლების მიხედვით. წარმოადგენს სამივე წლის ზედნადებებში მითითებული საქონლის (თავის კოდით) თვითღირებულებას და სარეალიზაციო ფასს. გამოვიდა, რომ გადასახადის გადამხდელმა 2022 წელში - 9,3%, 2023 წელში - 9% და 2024 წელში - 8,7%-ით იმუშავა. შემოწმების დროს დაუკავშირდნენ საგადასახადო ორგანოს და შეისწავლეს შემოწმების სტრატეგია. ანალოგიურად შემოწმებულია სამი წელი, თუმცა თვითღირებულებაში გათვალისწინებული არ არის ტრანსპორტირების ხარჯი, რაც ამცირებს ფასნამატის პროცენტს. ტრანსპორტირებაში იგულისხმება კონტეინერის---დან----დე ჩამოტანა, რომელიც ყველა გადახდის ქვითრები აქვთ ასევე RS.GEზეც არის ფაქტურები გამოგზავნილი. 2023 წელში --ი----ი ტრანსპორტირებაში გადახდილია 37 677,74 ლარი და 2024 წელში 42 382 ლარი. ეს თანხები არ არის გათვალისწინებული შემოწმების პერიოდში, შესაბამისად მეტი ფასნამატი გამოდის. მომჩივანი ითხოვს წარმოდგენილი გადახდები გათვალისწინებული იქნას თვითღირებულებაში და შემცირდეს ფასნამატი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბათილად უნდა იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ს.მ.ფ-მა 2025 წლის 18 ივნისის ბრძანება №12948-ის საფუძველზე ჩატარებული შემოწმების რევიზიის აქტი: საგადასახადო მოთხოვნა №007-303 14.11.2025 წლის, ბრძანება №25077 14.11.2025 წლის. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელთან ერთად სრულად შეისწავლოს კომპანიის დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემები, რათა მოხდეს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული 14.11.2025 წლის №007-303 საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაერიცხა სულ 104 718,03 ლარი, მათ შორის, ჯარიმა 23 802,30 ლარი და საურავი 18 935,12 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს გათავისუფლდეს სადავო საკითხების გადაანგარიშების შედეგად დარჩენილი სანქციისაგან (ჯარიმა და საურავი), ვინაიდან კომპანია არის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი. 13 წელია მუშაობს ერთი და იგივე საქონლით ---- და დღემდე არანაირი დარღვევა ან გადასახადის დაგვიანება არ ყოფილა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციის და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მომჩივნის არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება და მოითხოვს დამატებით შესწავლას.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 9.01.2026 წლის №100 ბრძანება;

3. საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საგადასახადო შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობის წლიური საშემოსავლო გადასახადით და დღგ-ით დაბეგვრა;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 13.11.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.06.2025 წლამდე პერიოდი.შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა საბანკო ამონაწერები, საქონლის მოძრაობის ამსახველი დოკუმენტაცია ექსელის პროგრამაში და წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების ცხრილები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანება №12948-ის საფუძველზე გადამხდელის საქმიანობის ადგილზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის რაოდენობრივი შედეგები შედარებულ იქნება გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საქონლის მოძრაობის ამსახველ დოკუმენტაციაში ასახულ ნაშთებთან და სხვაობა არ გამოვლენილა.

ამასთან,წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ასახული საქონლის სარეალიზაციო ფასნამატის და გადამხდელის წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებაში ასახული ფასნამატთან სხვაობა გამოწვეულია წლებში საწყისი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის განსხვავებით. გადამხდელი საქონლის რეალიზაციის დიდ ნაწილს ახორციელებს დოკუმენტურად. დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი 2022 წელს შეადგენს 9,1%, 2023 წელს 11,9%, 2024 წელს 11,7%, ხოლო 2025 წელს ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით გამოვლინდა 12%. ვინაიდან გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერებში ჩანს დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავლები და სასაქონლო მარაგების შეძენები, ხოლო აღნიშნული მარაგები ჩამოწერილია ჯამურად ყოველი საანგარიშო წლის მიხედვით და ასევე შემოწმების პროცესში წარმოდგენილი წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებებში არსებული მონაცემები განსხვავდება დეკლარირებული მონაცემებისგან, ძირითადი ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი გაანგარიშდა, როგორც შემოწმებით გამოვლენილი დოკუმენტური, ასევე სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით დადგენილი ფასნამატის და შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილ წლიურ საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების ცხრილებში ასახული მონაცემების გათვალისწინებით (დაკორექტირდა 2022, 2023 და 2024 წლის საწყისი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთები).შედეგად 2022 წლის შემოსავალმა ეკონომიკური საქმიანობიდან შეადგინა 1 000 945 ლარი, 2023 წელს 1 167 377 ლარი და 2024 წელს 1 140 135 ლარი. შემოწმებით დადგენილსა და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობა, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი განაკვეთით (20%). მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით მიხედვით.ზემოთ აღწერილი გარემოებების მიხედვით განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები (კერძოდ ძირითადი ეკონომიკური საქმიანობით მიღებული და ფართის გაქირავებით მიღებული შემოსავალი). რამაც ჯამში შეადგინა სულ 3 712 748 ლარი (დღგ-ის გარეშე). შემოწმებით გამოვლენილსა და დეკლარირებულ დღგ-ს ბრუნვებს შორის სხვაობაზე (123 798 ლარი), შესაბამის საგადასახადო პერიოდებში გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №007-303 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №100 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1); 164(1); 269(7); 302(6);